საქმე # 010142222700665442
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №34აგ-22 ქ. თბილისი
კ. რ. 34აგ-22 18 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. კ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით (2005 წლის 10 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია);
საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით (2005 წლის 10 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია);
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით (2005 წლის 10 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია);
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით (2005 წლის 10 დეკემბრამდე მოქმედი კანონი).
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილის „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით, დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის წესის გამოყენებით, რ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რომელშიც მოხდილად ჩაეთვალა წინასწარი გამოძიებისას - 2005 წლის 5 ივნისიდან 2005 წლის 7 ივნისამდე და შემდგომ, 2009 წლის 27 იანვრიდან 2009 წლის 5 ივნისამდე დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 4 თვე და 11 დღე და დარჩენილი ვადა - 4 წლით, 7 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და დაუწესდა 5 წლით გამოსაცდელი ვადა;
მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განაჩენით რ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
2.1. საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-8 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და რ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 19 წლით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ამ განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 7 თვით და 19 დღით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 23 წლით, 7 თვითა და 19 დღით.
2.2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის თანახმად, რ. კ–ე გათავისუფლდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2005 წლის 10 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) დანიშნული სასჯელისაგან (ახალციხის ეპიზოდი);
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-9 მუხლის თანახმად, რ. კ–ე გათავისუფლდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2005 წლის 10 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) დანიშნული სასჯელისაგან (ვალის ეპიზოდი);
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის თანახმად, რ. კ–ე გათავისუფლდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2005 წლის 10 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) დანიშნული სასჯელისაგან (ვალის ეპიზოდი);
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის თანახმად, რ. კ–ე გათავისუფლდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2005 წლის 10 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) დანიშნული სასჯელისაგან (ვალის ეპიზოდი);
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, რ. კ–სეს ¼-ით შეუმცირდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით (ძველი რედაქციით) დანიშნული - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით და მოსახდელად დარჩა - თავისუფლების აღკვეთა 4 თვითა და 15 დღით, რომელშიც მოხდილად ჩაეთვალა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 4 თვე და 11 დღე და მოსახდელად დარჩა - თავისუფლების აღკვეთა 4 დღით;
2.3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-12 მუხლის თანახმად, რ. კ–ს გაუნახევრდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით და მოსახდელად დარჩა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით;
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, რ. კ–ს ¼-ით შეუმცირდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-8 ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 12 წლით და მოსახდელად დარჩა - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
2.4. რ. კ–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, 6 თვითა და 4 დღით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 სექტემბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. კ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინებით რ. კ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის განჩინებით რ. კ–ს ადვოკატ ნ. ა-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისისა და 2013 წლის 28 იანვრის განაჩენების გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. კ–სა და ადვოკატ ნ. ა–ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. კ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისისა და 2013 წლის 28 იანვრის განაჩენების გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 4 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ რ. კ–სის ადვოკატ ნ. ა–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. კ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისისა და 2013 წლის 28 იანვრის განაჩენების გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
9. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 თებერვლის განჩინებით (2020 წლის 28 დეკემბერს ახალციხის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა რ. კ–მ და ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენით დადგენილი სასჯელის ბუნდოვანების განმარტება) მსჯავრდებულ რ. კ–ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ რ. კ–სის ადვოკატ ი. ხ–ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ რ. კ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისისა და 2013 წლის 28 იანვრის განაჩენების გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. კ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 მაისის განჩინებაზე არ იქნა განხილული კასატორის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ა–ს მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის განჩინებით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ რ. კ–ს მიმართ, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განაჩენში დაშვებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრაზე უარის თქმის თაობაზე, დარჩა უცვლელად.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ რ. კ–ს მიმართ, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენში დაშვებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრაზე უარის თქმის თაობაზე, დარჩა უცვლელად.
13. მსჯავრდებულმა რ. კ–მ 2022 წლის 4 ივლისს შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილებასა („საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლეიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) და 2010 წელს (მსჯავრდებული შუამდგომლობაში უთითებს ცვლილების გამოქვეყნების წყაროსა და თარიღს - სსმ, 51, 29/09/2010) საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლში შესულ ცვლილებაზე - მითითებით, მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისისა და 2013 წლის 28 იანვრის განაჩენების გადასინჯვა, კერძოდ: კასატორი ითხოვს, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისისა და 2013 წლის 28 იანვრის განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 დღით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტს, იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებსა და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლს.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ რ. კ–ს შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.
15. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილებაზე („საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლეიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) მითითებით, ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის განაჩენის გაუქმებასა და საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელისათვის - პირობითად ჩათვლილ 6 თვით თავისუფლების აღკვეთისათვის დადგენილი გამოსაცდელი ვადის შემსუბუქებას, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლში 2010 წელს (კასატორი უთითებს ცვლილების გამოქვეყნების წყაროსა და თარიღს - სსმ, 51, 29/09/2010) შესული ცვლილების საფუძველზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ მითითებული მუხლის (64-ე მუხლი) მითითებული რედაქცია უფრო მეტად უმსუბუქებს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით შეფარდებულ სასჯელს, ვიდრე - „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, რომლის გამოყენების შედეგად დარჩა - თავისუფლების აღკვეთა 4 დღით (კასატორის პოზიციით, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით შეფარდებულ სასჯელზე დანიშნული გამოსაცდელი ვადა 2010 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით იყო ამოწურული და მასზე აღარ არსებობდა ამნისტიის კანონის გამოყენების საჭიროება, რაც გამორიცხავს განაჩენთა და სასჯელთა ერთობლიობას).
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ი ამომწურავად განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს და ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამდენად, სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის/საფუძვლების არსებობას კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვისათვის, და საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად - შუამდგომლობის დასაბუთებულობას.
3. მოცემულ შემთხვევაში კასატორი მის მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვის საფუძვლად მიიჩნევს საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლში 2010 წელს შესულ ცვლილებას. სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის არცერთი განსახილველი რედაქცია არსებითად არ ცვლის/აუმჯობესებს მსჯავრდებულ რ. კ–სის სამართლებრივ მდგომარეობას.
4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენით რ. კ–ს პირობით მსჯავრად ჩაეთვალა არა მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილის „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, არამედ - საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 7 თვითა და 19 დღით (რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 5 წელი); საქართველოს სსკ-ის 239-ე და 236-ე მუხლებით დანიშნული სასჯელებისაგან იგი გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განაჩენით, თუმცა აღნიშნული განაჩენით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე და 236-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შეფარდებული სასჯელისაგან გათავისუფლება არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ რ. კ–სემ (2012 წლის 13 მაისს) ახალი დანაშაული ჩაიდინა, როგორც პირობით მსჯავრდებულმა. ამდენად, რ. კ–ე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განაჩენით მსჯავრად დადებული ქმედებების ჩადენისას (2012 წლის 13 მაისს) იმყოფებოდა გამოსაცდელ ვადაში, რასაც არ ცვლის მოგვიანებით - 2013 წლის 28 იანვარს, მის მიმართ გამოყენებული ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ამნისტიის აქტი. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესს, რომლის თანახმად: ,,თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით“.
5. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ პრინციპულად არასწორია ამნისტიის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირის გათავისუფლების გაიგივება ქმედების დანაშაულებრიობასა და დასჯადობის გაუქმებასთან. ამნისტიის საფუძველზე დამნაშავე შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, მსჯავრდებული - სასჯელისაგან ან/და მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით, ხოლო სასჯელმოხდილს მოეხსნას ნასამართლობა, რაც ვერაფრით გახდება იმის მტკიცების საფუძველი, რომ ამნისტირებული ქმედება აღარ არის მართლსაწინააღმდეგო ან/და დასჯადი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 1 ოქტომბრის №266აპ-21 განაჩენი).
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებისათვის დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლება, ვერ შეცვლის იმ მოცემულობას, რომ კასატორმა ახალი დანაშაული - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განაჩენით მსჯავრად დადებული ქმედებები - ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რომელზეც გავლენას ვერ მოახდენს მსჯავრდებულის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან მომავალში გამოჩენილი ლმობიერება და მისთვის მსჯავრად დადებული დანაშაულებისათვის დანიშნული სასჯელებისაგან გათავისუფლება. ამდენად, კასატორის მოთხოვნას, რომ საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლში 2010 წელს (მსჯავრდებული უთითებს ცვლილების გამოქვეყნების წყაროსა და თარიღს - სსმ, 51, 29/09/2010) შესული ცვლილება, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით ცალკე აღებულ სასჯელთან მიმართებით, უმსუბუქებს მდგომარეობას, არ აქვს სამართლებრივი საფუძველი.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული რომელიმე წინაპირობის არსებობა სასამართლო მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ რ. კ–სის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ რ. კ–სის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე