საქმე # 330100121004594676
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №632აპ-22 ქ. თბილისი
გ.გ. 632აპ-22 19 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 მაისის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძისა და მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ღ–ს და გ. ლ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. გ–სას, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა:
1.1. ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით;
1.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. გ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2020 წლის 10 დეკემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქ. თ–ში, მ–ს ქუჩაზე არსებულ ...........ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების დროს, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ. გ–მ რამდენჯერმე დაარტყა დანა მარცხენა ხელის იღლიის არეში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს - ნ. მ–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს წამოუვიდა სისხლი და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;
2.2. 2020 წლის 10 დეკემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქ. თ–ში, მ–ს ქუჩაზე არსებულ ........ მიმდებარე ტერიტორიაზე, მას შემდეგ, რაც გ. გ–მ იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლე - ნ. მ–ზე, ასევე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას და უთხრა, რომ თუ აღნიშნულის შესახებ ეტყოდა ვინმეს, მოკლავდა, რის შედეგადაც ნ. მ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.3. 2021 წლის 5 მარტს, საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის .........ის მთავარი სამმართველოს მე-... სამმართველოს გამომძიებელმა გ. ბ–მა ნ. მ–სს მოთხოვნის საფუძველზე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ყოფილი მეუღლის - გ. გ–სას მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი ერთი თვის (30 დღე) ვადით. აღნიშნული ორდერის საფუძველზე, გ. გ–ს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი და აეკრძალა მითითებულ ვადაში მსხვერპლთან - ნ. მ–სთან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა, ასევე ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით, ასევე თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა, იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება. მიუხედავად ამისა, გ. გ–მ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და 2021 წლის 28 მარტს, დაახლოებით 20:15 საათიდან, ქ. თ–ში, კ–ს ქუჩა №..-ში არსებულ საცხოვრებელ მისამართზე მყოფ ნ. მ–სს ტელეფონის ნომერზე, ქ. თ–ში, ........ს მიკრო/რაიონი, ბ–ს ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა გ. გ–მ საკუთარი და სხვისი მობილური ტელეფონის ნომრებიდან, დროის სხვადასხვა მონაკვეთში დაურეკა რამდენჯერმე და სთხოვა შეხვედრა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენით:
3.1. გ. გ–სა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.2. გ. გ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
3.3. გ. გ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
3.4. გ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლი და გ. გ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 10 თვით;
3.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ. გ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
3.6. მსჯავრდებულ გ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 1 აპრილიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა. კერძოდ, მსჯავრდებულ გ. გ–სას ადვოკატებმა - მ. ღ–მ და გ. ლ–მ მოითხოვეს გ. გ–სას სრულად გამართლება, ხოლო თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ ითხოვა გ. გ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა. მსჯავრდებულ გ. გ–ს ადვოკატები - მ. ღ–ა და გ. ლ–ე ითხოვენ გ. გ–ს სრულად გამართლებას, ხოლო თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლაშა გამყრელიძე ითხოვს გ. გ–სას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. გ–სას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობას, ხოლო დაცვის მხარე მსჯავრდებულის სრულად გამართლებას.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვისა და ბრალდების მხარეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართეს იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილიდან საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე ქმედების გადაკვალიფიცირება, მითითებული მუხლით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი, ასევე - საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებიდან საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის ამორიცხვა, გ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობეს. სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტების გამეორების საჭიროება.
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას გ. გ–ს წარდგენილი ბრალდებით მსჯავრდების შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება გ. გ–სა და ნ. მ–ს არარეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნა დანაშაულის ჩადენამდე ან დანაშაულის ჩადენის მომენტში, ასევე - მათი მიერ ერთიანი საოჯახო მეურნეობის გაწევის ფაქტი.
11. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის განსაზღვრული მტკიცებითი სტანდარტით, ასევე ვერ დასტურდება გ. გ–ს მიერ ნ. მ–ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
12. მოცემულ შემთხვევაში, გ. გ–სა არ აღიარებს ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას, ხოლო ბრალდების მხარის მიერ სადავო ბრალდების დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულის ჩვენება; სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია დაცვისა და ბრალდების ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსიები, ხოლო ნეიტრალური მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ბრალდების მხარის ვერსიას საქმეში არ მოიპოვება. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესებს და ვინაიდან განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო მოკლებულია ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
13. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გ. გ–სას უდანაშაულობის შესახებ და იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას გ. გ–სას როგორც მსჯავრდების, ისე სასჯელის ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულ ნ. მ–სს, მოწმე ლ. ჯ–ს ჩვენებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შპს „..........ს“ დეტალური ამონაწერითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ. გ–ს მიერ როგორც საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, ისე საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
13.1. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და გ. გ–ს განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
15. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
17. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 მაისის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძისა და მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ღ–ს და გ. ლ–მ საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე