საქმე # 190100120003977077
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №716აპ-22 ქ. თბილისი
კ-ი ა., 716აპ-22 21 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. კ-ს, - დაბადებულს ... წლის ... ივლისს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის მაისის ბოლოს, ქ. რ-ი, მე-... მ/რ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ფერმაში, ალკოჰოლით მთვრალმა ა. კ-ა ფიზიკურად იძალადა მამაზე - კ. კ-ე, კერძოდ, ჯერ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ - ფეხი დაარტყა ფეხის არეში, რა დროსაც კ. კ-ა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2020 წლის 27 აგვისტოს, 20:20 საათზე, ქ. რ-ი, მე-... მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ფერმაში, ალკოჰოლით მთვრალმა ა. კ-ა ფიზიკურად იძალადა დაზე - რ. კ-ა და მამაზე - კ. კ-ე, კერძოდ, იყო აგრესიული და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მამას, კ. კ-ს და შეეცადა მისთვის დაერტყა ხელი, თუმცა ამ დროს მათ შორის ჩადგა რ. კ-ა, რომელსაც ასევე, ა. კ-ა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუშტი დაარტყა თავის არეში, ხოლო კ. კ-ს ჰკრა ხელი გულმკერდის არეში. ა. კ-ს ძალადობრივი ქმედებების შედეგად ფიზიკური ტკივილი განიცადეს კ. კ-ა და რ. კ-მ.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ნოემბრის განაჩენით:
2.1. ა. კ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. ა. კ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.
2.3. ა. კ-ს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ, ზურაბ კოჭლამაზაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განაჩენის გაუქმება და ა. კ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001).
7. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ნოემბრის განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს ა. კ-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
8. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულებმა - კ. კ-ა და რ. კ-მ ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ოჯახის წევრის (შვილისა და ძმის) - ა. კ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ასვე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე მოწმე გ. კ-მ.
10. სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივარში აპელირებს 2020 წლის 27 აგვისტოს გამოცემულ შემაკავებელ ორდერზე, დანაშაულის შესახებ შეტყობინებაზე, რ. კ-ა და კ. კ-ს სამედიცინო ბარათებზე და მიაჩნია, რომ ისინი სრულად ადასტურებენ ა. კ-ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას.
11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ მითითებული მტკიცებულებები არაინფორმაციულია ა. კ-ს მხრიდან 2020 წლის მაისში მამის მიმართ ჩადენილი ძალადობისათვის წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად. გარდა იმისა, რომ დასახელებული მტკიცებულებები შედგენილია 2020 წლის 27 აგვისტოს ფაქტთან დაკავშირებით, ისინი მოპოვებულია დაზარალებულების ნაამბობის მიხედვით, რომლებსაც, თავის მხრივ, არც დაუდასტურებიათ აღწერილი ფაქტები და არც უარუყვიათ. ამასთან, სამედიცინო ბარათიც კი არ აღწერს ტკივილის განცდის ფაქტს კ. კ-ს შემთხვევაში, რაც ოჯახში ფიზიკური ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს.
12. რაც შეეხება №… და №… შემაკავებელ ორდერებსა და მათ ოქმებს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერები გამოცემულია დაზარალებულების ნაამბობის მიხედვით, იქ აღწერილი გარემოებები კი პირველწყაროს სასამართლო სხდომაზე არც უარუყვია და არც დაუდასტურებია. ყველა მტკიცებულება შედგენილია დაზარალებულების ნაამბობის საფუძველზე და საქმეში არ არის წარმოდგენილი ერთი ისეთი მტკიცებულება, რომელიც განსხვავებული წყაროსგანაა მიღებული. შესაბამისად, მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ ა. კ-ა ჩაიდინა ოჯახში ძალადობის ორი ეპიზოდი მამისა და დის მიმართ.
13. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ა. კ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.
14. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-77).
15. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი