Facebook Twitter

საქმე # 080100121004596679

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №721აპ-22 ქ. თბილისი

ჟ-ი გ, 721აპ-22 21 ოქტომბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მარტის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირინე მჟავიასა და მსჯავრდებულ გ. ჟ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. კ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით:

1.1. გ. ჟ-ი, - დაბადებული ... წლის ... მარტს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. გ. ჟ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 16 მარტიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჟ-ა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2020 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი გ. ჟ-ი მართავდა „ინფინიტის“ მარკის, სახ.№... ავტომანქანას და მოძრაობდა წ-ოს რაიონის სოფელ მ-ი გამავალ ქ-ის საავტომობილო გზაზე, ხ-ის მიმართულებით. მოხვევისას მან დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.15 და 32.1 მუხლების მოთხოვნები, რა დროსაც ხ-ნ ქ-ის მიმართულებით „მერსედესის“ მარკის ავტომობილით მოძრავმა გ. ც-ა ვერ შეძლო ავტომანქანის გაჩერება და შეეჯახა გ. ჟ-ს მიერ მართულ ავტომანქანას. შეჯახების შედეგად გარდაიცვალა გ. ც-ის ავტომანქანის მგზავრი - თ. ც-ი, ხოლო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღეს ე. ც-ა და გ. ც-ა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მარტის განაჩენით:

3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ გ. ჟ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ხ-ია კ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მსჯავრდებულ გ. ჟ-ს შეფარდებული სასჯელიდან - 6 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - ნაწილის - 1/3-ის პირობითად ჩათვლა.

4.1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირინე მჟავიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულ გ. ჟ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ გ. ც-ა და დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ. მ-ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - გ. ლ-ის, ნ. გ-ის, ლ. ქ-ის, ბ. ბ-ის გამოკითხვის ოქმებით, მსჯავრდებულ გ. ჟ-ის გამოკითხვის ოქმით, ამოღების ოქმებით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოტექნიკური ექსპერტიზის N... დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N..., N.... N.... დასკვნებით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N.... დასკვნით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზის ..../ატრ დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორები ხდიან.

7. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორ ირინე მჟავიასა და ადვოკატ ხ. კ-ის პოზიციას მსჯავრდებულ გ. ჟ-ის შეფარდებული სასჯელის უკანონობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

10. საქმეზე არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ჟ-ის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით დანიშნული სასჯელი ვერ ჩაითვლება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებასთან აშკარად შეუსაბამოდ, ვინაიდან სასჯელის შეფარდებისას სასამართლოებმა სრულად გაითვალისწინეს გ. ჟ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებულს განუსაზღვრეს ამ მუხლის სანქციის მინიმუმი. გარდა ამისა, მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

11. პროკურორის მიერ მითითებული გარემოება (დაზარალებულის გარდაცვალება და სხვა პირთა ჯანმრთელობის დაზიანება) მოცემულ შემთხვევაში ვერ გახდება სასჯელის დამძიმების საფუძველი, ვინაიდან აღნიშნულმა გარემოებებმა განსაზღვრეს დანაშაულის შემადგენლობები, კერძოდ: დაზარალებულ თ. ც-ის გარდაცვალებამ და დაზარალებულების - ე. ც-ა და გ. ც-ის სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებებმა გამოიწვია ქმედების სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით კვალიფიკაცია, ხოლო საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამ კონტექსტში საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ბრალის შინაარსს იყენებს არა როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, არამედ - როგორც ჩადენილ ქმედებასთან დასანიშნი სასჯელის პროპორციულობის განმსაზღვრელ კატეგორიას.

12. პროკურორი ირინე მჟავია საკასაციო საჩივარში ასევე აპელირებს გ. ჟ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივ საშიშროებასა და სოციალურ უპასუხისმგებლობაზე, თუმცა მის მიერ დასახელებული არგუმენტები განსახილველ შემთხვევაში ვერ გადაწონის მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, როგორიცაა: ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, ნასამართლობის არქონა, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა, დადებითი დახასიათება.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

14. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრების შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირინე მჟავიასა და მსჯავრდებულ გ. ჟ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი