გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-437-03 8 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
ნ. კვანტალიანი
კასატორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა.
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. მ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 1999წ. 29 დეკემბერს მოპასუხე მ. ნ-ესთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება და ბინის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა შემდეგი საფუძვლით: მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებული ბინის ღირებულება სრულად არ გადაიხადა, მას ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერინეს იძულებით. გარდა ამისა, ხელშეკრულების დადების დღეს იყო ავად და ვერ აცნობიერებდა თავის ქმედებას. ამას გარდა, მოსარჩელემ მოითხოვა მიყენებული ზიანის, 2500 ლარის სახელმწიფო ბაჟის და ადვოკატის ჰონორარის მოპასუხისათვის დაკისრება.
მ. ნ-ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან შეთანხმებული თანხა გადაიხადა ხელშეკრულების გაფორმებამდე. ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა კანონით დადგენილი წესით.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში 2002წ. 21 მარტს დანიშნულ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც სხდომის დღის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით. მოსარჩელემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 21 მარტს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: გაუქმდა მ. ნ-ესა და ზ. მ-ს შორის 1999წ. 29 დეკემბერს სანოტარო მოქმედებით დამტკიცებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. მ. ნ-ეს დაეკისრა მიყენებული ზიანის, 2500 ლარის, სახელმწიფო ბაჟის – 25 ლარისა და ადვოკატის ჰონორარის, 100 აშშ დოლარის, ანაზღაურება.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 მარტის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მ. ნ-ემ, რომლითაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვა იმ საფუძვლით, რომ ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 აპრილის განჩინებით გაუქმდა 2002წ. 21 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა საქმის განახლების შემდეგ, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 მაისის გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა – მას უარი ეთქვა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებაზე. მოსარჩელეს ასევე უარი ეთქვა ზიანის, 2500 ლარის, სახელმწიფო ბაჟის – 25 ლარისა და ადვოკატის ჰონორარის, 100 დოლარის, ანაზღაურებაზე. ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება რეგისტრირებული იქნა ტექბიუროში ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის შემდეგ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მოპასუხე ბინის ტექბიუროში დაუყოვნებლივ რეგისტრაციით არ იყო დაინტერესებული. გარდა ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ გაუშვა სკ-ს 84-ე და 89-ე მუხლებით გათვალისწინებული შეცილების ვადა და არ არსებობს როგორც სადავო ხელშეკრულების გაუქმებისა, ისე ზ. ანაზღაურების საფუძველი.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზამირა მ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლომ სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 დეკემბრის განჩინებით ზ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა _ უცვლელად დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 მაისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ არ დარღვეულა სკ-ს 477-ე და 405-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები. ზ. მ-მა ვერ წარმოადგინა იმის მტკიცებულებები, რომ მ. ნ-ემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ვერ ამტკიცებს, რომ მ. ნ-ემ იძულებით გააფორმებინა ხელშეკრულება და იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების დადების დროს ვერ აცნობიერებდა თავის მოქმედებებს. სასამართლომ ჩათვალა, რომ სარჩელი არ აკმაყოფილებს სკ-ს 58-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ზ. მ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა შემდეგი საფუძვლით: ნ-ემ მას არ გადაუხადა შეთანხმებული თანხა (არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მ. ნ-ეს მისთვის გადახდილი აქვს 4300 აშშ დოლარი); მას ხელწერილი დააწერინეს იძულებით, სხვისი კარნახით. გარდა ამისა, მოპასუხემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
კასატორმა მოითხოვა მიყენებული ზიანის, 2500 ლარის, სახელმწიფო ბაჟის, 50 ლარის, ადვოკატის ჰონორარის – 400 აშშ დოლარისა და ბინის ქირის, 7560 აშშ დოლარის, ანაზღაურება, ფიზიკური შეურაცხყოფისათვის 3000 აშშ დოლარის და მორალური შეურაცხყოფისათვის 10000 აშშ დოლარის ანაზღაურება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა იგი და არ უნდა დაკმაყოფილდეს და შესაბამისად უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ 1999წ. 29 დეკემბერს ზ. მ-სა და მ. ნ-ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მ. ნ-ემ ზ. მ-ისაგან შეიძინა თბილისში, ... მდებარე ¹71 ბინა. მ. ნ-ემ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ბინა აღრიცხა ტექინვენტარიზაციის ბიუროში თავის სახელზე, შესახლდა ამ ბინაში და ცხოვრობს დღემდე. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე ბინის საფასური გადაეცა გამყიდველს.
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი ან დასაბუთებული პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოში ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიმართ წამოყენებული საკასაციო პრეტენზია არც დასაბუთებულია და არც დამატებითი. კასატორმა სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულება, რომ მას ბინის საფასური არ მიუღია. საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად კი დგინდება, რომ მას ბინის საფასური მიღებული აქვს. კასატორმა ასევე ვერ დაადასტურა, რომ ხელშეკრულების დადების დროს ადგილი ჰქონდა მის იძულებას ან მოტყუებას.
ასეთ ვითარებაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა ზ. მ-ის საჩივარი.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 დეკემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.