საქმე # 020100121004343231
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №699აპ-22 ქ. თბილისი
ჭ-ა რ, 699აპ-22 10 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას, მსჯავრდებულ რ. ჭ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ს. ჭ-ს, - დაბადებულს ... წლის ... აპრილს და რ. ჭ-ს, - დაბადებულს .. წლის ... სექტემბერს, - ბრალად ედებათ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, ჯ-ი, „ხ-ოს“ უბანში, ს. ჭ-მ და რ. ჭ-მ ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ზ. ჭ-ს, კერძოდ, რ. ჭ-მ ძალის გამოყენებით გადმოიყვანა ზ. ჭ-ა ავტომანქანიდან, წააქცია და დააგდო ძირს, რის შემდეგაც წაქცეულს რ. ჭ-მ და ს. ჭ-მ ჯგუფურად ხელი და ფეხი რამდენჯერმე დაარტყეს სახის, თავისა და ტანის არეში, ხოლო ს. ჭ-მ ხელკეტიც რამდენჯერმე დაარტყა სახის, თავისა და ტანის არეში, რის შედეგადაც ზ. ჭ-მ მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
· 2020 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებთ 11:00 საათზე, ჯ-ი, ხ-ს“ უბანში, ს. ჭ-მ და რ. ჭ-მ ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ზ. ჭ-ს, კერძოდ, რ. ჭ-მ ძალის გამოყენებით გადმოიყვანა ზ. ჭ-ა ავტომანქანიდან, წააქცია და დააგდო ძირს, რის შემდეგაც წაქცეულს რ. ჭ-მ და ს. ჭ-მ ჯგუფურად ხელი და ფეხი რამდენჯერმე დაარტყეს სახის, თავისა და ტანის არეში, ხოლო ს. ჭ-მ ხელკეტიც რამდენჯერმე დაარტყა სახის, თავისა და ტანის არეში, ამასთან, ს. ჭ-მ ზ. ჭ-ს კუთვნილი ავტომანქანიდან გადმოიტანა მისი ცეცხლსასროლი იარაღი - 7,62 მმ კალიბრიანი სნაიპერული შაშხანა და საბრძოლო მასალა - 8 ცალი ვაზნა, რასაც ს. ჭ-ა და რ. ჭ-ა ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და დატოვეს შემთხვევის ადგილი.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 აგვისტოს განაჩენით:
2.1. ს. ჭ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტითა და 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. ს. ჭ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა.
2.3. რ. ჭ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტიდან და 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ელ ნაწილსა და 237-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
2.4. რ. ჭ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. რ. ჭ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 16 აგვისტოდან. მასვე სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2020 წლის 28 დეკემბრიდან 2021 წლის 16 იანვრის ჩათვლით.
2.5. რ. ჭ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 იანვრის განჩინებით დაყადაღებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდებით .... და .... უნდა მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.
2.6. გამართლებულ ს. ჭ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განაჩენით:
3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.2. ს. ჭ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
3.3. ცნობად იქნა მიღებული, რომ ს. ჭ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმებულია და ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.
3.4. გამართლებულ ს. ჭ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
3.5. რ. ჭ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, ხოლო სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან - სსკ-ის 237-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
3.6. რ. ჭ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ რ. ჭ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რ. ჭ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა 75 დღით და განესაზღვრა 4 წლით, 9 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 16 აგვისტოდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2020 წლის 28 დეკემბრიდან 2021 წლის 16 იანვრის ჩათვლით.
3.7. რ. ჭ-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 იანვრის განჩინებით დაყადაღებულ უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდებით: ... და ....) უნდა მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.
4. კასატორმა - ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ილია ტორუამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: რ. ჭ-ა და ს. ჭ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
4.1. კასატორებმა - მსჯავრდებულმა რ. ჭ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ს-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: რ. ჭ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი რ. ჭ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის ნაწილში; საქმის მასალებში არ მოიპოვება მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები.
4.2. გამართლებულმა ს. ჭ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ს-მ შესაგებლით მოითხოვეს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და ს. ჭ-ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია: ბრალდების მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილია უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურებულია ს. ჭ-ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტითა და 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, საფუძველს მოკლებულია, რადგან საამისოდ საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებითი ბაზა, რომლის საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით შესაძლებელი იქნებოდა მხარის ხსენებული პოზიციის დადასტურებულად მიჩნევა. შესაბამისად, საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებთან მიმართებით გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით - in dubio pro reo პრინციპით, მართებულად გადაწყდა ს. ჭ-ს სასარგებლოდ; მტკიცებულებები, რომლებსაც კასატორის საკვანძო არგუმენტები ეფუძნება, არადამაჯერებელია და ისინი ვერ აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო უტყუარობის სტანდარტს, კერძოდ:
7. ს. ჭ-ს ბრალდების ნაწილში საქმეში პირდაპირი მტკიცებულების სახით წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ ზ. ჭ-ს ჩვენება. მოწმის სახით დაკითხულ რ. ჭ-ს ჩვენების თანახმად, ს. ჭ-ს დაზარალებულ ზ. ჭ-ს არ დაურტყამს. მოწმეები - ნ. შ-ა და ი. ჯ-ა გადმოსცემენ მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ისინი არ არიან ფაქტის თვითმხილველი პირები, შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია. საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლები - პ. კ-ა, ლ. მ-ა და მ. გ-ა ადასტურებენ მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორეს.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
9. საქმეში არსებული სხვა არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ს. ჭ-ს მიერ ზ. ჭ-ს მიმართ ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების, ასევე ჯგუფურად, მისაკუთრების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ჩადენა.
10. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის - მსჯავრდებულ რ. ჭ-ს ადვოკატის პრეტენზიას მტკიცებულებათა არასაკმარისობის თაობაზე და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია რ. ჭ-ს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით უდანაშაულოდ ცნობის შესახებ მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
11. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ მსჯავრდებულ რ. ჭ-ს მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებებში მისი ბრალეულობის თაობაზე სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები - დაზარალებულ ზ. ჭ-ა და მოწმეების - ჯ. ქ-ს, ნ. შ-ს, ზ. შ-ს, ი. ჯ-ს, შ. თ-ს ჩვენებები; დასკვნა და სხვა მტკიცებულებები.
12. იმ გარემოებას, რომ ზ. ჭ-ს მიაყენა სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანება, არც თავად მსჯავრდებული რ. ჭ-ა უარყოფს, თუმცა მისი განმარტებით, იგი დაზარალებულისგან იცავდა თავს და იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.
13. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის გამოკვეთილი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა.
14. საკასაციო პალატა კვლავ იმეორებს, რომ ,,ქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენილად ითვლება, თუ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დასტურდება აუცილებელი მოგერიების სავალდებულო წინაპირობების არსებობა. შესაბამისად, აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი ისეთი გარემოებების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა ხელყოფის საშიშროებასა და ინტენსივობასთან. პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება, როდესაც ხელყოფა ატარებს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და საფრთხეს უქმნის სამართლით დაცულ სიკეთეს, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება უკიდურესობით არის გამოწვეული, რაც გულისხმობს, რომ უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას, ამასთან, მოგერიება ხორციელდება სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნით. ,,სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების ანალიზის საფუძველზე გაირკვეს, რამ გამოიწვია და რისკენ იყო მიმართული პირის ქმედება: მსჯავრდებული მოქმედებდა სხვისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახვით საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის არარსებობის პირობებში, თუ საკუთარი წარმოდგენით მოქმედებდა მართლზომიერად, იცავდა თავს, მისთვის არსებითი არ იყო მიყენებული დაზიანების ხარისხი და მთავარი იყო, აღნიშნულით უზრუნველეყო საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 აპრილის განჩინება N770აპ-19).
15. განსახილველ შემთხვევაში, როგორც მსჯავრდებულ რ. ჭ-ს ჩვენებით დგინდება, მას დაზარალებულმა ზ. ჭ-მ მიაბჯინა თოფი, რის შემდეგაც თოფს ლულაზე მოჰკიდა ხელი, გადააგდო და ამის შემდგომ დაარტყა დაზარალებულს. ამდენად, ირკვევა, რომ მსჯავრდებულმა ქმედება - დაზარალებულისთვის ხელის დარტყმა - ჩაიდინა უკვე მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის ხელყოფის ან სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე არ არსებობდა, ცეცხლსასროლი იარაღი დაზარალებულისთვის წართმეული ჰქონდა. მნიშვნელოვანია ასევე მსჯავრდებულის ჩვენების ის ნაწილი, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მისი შვილი - ს. ჭ-ა დაეხმარა წამოდგომაში მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა ის წააქცია. ამდენად, მის შვილს ნებისმიერ წუთს შეეძლო დახმარება. შესაბამისად, თავად რ. ჭ-ს ჩვენებითვე დადგენილია, რომ იგი გარკვეულ მომენტში არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, არამედ ყველანაირი საფრთხე უკვე ჩავლილი იყო და მან შურისძიების მოტივით იძალადა დაზარალებულზე. შესაბამისად, მისი ქმედება ვერ შეფასდება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში თავდაცვის მიზნით განხორციელებულ ქმედებად, რის გამოც იგი მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ.
16. ის გარემოება, რომ დაზარალებულმა ზ. ჭ-მ მსჯავრდებულ რ. ჭ-ს ქმედების შედეგად მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, დასტურდება საქმეში არსებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N…, N… დასკვნებითა და ექსპერტთა ჩვენებებით.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რ. ჭ-ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ჩადენა უტყუარად არის დადგენილი როგორც დაზარალებულ ზ. ჭ-ს, ისე - მოწმეთა ჩვენებებით, ამოღების ოქმით, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებს წარედგინათ იარაღი მჭიდითა და ვაზნებით; ამავე ოქმით დადგენილია, რომ აღნიშნული იარაღი ავტომანქანაში ფეხებთან ჰქონდა დადებული რ. ჭ-ს.
18. უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულ რ. ჭ-ს დაზარალებულის იარაღის დაუფლების განზრახვა არ ჰქონია და ის აპირებდა იარაღის პოლიციაში ჩაბარებას.
19. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მას შემდეგ, რაც რ. ჭ-მ წაართვა იარაღი ზ. ჭ-ს, იგი ამ იარაღს ფლობდა რამდენიმე საათის განმავლობაში. მან იარაღი წაიღო სახლში და ამ პერიოდში არ შეუტყობინებია სამართალდამცავი ორგანოსათვის იარაღის ჩაბარების შესახებ. ასევე დადგენილია ის გარემოებაც, რომ იმ გზის მონაკვეთიდან, სადაც მსჯავრდებული დააკავეს, მოძრაობა შესაძლებელია ნებისმიერი მიმართულებით, რაც არ მიუთითებს მსჯავრდებულის მიზანზე, იარაღი წაეღო პოლიციაში. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც მან განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც რ. ჭ-ა დაეუფლა მის იარაღს, ამ უკანასკნელმა თქვა, რომ ,,რა თოფი ვიშოვე, არ მოგცემ, არაფერში გჭირდება, მე დავიტოვებო“, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს რ. ჭ-ს მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მისაკუთრების მიზნით დაუფლებაზე.
20. ამდენად, საკასაციო სასამართლოს, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ. ჭ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
21. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ მტკიცების სტანდარტსა და სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობის ხარისხს, კერძოდ: საქმის გარემოებების დასადგენად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ, (El-Masri v. The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], განაცხადი N39630/09, §151, ECtHR, 13.12.2012, ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], განაცხადი N 29750/09, §48, ECtHR, 16.09.2014.). ევროპული სასამართლოს აღნიშნული მიდგომით, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების დონეზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადი N 10590/83, §68, ECtHR, 06.12.1988).
22. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სასამართლო ვალდებულია, მხარეს დეტალური პასუხი გასცეს ყველა არგუმენტთან დაკავშირებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ვან დერ ჰურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Van de Hurk v. the Netherlands) განაცხადი N16034/90, §61, ECtHR, 19.04.1994; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ (Jgarkava v. Georgia), განაცხადი N7932/03, §71, ECtHR, 24.05.2009). სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს სასამართლოს მოსაზრებები საქმის გადამწყვეტ, არსებით ასპექტებთან დაკავშირებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ბოლდეა რუმინეთის წინააღმდეგ (Boldea v. Romania), განაცხადი N19997/02, §30, ECtHR, 15.02.2007).
23. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი მიდგომები მტკიცების წესთან, მტკიცებულებების შეფასებასა და განაჩენის დასაბუთების სტანდარტებთან დაკავშირებით.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
25. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას, მსჯავრდებულ რ. ჭ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი