საქმე # 140100120004014450
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №669აპ-22 ქ. თბილისი
შ. გ. 669აპ-22 10 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. შ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. წ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. შ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 20:20 საათზე, ქ. გ–ში, მ–ს გამზირზე არსებულ N.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოძრაობდა ავტომანქანა „ჰონდა ფიტი“, სახელმწიფო ნომრით ........, რომელსაც მართავდა გ. შ–სი. მოძრაობისას გ. შ–მა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, მანევრირების შესრულების დროს არ დაიცვა უსაფრთხოების წესები, რის გამოც შეეჯახა გ-ს რაიონის სოფელ ტ-ს მიმართულების სამოძრაო ზოლში მოძრავ „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომანქანას, ტრანზიტული სანომრე ნიშნით ....., რომელსაც მართავდა ს. ქ–ი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ავტომანქანა „ტოიოტა პრიუსის“ მგზავრი - დ. წ–ი, ხოლო მძღოლი - ს. ქ–ი გარდაიცვალა 2020 წლის 24 აპრილს სამედიცინო დაწესებულებაში.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 დეკემბრის განაჩენით გ. შ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 წლითა და 9 თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
3.1. მსჯავრდებულ გ. შ–ს ძირითადი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაპატიმრების მომენტიდან - 2021 წლის 13 დეკემბრიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. შ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ხ. მ–მა, რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულის გამართლება.
4.1. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ შეცვალა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
5. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა საქართველოს გენერალური პროკურატურის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ოთარ ხორგუაშვილმა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. შ–ს ადვოკატმა მ. წ–მა, რომელიც ითხოვს დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემსუბუქებასა და შემდგომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მისი ნაწილის პირობით ჩათვლას.
8. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა საქართველოს გენერალური პროკურატურის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ოთარ ხორგუაშვილმა, რომელიც ითხოვს, რომ საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად, ვინაიდან არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს. ამასთან, პროკურორი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
10. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ითხოვს გ. შ–ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მისი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას, ხოლო ბრალდების მხარე - გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას. ამდენად, მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ გ. შ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენების ნაწილში. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კანონმდებელი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სავალდებულო წინაპირობად მიიჩნევს კუმულაციურად შემდეგი გარემოების არსებობას (რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს): ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მიერ დანაშაულის აღიარება (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელება და გამოძიებასთან თანამშრომლობა. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ გ. შ–სმა ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებებში, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე დროული და ეფექტიანი მართლმსაჯულების აღსრულებას (რაც სასამართლოებმა მიიჩნიეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად) სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. შ–ი გამოძიების ეტაპზე და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, დაკითხვისას აღნიშნა (ფაქტობრივი გარემოებებისგან განსხვავებული ინფორმაცია), რომ შემთხვევის ადგილთან ავტომანქანით მოძრაობდა სავალი ნაწილის მეორე ზოლში, რა დროსაც გადაწყვიტა ავტომანქანის მოტრიალება, რისთვისაც შეასრულა ყველა სავალდებულო მოქმედება - გაიხედა უკანა ხედვის სარკეებში და ჩართო მარცხნივ მოხვევის მაჩვენებელი. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ არც მის წინ და არც მის უკან არაფერი მოძრაობდა, დაიწყო მოტრიალება, კერძოდ, ნაწილობრივ გადაკვეთა ღერძულა (სავალი ნაწილი არ არის გამოყოფილი ღერძულა ხაზით, შესაბამისად, იგულისხმება წარმოსახვითი ხაზი), რა დროსაც მის ავტომანქანას დაეჯახა - ,,გაუსვა“ „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომანქანამ (2021 წლის 29 ოქტომბერი, 14:33:00). მოხვევისას დარწმუნებული იყო, რომ მის სიახლოვეს არ მოძრაობდა სხვა ავტომანქანა, რადგან ,,წინაც გავიხედე, სარკეებშიც, თავიც მივატრიალე უკან და გავიხედე“ (14:37:24). შეჯახების მომენტში თითქმის გასწორებული იყო, პირდაპირ არ დაჯახებია, მანამდე არც ფარების ციმციმით მიანიშნა და არც სიგნალი გამოუყენებია ავტომანქანა „ტოიოტა პრიუსის“ მძღოლს (14:37:49). მობრუნების მანევრის შესრულებისას უკან მომავალი ავტომანქანის მაშუქები არ იყო (14:50:34). გარდა ამისა, დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში (პირველი ინსტანციაში) განმარტა, რომ გ. შ–სი წარდგენილ ბრალდებაში არის სრულიად უდანაშაულო (2021 წლის 13 დეკემბერი; 16:21:00); თავად გ. შ–მა საბოლოო სიტყვის ეტაპზე ასევე განმარტა, რომ მას არ ჰქონდა საგზაო შემთხვევის თავიდან არიდების შესაძლებლობა (2021 წლის 13 დეკემბერი; 18:15:01); დაცვის მხარემ თავდაპირველად სააპელაციო სასამართლოს მიმართა სწორედ ბრალდებულის გამართლების მოთხოვნით და მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, შეცვალა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება. ამდენად, დაცვის მხარის თავდაპირველი პოზიციით, გ. შ–ს ბრალი არ მიუძღვის ავტოსაგზაო შემთხვევასა და შედეგად - ორი პირის სიკვდილში. აღნიშნული გამორიცხავს დაცვის მხარის პოზიციას, რომ მსჯავრდებული თანამშრომლობდა გამოძიებასთან. რაც შეეხება კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ გ. შ–ი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არ იყო ნასვამი და მის მიერ ჩადენილია გაუფრთხილებელი დანაშაული, სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. შ–ს მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდა სწორედ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ხოლო, მათ შორის, მსჯავრდებულის სიმთვრალის შემთხვევაში, ქმედება დაკვალიფიცირდებოდა არა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით, არამედ - ამავე მუხლის მე-9 ნაწილით, რაც ითვალისწინებს უფრო მკაცრ სასჯელს.
13. რაც შეეხება დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირებას, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და გ. შ–ს განუსაზღვრა მინიმუმთან მიახლოებული ხანგრძლივობის სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე), რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს, ასახავს მიდგომას, რომლის თანახმად, „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
15. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
16. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა.
17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. შ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. წ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე