საქმე # 080100121004615179
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №759აპ-22 ქ. თბილისი
ს. ი.759აპ-22 20 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 31 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ს–სის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ. კ–მის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ს–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 108-ე მუხლით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ს–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 24 თებერვალს, საღამოს საათებში, ქ. ქ–ში, ........... № N..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ი. ს–მ, ურთიერთშელაპარაკების პროცესში, განაწყენების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მასთან სტუმრად მყოფ ი. გ–ს დანის გამოყენებით მარცხნივ საფეთქლის, შუბლისა და კისრის არეებში, მოკვლის განზრახვით, მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანებები, რის შემდეგაც განერიდა შემთხვევის ადგილს და გადამალა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა. მიღებული დაზიანებების გამო ი. გ–ი იმავე დღეს გადაიყვანეს ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, ხოლო 2021 წლის 26 თებერვალს - ,,......... სახელობის ....... საქართველოს ........... ცენტრში“, სადაც, მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა - 2021 წლის 10 მარტს.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. ი. ს–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
3.2. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ი. ს–სეს განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 25 თებერვლიდან;
3.3. ი. ს–სე სასჯელის მოხდის პერიოდში მოთავსებულ იქნა შპს ,,............... ცენტრში“ (.......) არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე. აღნიშნული კრიტერიუმების ამოწურვის შემდეგ სასჯელის მოხდა უნდა გაუგრძელდეს საერთო წესით.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა. კერძოდ: დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა ირაკლი კოძახიძემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, ხოლო მსჯავრდებულმა ი. ს–მ და მისმა ადვოკატმა ვ. კ–მა მოითხოვეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ი. ს–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 31 მაისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 თებერვლის განაჩენში ი. ს–ის მიმართ შევიდა ცვლილება:
5.1. ი. ს–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
5.2. მსჯავრდებულ ი. ს–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 25 თებერვლიდან;
5.3. ცნობად იქნა მიღებული, რომ №.. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის №..... მომართვის თანახმად, მსჯავრდებული ი. ს–სე, 2022 წლის 31 მარტს, დაბრუნდა ,,.......... ცენტრიდან“.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი. ს–მ და მისმა ადვოკატმა ვ. კ–მმა, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და ი. ს–სის უდანაშაულოდ ცნობას.
7.სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებული და მისი ადვოკატი ითხოვენ ი. ს–სის გამართლებას.
9. ამდენად, მხარეებს შორის დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა, ჩაიდინა თუ არა ი. ს–სემ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული, იმავდროულად არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ი. ს–სის 108-ე მუხლით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, ძირითად მტკიცებულებასა და არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს.
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ვინაიდან არ არსებობს ინციდენტის თვითმხილველი მოწმე, ხოლო თავად მსჯავრდებულმა აირჩია დუმილის უფლება, ის უნდა გამართლდეს. დაცვის მხარის მტკიცებით საქმეში არ არის წარმოდგენილი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე. აღნიშნულის მიუხედავად, მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ი. ს–სის მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა. კერძოდ, მოწმეების - დ. გ–ს და კ. რ–ს ჩვენებებით დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს - 2021 წლის 24 თებერვალს ი. გ–სი და ი. ს–სე ერთად იმყოფებოდნენ ი. ს–სის საცხოვრებელ სახლში, სადაც დალიეს ალკოჰოლური სასმელი; მოწმეების - კ. რ–ს, ხ. მ–ს, ვ. ხ–სა და თ. წ–ს ჩვენებებით დადგენილია, რომ იმავე დღეს ი. ს–სის სახლში ნახეს დაჭრილი და უგონო მდგომარეობაში მყოფი ი. გ–სი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. მათივე ჩვენებებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე, ანუ ი. ს–სის საცხოვრებელ სახლში, მათი მისვლისას, იქ დაზარალებულის გარდა სხვა არავინ იმყოფებოდა; საგამოძიებო ექსპერიმენტის 2021 წლის 25 თებერვლის ოქმით დასტურდება, რომ ი. ს–მ მიუთითა ადგილი - ყოფილი ბაღის ტერიტორიაზე არსებულ ამორტიზებულ შენობაში, სადაც, მისივე განმარტებით, დადო დანაშაულის ჩადენის იარაღი - შავტარიანი გასაშლელი დანა; სწორედ მის მიერ მითითებულ ადგილზე აღმოჩნდა და შესაბამისად, ამოიღეს აღნიშნული დანა, რომლის ზედაპირზეც შეიმჩნეოდა ლაქები. ი. ს–მ კი განაცხადა, რომ მითითებულ ადგილზე მან თავად დადო დანა; საქმეზე ჩატარებული ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის 2021 წლის 18 ნოემბრის დასკვნით დადასტურდა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ი. ს–სის მითითებით ამოღებული გასაშლელი დანის პირზე აღმოჩნდა ი. გ–ს, ხოლო ტარზე - ი. ს–ს სისხლი. კერძოდ, დასკვნის თანახმად, გასაშლელი დანის პირსა (ობ. №..) და ტარზე (ობ. №..) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. №..-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი. გ–სს, ხოლო ობ. №..-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი. ს–სეს. ამავე დანის ტარზე, აღნიშნული ლაქებისაგან შედარებით თავისუფალ უბნებზე არსებული ბიომასალის (ობ. №..) გენეტიკური პროფილი შერეულია, ერთი წილი ეკუთვნის ი. ს–სეს, მეორე წილი ეკუთვნის ი. გ–სს.
12. კასატორი სადავოდ ხდის ი. ს–სის მსჯავრდებას მსჯავრდებულ ი. ს–სა და გარდაცვლილ ი. გ–სის განსხვავებულ აღნაგობასა და ფიზიკური მონაცემებზე მითითებით. სასამართლო ითვალისწინებს დაზიანებების ლოკალიზაციას; იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარის აღნიშნული პოზიცია არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით და წარმოადგენს დაცვის მხარის ვარაუდს ი. ს–სთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით.
13. კასატორების მტკიცებით გამოძიების საწყის ეტაპზე დაირღვა ბრალდებულის დაცვის უფლება - საქართველოს სსსკ-ის 45-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის დანაწესის მიუხედავად, ი. ს–სე არ იყო უზრუნველყოფილი დამცველის მომსახურებით, მაშინ როდესაც სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობისას გამოძიებამ მისგან მიიღო განმარტებები, რის გამოც აღნიშნული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების გზით მოპოვებული მტკიცებულებების გამოყენება გამამატყუნებელი განაჩენის დასაბუთებისთვის დაუშვებელია.
13.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ გამოცხადების შესახებ 2021 წლის 24 თებერვლის ოქმის (ტ. N..; ს.ფ. N..) თანახმად, დანაშაულის დღეს 23:25 საათზე პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა ი. ს–სე და განაცხადა, რომ მის საცხოვრებელ სახლში დანის გამოყენებით სხეულის დაზიანებები მიაყენა მის მეგობარს - ი. გ–სს; აღნიშნულის შემდეგ იგი გამოკითხეს და დააკავეს. ამასთან, ი. ს–ს როგორც გამოკითხვისას, ისე დაკავებისას განემარტა ადვოკატის საკუთარი ხარჯით სარგებლობის უფლება. კერძოდ, გამოკითხვის 2021 წლის 25 თებერვლის ოქმისა და ადვოკატის მომსახურების განმარტების შესახებ 2021 წლის 25 თებერვლის ოქმის თანახმად, რომლებიც ხელმოწერილია მსჯავრდებულის მიერ, მითითებულია, რომ მას ინფორმაციის მიცემამდე განემარტა მისი, როგორც გამოსაკითხი მოწმის უფლებები, ასევე უფლება ადვოკატის მომსახურებაზე, რასაც გამოძიების არსებულ ეტაპზე არ საჭიროებს და მის უფლებებს დაიცავს თავად (ტ. N..; ს.ფ. N..; ...); ასევე, ბრალდებულის გამოკითხვის 2021 წლის 25 თებერვლის ოქმის თანახმად, მას განემარტა უფლებები, მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული უფლება, რომ ,,ბრალდებულს აქვს ადვოკატის არჩევისა და ყოლის, ასევე მის მიერ არჩეული ადვოკატის ნებისმიერ დროს შეცვლის უფლება, ხოლო თუ ის უქონელია - უფლება, დაენიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს გონივრული დრო და საშუალება დაცვის მომზადებისათვის. ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ურთიერთობა კონფიდენციალურია. აკრძალულია ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ურთიერთობაზე ისეთი შეზღუდვების დაწესება, რომლებიც ხელს შეუშლის დაცვის სათანადოდ განხორციელებას“, თუმცა მსჯავრდებულმა მიუთითა, რომ გამოძიების აღნიშნულ ეტაპზე ადვოკატის მომსახურებას არ საჭიროებს (ტ. N..; ს.ფ. №...). სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის განჩინებით დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის დავითი სიმონიას შუამდგომლობა ბრალდებული ი. ჯ–ს ძე ს–ს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში სტაციონარული კომპლექსური ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, 20 დღით, მოთავსების შესახებ დაკმაყოფილდა. აღნიშნულის შესაბამისად, 2021 წლის 8 აპრილს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ო. ნ–მ მიმართა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსს - გ. ს–ს და მოითხოვა ბრალდებულ ი. ს–სის ინტერესების დასაცავად საქართველოს სსსკ-ის 45-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის დანაწესის თანახმად, ადვოკატის გამოყოფა, ვინაიდან მის მიმართ დაინიშნა ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რაც იმავე დღეს შესრულდა. აღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ: სტაციონალური სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2021 წლის 26 აგვისტოს დასკვნის თანახმად, ი. ს–სე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამდე და ჩადენის დროს ფსიქიკურად დაავადებული არ იყო; მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ი. ს–ს შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა); შემდგომში, იზოლაციის პირობებში ი. ს–სეს განუვითარდა და ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზის ჩატარების დროს უგრძელდებოდა ფსიქიკის დროებითი აშლილობა მწვავე და ტრანზიტორული ფსიქოზური აშლილობა - რეაქტიული ფსიქოზის (დეპრესიულ-ჰალუცინაციური სინდრომი) სახით (კოდი - ..; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით); მას ადვოკატის ყოლის უფლება განემარტა, ჯერ კიდევ დანაშაულის ჩადენის შემდეგ განყოფილებაში გამოცხადებისას, დაკავებამდე, ანუ იზოლაციაში ყოფნამდე - საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების მტკიცებას, რომ მსჯავრდებულს გამოძიების რომელიმე ეტაპზე დაერღვა დაცვის უფლება.
13.2. საკუთარი ვერსიის დამტკიცებას დაცვის მხარე ცდილობს ასევე იმაზე მინიშნებით, რომ საგამოძიებო მოქმედებების დროს არ იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გარკვეული, ხოლო შემდგომში დადასტურდა ფსიქიკური პრობლემები. როგორც აღინიშნა, მსჯავრდებულს საწყის ეტაპზე, მათ შორის, დაკავებამდე და დაკავებისას, ანუ ჯერ კიდევ იზოლაციამდე, არაერთხელ განემარტა ადვოკატის ყოლის უფლება, ხოლო სტაციონალური სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი. ს–სეს შემდგომში, იზოლაციის პირობებში განუვითარდა და ამჟამად უგრძელდება ფსიქიკის დროებითი აშლილობა მწვავე და ტრანზიტორული ფსიქოზური აშლილობა - რეაქტიული ფსიქოზის (დეპრესიულ-ჰალუცინაციური სინდრომი) სახით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც მისი მითითებით ამოიღეს დანაშაულის იარაღი, ჩატარდა იზოლაციიდან უმოკლეს დროში, კერძოდ, განყოფილებაში გამოცხადებული ი. ს–სე მოწმის სახით გამოიკითხა 2021 წლის 25 თებერვლის 00:32-02:00 საათების შუალედში, დააკავეს იმავე დღის 02:01 საათზე, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა იმავე დღის 05:12-05:35 საათების შუალედში.
13.3. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას საქართველოს სსსკ-ის 45-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ კანონი მკაფიოდ განმარტავს, რომ ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულოა თუ „სისხლის სამართლის საქმეს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო“. შესაბამისად, კანონმდებელი ადვოკატის მონაწილეობას უკავშირებს სისხლისსამართალწარმოების კონკრეტულ სტადიას და არა დანაშაულის კატეგორიას, როგორც ეს მოცემულია იმავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტში. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქმეზე გამოძება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და ი. ს–სე საქართველოს სსსკ-ის 45-ე მუხლის დანაწესის და 266-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით არ ექცეოდა (აღნიშნული დროისათვის) სავალდებულო დაცვის პირობებში ( იხ. ასევე პუნქტი 13.1).
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
15. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
17. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 31 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ს–სის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ. კ–მის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე