Facebook Twitter

საქმე # 330100121005349222

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №732აპ-22 ქ. თბილისი

ც. გ. 732აპ-22 3 ოქტომბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 მაისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ც–სს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა:

1.1.ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი);

1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ც–სის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით 09:00 საათზე, თ–ში, ...........–ს მე-.. კვარტალში, N.. კორპუსის N.. ბინაში, გ. ც–სმა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, ქალის მამაკაცისადმი მორჩილებისა და იმ მოტივით, რომ ქალს მიიჩნევდა თავის საკუთრებად და ამ საკითხებზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, თავის ყოფილ მეუღლეს - მ. ც–სს, მათივე არასრულწლოვანი შვილების - მ. ც–სა და გ. ც–სის თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი მხრისა და სახის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად მ. ც–სმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2. 2021 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით 10:00 საათზე, თ–ში, ...........–ს მე-.. კვარტალში, N.. კორპუსის N.. ბინაში, გ. ც–სმა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, ქალის მამაკაცისადმი მორჩილებისა და იმ მოტივით, რომ ქალს მიიჩნევდა თავის საკუთრებად და ამ საკითხებზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, თავის ყოფილ მეუღლეს - მ. ც–ს, მათივე არასრულწლოვანი შვილების - მ. ც–სა და გ. ც–სის თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი მხრისა და ფეხის არეში, რის შემდეგაც ჩუსტი დაარტყა რამდენჯერმე ხელის და ფეხის არეში. თითოეული აღნიშნული ქმედების შედეგად მ. ც–სმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.3. 2021 წლის 30 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, თ–ში, ...........–ს მე-.. კვარტალში, N.. კორპუსის N.. ბინაში, გ. ც–სმა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, ქალის მამაკაცისადმი მორჩილებისა და იმ მოტივით, რომ ქალს მიიჩნევდა თავის საკუთრებად და ამ საკითხებზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, ყოფილ მეუღლეს - მ. ც–სს, მათივე არასრულწლოვანი შვილების - მ. ც–სა და გ. ც–სის თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა მუცლისა და ხელის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად მ. ც–სმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.4. 2021 წლის 30 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, თ–ში, ...........–ს მე-.. კვარტალში, N.. კორპუსის N.. ბინაში, გ. ც–სმა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ ქალის მამაკაცისადმი მორჩილებისა და იმ მოტივით, რომ ქალს მიიჩნევდა თავის საკუთრებად და ამ საკითხებზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, გ. ც–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - მ. ც–სს, კერძოდ, დანის დემონსტრირებით განუცხადა, რომ მოკლავდა. მ. ც–სმა აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის განაჩენით გ. ც–სი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა;

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის განჩინებით გ. ც–სის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

3.2. გ. ც–სს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ბარამიამ, რომელმაც ითხოვა გამართლებულ გ. ც–სის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ბარამიამ, რომელიც ითხოვს გამართლებულ გ. ც–სის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობასა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

7.სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი ითხოვს გამართლებულ გ. ც–სის დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ყველა ქმედებაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

9. მოცემულ შემთხვევაში კასატორის პოზიციით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება გ. ც–ის მიერ ყოფილი მეუღლის - მ. ც–სის მიმართ ძალადობის სამი ეპიზოდისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენა.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს გ. ც–სის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა სასამართლოში საქმის განხილვისას ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (ყოფილი მეუღლის) - გ. ც–სის - წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებმა წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი, კერძოდ, წერილობითი მტკიცებულებები უდავოდ მიიჩნიეს, რის გამოც მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა (საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან).

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მოწმეების - ვ. გ–ს (2021 წლის 4 ნოემბერს დაიწყო გამოძიება მ. ც–სის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტზე; გამოკითხა მოწმეები და დაზარალებული, რომელმაც დაადასტურა მეუღლის მხრიდან ძალადობა და მუქარა), გ. მ–ს (2021 წლის 18 ნოემბერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავა გ. ც–სი), დ. ი-ს (2021 წლის 4 ნოემბერს მ. ც–სმა მიმართა განცხადებით, სადაც უთითებდა მეუღლე გ. ც–სის მხრიდან ფიზიკური ძალადობისა და დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს. აღნიშნულის შემდეგ, გ. ც–სის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი), თ. ა–ს (მას, როგორც სოციალურ მუშაკს სამსახურებრივი ურთიერთობა აკავშირებს ბენეფიციარ - მ. ც–სთან, რომლისგანაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ მას უთანხმოება ჰქონდა მეუღლესთან, რისი ამსახველი ხმოვანი შეტყობინებაც ჰქონდა შენახული. ხმოვანი შეტყობინების მოსმენის შემდეგ, მ. ც–სს ურჩია, მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რადგან ჩანაწერი იყო მუქარის შემცველი. მოწმის განმარტებით, დაზარალებული მასთან არ საუბრობდა პირად ცხოვრებაზე, თუმცა გაუმხილა მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ერთი ფაქტი. მოწმე ვერ იხსენებს, დაზარალებულს აღენიშნებოდა თუ არა რაიმე სახის დაზიანება) ჩვენებები, ასევე 2021 წლის 4 ნოემბრის შეტყობინება (ინიციატორ - მ. თ-ს (ც.) გადმოცემით, რამდენიმე დღის წინ ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამჯერად მას დაუკავშირდა ყოფილი მეუღლე და დაემუქრა. იგი მასთან მისვლას აპირებს; ადგილზე ინიციატორთან იმყოფება სოციალური მუშაკი თ. ა–ე. ითხოვა პოლიციის მისვლა (ტ. N..; ს.ფ. N..)) და 2021 წლის 4 ნოემბრის შემაკავებელი ორდერი და ოქმი (მოძალადე დაემუქრა დანით მოკვლით, არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, 2021 წლის 28, 29 და 30 ოქტომბერს დაარტყა) სრულად ადასტურებენ გ. ც–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას, ვინაიდან:

11.1. მითითებულ მოწმეთა ჩვენებები არის ირიბი, რადგან ისინი არც ძალადობას და არც მუქარის ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უშუალოდ არ შესწრებიან და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან (მოწმეებმა - გ. მ–მა, დ. ი–მ და ვ. გ–მ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმების ავთენტიკურობა, მაგრამ მათი ჩვენებები არ შეიცავს პირდაპირი ხასიათის ინფორმაციას, რაც სასამართლოს მისცემდა აღნიშნული მოწმეების ჩვენებების გამოყენების შესაძლებლობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად). საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).

11.2. წერილობითი მტკიცებულებებით - შეტყობინებით, შემაკავებელი ორდერითა და ოქმით, რომლებზეც, მათ შორის, საკასაციო საჩივარში უთითებს ბრალდების მხარე, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება ის გარემოება, რომ გამართლებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები.

11.3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, ხოლო კონსტიტუციური დანაწესის თანახმად (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

11.4. ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაცია მოითხოვს ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში ტკივილის განცდის, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი - საფუძვლიანი შიშის შეგრძნებას. დაზარალებულის შეტყობინებით, შემაკავებელი ორდერითა და მოწმეთა ჩვენებებით კი არ დასტურდება დანაშაულის აუცილებელი კომპონენტი - დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის ან/და შიშის განცდა.

12. სასამართლო ასევე ითვალისწინებს დაზარალებულ მ. ც–სის 2021 წლის 19 ნოემბრის განცხადებას, რომლის თანახმად, დაზარალებული ითხოვს თავისი ყოფილი მეუღლის გათავისუფლებას, რადგან მან (დაზარალებულმა) განცხადება დაწერა ცხელ გულზე, ხოლო მის მეუღლეს არაფერი დაუშავებია, მათ შორის - არც დანით დამუქრებია და შესაბამისად, ბავშვებსაც არაფერი დაუნახავთ; დაზარალებული განცხადებაში უთითებს, რომ მეუღლესთან ჰქონდა მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია ყოფით საკითხებზე, ისიც მისი (დაზარალებულის) ინიციატივით; ,,იმ დღეს“ იყო შოკურ მდგომარეობაში, ემოციების ქვეშ, მეუღლეზე გაბრაზებული; ძალადობასა და მუქარას ადგილი არ ჰქონია, სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო და მუქარა - ისიც ტელეფონით, როცა გაიგო, რომ პოლიციას იძახებდა; მას შემდეგ მასთან ფიზიკური კონტაქტი აღარ ჰქონია (ტ. N..; ს.ფ. N..).

12.1. საქმეში ასევე წარმოდგენილია დაზარალებულ მ. ც–სის ნოტარიული წესით დამოწმებული 2021 წლის 24 დეკემბრის განცხადება, სადაც დაზარალებული ადასტურებს თავის 2021 წლის 19 ნოემბრის განცხადებას და იმავდროულად განმარტავს, რომ მეუღლეს მის მიმართ ფიზიკური ძალადობა ან/და მუქარა არ ჩაუდენია და მათი ურთიერთობა შემოიფარგლა მხოლოდ კამათით. შესაბამისად, მისი მეუღლე უკანონოდაა დაპატიმრებული, რის გამოც მისი შვილები დარჩნენ უპატრონოდ (ტ. N..; ს.ფ. ...).

12.2. შემაკავებელი ორდერის 2021 წლის 4 ნოემბრის ოქმი არათანმიმდევრულია, კერძოდ, პირველ გვერდზე მითითებულია, რომ მოძალადემ მსხვერპლს 28 და 29 ოქტომბერს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო 30 ოქტომბერს დაემუქრა დანის გამოყენებით, მაშინ, როდესაც ამავე შემაკავებელი ორდერის მე-7 გვერდზე მითითებულია, რომ 28, 29 და 30 ოქტომბერს მოძალადემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა ორივე ხელზე და ფეხი - ფეხში (ტ. N..; ს.ფ...). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ 2021 წლის 4 ნოემბრის შეტყობინების თანახმად, ინიციატორმა - მ. თ–მა (ც–მა) მიუთითა, რომ რამდენიმე დღის წინ ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამჯერად, მას დაუკავშირდა ყოფილი მეუღლე და დაემუქრა. იგი მასთან მისვლას აპირებს; ადგილზე ინიციატორთან იმყოფება სოციალური მუშაკი თ. ა–ე. ითხოვა პოლიციის მისვლა (ტ. N..; ს.ფ. N..)).

12.3. საქმეში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი - ფსიქოლოგიური ან/და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები (მ. ც–სმა უარი განაცხადა ექსპერტიზის ჩატარებაზე (ტ. ..1; ს.ფ. ..)), რომლებიც დაადასტურება დაზარალებულის სხეულზე დაზიანებას ან მისი მხრიდან განცდილ შიშს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, არცერთი მოწმე არ ადასტურებს დაზარალებულის სხეულზე დაზიანების ფაქტს, ხოლო შემაკავებელი ორდერის თანახმად, გრაფაში - მსხვერპლს აღენიშნება დაზიანებები, მონიშნულია - ,,არა“.

12.4. მოწმე თ. ა–ს ჩვენება, გარდა იმისა, რომ არის ირიბი, იმავდროულად, მუქარის ნაწილში ვერ ადასტურებს მუქარის შემცველ შინაარსს. ამასთან, მოწმის განმარტებით დაზარალებულის ხელთ არსებული მუქარის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერი არ არის წარმოდგენილი საქმის მასალებშიც, ხოლო იმ პირობებში, როდესაც საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება გ. ც–სის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ, მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი არათანმიმდევრული შემაკავებელი ორდერის გარდა, ვერ დასტურდება დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის ან/და ფსიქიკური ტანჯვის ფაქტი, ხოლო ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული სავარაუდო დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით არ დასტურდება არც მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი შემაკავებელი ორდერის N...... ოქმით.

13. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (ყოფილი მეუღლის) - გ. ც–სის - წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე; შესაძლო ფაქტის შემსწრე პირები - მ. და გ. ც–ები ბრალდების მხარემ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მოხსნა დასაკითხ პირთა სიიდან (ტ. N1; ს.ფ.125); სხდომაზე დაკითხული მოწმეები უშუალოდ არ შესწრებიან ძალადობის ან/და მუქარის ფაქტს და მათი ჩვენებები არ შეიცავს პირდაპირი ხასიათის საქმისთვის მნიშვნელოვან რაიმე ინფორმაციას; საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება დაზარალებულის მიერ ფიზიკური/ფსიქიკური ტკივილისა ან/და ტანჯვის განცდა; არ არის წარმოდგენილი მუქარის ამსახველი აუდიოჩანაწერი (რაზეც უთითებს მოწმე თ. ა–ე); დაზარალებულის მიერ საქმის წარმოების ფარგლებში განსახილველი საქმის ირგვლივ მოწოდებული წინააღმდეგობრივი ინფორმაციისა და სასამართლო სხდომაზე საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლების გამოყენების გათვალისწინებით, დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

14. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

15. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ხელისუფლების ორგანოებმა უნდა გადადგან ყველა გონივრული ნაბიჯი, რათა უზრუნველყონ ინციდენტთან დაკავშირებული მტკიცებულებები...ოჯახში ძალადობის საქმეების განხილვა საჭიროებს განსაკუთრებულ გულისხმიერებას და ეროვნული სამართალწარმოების დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ოჯახში ძალადობის სპეციფიკური ბუნება“ ( Volodina v Russia, ECtHR, no. 41261/17, §92, ECtHR, 09/07/2019); ,,ოჯახში ძალადობის ინციდენტის საპასუხოდ მტკიცებულებების შეგროვებაში ხარვეზებმა შეიძლება გამოიწვიოს რეალურად განხორციელებული ძალადობის ხარისხის არასათანადოდ შეფასება. აგრეთვე ამან შეიძლება მავნე ზეგავლენა იქონიოს სისხლისსამართლებრივი გამოძიების დაწყების პერსპექტივაზე და მომავალში ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს გული აუცრუოს ხელისუფლებისთვის მოძალადე ოჯახის წევრების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებაზე, რომლებიც ხშირად საზოგადოების მხრიდან ისედაც წნეხის ქვეშ არიან” (Tkhelidze v Georgia, no. 33056/17, §54, ECtHR, 8/07/2021)

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

17. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

18. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

19. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 მაისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე