Facebook Twitter

3კ-438-03 27 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: მინდობილობის და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა(სარჩელში); ბინიდან გამოსახლება (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ნ-ე 1991წ. დეკემბერში ზეპირი ფორმით შეუთანხმდა დ. ი-ას ქ. თბილისში, ..... მდებარე საცხოვრებელი ბინის შესყიდვის თაობაზე, მაგრამ ბინის მესაკუთრე დ. ი-ამ ეს ბინა მიჰყიდა 1994წ. 10 ოქტომბერს სანოტარო წესით დადასტურებული ხელშეკრულებით რ. მ-ს. ამის გამო ლ. ნ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე რ. მ-ის მიმართ და მოითხოვა 1994წ. 10 ოქტომბერს დ. ი-ასთან გაფორმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ასევე დ. ი-ას მიერ დ. მ-ასათვის მიცემული მინდობილობის ბათილად ცნობა. მასსა და დ. ი-ას შორის 1991წ. დეკემბერში გაფორმებული სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა;

რ. მ-მა შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ლ. ნ-ის მიმართ და მოითხოვა მისი ბინიდან გამოსახლება.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. ნ-ის სასარჩელო მოთხოვნა. ბათილად იქნა ცნობილი 1994წ. 15 მარტის მინდობილობა და 1994წ. 10 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული დ. ი-ასა და რ. მ-ს შორის საცხოვრებელ სახლზე მდებარე ქ. თბილისი, ...... დ. ი-ას ნაწილზე, ხოლო ლ. ნ-ე ცნობილი იქნა მესაკუთრედ მის მიერ შეძენილ ფართზე. შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი.

რ. მ-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოცემული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმეზე იქნა მიღებული ახალი გადაწყვეტილება. ლ. ნ-ის სარჩელი რ. მ-ის და დ. ი-ას შორის დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ლ. ნ-ესა და დ. ი-ას შორის 1991წ. ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის და 1994წ. დ. მ-ას სახელზე გაცემული მინდობილობის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. რ. მ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და ლ. ნ-ე თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა თბილისში, ..... მდებარე რ. მ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინიდან.

მოცემული სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით იქნა გასაჩივრებული ლ. ნ-ის მიერ, მისი გაუქმების მოთხოვნით.

2003წ. 23 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ლ. ნ-ის მიერ წარმოდგენილ იქნა განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კასატორის მიერ წარმოდგენილ განცხადებას და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სსკ-ს 399-ე მუხლის შესაბამისად საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. იმავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. საქმის ზეპირი განხილვისას სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია მოწინააღმდეგე მხარის თანხმობით. ხოლო მეორე ნაწილში კი აღნიშნულია, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება სასამართლო ხარჯების შესახებ.

სსკ-ს 272-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად სასამართლო, მხარეთა განცხადებით შეწყვეტს საქმეს თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 399-ე, 378-ე, 272-ე მუხლის “გ” პუნქტით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ნ-ის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე შეტანილ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.

ლ. ნ-ის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო შეწყდეს მოცემულ საქმეზე საკასაციო წარმოება.

ლ. ნ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹000141107 ანგარიშიდან 21 ლარი, ხოლო სახელმწიფო დიდუბე-ჩუღურეთის ადგილობრივი ბიუჯეტის ¹310130426 ანგარიშიდან 9 ლარი.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.