საქმე # 190100121004871060
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №770აპ-22 ქ. თბილისი
ს. ა. 770აპ-22 11 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 მაისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილე ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. ს–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის 26 ივნისის ჩათვლით დროის პერიოდში, ა. ს–ე შვილს - თ. (თ–ე) ს–ს, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო იგი არის ჰომოსექსუალი, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებდა მის ორიენტაციას. ამავე მოტივით 2021 წლის 26 ივნისს, დაახლოებით 21:25 საათზე, ქ. რ–ი მე-.. მიკრორაიონის N.. საერთო საცხოვრებელში მდებარე ბინაში, საქართველოში დაგეგმილ ,,ღირსების მარშთან“ დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკებისას, ა. ს–მ შვილს - თ. ს–ს ორჯერ გაარტყა ხელი სახის არეში და ხელები მოუჭირა ყელზე. ამავე კონფლიქტისას თ. ს–მ, გენდერული დისკრიმინაციის და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალისა და კაცის ქცევის არათანაზომიერად გაკიცხვის გამო, მეუღლეს - მ. მ–ს, რადგან მიიჩნია, რომ მისი არასწორი აღზრდის შედეგი იყო შვილის ზემოაღნიშნული ორიენტაცია, სახის არეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი, მოქაჩა თმა და ყელის მიდამოში მოუჭირა ხელები. ა. ს–ს ძალადობრივი ქმედებებით თ. ს–მ განიცადა ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი, ხოლო მ. მ–მ ფიზიკური ტკივილი.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის განაჩენით ა. ს–სე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;
3.1. ა. ს–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა, რომელმაც ითხოვა გამართლებულ ა. ს–სის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობა.
5. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინეს გამართლებულ ა. ს–ს ადვოკატებმა - ზ. მ–მ და მ. ღ–მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 მაისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ - ზურაბ კოჭლამაზაშვილმა, რომელიც ითხოვს ა. ს–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას.
8. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინეს გამართლებულ ა. ს–ს ადვოკატებმა - გ. ლ–მ და მ. ღ–მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
9.სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
10. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი ითხოვს გამართლებულ ა. ს–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას, ხოლო დაცვის მხარე (შესაგებლით) გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალდების მხარე ა. ს–ს ედავება 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის 26 ივნისის ჩათვლით დროის პერიოდში შვილის - თ. (თ–ე) ს–ს მიმართ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო იგი არის ჰომოსექსუალი, სისტემატურად სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასა და 2021 წლის 26 ივნისს, დაახლოებით 21:25 საათზე, ს–ში დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკებისას სახის არეში ხელის ორჯერ გარტყმასა და ყელზე ხელების მოჭერას, ასევე ამავე კონფლიქტისას გენდერული დისკრიმინაციის და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ქალისა და კაცის ქცევის არათანაზომიერად გაკიცხვის გამო, მეუღლის - მ. მ–ს მიმართ, რომელზეც მიიჩნია, რომ მისი არასწორი აღზრდის შედეგი იყო შვილის ორიენტაცია, სახის არეში ხელის რამდენჯერმე გარტყმას, თმის მოქაჩვასა და ყელის მიდამოში ხელების მოჭერას. ამასთან, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ა. ს–ს ძალადობრივი ქმედებებით თ. ს–მ განიცადა ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი, ხოლო მ. მ–მ - ფიზიკური ტკივილი.
11.1. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა ორი ან მეტი წევრის მიმარ ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის ან დამცირებისთვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
11.2. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, მითითებული კანონის მიზანია, მათ შორის - ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნა; ასევე, ქალთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური და ეკონომიკური ხელშეუხებლობის საკანონმდებლო გარანტიების შექმნა. ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ფიზიკური ძალადობა ეს არის - ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს, ხოლო ფსიქოლოგიური ძალადობა - შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
11.3. მოცემულ შემთხვევაში ა. ს–ს ბრალი დაზარალებულ - თ. ს–ს მიმართ ფიზიკური ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის, ასევე დაზარალებულ - მ. მ–ს მიმართ ფიზიკური ძალადობის ნაწილში წარდგენილი აქვს ერთ ეპიზოდად - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის მიმართ).
11.4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარე ა. ს–სეს ედავება თ. ს–სის მიმართ, როგორც სისტემატური შეურაცხყოფის (2021 წლის იანვრიდან 2021 წლის 26 ივნისის ჩათვლით), ასევე - ფიზიკური ძალადობის ჩადენას (26 ივნისს ხელის სახის არეში 2-ჯერ გარტყმას და ყელზე ხელების მოჭერას).
11.5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილება დაზარალებულ - თ. ს–ს მიმართ (შესაძლო) ჩადენილ სისტემატურ შეურაცხყოფასთან ერთად არ უთითებს დაზარალებულ - მ. მ–ს მიმართ ჩადენილ იმავე ქმედებაზე, ა. ს–ს ქმედებები დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და ერთ ბრალში აქცევს - 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის 26 ივნისის ჩათვლით დროის პერიოდში თ. (თ–ე) ს–ს მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდსა და 2021 წლის 26 ივნისს თ. (თ–ე) ს–სა და მ. მ–ს მიმართ ჩადენილ ფიზიკურ ძალადობას.
11.6. სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობის დანაშაულზე ბრალის წარდგენის დროს მნიშვნელოვანია როგორც ძალადობის ცალკეული ეპიზოდების იდენტიფიცირება, ასევე - ქმედების სწორად დაკვალიფიცირება და ბრალდების დადგენილებაში სწორად ასახვა, მითუფრო მაშინ, როდესაც საკითხი ეხება, როგორც ფსიქოლოგიურ (სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება), ასევე - ფიზიკურ ძალადობას ოჯახის რამოდენიმე წევრის მიმართ.
11.7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ხოლო „დ“ ქვეპუნქტის თანახმად - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლებითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული.
12. კასატორის პოზიციით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია ა. ს–ს მიერ შვილის მიმართ ძალადობისა და სისტემატური შეურაცხყოფის, ხოლო მეუღლის მიმართ - ძალადობის ფაქტები.
13. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს ა. ს–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება.
14. საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებმა წარმოდგენილი მტკიცებულებები, დაზარალებულების გამოკითხვის ოქმის გარდა, რომლებმაც, თავის მხრივ, სასამართლოში საქმის განხილვისას ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის (მამისა და მეუღლის) - ა. ს–ს - წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, უდავოდ მიიჩნიეს, რის გამოც მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა (საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან).
15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი დაზარალებულების შეტყობინება, შემაკავებელი ორდერები და მოწმე ლ. მ–ს გამოკითხვის ოქმი, სრულად ადასტურებენ ა. ს–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება, როგორც ეს მითითებულია ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში. დაცვის მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებების უდავოდ ცნობის პირობებშიც, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მათი (დაზარალებულების შეტყობინება, შემაკავებელი ორდერები და მოწმე ლ. მ–ს გამოკითხვის ოქმი) პირველწყარო არიან მხოლოდ - დაზარალებულები; ასევე ითვალისწინებს ბრალდების შესახებ დადგენილებასა და მხარეების მიერ უდავოდ ცნობილ შემაკავებელი ორდერების ოქმებში მითითებული ა. ს–ს მიერ განხორციელებული ქმედებების ფაქტობრივ გარემოებებს შორის ცდომილებას და იმ გარემოებას, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ა. ს–ს ქმედებებით დაზარალებულებისათვის ფიზიკური ტკივილის/ტანჯვის მიყენება.
15.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაცია მოითხოვს ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში ტკივილის განცდის, ხოლო სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების შემთხვევაში - ტანჯვის გამოწვევას. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულებმა - თ. ს–მ და მ. მ–მ უარი განაცხადეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე, ასევე არ ჩატარებულა დაზარალებულების ფსიქოლოგიური გამოკვლევა, რითიც დადასტურდებოდა მათ მიერ განცდილი შესაძლო ტანჯვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ხოლო შემაკავებელი ორდერის ოქმები არ უთითებს ოქმებშივე მითითებული ა. ს–ს ქმედებებით დაზარალებულების მიერ ტკივილის ან/და ტანჯვის განცდის/გამოწვევის შესახებ; განცხადებით, შემაკავებელი ორდერებითა და მოწმე ლ. მ-ს გამოკითხვის ოქმით არ დასტურდება დანაშაულის აუცილებელი კომპონენტი - დაზარალებულების მიერ ფიზიკური ტკივილის ან/და ტანჯვა განცდა. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენისათვის გამოიყენება სუბიექტური და ობიექტური ტესტები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე №746აპ-19; 674აპ-20). მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულებმა ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად, ტკივილის ან/და ტანჯვის სუბიექტურ განცდასთან მიმართებით დაზარალებულების შეფასება არ არსებობს, იმავდროულად, საქმეში არ არსებობს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც ობიექტური კრიტერიუმებით დაადასტურებდა მათი მიერ ტკივილის განცდას, ხოლო დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილ შემაკავებელ ორდერებში აღნიშნული შესაძლო ძალადობა - მოგუდვა და თ. ს–სის შემთხვევაში მოგუდვისას მიღებული ნაკაწრი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უტყუარად ვერ ადასტურებს, რომ დაზარალებულებმა მათ მიმართ ჩადენილი მითითებული ქმედებით ნამდვილად განიცადეს ტკივილი ან/და ტანჯვა.
15.2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მოწმე ლ. მ–ს გამოკითხვის ოქმი და მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შესაძლო მომხდარ ძალადობასთან ან/და დაზიანების (ნაკაწრი) წარმომავლობასთან დაკავშირებით არის ირიბი, რადგან ძალადობის, დაზიანების მიყენების ან/და სისტემატიური შეურაცხყოფის ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უშუალოდ არ შესწრებია და მომხდარის შესახებ გადმოცემით იცის დაზარალებულებისაგან და გამართლებულისაგან, რომელმაც შვილის ბრალდებები ადგილზე დაუდასტურა, თუმცა საქმის წინასასამართლო და არსებითი განხილვის ეტაპზე თავი არ ცნო დამნაშავედ (ტ. N1; ს.ფ. N214; ტ. N2; ს.ფ. N5). საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-52).
16. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, ხოლო კონსტიტუციური დანაწესის თანახმად (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
17. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულებმა ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის (მამისა და მეუღლის) - ა. ს–ს - წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში არ არსებობს ფაქტის თვითმხილველი ანდა ნეიტრალური მოწმე, ხოლო დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, რომლებიც უთითებენ ა. ს–ს მიერ შვილისა და მეუღლის მიმართ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე, იმავდროულად ეფუძნებიან მხოლოდ დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, არ დასტურდება დაზარალებულებისთვის ფიზიკური ტკივილის/ ტანჯვის მიყენება - საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
18. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
19. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ხელისუფლების ორგანოებმა უნდა გადადგან ყველა გონივრული ნაბიჯი, რათა უზრუნველყონ ინციდენტთან დაკავშირებული მტკიცებულებები...ოჯახში ძალადობის საქმეების განხილვა საჭიროებს განსაკუთრებულ გულისხმიერებას და ეროვნული სამართალწარმოების დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ოჯახში ძალადობის სპეციფიკური ბუნება“ ( Volodina v Russia, ECtHR, no. 41261/17, §92, ECtHR, 09/07/2019); ,,ოჯახში ძალადობის ინციდენტის საპასუხოდ მტკიცებულებების შეგროვებაში ხარვეზებმა შეიძლება გამოიწვიოს რეალურად განხორციელებული ძალადობის ხარისხის არასათანადოდ შეფასება. აგრეთვე მავნე ზეგავლენა იქონიოს გამოძიების დაწყების პერსპექტივაზე და მომავალში ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს გული აუცრუოს ხელისუფლებისთვის მოძალადე ოჯახის წევრების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებაზე, რომლებიც ხშირად საზოგადოების მხრიდან ისედაც წნეხის ქვეშ არიან” (Tkhelidze v Georgia, no. 33056/17, §54, ECtHR, 8/07/2021)
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
21. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
22. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
23. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
24. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 მაისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილე ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე