საქმე # 330100121004263877
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №809აპ-22 ქ. თბილისი
ა.ნ. 809აპ-22 21 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 27 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. გ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით ნ. ა–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა:
1.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით;
1.2. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი).
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით ნ. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლევმა ნ. ა–მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება: 0,2659 გრამი - ჰეროინის, 0,00018 გრამი - მორფინის (ფუძე) და 0,000057 გრამი - კოდეინის (ფუძე) შემცველი ნივთიერებები, საიდანაც 0,0032 გრამი - ჰეროინის, 0,00018 გრამი - მორფინის (ფუძე) და 0,000057 გრამი - კოდეინის (ფუძე) შემცველ ნივთიერებას უკანონოდ ინახავდა ქ. თ–ში, სოფელ ფ–ში, ი–ს ქუჩა N..-ში მდებარე სახლში, რაც 2020 წლის 8 დეკემბერს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლევმა ნ. ა–სმა 2020 წლის 12 ნოემბერს, ქ. თ–ში, სოფელ ფ–ში, ი–ს ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებებიდან ნაწილი, კერძოდ: 0,1437 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა ე. ფ–ზეზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლევმა ნ. ა–სმა 2020 წლის 13 ნოემბერს, ქ. თ–ში, სოფელ ფ–ში, ი–ს ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებებიდან ნაწილი, კერძოდ: 0,1190 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა ე. ფ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 ივლისის განაჩენით ნ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
3.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (2020 წლის 12 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
3.3. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (2020 წლის 13 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (2020 წლის 12 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ ნ. ა–სს განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
3.5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბრის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ნაწილობრივ დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ ნ. ა–სს განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;
3.6. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები;
3.7. ნ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 8 დეკემბრიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ნ. ა–სის ადვოკატებმა - დ. გ–მა და მ. მ–მა, რომლებმაც ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ნ. ა–ს გამართლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 27 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ა–ს ადვოკატმა დ. გ–სმა, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობას.
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულის გამართლებას იმ მოტივით, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება მსჯავრდებულ ნ. ა–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა - ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა აშკარა, დამაჯერებელ და ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; მოწმე ე. ფ–ს ჩვენება არსებითად ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ამასთან, საქმეში არ არსებობს სხვა მამხილებელი მტკიცებულება, რომ ნ. ა–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების გასაღება; იგი (მოწმე ე. ფ–ი) არის დაინტერესებული პირი - მას სურდა ნარკოტიკის ყველა გამსაღებელი პირის მიმართ შურისძიება, თუმცა არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ იგი ნ. ა–გან იძენდა ნარკოტიკულ საშუალებას; ფარული საგამოძიებო მოქმედების - ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერში არ ჩანს, კონკრეტულად რას აწვდის მოწმე ნ. ა–ი ე. ფ–ს; ის გარემოება, რომ მსჯავრდებულს არ გაუსაღებია ნარკოტიკული საშუალება დასტურდება ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
9. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა, მათ შორის, იმ არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ნ. ა–ს მსჯავრდება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, კასატორის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმე ე. ფ–მა დაადასტურა საკუთარი სურვილით სამართალდამცავ ორგანოსთან თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც აღიჭურვა ჩამწერი მოწყობილობით და 2020 წლის 12 და 13 ნოემბერს პოლიციის მიერ გადაცემული თანხით ნ. ა–გან იყიდა, საკონტროლო შესყიდვის დასრულებისთანავე, მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები; 12 და 13 ნოემბრის ამოღების ოქმებით უტყუარად დასტურდება, რომ ნ. ა–სთან შეხვედრის შემდეგ, ე. ფ–სგან დაუყოვნებლივ ამოიღეს პოლიეთილენის წონაკები, ხოლო საცხოვრებელი ბინის, ეზოსა და დამხმარე სათავსების ჩხრეკის 2020 წლის 8 დეკემბრის ოქმებით დასტურდება, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მისაღებ ოთახში ამოიღეს: ერთი ცალი 3 - მილიგრამიანი შპრიცი, მასში მოთავსებული გამჭვირვალე სითხით; ერთი ცალი ე.წ. ინსულინის შპრიცი, რომელშიც აღინიშნება მოყავისფრო ფერის სითხე; საძინებელ ოთახში - 3 ცალი პლასტმასის კონტეინერი, რომლებშიც აღინიშნება გამჭვირვალე ფერის სითხე (სამივე თავდახურულია წებოვანი ლენტით) - აღნიშნულ ოქმში მითითებული გარემოებების სისწორე დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის - მ. ა–ს ხელმოწერითაც; ქიმიური ექსპერტიზების დასკვნების თანახმად, ამოღებული ნივთიერებები წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას; სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, ერთი მხრივ, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას მსჯავრდებულმა ნ. ა–მა არ უარყო ე. ფ–თან შეხვედრისა და გარკვეული სახის ნივთიერების გადაცემის ფაქტი, ხოლო, მეორე მხრივ - ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გადაღებულ ვიდეო-აუდიოჩანაწერებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულისა და ე. ფ–ზეის შეხვედრა და ის გარემოება, რომ ნ. ა–სმა ორჯერვე - 2020 წლის 12 და 13 ნოემბერს გადასცა კონკრეტული პაკეტები, რომლებშიც, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალებები. იმავდროულად, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება.
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, პაკეტებში წარწერით „შესაფუთი მასალა...“(ობ. N1,2,3) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს და განსხვავდება ნ. ა–სის გენეტიკური პროფილისაგან; პაკეტში, წარწერით: „ინსულინის და 3 მლ, შპრიციდან აღებული ანაწმენდები...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ.N4-7) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა - საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის გენეტიკური პროფილის ბიოლოგიური კვალის არარსებობა შემთხვევის ადგილზე ან დანაშაულის საგანზე a priori არ ნიშნავს ამ პირის უდანაშაულობას, რაც უკავშირდება კვალწარმოქმნის პროცესის თავისებურებას ((მაგალითად, კონტაქტის ხასიათი, ხანგრძლივობა და ა.შ.) იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020წლის 27 ივლისის განჩინება N 190აპ-20).
12. კასატორის მტკიცებით, მოწმე ე. ფ–ზეის ჩვენება არსებითად ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს; საქმეში არ არსებობს სხვა მამხილებელი მტკიცებულება, რომ ნ. ა–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების გასაღება; მოწმე ე. ფ–ზეი არის დაინტერესებული პირი - მას სურდა ნარკოტიკის ყველა გამსაღებელი პირის მიმართ შურისძიება. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორი ერთი მხრივ, ზოგადად უთითებს მითითებული მოწმის ჩვენებასა და უტყუარ მტკიცებულებებს შორის წინააღმდეგობაზე მაგრამ არ აკონკრეტებს თუ რას მიიჩნევს ასეთ წინააღმდეგობად; იმავდროულად, საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოწმე ე. ფ–ის სავარაუდო უკანონო ქმედებას, მსჯავრდებულის ცრუდ დასმენის/მსჯავრდების ფარულ განზრახვას (იხ. Milinienė v. Lithuania, no. 74355/01, §§33,39, ECtHR,24/06/2008), კონკრეტულად ნ. ა-ს მიმართ ისეთი სახის დაინტერესებას რაც საეჭვოს გახდიდა მისი ჩვენების სანდოობას; იმ გარემოებას რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დასტურდება დანაშაულის პროვოცირება (არც მატერიალურ-სამართლებრივი და არც პროცედურული ტესტით. მაგალითისთვის იხ. Bannikova v. Russia, no. 18757/06, §§ 37,51,ECtHR, 4/11/2010); დაცვის მხარეს ჰქონდა მოწმე ე. ფ–ზეის და ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე გამოძიების ორგანოს წარმომადგენლების დაკითხვის შესაძლებლობა (იხ. მაგალითად, Lüdi v. Switzerland, no. 12433/86, §49, ECtHR, 15/06/1992; Bulfinsky v. Romania, no. 28823/04, §45, ECtHR,1/06/2010); სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მამხილებელ მტკიცებულებებს. შესაბამისად, მოწმის ზოგადი დამოკიდებულება აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ - პასუხისგებაში მისცეს ნარკოტიკული ნივთიერების ყველა გამსაღებელი, ვერ გახდება მისი ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ნ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: მოწმე ე. ფ–ის ჩვენებით, ამოღების ოქმებით, საცხოვრებელი ბინის, ეზოსა და დამხმარე სათავსების ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გადაღებული ვიდეოჩანაწერებით, ფონოსკოპიური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ნ. ა–მა ჩაიდინა, როგორც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, ასევე - ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღება (ეს უკანასკნელი ორ ეპიზოდად).
14. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა.
15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 27 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. გ–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე