Facebook Twitter

საქმე # 160100121005024870

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №811აპ-22 ქ. თბილისი

მ. ფ. 811აპ-22 3 ოქტომბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივნისის განაჩენზე ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო პაპაშვილისა და მსჯავრდებულ ფ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ხ. მ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ფ. მ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 4 ივნისს, შუადღეს, ფ. მ–მა დ–ს რაიონის სოფელ ლ–დან, თავისი საცხოვრებელი სახლიდან, არასრულწლოვან ა. მ–ს, რომელიც იმყოფებოდა დ–ს რაიონის სოფელ ს–ში, თავის საცხოვრებელ სახლში, იმის გამო, რომ მან თითქოს, ცუდად მოიხსენია მისი და, სოციალურ ქსელ „......დან“ მისწერა, რომ ,,ენას გაუჭრიდა, რომ იგი იყო მისი სიკვდილის ანგელოზი და ყოველ დღე შიშით უნდა ეცხოვრა“, რის შემდეგაც, 2021 წლის 7 ივნისს, დ–ს რაიონის სოფელ ს–ში, შ. მ–თან ერთად მყოფმა ფ. მ–მამა ა. მ–სას უთხრა, რომ ,,მათი სახით მისი სიკვდილის ანგელოზები მივიდნენ“. ფ. მ–ს მუქარა ა. მ–მ ყველა შემთხვევაში აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის განაჩენით ფ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 170 საათით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი;

3.1. საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე ფ. მ–ს 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო პაპაშვილმა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანა, კერძოდ, ფ. მ–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4.1. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებლი წარმოადგინა მსჯავრდებულ ფ. მ–მაის ადვოკატმა ხ. მ–მა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივნისის განაჩენით ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო პაპაშვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ცვლილება შევიდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის განაჩენში;

5.1. ფ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა1 წლითა და 6 თვით;

5.2. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ფ. მ–ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი და 6 თვე;

5.3. მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნინო პაპაშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ფ. მ–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის - პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად თავისუფლების აღკვეთის - განსაზღვრას, ხოლო მსჯავრდებულ ფ. მ–მაის ადვოკატი ხ. მ–ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ფ. მ–სათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 170 საათით განსაზღვრას.

6.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ფ. მ–მაის ადვოკატმა ხ. მ–მა, რომელიც ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი; დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე ასევე შესაგებელი წარმოადგინა პროკურორმა ნინო პაპაშვილმა, რომელიც ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი. მხარეებმა შესაგებლით იმავდროულად ითხოვეს მათ მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილება.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაცვისა და ბრალდების მხარეებმა გაასაჩივრეს მხოლოდ სასჯელის ნაწილში. ამდენად, მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ფ. მ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ფ. მ–მაის მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: მსჯავრდებულის აღიარებით, დაზარალებულ ა. მ–სა და მოწმეების - ზ. მ–ს, ს. გ–ს, შ. მ–ის, ა. ბ–ს გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულის ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით), რომლებიც დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ფ. მ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

10. რაც შეეხება კასატორების მოთხოვნას, ბრალდების მხარის შემთხვევაში - ფ. მ–ს მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების, ხოლო დაცვის მხარის შემთხვევაში - სასჯელის შემსუბუქებისა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრის შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53 მუხლების მოთხოვნებს და მათ შორის: დანაშაულის ხასიათს, დანაშაულით დაზარალებულისთვის მიყენებულ ზიანს, დანაშაულის ჩადენის ხერხს, მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის პოზიციას სისხლის სამართლის საქმის სამართალწარმოებისას, იმ გარემოებას რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და სასჯელის სახედ და ზომად ფ. მ–ს განუსაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, ამასთან, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და ის გარემოება, რომ მან ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, რაც აღიარა, ითანამშრომლა გამოძიებასთან, წარსულში არ არის ნასამართლევი, ასევე უდავოდ გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და შესაბამისად, არსებობდა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მას განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

12. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. შესაბამისად, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის - პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში, მით უფრო რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

14. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივნისის განაჩენზე ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო პაპაშვილისა და მსჯავრდებულ ფ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ხ. მ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი