Facebook Twitter

საქმე # 190100122005533861

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№889აპ-22 ქ. თბილისი

ს. ზ. 889აპ-22 11 ოქტომბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

1.1. ზ. ს. - დაბადებული 1.. წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 21 იანვარს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქალაქ რ–ში, გ–ს ქ. N..-ში მდებარე სახლში, ზ. ს–ი ალკოჰოლური სასმლის მიცემაზე უარის მიღების გამო, ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა დედას - ნ. ს–ს, კერძოდ, უთხრა, რომ თუ თანხას არ მისცემდა, ფიზიკურად გაუსწორდებოდა. ნ. ს–მა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 მარტის განაჩენით ზ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2022 წლის 21 იანვრიდან იმავე წლის 7 მარტის ჩათვლით.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 აპრილის ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინებით ზ. ს–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოცხადებიდან - 2022 წლის 21 მარტიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2022 წლის 21 იანვრიდან იმავე წლის 7 მარტის ჩათვლით.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ზ. ს–იისათვის მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ, ზურაბ კოჭლამაზაშვილმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ზ. ს–იისათვის მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

7. 2022 წლის 16 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დ. გ–მა წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზ. ს–ს მიმართ გამოტანილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 მარტისა და 2022 წლის 21 მარტის განაჩენების შესაბამისობაში მოყვანა.

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში -საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს ზ. ს–ს მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ზ. ს–ს წარდგენილი ბრალდებით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა განაპირობა. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც ეთანხმება.

10. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ მიიჩნია მტკიცებულებები), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ზ. ს–ს საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდა.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულს განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, წარმოადგენს პროპორციულ სასჯელს, რის გამოც არ არსებობს კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და სასჯელის დამძიმების საფუძველი.

13. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

14. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ზ. ს–ის განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).

15. რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის წერილობით მომართვას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 286-ე მუხლის თანახმად, თუ მსჯავრდებულის მიმართ რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენი არსებობს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის/დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება მსჯავრდებულისთვის სასჯელის ყველა აღნიშნული განაჩენის მიხედვით განსაზღვრის შესახებ. ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება დასრულებულია თუ არა სამართალწარმოება რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 მარტის განაჩენით მსჯავრდების საქმეზე.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე