საქმე # 010142222700700800
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №37აგ-22 ქ. თბილისი
ს. ზ.37აგ-22 19 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ს–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 ივლისის განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 მარტის განაჩენით:
1.1. ზ. ს–სს მოეხსნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში- საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება და ბრალდების ამ ნაწილში გამართლდა;
1.2. ზ. ს–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით - უვადო თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 18,179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ ზ. ს–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
1.4. ზ. ს–სს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2010 წლის 27 ივნისიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 12 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 მარტის განაჩენი ზ. ს–სის მიმართ დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ს–სის ადვოკატ თ. წ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 12 ივლისის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ს–სის მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი;
4.1. მსჯავრდებული ზ. ს–სი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელებისაგან;
4.2. მსჯავრდებულ ზ. ს–ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 18,179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 9 წლითა და 6 თვით და განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 9 თვით;
4.3. მსჯავრდებულ ზ. ს–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა - დარჩა უცვლელად;
4.4. ზ. ს–სს სასჯელის მიხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2010 წლის 27 ივნისიდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ზ. ს–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 12 ივლისის განაჩენსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებაში ზ. ს–სის მიმართ შევიდა ცვლილება:
5.1. ზ. ს–ს საქართველოს სსკ-ის 18,179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით სასჯელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 9 თვით;
5.2. საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით განესაზღვრა - უვადო თავისუფლების აღკვეთა;
5.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ზ. ს–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - უვადო თავისუფლების აღკვეთა;
5.4. ზ. ს–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2010 წლის 27 ივნისიდან.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 27 ივლისს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ზ. ს–სმა, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე მითითებით, მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განაჩენის გადასინჯვა. მსჯავრდებულის მოსაზრებით, მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უდევს ერთადერთი მტკიცებულება - ზ. ს–ს ირიბი ჩვენება, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილებით დაუშვებელია ირიბი ჩვენების მტკიცებულებად გამოყენება და ასეთი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ს–სის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
8. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. ს–მა, რომელიც ითხოვს საჩივრის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ განხილვას, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებასა და საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ: არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი („დ“ ქვეპუნქტი).
3. მოცემულ შემთხვევაში კასატორი მის მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვის საფუძვლად მიიჩნევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებას („საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), რომლის თანახმად, მათ შორის - არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან ( გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი რედაქცია) მიმართებით ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
4. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და კვლავაც აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოება ვერ გახდება შუამდგომლობის დასაშვებად მიჩნევის საფუძველი, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით ირიბ ჩვენებებთან დაკავშირებით არაკონსტიტუციურად ცნო მხოლოდ 2009 წლის 9 ოქტომბრიდან მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები, ხოლო 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმა სასამართლოს არაკონსტიტუციურად არ უცნია. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეში ზ. ს–ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და სასამართლო განხილვა წარმართულია 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 10 მაისის №78აგ-21 განჩინება).
5. დაცვის მხარის მტკიცებაზე, რომ საქმეში არ არსებობდა ზ. ს–ს მსჯავრდებისათვის საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 4 მარტის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 12 ივლისის განაჩენებში, ხოლო უზენაესმა სასამართლომ 2011 წლის 26 ოქტომბრის განჩინებაში (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ) იმსჯელა და სამართლებრივი კუთხით შეაფასა, მათ შორის - გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის მტკიცებულების საკმარისობის საკითხი.
6. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება („საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ წარმოადგენს ზ. ს–სის მიმართ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ზ. ს–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. ს–სის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ ზ. ს–სის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე