საქმე # 160100122005470692
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №817აპ-22 ქ. თბილისი
გ-ი ნ., 817აპ-22 21 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ფ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 მარტის განაჩენით:
1.1. ნ. გ-ი, - დაბადებული ... წლის ... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ი. ს-ს ეპიზოდი) - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ზ. ს-ს ეპიზოდი) - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა - 9 თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ი. ს-ს ეპიზოდი), 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ზ. ს-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და ნ. გ-ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. ნ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 21 მარტიდან. მასვე სასჯელის მოხდის საერთო ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2022 წლის 8 იანვრიდან იმავე წლის 10 იანვრის ჩათვლით.
1.3. ნ. გ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. გ-ა ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით; მანვე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია (ორი ეპიზოდი) და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვინც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2022 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე, მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ უ-ი, ი. ს-ს მაღაზიაში, ნ. გ-ა ი. ს-ს მოსთხოვა მომსახურებოდა მას, როგორც კლიენტს. აღნიშნულზე ი. ს-ა უპასუხა, რომ მათ აქვთ თვითმომსახურება და შესთავაზა თავად აეღო მოთხოვნილი სურსათი, რამაც გამოიწვია ნ. გ-ს უმიზეზო გაღიზიანება: მან ფეხი დაარტყა სალარო მაგიდას, ხოლო შემდეგ ი. ს-ს ერთხელ მარცხენა ხელის მუშტი ჩაარტყა თავის არეში. ნ. გ-ს ქმედება გაგრძელდა დაახლოებით წუთის განმავლობაში და გამოიწვია მაღაზიის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხება, იქ შეკრებილი საზოგადოების აშკარა უპატივცემულობა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა.
· 2022 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე, მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ უ-ი, ი. ს-ს მაღაზიაში, ნ. გ-ს კონფლიქტი მოუხდა ი. ს-ნ, რა დროსაც მას ერთხელ დაარტყა მუშტი სახის არეში, რის შემდეგაც ისინი გააშველეს იქ მყოფმა პირებმა. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ, აღნიშნული კონფლიქტის გამო, ი. ს-ე განაწყენებული ნ. გ-ი კვლავ მიბრუნდა ი. ს-ს მაღაზიაში და შურისძიების მიზნით, ხელთ არსებული დანა დაარტყა ი. ს-ს ხელის არეში. აღნიშნულის შედეგად, ი. ს-ა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
· 2022 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე, მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ უ-ი, ი. ს-ს მაღაზიაში, ნ. გ-ს კონფლიქტი მოუხდა ი. ს-ნ, რა დროსაც მას ერთხელ დაარტყა მუშტი სახის არეში, რის შემდეგაც ისინი გააშველეს იქ მყოფმა პირებმა. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ, აღნიშნული კონფლიქტის გამო, ი. ს-ე განაწყენებული ნ. გ-ი კვლავ მიბრუნდა ი. ს-ს მაღაზიაში და შურისძიების მიზნით, ხელთ არსებული დანა დაარტყა ი. ს-ს ხელის არეში. აღნიშნულის შემდეგ, ი. ს-ი გაიქცა შემთხვევის ადგილიდან, ხოლო ნ. გ-ი დაედევნა დანით ხელში და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ი. ს-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2022 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, ნ. გ-ი, რომელსაც კონფლიქტი მოუვიდა ი. ს-ნ, მივიდა ამ უკანასკნელის მამის - ზ. ს-ს საცხოვრებელ სახლში, მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ უ-ი, სადაც შვილთან მომხდარი კონფლიქტის გამო, შელაპარაკება მოუხდა ზ. ს-ნ, რაც გადაიზარდა ჩხუბში. ჩხუბის დროს ნ. გ-ა ხელთ არსებული დანა წვივის არეში დაარტყა ზ. ს-ს, რომელმაც მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ ნ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ფ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მსჯავრდებულ ნ. გ-ს მინიმალური სასჯელის შეფარდება ან შეფარდებული სასჯელის პირობითად ჩათვლა.
4.1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ ნ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ფ-ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მსჯავრდებულ ნ. გ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულების -ი. ს-ს, ზ. ს-ს გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - კ. ს-ს, ტ. ს-ს, ე. გ-ს, რ. ა-ს, მ. ბ-ს გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.
7. მოცემულ შემთხვევაში კასატორის - ადვოკატ ს. ფ-ს მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ სასჯელთან, კერძოდ, მსჯავრდებულ ნ. გ-ს შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებასთან.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
9. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
10. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თანაბრად ხელმძღვანელობს ნ. გ-ს სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ ნ. გ-ს შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი და შესაძლებელია მისი შემსუბუქება და ასევე - ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.
12. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ნ. გ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს, კერძოდ:
13. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მითითებაზე, რომ მსჯავრდებული ნ. გ-ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პირველადაა სამართალში, ითანამშრომლა საგამოძიებო ორგანოებთან, რის გამოც ითხოვს მსუბუქი სასჯელის შეფარდებას ან დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლას.
14. აღნიშნულთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარება, მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევით სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელშეწყობა). ამასთან, ნ. გ-ა ჩაიდინა საზოგადოებრივი უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, ხულიგნობა, რასაც ერთვის ძალადობა, ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ორი ეპიზოდი, დანის გამოყენებით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების სახით, ასევე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული - დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარა. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ი. ს-ს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და გაშველების შემდეგ ნ. გ-ი კვლავ დაბრუნდა მაღაზიაში და უკვე ხელთ არსებული დანა დაარტყა მას ხელის არეში, ხოლო შემთხვევის ადგილიდან გაქცეულ ი. ს-ს კვლავ დაედევნა დანით ხელში და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, შემდეგ კი მივიდა ი. ს-ს მამის - ზ. ს-ს საცხოვრებელ სახლში და ჩხუბის დროს, ხელთ არსებული დანა წვივის არეში დაარტყა ზ. ს-ს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დანაშაულთა სიმრავლე, ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების ხარისხი, ქმედებების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამორიცხავს თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად სხვა ალტერნატიული სასჯელის გამოყენების მიზანშეწონილობას.
15. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა მსჯავრდებულ ნ. გ-ს სრულიად სამართლიანად და კანონიერად შეუფარდეს თავისუფლების აღკვეთა, რომლის შემსუბუქებისა და ასევე სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი შეღავათის გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
16. რაც შეეხება ადვოკატ ს. ფ-ს საკასაციო საჩივარში განვითარებულ მსჯელობას, რომ ნ. გ-ი საჭიროებს მკურნალობას, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს, რომ დაცვის მხარის ეს არგუმენტი ვერ გახდება უპირობოდ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების საფუძველი. ამასთან, არ დადასტურებულა ნ. გ-ს ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობა, რომლის მკურნალობა ციხის პირობებში შეუძლებელი იქნებოდა ან შეუსაბამო - სასჯელის მოხდასთან. მსჯავრდებულ ნ. გ-ს დანიშნულმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან, უნდა იყოს დამაფიქრებელი, რომ მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
17. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომას და ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ მსჯავრდებულ ნ. გ-ს მიმართ დანიშნული სასჯელი არასამართლიანია და უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017).
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ფ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი