Facebook Twitter

საქმე # 010142222700606454

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №24აგ-22 ქ. თბილისი

კ. თ.24აგ-22 12 ოქტომბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. კ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 9 ივნისის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განაჩენით თ. კ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განაჩენით საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ზაზა ქორიძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის გამამართლებელი განაჩენი თ. კ–ს მიმართ და იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 15 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით თ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 15 წლით;

თ. კ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 3 მაისიდან 2018 წლის 22 იანვრამდე და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2018 წლის 11 ივნისიდან.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ თ. კ–ს ადვოკატის - დ. კ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ თ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. კ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განაჩენი) გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

4.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ თ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. კ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ თ. კ–მის ადვოკატის - მ. პ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განსახილველად.

5.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 7 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ თ. კ–ს ადვოკატის - მ. პ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 სექტემბრის განჩინება მსჯავრდებულ თ. კ–ს ადვოკატის - მ. პ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩა უცვლელად.

6. 2022 წლის 27 მაისს მსჯავრდებულ თ. კ–ს ადვოკატმა დ. კ–მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 310-ე მუხლის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილებაზე - ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ - მითითებით, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განაჩენის გადასინჯვა და თ. კ–ს გამართლება. გარდა ამისა, დაცვის მხარემ მიუთითა, რომ მტკიცებულებები, რომლებსაც ეფუძნება გამამტყუნებელი განაჩენი, არის დაუშვებელი.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 9 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ თ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. კ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განსახილველად.

8. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. კ–ს ადვოკატმა დ. კ–მა, რომელიც ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განაჩენის გაუქმებასა და თ. კ–ს გამართლებას. კასატორი განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად უთითებს, ერთი მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილებას ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და მეორე მხრივ - იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი ეყრდნობა დაუშვებელ მტკიცებულებებს.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ი ამომწურავად განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს და ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ვინაიდან მითითებულ ნორმაში განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლები ამომწურავად არის განსაზღვრული, დაუშვებელია საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლის არარსებობის პირობებში კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვა იმ საკითხის ხელახალი შეფასების მიზნით, რომელიც საქართველოს სსსკ-ის თანახმად, ფასდება შესაბამისად - საქმეზე არსებითი განხილვის დროს, სააპელაციო ან/და საკასაციო წარმოების ფარგლებში, მათ შორის - საქმეში არსებული მტკიცებულებების სარწმუნოობის ან/და საკმარისობის შემოწმება გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 ივნისის განჩინება N46აგ-19, II-10).

3. ამდენად, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის/საფუძვლების არსებობას კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვისათვის. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრისა და 2022 წლის 7 თებერვლის განჩინებებით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ თ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. კ–სა და მსჯავრდებულ თ. კ–ს ადვოკატის - მ. პ–ს საჩივრები სააპელაციო სასამართლოს განჩინებებზე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 სექტემბრის განჩინებაზე), რომლებითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი დაცვის მხარის შუამდგომლობები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, სადაც დაცვის მხარე უთითებდა იმავე გარემოებებზე. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებმა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებში, კასატორის პოზიციასთან (მოწმეთა ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო, საქმეში არ არის წარმოდგენილი ვიდეოკამერის ჩანაწერები, მსჯავრდებულის პირადი ჩხრეკის ოქმში არ არის მითითებული ამოღებული აბისმაგვარი ნივთის - ფერი, ფორმა, მასზე არსებული წარწერა და სხვა (რაც მითითებულია ექსპერტიზის დასკვნაში), ასევე - პირადი ჩხრეკის ოქმში არაფერია ნათქვამი თ. კ–ს საქართველოს მოქალაქის პასპორტის შესახებ, რაც ოქმის უკანონობაზე უთითებს) დაკავშირებით, მათ შორის, განმარტეს, რომ პირადი ჩხრეკის ოქმი და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ასევე მოწმეების ჩვენებები საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილი იყო სასამართლოში და შეფასებული იქნა საქმის განმხილველი სასამართლოების მიერ; დაცვის მხარის მიერ მითითებული მტკიცებულებების სიყალბე დადგენილი უნდა იყოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით (საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი), რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არ არის; ხოლო ახალი გარემოება, რომელიც საქმის არსებითი განხილვის დროს არ იყო ცნობილი - დაცვის მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი.

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2022 წლის 9 ივნისის განჩინებაში (გასაჩივრებული გადაწყვეტილება) აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განჩინება (რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი დაცვის მხარის შუამდგომლობა) ეხებოდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განაჩენის იმავე გარემოებების საფუძველზე (თ. კ–ს პირადი ჩხრეკის ოქმში არ არის ასახული მისგან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ამოღებისა და დათვალიერების შესახებ მონაცემები, აღნიშნული კი პოლიციის თანამშრომლების - ვ. ა–ს, ზ. რ–სა და კ. ბ–ს ჩვენებებივით ყალბია ანუ დაუშვებელი მტკიცებულებებია და სასამართლო ასეთ დაუშვებელ მტკიცებულებებს დაეყრდნო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის დროს) გადასინჯვის მოთხოვნას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განჩინებით დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019წლის 22 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

5. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მტკიცებაზე, რომ საქმეში არ არსებობდა თ. კ–ს მსჯავრდებისათვის საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და ითვალისწინებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენში, ხოლო უზენაესმა სასამართლომ 2019 წლის 18 იანვრის განჩინებაში (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ) იმსჯელეს და სამართლებრივი კუთხით შეაფასეს სისხლის სამართლის საქმეში არსებული, მათ შორის - კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებები, როგორც რელევანტურობის და დასაშვეობის, ასევე - უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით.

6. კასატორს არ წარმოუდგენია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რაც ცნობილი არ იყო სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში საქმის განხილვის დროს და რაც წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომლის საფუძველზეც სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა, გადაესინჯა განაჩენი; არ არის წარმოდგენილი არც კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, როგორც ამას ითხოვს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი.

7. დაცვის მხარე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განაჩენის გადასინჯვას საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ითხოვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილებაზე - ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ - მითითებით.

8. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. საპროცესო კანონმდებლობის უკუძალით გამოყენების საკითხზე კასატორის მსჯელობასთან დაკავშირებით სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ საპროცესო - სამართლებრივ ნორმებს უკუძალით გამოყენებასთან კავშირი ,,მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ კონკრეტული საპროცესო ნორმები თავისი არსით იქნება დაკავშირებული ქმედების დანაშაულებრიობისა და დასჯადობის გაუქმებასთან ან სასჯელის შემსუბუქებასთან. მოცემულ შემთხვევაში კი საპროცესო კანონმდებლობის ცვლილება არ მიუთითებს, რომ შეიცვალა პირის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და განსხვავებულია სახელმწიფოს პასუხი ამ ქმედების მიმართ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13/01//2014 წლის N1/4/557,571,576 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლეიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-77). საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებამდეც და შემდეგაც საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედება - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა - კვლავაც წარმოადგენს დანაშაულს.

9. „საპროცესო კანონმდებლობის კავშირი რეტროაქტიულობასთან, ძირითადად, საფუძველშივე გამოირიცხება, რადგან ის არეგულირებს პროცედურებს, რომლებიც, დამოუკიდებლად იმისგან, როდის მოხდა დანაშაულის ჩადენა, მიმდინარეობს დროში, განგრძობადია, დინამიკურია... მიმდინარე ურთიერთობებზე აუცილებელია გავრცელდეს მათი (ურთიერთობების) განვითარებისას მოქმედი კანონი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13/11/2014 წლის N1/4/557,571,576 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლეიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-73; 74). შესაბამისად, ამ შემთხვევაში საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი არ გამოიყენება.

10. საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლი, რომელიც ადგენს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დროში მოქმედების წესს, ვრცელდება საპროცესო-სამართლებრივ ურთიერთობებზე, რომლებიც ახალი ნორმის ამოქმედების დროისთვის, როგორც წესი, არ არის დასრულებული ან აკმაყოფილებს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობებს. სხვა შემთხვევაში საპროცესო ნორმის მოქმედებისას მიღებული საპროცესო აქტის გაუქმება ან შეცვლა გათვალისწინებული არ არის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 3 თებერვალის განჩინება №16აგ-19; 2020 წლის 25 თებერვალის განჩინება №36აგ-19; 2022 წლის 8 ივნისის განჩინება №12აგ-21).

11. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მითითებული ნორმების ძალადაკარგულად ცნობის თარიღს, საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველ ნაწილს, ასევე იმ გარემოებას, რომ თ. კ–ს მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო და გამამტყუნებელი განაჩენი დაეყრდნო 2017 წელს მოპოვებულ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილი და კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებებიც მოპოვებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/12/1276 გადაწყვეტილების მიღებამდე.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული რომელიმე წინაპირობის არსებობა - სასამართლო მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ თ. კ–მის ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. კ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 9 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ თ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. კ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე