Facebook Twitter

საქმე # 020142222700665397

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №36აგ-22 10 ოქტომბერი, 2022 წელი

გ-ე გ., 36აგ-22 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით გ. გ-ე, - დაბადებული ... წლის ... ნოემბერს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში; გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (რ. კ-ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლით. გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ-ს ეპიზოდი, მობილური ტელეფონის მეშვეობით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ-ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლით. გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლითა და 6 თვით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლითა და 6 თვით.

გ. გ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2020 წლის 23 ივნისიდან.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

გ. გ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი), სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (რ. კ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ-ს ეპიზოდი, მობილური ტელეფონის მეშვეობით) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 3 წლით;

გ. გ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია. გ. გ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2020 წლის 23 ივნისიდან.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივლისის განჩინებით:

მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენების გადასინჯვის შესახებ, ცნობილ იქნა დაუშვებლად.

5. კასატორი გ. გ-ე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის მითითებას, რომ განსახილველად დაუშვას მისი შუამდგომლობა.

5.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, განჩინებაში არ არის ასახული შუამდგომლობაში მოხსენიებული მრავალი არგუმენტი - საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით ყალბი მსჯავრდებისგან გათავისუფლების მოთხოვნა და ამავე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილთან დაკავშირებული პრეტენზიები. განაჩენის გამოტანამდე საქმეში წარდგენილი იყო ორი შემაკავებელი ორდერი (19.06.2020), იარაღის 30 დღით ტარების აკრძალვის შესახებ, რის გამოც სავალდებულოა გ. გ-ს გამართლება როგორც საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ისე საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხულ მსჯავრდებაში. მოსამართლეებმა არ იხელმძღვანელეს საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის შენიშვნით, რომლის თანახმადაც, ,,ეს მუხლი არ ვრცელდება იმ პირზე, რომლის მიმართაც გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი, თუ ცივი იარაღის ტარების აკრძალვა ამ ორდერითაა გათვალისწინებული.“ გ. გ-ს მსჯავრდება (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით) ყალბია და იგი უდანაშაულოა. 2020 წლის 19 ივნისის ორ შემაკავებელ ორდერში მითითებული - „სიტყვიერი შეურაცხყოფა“ არ წარმოადგენს დანაშაულს. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს მუქარის შემსწრე პირი და არ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები. მსჯავრდებული უთითებს, რომ დასაკეცი დანის ადგილსამყოფელი დაუდგენელია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის არგუმენტები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საჩივარში მითითებული გარემოებები საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით განსაზღვრულ, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის არცერთი საფუძვლის მოთხოვნას არ მიესადაგება.

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარში მითითებულ უმეტეს არგუმენტზე საკასაციო პალატას უკვე გაცემული აქვს პასუხი კონკრეტული განჩინებებით, კერძოდ, იმ ნაწილში, სადაც კასატორი უთითებს, რომ მისი მსჯავრდება (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით) არ ემყარება უტყუარი სახის მტკიცებულებათა ერთობლიობას, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 8 თებერვლის №67აგ-21 განჩინებაში მიუთითა, რომ: ,,გ. გ-ს მსჯავრდების საქმეში არსებული მტკიცებულებები სამივე ინსტანციის სასამართლომ შეაფასა (მათ შორის დასაშვებობის საკითხი) და მათი ხელმეორედ შეფასება სცილდება ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძვლით სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს.“ ამავე განჩინებაში საკასაციო პალატამ იმსჯელა საქმეში წარმოდგენილ მასალათა სიყალბეზე. ხსენებულ საკითხზე გ. გ-ს პასუხი გაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 3 ივნისის N15აგ-22 განჩინებითაც, რომელშიც მიეთითა, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით განსაზღვრულ არცერთ საფუძველს.

3. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ს მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად მითითებული ფაქტები და მასალები ცნობილი იყო მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოების მიმდინარეობის დროს, წარმოდგენილი იყო საქმეში და ისინი შეფასებული აქვს საქმის განმხილველ პირველი ინსტანციისა და ზემდგომ სასამართლოებს.

4. ანალოგიურად, არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას კასატორის მიერ დასახელებული საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილი, ვინაიდან იგი მიღებულია - 2019 წლის 20 სექტემბრის კანონით, ესე იგი გადასასინჯი განაჩენების გამოტანამდე (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება; ამასთან, აღნიშნული განაჩენების მიხედვით, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროდ მითითებულია: 2020 წლის 18 ივნისი). შესაბამისად, კასატორის აპელირება საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის შენიშვნის ზემოხსენებულ ნაწილზე საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით განსაზღვრულ კონტექსტში, უსაფუძვლოა და არ მიესადაგება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის კანონისმიერ საფუძვლებს.

5. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი