საქმე # 190100121004951164
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №733აპ-22 ქ. თბილისი
ხ. გ. 733აპ-22 3 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 მაისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ხ–სს,- დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის ივნისიდან 2021 წლის 19 ივლისის ჩათვლით პერიოდში, ქალაქ რ–ში, ..........ს N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გ. ხ–ი მეუღლეს - ს. ს–ს, .... წელს დაბადებული, არასრულწლოვანი შვილის - ბ. ხ–სის თანდასწრებით, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახში მისი, როგორც მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების სურვილით, ყოველდღიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეუბნებოდა, რომ იყო მახინჯი, სახელის ნაცვლად მიმართავდა ბილწი სიტყვით, ასევე ავალდებულებდა, რომ სახლი ისე დაელაგებინა, როგორც მას მოსწონდა, რადგან მიაჩნდა, რომ ცოლის მოვალეობა მხოლოდ მეუღლის მსახურება იყო. გ. ხ–სი განზრახ ქმნიდა სახლში უწესრიგობას, შემდეგ კი უყურებდა, თუ როგორ ალაგებდა ს. ს–ა მის მიერ იატაკზე დაყრილ ნივთებსა და ნივთიერებებს. ასევე გ. ხ–სი ს. ს–ს უკონტროლებდა ტელეფონში არსებულ კომუნიკაციას, სოციალურ ქსელსა და ჩაცმულობას, ხოლო 2021 წლის 3 მაისს, დაახლოებით 18:50 საათზე, ქალაქ რ–ში, ........ს N...-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ზემოაღნიშნული მოტივით, რადგან არასრულწლოვანი ბავშვებისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო მისცა შენიშვნა, ძლიერად მოქაჩა თმა. გ. ხ–ს ძალადობრივი ქმედებებით ს. ს–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 იანვრის განაჩენით გ. ხ–სი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
3.1. გ. ხ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა, რომელმაც ითხოვა გამართლებულ გ. ხ–სის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 მაისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ - ზურაბ კოჭლამაზაშვილმა. კასატორის განმარტებით, განაჩენში ბრალდების მხარის არგუმენტების გარეშეა გაზიარებული პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები, რის გამოც ბრალდების მხარეს საკასაციო საჩივარში კვლავ ის არგუმენტები აქვს მითითებული, რაც ორივე ინსტანციის სასამართლომ ყურადღებისა და მსჯელობის მიღმა დატოვა (სასამართლო ითვალისწინებს, რომ საკასაციო საჩივარში დაშვებულია ტექნიკური ხასიათის შეცდომა და კასატორი საჩივრის დასკვნით ნაწილში ითხოვს გ. ხ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, ნაცვლად ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე მითითებისა).
7.სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
9. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალდების მხარე გ. ხ–ს ედავება 2021 წლის ივნისიდან 2021 წლის 19 ივლისის ჩათვლით პერიოდში, 2009 წელს დაბადებული, არასრულწლოვანი შვილის - ბ. ხ–სის თანდასწრებით, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, მეუღლის - ს. ს–ს მიმართ, ოჯახში მისი, როგორც მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების სურვილით, ყოველდღიურად სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასა და დამცირებას, ასევე - 2021 წლის 3 მაისს, დაახლოებით 18:50 საათზე, ზემოაღნიშნული მოტივით, თმის ძლიერად მოქაჩვას. ამასთან, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ გ. ხ–სის ძალადობრივი ქმედებებით ს. ს–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. სახელმწიფო ბრალდების პოზიციით, გ. ხ–ს მიერ (შესაძლო) ჩადენილი მითითებული ქმედებები დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
9.1. სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისათვის საჭიროა, დადგინდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით პასუხისმგებლობა დაწესებულია იმავე ქმედებისათვის, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად ან/და არაერთგზის.
9.2. მოცემულ შემთხვევაში გ. ხ–სს დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება წარდგენილი აქვს ერთ ეპიზოდად. სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობის დანაშაულზე ბრალის წარდგენის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ძალადობის ცალკეული ეპიზოდების განსაზღვრა და ბრალდების დადგენილებაში დამოუკიდებელ ეპიზოდებად ასახვა, მითუფრო მაშინ, როდესაც საკითხი ეხება, როგორც ფსიქოლოგიურ (სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება), ისე ფიზიკურ ძალადობას და სისტემატური შეურაცხყოფა/დამცირება პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, წინ უსწრებს (არ ემთხვევა) სავარაუდო ფიზიკური ძალადობის ეპიზოდს.
9.3. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, პირის ბრალდების შესახებ დადგენილება ერთ ბრალში აქცევს - 2021 წლის 3 მაისის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდს, 2021 წლის ივნისიდან 2021 წლის 19 ივლისის ჩათვლით პერიოდში სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებას და მიუხედავად იმისა, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილება 2021 წლის 3 მაისის ფაქტთან დაკავშირებით არ უთითებს ქმედების არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენაზე, გ. ხ–სის ქმედებები დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
9.4. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს, მათ შორის - ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლებითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული“. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №230აპ–13, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.1.2.).
10. კასატორის პოზიციით, სისხლს სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია გ. ხ–სის მიერ მეუღლის - ს. ს–ს მიმართ ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტი.
11. ბრალდების მხარემ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 იანვრის განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს გ. ხ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებმა წარმოდგენილი მტკიცებულებები, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის გარდა, რომელმაც, თავის მხრივ, სასამართლოში საქმის განხილვისას ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა საკუთარი ოჯახის წევრის - გ. ხ–სის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, უდავოდ მიიჩნიეს, რის გამოც მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა (საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან).
12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი დაზარალებულის განცხადება, შემაკავებელი ორდერი და მოწმე მ. შ–ს გამოკითხვის ოქმი სრულად ადასტურებენ გ. ხ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას და ითვალისწინებს, რომ აღნიშნული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება გამართლებულის მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა.
12.1. სასამართლო ითვალისწინებს, ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილის ან/და ტანჯვის მიყენების ფაქტი. დაზარალებულის განცხადებით, შემაკავებელი ორდერითა და მოწმე მ. შ–ს გამოკითხვის ოქმით კი არ დასტურდება დანაშაულის აუცილებელი კომპონენტი - დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის ან/და ტანჯვის განცდა. იმავდროულად, მხარეებმა დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი არ მიიჩნიეს უდავო მტკიცებულებად, ხოლო უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები (დაზარალებულის განმარტება, შემაკავებელი ორდერი და მოწმე მ. შ–ს გამოკითხვის ოქმი) სრულად ემყარება დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას - ვისი დაკითხვისა და სანდოობის გამოკვლევის (შესაბამისად, მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობის შეფასების) შესაძლებლობა დაცვის მხარეს არ ჰქონია საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე.
13. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ დაზარალებულის 2021 წლის 19 ივლისის განცხადება უთითებს გ. ხ–სის მიერ მასზე და მის შვილზე როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ ძალადობაზე, ხოლო შემაკავებელი ორდერის 2021 წლის 19 ივლისის ოქმი - სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, რითაც მსხვერპლი განიცდიდა ტანჯვას, კერძოდ: ოქმში აღნიშნულია, რომ მოძალადე მსხვერპლს ყოველდღიურად ეძახის დამამცირებელ სიტყვებს, რომ არის მახინჯი, მიმართავს კაცის სასქესო ორგანოს სახელით, რაც მისთვის არის ჩვეულებრივი მიმართვა, როგორც სახელი ,,ს–ო“. ამავე ოქმში, გრაფაში - ,,მოძალადემ თქვენზე ფიზიკურად იძალადა?“, აღნიშნულია ,,არა“, ხოლო გრაფაში - ,,ძალადობის ფორმა“, აღნიშნულია - ,,ფსიქოლოგიური“, ,,ძალადობისას იკვეთება გენდერული დისკრიმინაციის ნიშნები“ (ტ.N1; ს.ფ. 13-22). დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობა არ დასტურდება არც მოწმე მ. შ–ს გამოკითხვის ოქმით (დაზარალებულ ს. ს–ს ინფორმაციით, ქმარი ყოველდღიურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ექცევა დამამცირებლად; 2021 წლის 20 ივლისს, შუადღეს, მ. შ–სთნ მივიდა ს. ს–ა განერვიულებული და უთხრა, რომ პოლიციაში დაწერა განცხადება ოჯახური ძალადობის შესახებ, მეუღლის საქციელის გამო და გამოიცა შემაკავებელი ორდერი), რომელიც იმავდროულად წარმოადგენს მოწმის ირიბ ,,ჩვენებას“, რადგან ძალადობის, სისტემატიური შეურაცხყოფის ან/და დამცირების ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უშუალოდ არ შესწრებია და მომხდარის შესახებ გადმოცემით იცის დაზარალებულისაგან. საკასაციო სასამართლო ამჯერადაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
14. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, ხოლო კონსტიტუციური დანაწესის თანახმად (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
15. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა საკუთარი ოჯახის წევრის - გ. ხ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, შესაძლო ფაქტის შემსწრე - ბ. ხ–სი არ გამოკითხულა (ს. ს–ს 2021 წლის 20 ივლისის განცხადების თანახმად, ბ. ხ–სი და თავად ს. ს–ა უარს აცხადებენ პოლიციაში ბ. ხ–სის მამის წინააღმდეგ გამოკითხვაზე, ამასთან, ის არის ანერვიულებული და აქვს რთული ასაკი, კერძოდ, არის 11 წლის (ტ. N1; ს.ფ.27)), ხოლო დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, რომლებიც უთითებენ გ. ხ–ს მიერ მეუღლის - ს. ს–ს მიმართ ჩადენილ შესაძლო დანაშაულზე, იმავდროულად ეფუძნებიან მხოლოდ დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილისა და ფსიქიკური ტანჯვის მიყენების ფაქტები - საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
16. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
17. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ხელისუფლების ორგანოებმა უნდა გადადგან ყველა გონივრული ნაბიჯი, რათა უზრუნველყონ ინციდენტთან დაკავშირებული მტკიცებულებები...ოჯახში ძალადობის საქმეების განხილვა საჭიროებს განსაკუთრებულ გულისხმიერებას და ეროვნული სამართალწარმოების დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ოჯახში ძალადობის სპეციფიკური ბუნება“ ( Volodina v Russia, ECtHR, no. 41261/17, §92, ECtHR, 09/07/2019); ,,ოჯახში ძალადობის ინციდენტის საპასუხოდ მტკიცებულებების შეგროვებაში ხარვეზებმა შეიძლება გამოიწვიოს რეალურად განხორციელებული ძალადობის ხარისხის არასათანადოდ შეფასება. აგრეთვე ამან შეიძლება მავნე ზეგავლენა იქონიოს სისხლისსამართლებრივი გამოძიების დაწყების პერსპექტივაზე და მომავალში ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს გული აუცრუოს ხელისუფლებისთვის მოძალადე ოჯახის წევრების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებაზე, რომლებიც ხშირად საზოგადოების მხრიდან ისედაც წნეხის ქვეშ არიან” (Tkhelidze v Georgia, no. 33056/17, §54, ECtHR, 8/07/2021).
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
19. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
20. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
21. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 მაისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე