საქმე # 330100121004447992
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №578აპ-22 ქ. თბილისი
ქ-ი ა, 578აპ-22 10 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილისა და მსჯავრდებულ ა. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 9 აგვისტოს განაჩენით:
1.1. ა. ქ-ი, - დაბადებული .... წლის .... სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „მ-ის“ ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ფ-ის“ ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ბ-ის“ ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ლ-ის“ 2020 წლის 25 ოქტომბრის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ა...4-ის“ ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ლ-ის“ 2020 წლის 5 ნოემბრის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ბაგი ჯ-ს“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული თანაბარი სასჯელები. საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ქ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 2 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 26 იანვრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ქ-ა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სამი ეპიზოდი); თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით (სამი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
· შპს „ე-ა“ და შპს „მ-ის“ დირექტორმა ა. ქ-მა ყალბი საგადასახადო დავალებების წარდგენის გზით მოატყუა შპს „ფ-ის“ ადმინისტრაცია, დაარწმუნა, რომ თითქოს, მას კომპანიის საბანკო ანგარიშზე გადარიცხული ჰქონდა პროდუქციის ღირებულება და 2020 წლის 14 დეკემბერს, ქ.ბ-ი, ფ. ხ-ის N....-ში მდებარე შპს „ფ-ს“ ბ-ს ფილიალიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 24750 ლარად ღირებულ სამშენებლო არმატურას. ანალოგიური ხერხით, იმავე წლის 19 და 21 დეკემბერს, თ-ი, ი. ი-ის ჩიხის N...-ში მდებარე შპს „ფ-ის“ მთავარი ოფისიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 21073,7 ლარად და 17839,25 ლარად ღირებულ სამშენებლო არმატურას და დაწნულ მავთულს, რითაც ჯამურად დაზარალებულ კომპანიას მიაყენა 63662,95 ლარის ღირებულების - დიდი ოდენობით ზიანი.
· შპს „ე-ა“ და შპს „მ-ს“ დირექტორმა ა. ქ-ა ყალბი საგადასახადო დავალებების წარდგენის გზით მოატყუა შპს „პ-ის“ ადმინისტრაცია, დაარწმუნა, რომ თითქოს, მას კომპანიის საბანკო ანგარიშზე გადარიცხული ჰქონდა პროდუქციის ღირებულება და 2020 წლის 19 დეკემბერს, თ-ი, კ-ის გზატკეცილის N...-ში მდებარე შპს „პ-ის“ ოფისიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 19461 ლარად ღირებულ სამშენებლო არმატურას, რითაც დაზარალებულ კომპანიას მიაყენა 19461 ლარის ღირებულების - დიდი ოდენობით ზიანი.
· 2020 წლის 11 ნოემბერს, საღამოს საათებში, შპს „მ-ის“ დირექტორი ა. ქ-ი, პროდუქციის შესაძენად თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი ყალბი საგადასახადო დავალების გამოყენებით, თ-ი, დ. გ-ს გამზირის N...-ში მდებარე შპს „გ-ის“ საწყობიდან მოტყუებით დაეუფლა 12000 ლარად ღირებულ სამეურნეო ხელთათმანებს, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
· 2020 წლის 25 ოქტომბერს შპს „მ-ის“ დირექტორმა ა. ქ-ა მოატყუა შპს „ს-ის“ ადმინისტრაცია, წარუდგინა ყალბი საგადასახადო დავალება და დაარწმუნა, რომ თითქოს, მას კომპანიის საბანკო ანგარიშზე გადარიცხული ჰქონდა პროდუქციის ღირებულება და თბილისში, კ-ის გზატკეცილის N112-ში მდებარე შპს „ლ-ის“ ბაზრობის ტერიტორიიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაუფლა შპს „ს-ის“ კუთვნილ, 9000 ლარად ღირებულ სამუშაო ხელთათმანებს, რითაც დაზარალებულ კომპანიას მიაყენა 9000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
· 2020 წლის 3 ნოემბერს შპს „მ-ის“ დირექტორმა ა. ქ-ა შპს „ა-4-ის“ დირექტორი ი. ხ-ე მოატყუა, ყალბი საგადასახადო დავალებები წარუდგინა და დაარწმუნა, რომ თითქოს, მას კომპანიის საბანკო ანგარიშზე გადარიცხული ჰქონდა პროდუქციის ღირებულება და თ-ი, კ-ს გზატკეცილის N112-ში მდებარე შპს „ლ-ის“ ბაზრობის ტერიტორიიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაუფლა შპს „ანანო 2014-ის“ კუთვნილ, 5250 ლარად და 4725 ლარად ღირებულ სამუშაო ხელთათმანებს, რითაც დაზარალებულ კომპანიას მიაყენა 9975 ლარის ღირებულების მნიშვნელოვანი ზიანი.
· 2020 წლის 5 ნოემბერს შპს „მ-ის“ დირექტორმა ა. ქ-ა ი/მ „ი-ის“ წარმომადგენელი ნ. ზ-ი მოატყუა, ყალბი საგადასახადო დავალებები წარუდგინა და დაარწმუნა, რომ თითქოს, მას საბანკო ანგარიშზე გადარიცხული ჰქონდა პროდუქციის ღირებულება და თ-ი, კ-ის გზატკეცილის N112-ში მდებარე შპს „ლ-ის“ ბაზრობის ტერიტორიიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაუფლა ი/მ „ი-ის“ კუთვნილ, 8400 ლარად ღირებულ სამუშაო ხელთათმანებს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 8400 ლარის ღირებულების მნიშვნელოვანი ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის განაჩენით:
3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 9 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. საქმეში არსებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №17 დაწესებულების მომართვის თანახმად, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ ა. ქ-ს სასჯელი შეუმცირდა 75 დღით და განესაზღვრა 3 წლით, 9 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა.
5. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაქარ შიოშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.
5.1. მსჯავრდებულ ა. ქ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. მ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით, კერძოდ: ა. ქ-ის ძირითადი სასჯელის სახედ ჯარიმის შეფარდება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. მსჯავრდებულ ა. ქ-ის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების - ნ. კ-ის, მ. თ-ს, ს. გ-ის, მ. ბ-ს, რ. ო-ს, ს. ე-ს, გ. ჩ-ს, რ. კ-ს, გ. გ-ის, ა. ჯ-ს, ბ. ჩ-ის, თ. ჯ-ის, გ. კ-ის, ა. ლ-ის, ი. კ-ს, გ. რ-ს, გ. მ-ის, ზ. ა-ს, ე. ა-ს, ფ. ა-ის, ნ. ზ-ის, თ. მ-ის, ე. ნ-ის, ი. ქ-ის, ასევე დაზარალებულ ი. ზ-ის, დაზარალებულების წარმომადგენლების - პ. ბ-ის, ზ. ჯ-ს, ი. ხ-ის გამოკითხვის ოქმებით, არმატურის ამოღებისა და ამოცნობის ოქმებით, თანხის გადარიცხვის ამსახველი საგადასახადო დავალებებით, სს „ს-ა“ და სს „თ-ის“ წერილებით, საიტის „napr.gov.ge-ს“ დათვალიერების ოქმებით, ამონაწერებით სამეწარმეო რეესტრიდან, ზ. ა-ის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, N0114 საგადასახადო დავალებით, სასაქონლო ზედნადებებით, „ზ-თ ბანკიდან“ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმითა და გამოთხოვილი ინფორმაციით, ანგარიშის ამონაწერით, სს „ს-ნ“ გამოთხოვილი ინფორმაციით, ზ. ა-ის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი, შპს „ს-ის“ ანგარიშის ამონაწერით, შპს „მ-ნ“ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებით, სს „ს-ან“ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, შპს „მ-ის“ ანგარიშის თაობაზე გამოთხოვილი ინფორმაციით, დათვალიერების ოქმებითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
8. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი ბაქარ შიოშვილი ითხოვს მხოლოდ მსჯავრდებულ ა. ქ-ის დანიშნული სასჯელის დამძიმებას, ხოლო ადვოკატი დ. მ-ე - მის შემსუბუქებას.
9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასა ან შემსუბუქებასთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის. საქმეზე არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს, შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით (მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს; არ არის ნასამართლევი; უდავოდ ცნო საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; დაზარალებულთა ნაწილს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია), სამართლიანად მიაჩნია არჩილ ქართველიშვილისათვის განსაზღვრული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებშია (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე) და დანიშნულია საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულს სასჯელის ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლი მე-5 ნაწილის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა კი, თავისი თანმდევი შედეგების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს მსუბუქი სახის სასჯელს; პირობითი მსჯავრით მასზე დაკისრებული მოვალეობა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელ სასჯელთან ერთად, საკასაციო სასამართლოს აზრით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მტკიცებულებები გახადა უდავო, თუმცა მხოლოდ აღნიშნული ფაქტი, სხვა გარემოებებთან ერთობლივად აღებული, არ იძლევა საფუძველს, რომ მის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებულ იქნეს ჯარიმა. ა. ქ-ს მსჯავრი დაედო საკუთრების წინააღმდეგ მიმართული რამდენიმე დანაშაულის ჩადენისათვის; იგი ყველა დაზარალებულთან არ შერიგებულა და არც ზიანი აუნაზღაურებია; გასათვალისწინებელია ასევე ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და დამდგარი შედეგი (მისი ქმედებით დაზარალებულებმა განიცადეს დიდი ოდენობით ზიანი). ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიზანშეუწონლად მიიჩნევს მსჯავრდებულის მიმართ უფრო მსუბუქი სახის სასჯელის - ჯარიმის გამოყენებას.
11. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. ქ-ს განსაზღვრული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი.
12. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილისა და მსჯავრდებულ ა. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი