საქმე # 190100121003515839
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №677აპ-22 ქ. თბილისი
უ-ი მ, 677აპ-22 10 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. უ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ო-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენით:
მ. უ-ი, - დაბადებული ... წლის ... აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ,“ „ე“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. უ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 11 თებერვლიდან.
მ. უ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 წლით - საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; ხოლო 15 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით ნასამართლევი მ. უ-ი 2020 წლის 11 თებერვალს, 14:55 საათზე, გ-ის რაიონის სოფელ ქვემო თ-ი, დ. მ-ის კუთვნილებაში არსებული ქვის ცეხის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადად ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას - 0,045 გრამ ,,ჰეროინს.“
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ მ. უ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე, მ. უ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელისაგან.
მ. უ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ,“ „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რისთვისაც მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლისა და 2015 წლის 9 მარტის განაჩენებით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. უ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 11 თებერვლიდან.
მსჯავრდებულ მ. უ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 წლით - საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; ხოლო 15 წლით ჩამოერთვა - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
4. კასატორმა - მსჯავრდებულმა მ. უ-ა და მისმა ადვოკატმა მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. ალტერნატივის სახით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მ. უ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის გავრცელება.
4.1. საკასაციო საჩივრის თანახმად, ბრალდების მტკიცებით, მ. უ-ი 2020 წლის 11 თებერვალს, 14:55 საათზე, გ-ის რაიონის სოფელ თ-ი, დ. მ-ის კუთვნილ ქვის ცეხის მიმდებარე ტერიტორიაზე, თითქოს, პირადი მოხმარების მიზნით უკანონოდ შეძენილ ნარკოტიულ საშუალება - ჰეროინს ინახავდა. აღნიშნული ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისათვის 2020 წლის 11 თებერვალს გახდა ცნობილი; ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მ. უ-ი 2020 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 12:00 საათიდან - 13:00 საათამდე, თ-ი, ზემო ფ-ი მდებარე საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებულ სკვერთან იმყოფებოდა, რა დროსაც ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით დააკავეს. შესაბამისად, სადაც მ. უ-ი რეალურად დააკავეს, ქვემო ქართლის პოლიციიის დეპარტამენტის ტერიტორიული ქვემდებარეობა არ ვრცელდებოდა. მ. უ-ა საგამოძიებო მოქმედების ოქმებს ხელი იძულებით მოაწერა და შესაბამისად, მას არ გაუკონტროლებია ჩხრეკის ოქმში გამომძიებლის მიერ მითითებული დრო. დაცვის მხარე აგრეთვე ითხოვს, მოცემულ საქმეზე გავრცელდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება - ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“ კასატორი აპელირებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზეც.
5. ბრალდების მხარეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
8. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო მ. უ-ის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების შეფასების დროს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ,“ ,,ე“ ქვეპუნქტები) დაეყრდნო მათ შორის შემდეგ მტკიცებულებებს: პირადი ჩხრეკის ოქმს, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას, მოწმეების - ს. შ-ის, გ. მ-ა და ი. გ-ის ჩვენებებს.
9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოწმეებმა - ს. შ-მ, გ. მ-მ და ი. გ-ა ერთგვაროვნად აღწერეს მ. უ-ის პირადი ჩხრეკის დეტალები და სხვა გარემოებებთან ერთად მიუთითეს, რომ მ. უ-ი შეაჩერეს ქვემო თ-ი, ქვის საამქროს მიმდებარედ. პირადი ჩხრეკის შესახებ დადგენილების გაცნობისა და შეთავაზების შემდეგ, მ. უ-ა ნებაყოფლობით წარმოადგინა შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბეში მოთავსებული, პოლიეთილენის პარკში შეფუთული მოყავისფრო ნივთიერება.
10. ზემოაღნიშნული გარემოებები დეტალურად აღწერილია მ. უ-ის პირადი ჩხრეკის ოქმში. ამასთან, მასში მითითებულია, რომ პირადი ჩხრეკის დროს მ. უ-ს წინააღმდეგობა არ გაუწევია და საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ანალოგიურად მითითებულია მ. უ-ის დაკავების ოქმშიც, კერძოდ, რომ იგი პირადი ჩხრეკის დასრულებისთანავე მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დააკავეს.
11. ქიმიური ექსპერტიზის N... დასკვნის მიხედვით, მ. უ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, ერთ ცალად დაფასოებული პოლიეთილენის თავმომწვარ ნაჭერში, ყავისფერი, პლასტიკური ნივთიერება, წონით - 0.43 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ წონით - 0.045 გრამს.
12. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა სრულად შეესაბამება ერთმანეთს და მათ შორის არ იკვეთება რაიმე სახის წინააღმდეგობა, რომელიც დაბადებდა გონივრულ ეჭვს მ. უ-ის მიერ დანაშაულის ჩადენასთან მიმართებით.
13. დაცვის მხარე მოწმეების - ო. თ-ის, ბ. ლ-ა და თავად მ. უ-ის ჩვენებებზე დაყრდნობით, აპელირებს, რომ მ. უ-ი 2020 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 12:00 საათიდან - 13:00 საათამდე შუალედში, თ-ი, ზემო ფ-ი მდებარე საჯარო სკოლასთან მიმდებარედ არსებულ სკვერთან იმყოფებოდა, რა დროსაც ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით დააკავეს. მოცემულის საპირისპიროდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დაკავების ოქმის თანახმად, მ. უ-ის ფაქტობრივი დაკავების დროა - 2020 წლის 11 თებერვლის 15:11 საათი, ხოლო ადგილი - გ-ის რაიონის სოფელი ქვემო თ-ი, ქვის ცეხის ტერიტორია. როგორც უკვე აღინიშნა, თავად ბრალდების მხარის წერილობით მტკიცებულებებსა და მოწმეთა ჩვენებებში რაიმე, არსებითი მნიშვნელობის წინააღმდეგობანი გამოკვეთილი არ არის. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს დაცვის მხარის მტკიცებულებათა შინაარსი და მათი ურთიერთშეთანხმებული ხასიათი, რათა საკასაციო სასამართლომ აღნიშნულ ანალიზზე დაყრდნობით გადაწყვიტოს, რომელი მტკიცებულება გაიზიაროს და რომელი უარყოს, კერძოდ:
მოწმე ო. თ-ა განაცხადა, რომ მ. უ-ი არის მისი უბნელი და მეზობელი. თავად მუშაობს საცხობში, რომელიც მდებარეობს ზემო ფ-ი, ...-ე კორპუსთან, სკოლასთან, სკვერსა და საბავშვო ბაღთან ახლოს. 2020 წლის 11 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში, მუშაობდა საცხობში, რომელსაც აქვს პატარა ფანჯარა და იქიდან დაინახა, რომ მ. უ-ი მორბოდა ზემოდან, სკოლის მხრიდან და მას მოსდევდა 2 პირი. მ. საცხობთან წაიქცა. პირებმა, რომლებიც მოსდევდნენ, იგი ააყენეს და ისევ იმ მიმართულებით წაიყვანეს, საიდანაც მორბოდნენ. მოწმისათვის უცნობია ის ადგილი სადაც წაიყვანეს მ. უ-ი. მოწმეს არ ახსოვს მ. უ-ს რა ეცვა. იმ ადამიანებს, ვინც მ-ს მოსდევდნენ, პოლიციის ფორმა არ ეცვათ, თუმცა ო. თ-ა ისინი, როგორც პოლიციელები, ისე აღიქვა. გარეთ ბევრი მანქანა იდგა და იგი სად ჩასვეს, არ დაუნახავს.
მოწმე ბ. ლ-ა განაცხადა, რომ იგი ზემო ფ-ი არსებულ სკვერში ყიდის მზესუმზირას. სკვერის მიმდებარედ არის თონე და მაღაზიები. შემთხვევის დღეს, დაახლოებით 12-13 საათზე, მოწმემ დაინახა, რომ მ. მორბოდა თონის გვერდით არსებულ ტროტუარზე და მას 3 ადამიანი მოსდევდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ფილები აცვენილია, რაზეც მ. უ-ა წამოჰკრა ფეხი და დაეცა. სამმა ადამიანმა, რომლებიც სამოქალაქო ფორმაში იყვნენ, ამოუტრიალეს მას ხელები და იქვე, ზემოთ მხარეს მდგომი ავტომანქანის უკანა სალონში ჩასვეს. მოწმის განმარტებით, ავტომანქანა იყო ვერცხლისფერი, თუმცა იგი მანქანის მარკასა და მოდელს ვერ ასახელებს. დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ აღნიშნული ავტომანქანა მოვიდა ზემოდან, ჩამოიწია ფანჯარა, საიდანაც მ. უ-ა გამოიხედა და დაემშვიდობა მას. შემთხვევის დღეს მ. უ-ს ეცვა ლურჯი ქურთუკი, რომელსაც შიგნიდან წითელი სარჩული ჰქონდა. ავტომანქანაში, რომლითაც მ. წაიყვანეს, ისხდნენ ის პირები, რომლებიც მას მოსდევდნენ.
14. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები გარკვეული სახის მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებით არ შეესაბამება ერთმანეთს, მათ შორის ისეთ გარემოებებთან დაკავშირებით, თუ რამდენი პირი მოსდევდა მ-ს, რით წაიყვანეს იგი ადგილიდან და როგორ მდგომარეობაში. ამასთან, მოწმეები უთითებენ, რომ პირებს, რომლებიც მოსდევდნენ მ-ს, პოლიციის ფორმა არ ეცვათ, ხოლო მათ მიერ მ-ს წაყვანის დრო არ შეესაბამება დაკავების ოქმში მითითებულ დროს. ამდენად, მოცემულ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე უტყუარად არ მტკიცდება, რომ მ. უ-ი სამართალდამცავებმა დააკავეს იმ პირობებში და იმ ადგილას, როგორც ისინი ჩვენებებში უთითებენ.
15. საკასაციო პალატა აფასებს მ. უ-ის განმარტებებსაც, კერძოდ, მან წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და მიუთითა, რომ 2020 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 12:00-13:00 საათამდე, თ-ი, ზემო ფ-ი, მიდიოდა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მისთვის უცნობმა სამმა პირმა დაუძახა, ისინი 2-3 ნაბიჯით იყვნენ დაშორებულები. მას მიუახლოვდნენ და ისე, რომ არ განუმარტეს თავიანთი ვინაობა, ერთმა ხელი მოჰკიდა, მეორემ კი მანქანას დაურეკა, დროულად მისულიყო. როდესაც იკითხა, ვინ იყვნენ, უპასუხეს რომ მალე გაიგებდა ყველაფერს. მან უცბად გააშვებინა ხელი და გაიქცა ხალხის მიმართულებით, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სკვერი და თონეა. ტერიტორიას რომ მიუახლოვდა, ერთ-ერთმა ფეხი დაუდო და წააქცია. შემდეგ წამოაყენეს და უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციელები. ამ დროს მივიდა ვერცხლისფერი ,,მერსედესი.“ დაინახა თავისი ყოფილი მეზობელი გელაშვილი და უკვე მიხვდა, რაშიც იყო საქმე. ჩასვეს მანქანაში და გადაიყვანეს ქვემო თ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაახლოებით 200 მეტრში გზიდან გადაუხვიეს, გადავიდნენ საპირისპირო მხარეს და მანქანა გააჩერეს. ავტომანქანიდან გადასვლის შემდეგ შევიდნენ მინდორში და გაჩხრიკეს „ლაითად“, კერძოდ, ქურთუკი გახადეს. მას არაფერი აღმოაჩნდა, რის შემდეგაც უთხრეს - ,,რა მნიშვნელობა აქვს, შენ არ გაქვს ჩვენ გვაქვსო.“ პოლიციის თანამშრომლების განმარტებით, მისი ერთადერთი გამოსავალი იყო, აღჭურვილიყო კამერით და დახმარებოდა მათ „ბარიგის“ დაჭერაში, რაზეც უარი განაცხადა. ბოლოს მათგან თავის დაღწევის მიზნით დასთანხმდა თანამშრომლობაზე. ჩვენება გამომძიებელმა დაუწერა, რომელსაც უბრალოდ ხელი მოაწერა. მან უთხრა გამომძიებლებს, რომ იმ გზით წასულიყვნენ, საიდანაც წამოიყვანეს, რათა ხალხი გაეფრთხილებინა მისი დაკავების თაობაზე. პოლიციელები ასეც მოიქცნენ. შემდეგ გადაიყვანეს განყოფილებაში და ბოლოს ე.წ. „კაპეზეში“. გამოძიების დროს ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ხელი მოაწერა ყველაფერს, ისე რომ არ წაუკითხავს, მაგრამ ახლა აღარ ეთანხმება.
16. აღსანიშნავია, რომ მ. უ-ის მითითება, რომ მას ფეხი დაუდეს და წაიქცა, არ დასტურდება დაცვის მხარის მტკიცებულებებით, რადგან მოწმე ბ. ლ-ი უთითებს, რომ მსჯავრდებულმა ფეხი წამოჰკრა ფილებს და წაიქცა, ხოლო ო. თ-ა ზოგადად განმარტა, რომ მ. წაიქცა. ამასთან ვერცხლისფერ მანქანაში მისი ჩასმა ო. თ-ს არ დაუნახავს, არამედ მიუთითა, რომ მ. ააყენეს და ისევ იმ მიმართულებით წაიყვანეს, საიდანაც მორბოდნენ.
17. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის არგუმენტები მტკიცებულებათა შეფასების ნაწილში უსაფუძვლოა, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, გარკვეული სახის გარემოებათა ერთობლიობა დაცვის მხარის მტკიცებულებათა უტყუარად გაზიარების საფუძველს არ იძლევა, ხოლო მოცემულის პარალელურად, ბრალდების მხარის მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები და წერილობითი სახის დოკუმენტები თანხვდენილია და მათ შორის არ არსებობს მნიშვნელოვანი სახის წინააღმდეგობანი.
18. დაუდასტურებელია დაცვის მხარის მითითებაც, რომ მ. უ-ი ძალის გამოყენებით დააკავეს. აღსანიშნავია, რომ დაკავების ოქმში მ. უ-ს მხოლოდ ძველი ნაკაწრები აღენიშნებოდა მარჯვენა მხარზე, რომელიც ამავე ოქმის თანახმად, მისივე განმარტებით, მიიღო რამდენიმე დღის წინ საკუთარ საცხოვრებელ ბინაში. სხვა უტყუარი სახის მტკიცებულება კი ძალის გამოყენებასთან მიმართებით დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია.
19. დაცვის მხარე აგრეთვე ითხოვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილების გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, მოცემულ საქმეზე გავრცელებას. საკასაციო პალატა კასატორის მოცემულ არგუმენტთან მიმართებით აღნიშნავს, რომ:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილებით „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ კანონმდებლობითა და სადავო ნორმით ვერ ხერხდება არასანდო მტკიცებულების გამოყენებით პირის მსჯავრდების რისკების დაზღვევა. შესაბამისად, სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა ჩვენებებით და ამავე დროს სამართალდამცავებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ უტყუარობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაავადა დასახელებული ნორმატიული შინაარსის ძალადაკარგულად ცნობა 2021 წლის პირველ ივლისამდე იმისათვის, რომ კანონმდებელს და შესაბამის ორგანოებს მიეცეთ გონივრული ვადა გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ცვლილებების განსახორციელებლად. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. უ-ა დანაშაული ჩაიდინა 2020 წლის 11 თებერვალს. შესაბამისად, სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის რეტროსპექტულ გამოყენებასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ „საპროცესო კანონმდებლობის კავშირი რეტროაქტიულობასთან ძირითადად საფუძველშივე გამოირიცხება... მიმდინარე ურთიერთობებზე აუცილებელია, გავრცელდეს მათი (ურთიერთობების) განვითარებისას მოქმედი კანონი... გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც კონკრეტული საპროცესო ნორმები თავისი არსით იქნება დაკავშირებული ქმედების დანაშაულებრიობისა და დასჯადობის გაუქმებასთან ან სასჯელის შემსუბუქებასთან (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება #1/4/557,571,576 II-73-74,76). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ ვერ გავრცელდება მსჯავრდებულ მ. უ-ის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა 2021 წლის პირველ ივლისამდე (აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, მაგალითად: №63აგ-21, №47აგ-21 გადაწყვეტილებები).
20. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე, საკასაციო პალატა უთითებს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს დაცვის მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, კერძოდ:
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ მ. უ-ი 2015 წლის 9 მარტის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად, ამავე გამოსაცდელი ვადით.
აღსანიშნავია, რომ მითითებული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის განაჩენმა, რომლით განსაზღვრული გამოსაცდელი ვადის მიმდინარეობის პერიოდშიც მ. უ-ა ჩაიდინა განსახილველი, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.
სკასაციო პალატას არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებია, რომ სასჯელის შთანთქმა არ ნიშნავს შთანთქმული სასჯელის გაუქმებას (მაგალითად, იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს №1248აგ-13 გადაწყვეტილება).
ამდენად, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში მ. უ-ი ნასამართლობის მქონეა ნარკოტიკული დანაშაულისაგან არსებითად განსხვავებული კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვისაც, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას, მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაზე გაავრცელოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით გათვალისწინებული შეღავათი, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები: მოწმეთა ჩვენებები, ჩხრეკის ოქმი, ექსპერტიზის დასკვნა და მიაჩნია, რომ მ. უ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ,“ „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით დადასტურებულია, ვინაიდან, ერთი მხრივ, ბრალდების მხარის მასალები არის ერთმანეთთან შეთანხმებული და უტყუარი და აშკარა ხასიათის, ხოლო, მეორე მხრივ, დაცვის მხარის არგუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების/ცვლილების მოთხოვნასთან, არ არის დასაბუთებული და საფუძვლიანი.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
23. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. უ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ო-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი