Facebook Twitter

საქმე # 180100121005172667

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №750აპ-22 ქ. თბილისი

მ. ი. 750აპ-22 10 ოქტომბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 9 ივნისის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. მ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა:

1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით;

1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;

1.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;

1.4. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით;

1.5. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით;

1.6. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით;

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. მ–სის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 23:30 საათზე, მ–ს რაიონის სოფელ ც–ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მთვრალი ი. მ–სი დანის დემონსტრირებით დაემუქრა მეუღლეს - ნ. ზ–ს სიცოცხლის მოსპობით. ვინაიდან ი. მ–სი იყო აგრესიული მეუღლის მიმართ, ნ. ზ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2.2. 2021 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 23:30 საათზე, მ–ს რაიონის სოფელ ც–ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა ი. მ–მა, თავიანთი არასრულწლოვანი შვილის - ლ. მ–სის თანდასწრებით, მეუღლეს - ნ. ზ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და ტანის არეში, მოქაჩა თმა და დანის წვერით მიაყენა დაზიანება ყელის არეში. ი. მ–სის ძალადობის შედეგად ნ. ზ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2.3. 2021 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 14:30 საათზე, მ–ს რაიონის სოფელ ც–ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა ი. მ–მა თავიანთი არასრულწლოვანი შვილის - ლ. მ–ს თანდასწრებით, მეუღლეს - ნ. ზ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ნ. ზ–ი დაეცა იატაკზე, რა დროსაც ი. მ–სმა რამდენჯერმე დაარტყა ფეხი სხეულის სხვადასხვა არეში. ი. მ–სის ძალადობის შედეგად ნ. ზ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2.4. 2021 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 14:30 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ ც–ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მთვრალი ი. მ–ი დანის დემონსტრირებით დაემუქრა მეუღლეს - ნ. ზ–ს სიცოცხლის მოსპობით. ვინაიდან ი. მ–ი იყო აგრესიული მეუღლის მიმართ, ნ. ზ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2.5. ი. მ–სი მცხეთის რაიონის სოფელ ც–ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მეუღლესთან - ნ. ზ–სთან თანაცხოვრების პერიოდში, 2021 წლის 23 ივნისამდე, სისტემატურად - კვირაში ერთხელ - აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას ნ. ზ–ს, რის შედეგად დაზარალებული განიცდიდა ფიზიკურ ტანჯვას;

2.6. ი. მ–სი მცხეთის რაიონის სოფელ ც–ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მეუღლესთან - ნ. ზ–სთან თანაცხოვრების პერიოდში, 2021 წლის 23 ივნისამდე, სისტემატურად - კვირაში ერთხელ - ნ. ზ–ს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგად დაზარალებული განიცდიდა მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშს.

3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 მარტის განაჩენით:

3.1. ი. მ–სი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 23 ივნისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.2. ი. მ–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 23 ივნისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.3. ი. მ–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 25 ივნისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.4. ი. მ–ი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 25 ივნისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.5. ი. მ–სი საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით (2021 წლის 23 ივნისამდე პერიოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.6. ი. მ–ი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 23 ივნისამდე) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.7. ი. მ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან;

3.8. ი. მ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოჩა ცინცაძემ, რომელმაც მოითხოვა ი. მ–სის დამნაშავედ ცნობა ბრალად წარდგენილ თითოეულ ეპიზოდში და მისთვის მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის - დანიშვნა.

5. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულმა ი. მ–სმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 9 ივნისის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოჩა ცინცაძემ, რომელიც ითხოვს ი. მ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ თითოეულ ეპიზოდში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

8.სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პროკურორი ითხოვს ი. მ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ყველა ქმედებაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

10. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ი. მ–ს წარდგენილ ბრალდებაში სრულად გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა და შესაძლო ფაქტის შემსწრე - ლ. მ–მა (გამართლებულისა და დაზარალებულის შვილმა) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მათი ახლო ნათესავის (მეუღლის/მამის) - ი. მ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, დაზარალებულის განცხადება, შემაკავებელი ორდერი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სამედიცინო დოკუმენტები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ექიმის გამოკითხვის ოქმი სრულად ადასტურებენ ი. მ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას და ითვალისწინებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული მტკიცებულებები მხარეებმა უდავოდ მიიჩნიეს, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება გამართლებულის მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, კერძოდ:

13. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო ბრალდება ი. მ–ს ედავება მეუღლის - ნ. ზ–ს მიმართ 2021 წლის 23 და 25 ივნისს ჩადენილ (შესაძლო) სიცოცხლის მოსპობის მუქარასა და ფიზიკურ ძალადობას, ასევე, 2021 წლის 23 ივნისამდე, სისტემატურად - კვირაში ერთხელ - სიცოცხლის მოსპობის მუქარასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას. დაზარალებული კი 2021 წლის 26 ივნისის განცხადებაში უთითებს, რომ 2021 წლის 23 და 25 ივნისს მეუღლემ - ი. მ–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ შორის - 23 ივნისს, იმავდროულად ყელზე მიადო დანა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით (ტ. N1; ს.ფ. 2), ხოლო შემაკავებელი ორდერის 2021 წლის 26 ივნისის ოქმში აღნიშნულია, რომ ნ. ზ–ი 2021 წლის 26 ივნისს გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში და განაცხადა, რომ მეუღლემ - ი. მ–სმა 2021 წლის 23-24 ივნისს იძალადა მასზე ფიზიკურად და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით; მსხვერპლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში ასევე ფიქსირდება 23-24 ივნისი; ძალადობის ფორმა: ფიზიკური და ფსიქოლოგიური (ტ. N1; ს.ფ. 9-19). სასამართლო ითვალისწინებს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, მართალია, უთითებენ ი. მ–ს მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე, თუმცა ოქმებში არ არის დაკონკრეტებული თარიღი, შესაბამისად, გაურკვეველია, კონკრეტულად რომელ ფაქტებზე უთითებს დაზარალებული.

13.1. სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე ან/და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით დაკვალიფიცირებისთვის - უნდა დასტურდებოდეს, რომ დამნაშავის ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.

13.1.1. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო-ფსიქოლოგიური ექპერტიზის N...... დასკვნის თანახმად, ი. მ–სის ქმედების შედეგად ნ. ზ–ს არ განუცდია ფსიქოლოგიური ტანჯვა, შესაბამისად, დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმის ჩვენებების არარსებობის პირობებში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ი. მ–ს ქმედებით დაზარალებულისთვის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული ზიანის მიყენება და მუქარის განხორციელების შიშის საფუძვლიანობა.

13.1.2. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის №..... დასკვნის თანახმად, მართალია, დაზარალებულის სხეულზე დადასტურდა დაზიანებების - ჰემატომებისა და ექსკორაციების არსებობა, მაგრამ მათ ხანდაზმულობაზე ექსპერტმა ვერ იმსჯელა სამედიცინო დოკუმენტაციაში დაზიანებათა მორფოლოგიური სურათის არასრულყოფილი აღწერილობის გამო. რაც შეეხება იმავე დასკვნის იმ ნაწილს, სადაც მითითებულია, რომ 2021 წლის 6 ივლისს, პირადი შემოწმებისას, გარეგნულად ნ. ზ–ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარჯვენა ბარძაყის მიდამოში, რომელიც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმის - მ. გ–ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომ შესამოწმებელ პირს - ნ. ზ–სს მარცხენა მხრის მიდამოში, მარცხენა ქვედა კიდურზე, მარცხენა ძუძუს არეში აღენიშნებოდა ჰემატომები, ასევე სახის არეში - ექსკორაციები (პაციენტის გადმოცემით, თავისა და სახის არეში უჩიოდა ტკივილს და სხეულის ზოგად ტკივილს), სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარე გამართლებულს ედავება ფიზიკური ძალადობის 2021 წლის 23 და 25 ივნისის ეპიზოდებს (თუმცა, შემაკავებელი ორდერის ოქმში მსხვერპლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში ფიქსირდება 23-24 ივნისი), ხოლო დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმის ჩვენებების არარსებობისა და დაზარალებულის განცხადებასა და შემაკავებელ ორდერში თარიღებთან დაკავშირებით არსებული შეუსაბამობის პირობებში, ეპიზოდებს შორის დროის მცირე ინტერვალის გათვალისწინებით, შეუძლებელია, დადგინდეს თითოეული დაზიანების მიყენების დრო და ვითარება. ამასთან, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ეპიზოდების აღწერისა (2021 წლის 23 ივნისს ი. მ–მა მეუღლეს - ნ. ზ–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და ტანის არეში, მოქაჩა თმა და დანის წვერით მიაყენა დაზიანება ყელის არეში, ხოლო 2021 წლის 25 ივნისს ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ნ. ზ–ი დაეცა იატაკზე, რა დროსაც ი. მ–სმა რამდენჯერმე დაარტყა ფეხი სხეულის სხვადასხვა არეში) და დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანების ადგილმდებარეობის გათვალისწინებით (ბრალდების მხარის ვერსიით, გამართლებულმა დაზარალებულს სადავო ორივე ეპიზოდში დაარტყა სახეში, ტანის - სხეულის სხვადასხვა არეში), ასევე შეუძლებელია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გაიმიჯნოს ბრალად წარდგენილი თუნდაც ერთი, რომელიმე ეპიზოდი და იმავდროულად, დადგინდეს ამ ეპიზოდში ფიზიკური ტკივილის კომპონენტი.

13.2. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქმეში არ არსებობს ფაქტის თვითმხილველი ანდა ნეიტრალური მოწმის ჩვენება, ხოლო გამომძიებლები, ექიმები და ექსპერტები უშუალოდ დანაშაულის ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ შესწრებიან და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან, შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ირიბი ჩვენებებია, რომელთა გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გამართლებული არ აღიარებს ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას და შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია დაცვისა და ბრალდების ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსიები, ხოლო ნეიტრალური მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ბრალდების მხარის ვერსიას, საქმეში არ მოიპოვება, in dubio pro reo პრინციპის მოთხოვნიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, ხოლო კონსტიტუციური დანაწესის თანახმად (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მტკიცებას ი. მ–ის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

16. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 9 ივნისის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე