Facebook Twitter

საქმე # 170100121005109286

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №734აპ-22 ქ. თბილისი

გ-ე რ., 734აპ-22 21 ოქტომბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. რ. გ-ს, - დაბადებულს ... წლის ... აგვისტოს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის ივლისის ბოლოს, ქ. წ-ი, ლ-ს ქუჩა №...-ში მდებარე გ-ს ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, რ. გ-მ, ნარგავების არასწორად დარგვასთან დაკავშირებული კონფლიქტისას, გაშლილი ხელის სახის მარცხენა მხარეს დარტყმით ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლეზე - ხ. გ-ე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2021 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით 09:30 საათზე, ქ. წ-ი, ლ-ს ქუჩა №...-ში მდებარე გ-ს ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, რ. გ-მ, იმ მიზეზით, თუ რატომ ერეოდა დაზარალებული მისი ძმისა და რძლის პირად ცხოვრებაში, ხელის თავის არეში ერთხელ დარტყით ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლეზე - ხ. გ-ე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის განაჩენით:

2.1. რ. გ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2021 წლის ივლისის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 27 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. რ. გ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას თ. გ-ს (პ/ნ ...) კუთვნილი უძრავი ქონების 7000 ლარის ნაწილს, მდებარეს ლ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ-ი (ს/კ ...).

2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, რ. გ-ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განაჩენის გაუქმება, რ. გ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი, კანონიერი სასჯელის შეფარდება.

4.1. გამართლებულ რ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ლ-მ შესაგებლით მოითხოვა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა რ. გ-ს მიერ მეუღლის - ხ. გ-ს მიმართ ძალადობისს ჩადენას.

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანება.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა ხ. გ-მ (მეუღლემ) და მოწმე ე. გ-მ (შვილმა) ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და რ. გ-ს წინააღმდეგ არ მისცეს ჩვენება.

9. საქმეში წარმოდგენილია N... შეტყობინება, რომლის მიხედვით, 2021 წლის 27 აგვისტოს, ჯ. მ-მ განაცხადა, რომ მის დას - ხ. გ-ს სცემს მეუღლე, ხოლო თავად ბ-ა. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის მიდგომას აღნიშნული მტკიცებულების არგაზიარებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მისი ინიციატორი - ჯ. მ-ე მოწმის სახით არ წარუდგენია ბრალდების მხარეს. ძალადობის რომელიმე ეპიზოდის თვითმხილველი რომ არ გამხდარა დასახელებული პირი, ირკვევა თავად შეტყობინების შინაარსიდანაც.

10. საქმეზე მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლები - ა. შ-ე და ნ. ნ-ე ადასტურებენ მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობასა და სისწორეს. დაზარალებულ ხ. გ-ს მიმართ ჩადენილ ძალადობაზე ისინი ინფორმაციას ფლობენ თავად დაზარალებულისგან, ხოლო ფაქტის თვითმხილველები არ ყოფილან. შესაბამისად, უშუალოდ ძალადობის აქტებთან მიმართებით აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ირიბია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).

11. საქმეზე უდავოდ მიჩნეული, მოწმე ფ. გ-ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, არის რ. გ-ს დედა. მან უარყო მეუღლეებს შორის კამათის ხმის გაგონებისა და თავისი შვილისთვის შენიშვნის მიცემის ფაქტი.

12. განსახილველ საქმეში ასევე წარმოდგენილია სამედიცინო ხასიათის დოკუმენტები, კერძოდ:

· №... სამედიცინო ბარათის მიხედვით, პაციენტ ხ. გ-ს გადმოცემით, მეუღლესთან კონფლიქტის შედეგად მიიღო დაზიანება, კერძოდ, თავზე, თხემის არეში, მარჯვენა მხარეს აღენიშნება მცირე ზომის არასისხლმდენი ჭრილობა;

· სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნის მიხედვით, წარმოდგენილი სამედიცინო საბუთის მონაცემებით, ხ. გ-ს დაუდგინდა: ჭრილობა თხემის არეში მარჯვნივ, რაც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებების არასრული მორფოლოგიური აღწერილობის გამო, მიმყენებელი საგნის და ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია;

· ხ. გ-ს სხეულზე დაზიანების არსებობის ფაქტი ასევე დადასტურებულია სხეულის ვიზუალური დათვალიერების ოქმით, რომლის მიხედვით, ხ. გ-ს თავზე, თხემის არეში, მარჯვენა მხარეს აღენიშნება მცირე ზომის არასისხლმდენი ჭრილობა, რომელიც მიაყენა მეუღლემ 2021 წლის 27 აგვისტოს.

13. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას ჭრილობასთან დაკავშირებულ წერილობით მტკიცებულებებთან მიმართებით და მიაჩნია, რომ დადგენილია მხოლოდ ის ფაქტი, რომ ხ. გ-ს ნამდვილად ჰქონდა დაზიანება თავის არეში, თუმცა დასახელებული დოკუმენტებით შეუძლებელია იმის მტკიცება, თუ ვინ მიაყენა დაზიანება მას, ან მიიღო თუ არა იგი დამოუკიდებლად, სხვა პირის უხეში ჩარევის გარეშე.

14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.

15. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაემტკიცებინა რ. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2021 წლის ივლისის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 27 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობა.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

17. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი