Facebook Twitter

საქმე # 330100121004301781

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №586აპ-22 ქ. თბილისი

რ-ი ე, 586აპ-22 10 ოქტომბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. რ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 19 ივლისის განაჩენით:

1.1. ე. რ-ი, - დაბადებული .. წლის .. დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე ე. რ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთები - ე. რ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული კომპიუტერის პროცესორი, ASUS ფირმის ლეპტოპი დამტენით.

1.3. ე. რ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 12 ნოემბრიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. რ-ა ჩაიდინა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა და ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. ე. რ-ა გამოძიებით დაუდგენელი პირებისაგან სხვადასხვა დროს შეიძინა 1-დან 15 წლამდე არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოებები, რომელთაც ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ზ-ის რაიონის სოფელ ზედა ე-ი, ს-ის ქუჩა N.., ბინა N...-ში განთავსებულ Asus-ის ფირმის ლეპტოპში და რასაც ფლობდა და სარგებლობდა სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 19 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორებმა - მსჯავრდებულმა ე. რ-ა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ს-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განაჩენის გაუქმება და ე. რ-ის გამართლება. კასატორების მოსაზრებით, გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო; დარღვეულია საპროცესო კოდექსის მოთხოვნები; კომპიუტერიდან მოპოვებული მტკიცებულებები არ ეკუთვნოდა ე. რ-ს; საქმის მასალებში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი/ირიბი მოწმე ან დაზარალებული, რომლებიც მიუთითებდნენ მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაზე.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო საჩივრის თანახმად, დაცვის მხარე დავობს ქვემდგომი სასამართლოების მიერ კანონის არსებით დარღვევაზე, რადგან, მათი მოსაზრებით, ე. რ-ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარ, დამაჯერებელ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას.

6.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“.

6.2. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლი განმარტავს „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტის“ ცნების მნიშვნელობას, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად: ,,გონივრულ ეჭვს მიღმაა - სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში“.

6.3. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.

6.4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

6.5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).

7. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა საქმის განხილვის ეტაპზე სრულყოფილად შეაფასეს საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულების დამაჯერებლობა, უტყუარობა და მნიშვნელობა საქმეზე ფაქტების დასადგენად. ასევე, სწორად და სათანადო გულმოდგინებით შეისწავლეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საკმარისობა მსჯავრდებულის ბრალეულობის გონივრული ეჭვის გამოსარიცხად.

8. მტკიცებულების უტყუარობის ხარისხს მისი ავთენტური ბუნება, მასში ასახული ინფორმაციის სიზუსტე, თანმიმდევრულობა და დამაჯერებლობა განსაზღვრავს. მტკიცებულებათა საკმარისობა კი უტყუარ მტკიცებულებათა ისეთ კომპლექტაციას გულისხმობს, რაც ყოველგვარი ეჭვის გამაქარწყლებელ, ლოგიკურ ჯაჭვს აყალიბებს და საქმის ფაქტებსა და გარემოებებზე ნეიტრალურ, ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული განაჩენით ირკვევა, რომ საქმეში არსებული და გამოკვლეული მტკიცებულებების (მოწმეების - გ. კ-ის, ლ. დ-ს, შ. მ-ს, რ. ი-ის, გ. გ-ს, ქ. ჯ-ის ჩვენებების, ბინის ჩხრეკის ოქმის, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის, გამოთხოვის ოქმების, ნივთიერი მტკიცებულების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N.... დასკვნის) საფუძველზე, განსახილველ საქმეში არსებობს უტყუარ და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რაც საკმარისია ე. რ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

9. მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა ის სადავო საკითხი, რაც დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარშია მითითებული, საკმარისი დამაჯერებლობითა და გულმოდგინებით არის შესწავლილი და პასუხგაცემული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში.

10. დაცვის მხარის განმარტებით, ,,ASUS“ ფირმის ლეპტოპში ე. რ-ი არ ინახავდა პორნოგრაფიულ მასალას, საქმეში დემონსტრირებული მასალები და არასრულწლოვნებთან სექსუალური ხასიათის მიმოწერები მას არ ეკუთვნის.

10.1. აღნიშნული მოსაზრების საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ:

· ე. რ-ს ბინაში კომპიუტერი იყო ჩართული, სწორედ ამ ჩართული კომპიუტერიდან იქნა გამოთხოვილი პორნოგრაფიული შინაარსის ასეულობით ფოტო და ვიდეომასალა;

· ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლების დამაჯერებელი და არგუმენტირებული ჩვენებებით, რომლებიც თანხვდენილია ე. რ-ის თანდასწრებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებების ამსახველ ოქმებთან, დგინდება, რომ არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოები ამოიღეს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ბინიდან, მისი პერსონალური ციფრული ობიექტებიდან;

· იმ საგამოძიებო მოქმედებების შინაარსი, რომლებიც ჩატარდა დანაშაულის შემცველი მასალის ამოსაღებად და თავად ამ მასალის ამოღების ფაქტი, ოქმებზე ხელმოწერით დადასტურებული აქვს ე. რ-ს;

· ის, რომ არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოები ე. რ-ის საკუთრებას წარმოადგენდა, დადასტურებულია 2020 წლის 12 ნოემბერს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - გამოთხოვის ოქმზე არსებული შენიშვნით: ,,ე. რ-ის განმარტებით, პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოვიდეო მასალა ეკუთვნის მას, მასზე გამოსახულია არასრულწლოვნები და ჰქონდა პირადი მომსახურებისთვის“. ტექსტის სიზუსტე დადასტურებულია ე. რ-ა და თარჯიმნის ხელმოწერებით;

· თავად ე. რ-ა ჩვენებაში დაადასტურა, რომ ცხოვრობს 71 წლის, ავადმყოფ დედასთან ერთად, მარტო.

11. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის მსჯელობას და მიაჩნია, რომ ეჭვი არ არსებობს ამოღებული მასალის პორნოგრაფიად მიჩნევის ნაწილსა და არც იმ გარემოებაში, რომ ამ მასალებში მონაწილეობენ 1-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები; მასალა შეიცავს სექსუალურ სცენებს, მასში მონაწილეობენ ბავშვები და ეს ასეც რომ არ იყოს, მუხლის შენიშვით, პორნოგრაფიულ მასალად დადგმული წარმოდგენა და არასრულწლოვნის გამოსახულების მქონე პირის მონაწილეობაც კი, თუნდაც სიმულირებულ ან კომპიუტერული ტექნოლოგიის მეშვეობით გენერირებულ სექსუალურ სცენებში, ითვლება არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებად. შესაბამისად, მითუფრო იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N... დასკვნა, დაუსაბუთებელია დაცვის მხარის არგუმენტები. გარდა ამისა, შეუძლებელია, წარმოდგენილ მასალაში არსებულ პირთა ასაკის გამო, პირს შეცნობილი არ ჰქონდეს მათი ასაკი.

12. სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის თანახმად (რაც რატიფიცირებულია 2014 წლის 19 მარტის N2145-II-ს დადგენილებით), ბავშვთა სექსუალურმა ექსპლუატაციამ და ბავშვთა მიმართ სექსუალურმა ძალადობამ შემაშფოთებელი მასშტაბები შეიძინა როგორც სახელმწიფო, ისე საერთაშორისო დონეზე, კერძოდ, როგორც ბავშვთა, ისე დანაშაულის ჩამდენთა მხრიდან საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით გაძლიერებული სარგებლობის გამო, და რომ ასეთი სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს საერთაშორისო თანამშრომლობას. კონვენციის მე-20 მუხლის თანახმად, წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის, ტერმინი „ბავშვთა პორნოგრაფიული მასალა“ ნიშნავს ნებისმიერ მასალას, რომელზეც გამოსახულია სექსუალური სურვილის გამომწვევ რეალურ თუ იმიტირებულ ქმედებაში მონაწილე ბავშვი ან ბავშვის სქესობრივი ორგანოების გამოსახულება ძირითადად სექსუალური მიზნით.

13. საკასაციო სასამართლოს, სააპელაციო პალატის მსგავსად, მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ბავშვების სექსუალურ ექსპლუატაციასთან დაკავშირებით ჩატარდეს გაფართოებული და საერთაშორისო ორგანიზებული გამოძიება, თუმცა, მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ბავშვების ვინაობის დაუდგენლობა არ წარმოადგენს ე. რ-ის გამართლების ან ჩადენილი ქმედების დანაშაულად არმიჩნევის საფუძველს.

14. უსაფუძვლოა დაცვის მხარის პრეტენზია, რომ თითქოს, მსჯავრდებული ე. რ-ი არ დაასწრეს ბინის ჩხრეკისა და კომპიუტერიდან ინფორმაციის გამოთხოვის პროცესს.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თითოეული საგამოძიებო მოქმედების პროცესს, რომელიც ჩატარდა მსჯავრდებულის საცხოვრებელ მისამართზე - ზ-ის რაიონის სოფელ ზედა ე-ი, ს-ს ქუჩა N..., ბინა N...-ში, ესწრებოდნენ ე. რ-ი და თარჯიმანი ი. ნ-ი. საგამოძიებო მოქმედებების სისწორე ხელმოწერით დაადასტურეს როგორც ე. რ-ა, ისე თარჯიმანმა. მსჯავრდებულის განმარტება, რომ არ ესწრებოდა საგამოძიებო მოქმედებებს და მისთვის უცნობია, თუ რას აკეთებდნენ პოლიციის თანამშრომლები, ასევე არ დასტურდება მტკიცებულებებით. ჩხრეკისა და ინფორმაციის გამოთხოვის ოქმების თითოეულ გვერდზე არსებობს მისი ხელმოწერა.

16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები და მათი საპროცესო დამაგრება ჩატარებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და კანონის მოთხოვნები არსებითად არ დარღვეულა, რაც მათ დაუშვებლად ცნობას განაპირობებდა. ე. რ-ის პირადი, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, ინფორმაციის გამოთხოვა ჩატარდა სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა, მათ შორის - ე. რ-ა და თარჯიმნის ხელმოწერებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N... დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

17. დეტექტივების კომპეტენციასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია ლ. დ-ა და რ. ი-ს განათლების ხარისხისა და კვალიფიკაციის განმსაზღვრელი არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის სერტიფიკატი, რომელთა მიხედვით, ლ. დ-ს ს-ი მიღებული აქვს უმაღლესი განათლება სწორედ ამ სფეროში: მაგისტრატურა - ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, ბაკალავრია - ეკონომიკური ინფორმაციის დამუშავებისა და მართვის კომპიუტერული სისტემები (ტ.7.ს.ფ.153; 162-180). ის ფაქტი, რომ მოწმეები წარმოადგენენ სპეციალური დანაყოფის - კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებს, მითუფრო მათი განათლებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების შესახებ ინფორმაციის გათვალისწინებით, ეჭვს არ იწვევს, რომ ინფორმაცია გამოითხოვეს სპეციალიზებულმა პირებმა.

18. რაც შეეხება კასატორების - მსჯავრდებულ ე. რ-ა და მისი ადვოკატის პოზიციას მსჯავრდებულის ეთნიკური ნიშნით დევნის თაობაზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულმა ვერ დაასახელა დედის (რუსი) ეთნიკური წარმომავლობის გამო შევიწროების ვერცერთი შემთხვევა, პირიქით, დაადასტურა და საქმის მასალებითაც დგინდება, რომ ე. რ-ი არის ს-ოს მოქალაქე, სოციუმში ინტეგრირებული პირი, მუდმივად მცხოვრები ს-ი, სტაბილური სამსახურითა და შემოსავლით.

19. ამდენად, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა ზემოაღნიშნული სადავო საკითხი საკმარისი დამაჯერებლობითა და გულმოდგინებით არის შესწავლილი და პასუხგაცემული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში. ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში - შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით შეისწავლა და გამოიკვლია სააპელაციო სასამართლომ; საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული.

20. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ე. რ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი