Facebook Twitter

საქმე # 190100120003508806

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№842აპ-22 ქ. თბილისი

გ.ნ. 842აპ-22 12 ოქტომბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 ივნისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

1.1. ნ. გ–სე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 23:10 საათზე, ქ. რ–ში, .......ს გამზირის კორპუს N..-ში მდებარე ბინა N..-ში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ნ. გ–მ ყოფილ მეუღლეს - ნ. ბ–ს, არასრულწლოვანი შვილების - ა. და თ. გ–ების თანდასწრებით, მიმართა უცენზურო სიტყვებით, ესროლა სანთებელა და მოარტყა ხელის თითზე, შემდეგ კი თავში დაარტყა ხელი. ნ. გ–ს ძალადობრივი ქმედებით ნ. ბ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ნ. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ნ. გ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 ივნისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და ნ. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

6. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ. გ–სის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

7. დაზარალებულმა ნ. ბ–მა და მოწმეებმა - ა. და თ. გ–ებმა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ნ. გ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტს. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ დაზარალებულის შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, რადგან შეტყობინებაში მითითებული გარემოებების არსებობა უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით. იმავდროულად, როგორც შეტყობინებაში, ასევე შემაკავებელ ორდერში (სადავო მტკიცებულებები) მითითებული ინფორმაციის წყარო არის ერთიდაიგივე პირი - დაზარალებული.

8. სასამართლო ითვალისწინებს რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი N97აპ-20).

9. გამომძიებელ დ. ფ-ს ჩვენების ნაწილი, რომელიც გადმოსცემს დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რომლის გამოყენება გამამატყუნებელი განაჩენის დასაბუთებისათვის შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37, II-52). შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებისათვის გამოიყენოს დ. ფ-ს ჩვენების ზემოაღნიშნული ნაწილი.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გამომძიებელ დ. ფ–ს მონათხრობი ასევე ეხება ისეთ ფაქტებსა და გარემოებებს, რაც მან საკუთარი თვალით იხილა, კერძოდ, მოწმის განმარტებით, განყოფილებაში ყოფნის დროს დაზარალებული იყო აღელვებული და მას მარჯვენა ხელის თითზე ჰქონდა დაზიანება. მიუხედავად ამისა, გამომძიებელი არ წარმოადგენს შემთხვევის თვითმხილველ მოწმეს - ის არ შესწრებია სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს და დაზარალებულის აღელვების მიზეზი და მის თითზე არსებული დაზიანების წარმომავლობა, დაზიანების მიყენების ვითარება, დრო და მიმყენებელი პირის ვინაობა მისთვის ცნობილია დაზარალებულისგან.

11. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ძალადობის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის გამო სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ნ. გ–სთვის შერაცხული ქმედებით ნ. ბ–სთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტი, რაც წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ნიშანს.

11.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენისათვის გამოიყენება როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური ტესტი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, საქმე №746აპ-19; საქმე №674აპ-20), თუმცა, დაზიანების ხასიათის და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით - არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება რომელიც per se დაზარალებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებლად, ობიექტურად დაადასტურებდა დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდას.

12. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობას და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში (იხ. Volodina v Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

13. სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ნ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც სასამართლო მოკლებულია საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

14. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no 49684/99, §30, ECtHR,25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც ეთანხმება.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 ივნისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე