საქმე # 010100120004099432
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №800აპ-22 ქ. თბილისი
ს-ე ა, 800აპ-22 21 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. ს-ს, - დაბადებულს ... წლის ... სექტემბერს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2020 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ბ-ი, შ. ხ-ის ქუჩა N..., ბინა N...–ში ყოფნისას, ა. ს-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ხელის არეში ხელის დარტყმითა და ხელის მოჭერით, ყელის არეში ხელის მოჭერით და მუცელზე ფეხის დაჭერით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს - მეუღლეს, გ. მ-ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენით:
2.1. ა. ს-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. ა. ს-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 5000 ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს, თ. ქ-ს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
2.3. გამართლებულ ა. ს-ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განაჩენის გაუქმება, ა. ს-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და კანონიერი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ა. ს-ის მიერ ძალადობის ჩადენას.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანება.
8. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა გ. მ-მ უარი განაცხადა ახლო ნათესავის - ა. ს-ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
9. ა. ს-მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
10. მოწმე ი. მ-ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2020 წლის 19 ოქტომბერს შეტყობინების საფუძველზე თანამშრომელ თ. კ-ნ ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც შეხვდნენ შეტყობინების ინიციატორ გ. მ-ს. მან განმარტა, რომ 2020 წლის 19 ოქტომბერს მეუღლემ ჯერ მოჰკიდა ხელი და გაათრია მისაღები ოთახიდან საძინებელში, რა დროსაც მოუჭირა ხელი მხრისა და ზურგის არეში, რის გამოც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, შემდეგ მოუქნია ხელი სახის არეში და დარტყმის შედეგად ასევე განიცადა ტკივილი. მერე დააგდო საწოლზე და მარჯვენა ფეხის მუხლი დააჭირა მუცელში და ხელი მოუჭირა კისერში, რა დროსაც კვლავ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი; ამასთან, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.
11. ანალოგიური გარემოებები დაადასტურა მოწმე თ. კ-მ.
12. მოწმე მ. ქ-ს გამოკითხვის ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ არის გ. მ-ის მეგობარი. 2020 წლის 19 ოქტომბერს, შუადღის საათებში, იგი ტელეფონით დაუკავშირდა გ-ს მოსაკითხად. გ-ა იყო განერვიულებული, არ მოეწონა მისი ხმა და ჰკითხა, რაში იყო საქმე, რაზეც მან უპასუხა, რომ მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი, კერძოდ, ა. ს-მ მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმის ჩვენებით, მან დარეკა 112-ში და განაცხადა ოჯახური ძალადობის ფაქტის შესახებ.
13. საქმეში წარმოდგენილი სხეულის დათვალიერების ოქმის თანახმად, გ. მ-ის სხეულის დათვალიერება ჩაატარა გამომძიებელმა გ. ი-მ. ოქმის მიხედვით, გ. მ-ს ყელის არეში აღენიშნება დაზიანების კვლები სისხლნაჟღენთებისა და სიწითლეების სახით; ასევე მარცხენა ხელის არეში - დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით.
14. 2020 წლის 19 ოქტომბერს გამოცემული შემაკავებელი ორდერისა და შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად, ორდერის შედგენას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ა. ს-მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - გ. მ-ს.
15. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეში ა. ს-ს მიმართ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი პირდაპირი მტკიცებულება; მის მიერ მეუღლის მიმართ შესაძლო ძალადობის ჩადენაზე მიუთითებენ მოწმის სახით დაკითხული პოლიციელები - ი. მ-ე, თ. კ-ე, გ. გ-ე და გ. ა-ე, ასევე - მოწმე მ. ქ-ი, თუმცა ისინი არ არიან ფაქტის თვითმხილველი პირები და გადმოსცემენ იმ დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას, რომელმაც საქმის განხილვისას ჩვენება არ მისცა; შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
16. საქმეში წარმოდგენილი შეტყობინება, შემაკავებელი ორდერი და შემთხვევის ადგილის დათვალიერები ოქმი ასევე შეიცავს დაზარალებულ გ. მ-ს მიერ გადმოცემულ ინფორმაციას, რომელმაც სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი
განაცხადა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული მტკიცებულებები ვერ დაედება საფუძვლად ა. ს-ის ბრალეულობას. აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ საქმეში არსებულ შეტყობინებასა და შემაკავებელ ორდერში საუბარია სიცოცხლის მოსპობის მუქარაზეც, თუმცა ა. ს-ს, ბრალდების დადგენილების მიხედვით, ბრალდების მხარე მხოლოდ ოჯახში ძალადობას (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) ედავება.
17. საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ განსახილველ საქმეზე დაზარალებულ გ. მ-ს არ ჩასტარებია სამედიცინო ექსპერტიზა და შესაბამისად, წარმოდგენილი არ არის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
18. რაც შეეხება საქმეში არსებულ გ. მ-ის სხეულის დათვალიერების ოქმს, რაზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი, დაზარალებულის სხეულის დათვალიერება ჩაატარა გამომძიებელმა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს აღნიშნული ოქმი, კერძოდ, თბილისის საპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განმარტების თანახმად, ასეთი ოქმი წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებას, ვინაიდან გამომძიებელი არ არის უფლებამოსილი, ჩაატაროს მსგავსი საგამოძიებო მოქმედება.
19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
21. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ა. ს-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.
22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
23. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
24. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი