საქმე # 190100120003714854
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №747აპ-22 ქ. თბილისი
ნ. ჯ. 747აპ-22 4 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ჯ. ნ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა:
1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;
1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ჯ. ნ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2019 წლის გაზაფხულიდან 2020 წლის 2 მაისის ჩათვლით დროის შუალედში, ქ. რ–ში, მე-.. მიკრორაიონის კორპუს N..-ში მდებარე ბინა N..-ში, ჯ. ნ–სი მეუღლეს - ნ. ჯ–ს გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად, კვირაში რამდენჯერმე, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, უკრძალავდა დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას, მეგობრებთან კომუნიკაციას, მუშაობას, მისი, როგორც ქალის, უპირობო მოვალეობად მიიჩნევდა შვილების აღზრდას და საოჯახო საქმეების კეთებას და იმ შემთხვევაში, თუ ნ. ჯ–ი მას არ ემორჩილებოდა, ან არ ასრულებდა სათანადოდ მისი, როგორც ოჯახის უფროსის მოთხოვნებს, აგინებდა, ასევე, იმის გამო, რომ ნ. ჯ–სი მეორედ იყო დაქორწინებული, ეძახდა უწესო ქალს. სისტემატურმა შეურაცხყოფამ გამოიწვია ნ. ჯ–სის ტანჯვა.
2020 წლის 30 აპრილს, საღამოს საათებში, ქ. რ–ში, მე-.. მიკრორაიონის კორპუს N..-ში მდებარე ბინა N..-ში ჯ. ნ–სმა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ, ოჯახში მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, მეუღლეს - ნ. ჯ–სს, არასრულწლოვანი გერის, ა. ა-ს თანდასწრებით, ჯერ თმა მოქაჩა და დააგდო იატაკზე, შემდეგ მეორე ოთახში თმით გაათრია, წამოდგომისას კი ძლიერად ჰკრა ხელი, რადგან ნ. ჯ–მა დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება და შენიშვნა მისცა ჯ. ნ–ს სტუმარს, რომელიც ბავშვებს ძალადობრივ თამაშს ასწავლიდა. ჯ. ნ–ს ძალადობრივმა ქმედებებმა გამოიწვია ნ. ჯ–ს ფიზიკური ტკივილი.
2.2. 2020 წლის 1 მაისს, საღამოს საათებში, ქ. რ–ში, მე-.. მიკრორაიონის კორპუს N..-ში მდებარე ბინა N..-ში, ჯ. ნ–სი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მეუღლეს - ნ. ჯ–ს დაემუქრა მოკვლით, მეექვსე სართულის აივნიდან გადაგდებით, მეტი სიცხადისათვის კი მოჰკიდა ხელი და უბიძგა აივნისკენ, რადგან ნ. ჯ–მა ვერ შეძლო წვიმის დაწყებამდე თოკიდან მისი შარვლის ჩამოხსნა, რაც ჯ. ნ–სს გენდერული სტერეოტიპებიდან გამომდინარე, მისი, როგორც ქალის მოვალეობად მიაჩნია. ჯ. ნ–ს ქმედების შედეგად ნ. ჯ–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 სექტემბრის განაჩენით:
3.1. ჯ. ნ–სი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.2. ჯ. ნ–სი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.3. ჯ. ნ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატიამ გოგრიჭიანმა, რომელმაც მოითხოვა ჯ. ნ–სს დამნაშავედ ცნობა ბრალად წარდგენილ თითოეულ ეპიზოდში.
5. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ ჯ. ნ–სის ადვოკატმა ლ. მ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა, რომელიც ითხოვს ჯ. ნ–სის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
8.სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი ითხოვს ჯ. ნ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული, იმავდროულად, არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ჯ. ნ–ს წარდგენილ ბრალდებაში სრულად გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორების საჭიროება, რომლებსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
10.1. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ჯ. ნ–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ; არასრულწლოვანი მოწმე - ა. ა–ე, რომლის თანდასწრებით ძალადობის ჩადენასაც ედავება ბრალდების მხარე გამართლებულს, სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა, ვინაიდან პროკურორმა დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა იგი (ტ. 3; ს.ფ. 45), ხოლო დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (მეუღლის) - ჯ. ნ–სის - წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე; წერილობითი მტკიცებულებებით - შეტყობინებით, შემაკავებელი ორდერით, გამომძიებლის გამოკითხვის ოქმით და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლებზეც, მათ შორის, საკასაციო საჩივარში უთითებს ბრალდების მხარე - გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება ის გარემოება, რომ გამართლებულმა ჩაიდინა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული დანაშაულებრივი ქმედებები. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მითითებული მტკიცებულების პირველწყარო არის დაზარალებული, რომლის დაკითხვის და შესაბამისად - მტკიცებულებაში ასახული ინფორმაციის სარწმუნოობისა და ინფორმაციის მიმწოდებლის სანდოობის გამოკვლევის შესაძლებლობა არსებითი განხილვის ფარგლებში დაცვის მხარეს არ მიეცა.
10.2. ამასთან, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნით ობიექტურად შეუძლებელია, განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ხოლო ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
10.3. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაცია მოითხოვს ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში ტკივილის განცდის, სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების შემთხვევაში - ტანჯვის გამოწვევას, ხოლო 151-ე მუხლი - საფუძვლიანი შიშის შეგრძნებას. დასახელებული მტკიცებულებებით კი არ დასტურდება დანაშაულის აუცილებელი კომპონენტი - დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის, ტანჯვის ან/და შიშის განცდა. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ საქმის ფარგლებში არ ჩატარებულა დაზარალებულის ფსიქოლოგიური გამოკვლევა, რითიც დადასტურდებოდა დაზარალებულის მიერ განცდილი შესაძლო ტანჯვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
11. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ხელისუფლების ორგანოებმა უნდა გადადგან ყველა გონივრული ნაბიჯი, რათა უზრუნველყონ ინციდენტთან დაკავშირებული მტკიცებულებები...ოჯახში ძალადობის საქმეების განხილვა საჭიროებს განსაკუთრებულ გულისხმიერებას და ეროვნული სამართალწარმოების დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ოჯახში ძალადობის სპეციფიკური ბუნება“ ( Volodina v Russia, ECtHR, no. 41261/17, §92, ECtHR, 09/07/2019); “ოჯახში ძალადობის ინციდენტის საპასუხოდ მტკიცებულებების შეგროვებაში ხარვეზებმა შეიძლება გამოიწვიოს რეალურად განხორციელებული ძალადობის ხარისხის არასათანადოდ შეფასება. აგრეთვე ამან შეიძლება მავნე ზეგავლენა იქონიოს სისხლისსამართლებრივი გამოძიების დაწყების პერსპექტივაზე და მომავალში ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს გული აუცრუოს ხელისუფლებისთვის მოძალადე ოჯახის წევრების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებაზე, რომლებიც ხშირად საზოგადოების მხრიდან ისედაც წნეხის ქვეშ არიან” (Tkhelidze v Georgia, no. 33056/17, §54, ECtHR, 8/07/2021).
12. „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გამართლებული არ აღიარებს ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას; სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია დაცვისა და ბრალდების ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსიები; ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 8 ივნისის №....... დასკვნა ობიექტურად ვერ განსაზღვრავს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობას; მოწმე თ.ზ–ს ჩვენებით დგინდება, რომ კარის მინა (რომელზეც დაზარალებული უთითებდა გამოკითხვისას და ექსპერიმენტის მიმდინარეობისას) ბავშვებმა ჩაამტვრიეს თამაშისას; სავარაუდო დანაშაულის თვითმხილველმა პირმა - დაზარალებულმა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, რის გამოც ვერ მოხდა შეტყობინებასა და შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებული ინფორმაციის სარწმუნოობისა და წყაროს სანდოობის გამოკვლევა; მოწმე თ. ზ–სი და გამართლებული პირი მიუთითებენ დაზარალებულის მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე, ხოლო ნეიტრალური მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ბრალდების მხარის ვერსიას საქმეში არ მოიპოვება - in dubio pro reo პრინციპის მოთხოვნიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს ასევე, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, ხოლო კონსტიტუციური დანაწესის თანახმად (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მტკიცებას გამართლებულის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
15. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
17. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი წინაპირობის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე