Facebook Twitter

საქმე # 140100119003302319

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №812აპ-22 ქ. თბილისი

ა. გ. 812აპ-22 24 ოქტომბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მახარაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ა–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა:

1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მე-3 ნაწილით;

1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით;

1.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ა–სის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2019 წლის 24 ოქტომბერს, დილის საათებში, გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში გამავალ საავტომობილო გზაზე, შელაპარაკებისას, გ. ა–მა ძმას - დ. ა–ს, ლითონის მილი ორჯერ განზრახ დაარტყა ხელებზე, რის შედეგადაც დ. ა–ს მიაყენა მარცხენა იდაყვის ძვლის სადგისისებური მორჩის მოტეხილობა, რაც განეკუთვნება ჯანმრთელობის დაზიანების ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

2.2. იმავდროულად გ. ა–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დ. ა–სს, რა დროსაც დ. ა–სს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.3. 2019 წლის 24 ოქტომბერს, დილის საათებში, გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში გამავალ საავტომობილო გზაზე, შელაპარაკებისას გ. ა–სმა ძმის - დ. ა–ს კუთვნილი ავტომანქანა ,,MITSUBISHI L200-ს:, სახელმწიფო ნომრით ...., რამდენჯერმე განზრახ დაარტყა ლითონის მილი, რითაც დ. ა–სს მიადგა 400 ლარის მნიშნელოვანი ზიანი,

3. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 ნოემბრის განაჩენით:

3.1. გ. ა–სი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

3.2. გ. ა–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 111, 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

საქართველოს სსკ-ის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 3000 ათასი ლარი;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ა–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

3.3. მსჯავრდებულ გ. ა–სს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 24 ოქტომბრიდან 2019 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაპატიმრების მომენტიდან;

3.4. მსჯავრდებული გ. ა–ი დაპატიმრების შემთხვევაში მოთავსებულ უნდა იქნეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში;

3.5. გ. ა–სს (საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებულ პირს) განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:

4.1. მსჯავრდებულ გ. ა–ს ადვოკატებმა - ნ. კ–მ და ნ. ბ–მ მოითხოვეს გ. ა–სათვის სასჯელის შემსუბუქება - ნაკლებად მკაცრი სახისა და ზომის სასჯელის განსაზღვრა ან პირობითი მსჯავრის გამოყენება;

4.2. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მახარაძემ მოითხოვა გ. ა–ს დამნაშავედ ცნობა ბრალად წარდგენილ ყველა ეპიზოდში, მათ შორის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

5 ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინეს გ. ა–ს ადვოკატებმა - ნ. კ–მ და ნ. ბ–მ, რომლებმაც მოითხოვეს პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, დაშვების შემთხვევაში - პროკურორის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განაჩენით გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მახარაძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო მსჯავრდებულ გ. ა–სის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ. კ–ს და ნ. ბ–ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

6.1. გ. ა–სი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

6.2. გ. ა–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით;

6.3. გ. ა–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრ - ჯარიმა 3000 ათასი ლარი;

6.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით;

6.5. მსჯავრდებულ გ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 24 ოქტომბრიდან 2019 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით და 2021 წლის 1 ნოემბრიდან 2022 წლის 28 ივნისის ჩათვლით და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მახარაძემ, რომელიც ითხოვს გ. ა–ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ყველა ეპიზოდში, მათ შორის -საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის დანიშნულზე მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

8.სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი ითხოვს გ. ა–ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ყველა ეპიზოდში, მათ შორის - საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის დანიშნულზე მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

10. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

11. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, არ არის საკმარისი გ. ა–სის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ბრალად წარდგენილ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისათვის. კასატორი არ უთითებს მტკიცებულების შესახებ, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ. ა–ს მიერ მუქარის ჩადენას. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში:

11.1. გ. ა–ს მიმართ გამოწერილ შემაკავებელი ორდერის 2019 წლის 24 ოქტომბრის №.... ოქმის თანახმად, ინციდენტის ფაბულაა: გ. ა–მა დ. ა–სს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით (ტ. N1; ს.ფ. N44-50), ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა მიუთითა ადგილზე, სადაც მასთან მივიდა გ. ა–სი და დაემუქრა მოკვლით, რისიც მას შეეშინდა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური და საფუძვლიანი შიში (ტ. N1; ს.ფ. N79-84). სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის - გ. ა–ს (ძმის) - წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე; სსიპ 112-ში დაფიქსირებული №....... შეტყობინება არ შეიცავს ინფორმაციას მსჯავრდებულის მიერ შესაძლო მუქარისა და მუქარის შედეგად დაზარალებულისათვის საფუძვლიანი შიშის გამოწვევის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში (კერძოდ, შეტყობინების თანახმად, ინიციატორმა - დ. ა–მა 2019 წლის 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ მისმა ძმამ რკინის ნატეხით მიაყენა დაზიანება, ასევე დაუზიანა და დაუმტვრია ავტომანქანა (ტ. N1; ს.ფ. N3)); მტკიცებულებათა რიცხობრივი რაოდენობის მიუხედავად, სამივე მტკიცებულების წყარო არის დაზარალებული - შესაბამისად, მუქარის ეპიზოდთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეში სხვა პირდაპირი ან/და გარემოებითი მამხილებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, მხოლოდ შემაკავებელი ორდერის ოქმი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ. ა–ს მსჯავრდებისათვის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

11.2. რაც შეეხება კასატორის პოზიციას პოლიციელთა ჩვენებების შესახებ, რომლებსაც გამოძიების ეტაპზე პირდაპირი კავშირი ჰქონდათ დაზარალებულთან, რომელმაც, თავის მხრივ, დაადასტურა ძმის მიერ განხორციელებული მუქარა და მუქარის შედეგად განცდილი შიში, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ აღნიშნული მოწმეები უშუალოდ მუქარის ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში არ შესწრებულან და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან, შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, ხოლო ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).

12. შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით.

13. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

14. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ და ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

15. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. რაც შეეხება დანიშნული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლას, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ, იმის მხედველობაში მიღებით, რომ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაულები, მსჯავრდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან - ფიზიკური ძალადობისა და ძმის კუთვნილი ავტომანქანის დაზიანების ფაქტები აღიარა, წარსულში არ არის ნასამართლევი, არის 66 წლის, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელიც ითხოვს მისი ძმის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას, რათა იგი დაუბრუნდეს ოჯახს (თუმცა, დაზარალებულს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებაზე, თანხმობა არ დაუფიქსირებია), ასევე აკმაყოფილებს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, გამოიყენა აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული შეღავათი.

16. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. შესაბამისად, კონკრეტული მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის - პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში, მით უფრო, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში არსებულ უზუსტობას საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მე-3 ნაწილის დისპოზიციის მითითებისას. იმავდროულად, აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, სწორად არის მითითებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი და ნაწილი, რომლითაც გათვალისწინებულია გ. ა–სთვის შერაცხული დანაშაული, რის გამოც აღნიშნულ ხარვეზს არ შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

19. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

20. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მახარაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე