საქმე # 330100121004713850
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №587აპ-22 ქ. თბილისი
კ-ე შ., 587აპ-22 10 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ქ. ვ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 დეკემბრის განაჩენით:
1.1. შ. კ-ე, - დაბადებული ... წლის ... იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 საათით, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით შ. კ-ს შეეფარდა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე და 59-ე მუხლების საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 20 აპრილიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. კ-მ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ცივი იარაღის ტარება იმის მიერ, ვინც ნასამართლევია განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით 20:30 საათზე, კ-ს ქუჩა №...-ში მდებარე ვ. ვ-ს საცხოვრებელ ბინაში, შ. კ-ე ვ. ვ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ ,,ბიტას ჩაარტყამდა თავში, თავს გაუხეთქავდა და მოკლავდა“, რაც ვ. ვ-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2021 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით 20:30 საათზე, კ-ს ქუჩა №...-ში მდებარე ვ. ვ-ს საცხოვრებელ ბინაში, შ. კ-მ ვ. ვ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ე.წ. „ბეისბოლის ბიტა“ ჩაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 ნოემბრის განაჩენით შ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მიუხედავად ამისა, 2021 წლის 7 მარტს, დღის საათებში, გ-ს ქუჩა №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შ. კ-ე ატარებდა ცივ იარაღს - დანას.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ შ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ქ. ვ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: შ. კ-ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო, შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, უარს აცხადებს საქმის განხილვაზე, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება მცირე დასაბუთებით დაკმაყოფილდეს“ (,,მარინი ალბანეთის წინააღმდეგ,“ (Marini v. Albania), N3738/02, 18/12/2007, §106); საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. ამავდროულად, სასამართლო არ არის ვალდებული, მხარეს მის მიერ წამოჭრილ ყველა საკითხზე უპასუხოს, არამედ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დასაბუთებული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ მთავარ და ძირითად საკითხებს (იხ. საქმე „ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ,“ (Van de Hurk v. Netherlands), N16034/90, 19/04/1991, §6).
7. საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია დაცვის მხარის პოზიცია, რომ დაზარალებულის ჩვენება არ დასტურდება სხვა მტკიცებულებით და სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.
9. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - ძალადობის ჩადენაში პირის მსჯავრდებისათვის
აუცილებელია, ძალადობამ დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვიოს.
10. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.“ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
11. დაზარალებულმა ვ. ვ-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დეტალურად განმარტა შ. კ-ნ კონფლიქტის დეტალები, რა სიტყვებით მიმართა მას მსჯავრდებულმა, სხეულის რომელ მიდამოში რა საგანი დაარტყა, რა საშუალება გამოიყენა მის დასაშინებლად, კერძოდ:
12. დაზარალებულმა ვ. ვ-მ დაადასტურა, რომ 2021 წლის 20 თებერვალს, საღამოს საათებში, მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც გარედან შემოესმა მეზობლის - შ. კ-ს ხმა, რომელიც მას დედას აგინებდა და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. შემოსასვლელი კარი ღია იყო, შ. კ-ე მუქი ფერის „ბიტით“ ხელში შევარდა სახლში. შესვლისთანავე მან ისევ შეაგინა დედა, მოუქნია ბიტა და ერთხელ ძლიერად დაარტყა თავში. დარტყმის შედეგად ძლიერი ტკივილი იგრძნო. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო ვ. ვ-ს მეუღლე - ვ. მ-ი, რომელიც წინა ჩაუდგა შ. კ-ს და გარეთ გაიყვანა. დაზარალებულმა განმარტა, რომ შ. კ-ე კვლავ აგრძელებდა გინებას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რაც აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
13. დაზარალებულის ჩვენება სრულად შეესაბამება მასთან ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, სადაც მან დაწვრილებით აღწერა, თუ სად და რა ვითარებაში დაემუქრა მას შ. კ-ე.
14. თვითმხილველი მოწმის - ვ. მ-ს ჩვენებით ცალსახად დასტურდება, რომ შ. კ-მ აგრესიულად მიმართა მის მეუღლეს - ვ. ვ-ს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა, რომ „თავს გაუხეთქავდა და არ აცოცხლებდა“, ხოლო დაზარალებულისთვის თავში „ბიტის“ ჩარტყმის შემდეგ კვლავ დაემუქრა, რომ „ეგ არ იყო საკმარისი, კიდევ რამდენიმეჯერ უნდა დაერტყა და გაეხეთქა მისთვის თავი“. მოწმის ჩვენებით აგრეთვე დადასტურებულია, რომ დაზარალებული იყო უკიდურესად შეშინებული და ტკივილს განიცდიდა.
15. საკასაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას და მიუთითებს, რომ დაზარალებულისა და ფაქტის თვითმხილველი მოწმის - ვ. მ-ს ჩვენებები შინაარსობრივად არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს და სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით შეესაბამება როგორც ერთმანეთს, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, საქმეში წარმოდგენილ სხვა წერილობით მტკიცებულებებს და შესაბამისად, მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. აღნიშნულ პირთა მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებები არ შეიცავს საეჭვო განმარტებებს, რაც კითხვის ნიშნებს გააჩენდა მათ სანდოობასთან დაკავშირებით.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულისა და მოწმე ვ. მ-ს ჩვენებები, გარდა იმისა, რომ დამაჯერებელი და თანმიმდევრულია, სრულად შეესაბამება ასევე საქმეში წარმოდგენილ სხვა წერილობით თუ ზეპირ მტკიცებულებებს, კერძოდ: 112-ში შესულ №416513 შეტყობინებას, მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლების - ი. ე-ა და ლ. გ-ს ჩვენებებს.
17. დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქოემოციური მდგომარეობა ჩადენილი მუქარისა და ფიზიკური ძალადობის შედეგად დადასტურებულია შპს „გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცეტრის“ ექიმის მიერ დასმული დიაგნოზით (მკურნალი ექიმი ბ. ქ-ი), სადაც ვ. ვ-ს გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, კერძოდ: შპს „გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცეტრში“ ვ. ვ-ე შეიყვანეს ინტრაკრანიალური ტრავმით. პაციენტის განმარტებით, მეზობელმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კლინიკაში შესვლისას უჩიოდა თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, ღებინებას. თავის არეში აღენიშნებოდა რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა.
18. დაზარალებულის სხეულზე, მათ შორის თავის არეში არსებული დაზიანებები დადგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №... სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად, მოქალაქე ვ. ვ-ს შპს „გ-ში“ გაეწია სამედიცინო დახმარება დიაგნოზით - თავის სხვა ნაწილების ზედაპირული ტრავმა. დაზარალებულს თხემის არეში აღენიშნებოდა ჰემატომა; სისხლნაჟღენთები მარჯვენა წვივისა და მუხლის მიდამოში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. სისხლნაჟღენთები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 2021 წლის 20 თებერვალს.
19. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიცავს იმგვარ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც უტყუარად ადასტურებს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის არსებობის ფაქტებს - შ. კ-მ დაზარალებულ ვ. ვ-ე ფიზიკურად იძალადა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142), რაც ამ შემთხვევაში ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით ნათლად არის გამოკვეთილი. შ. კ-ს მსჯავრდება ეფუძნება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მტკიცების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და დაცვის მხარის მოსაზრებები მტკიცებულებათა არასაკმარისობის თაობაზე არ გამომდინარეობს წარმოდგენილი საქმის მასალებიდან.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულს შესაბამისად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
22. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ შ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ქ. ვ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი