საქმე # 330100121005148391
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №819აპ-22 ქ. თბილისი
ა-ი რ., 819აპ-22 21 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 თებერვლის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ნოემბრის განაჩენით:
1.1. რ. ა-ი, - დაბადებული … წლის … იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 3000 ლარი, 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ რ. ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 7 სექტემბრიდან იმავე წლის 25 ნოემბრის ჩათვლით.
1.2. რ. ა-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ა-მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ე.ი. მისი იძულება, თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან, ჩადენილი ძალადობის მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის 7 სექტემბერს, დაახლოებით 10:40 საათზე, თ-ი, სოფელ ფ-ი, ბ-ს ქუჩის N…-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელების მიერ ნარკორეალიზატორების დაკავებასთან დაკავშირებული სპეცოპერაციის გაშუქებისას, რ. ა-ი თავს დაესხა ტელეკომპანია ,,ტ-ის“ ოპერატორ ლ. ბ-ს, კერძოდ, ავტომანქანა „მერსედესით“ (სახ.N…), რომელსაც თვითონვე მართავდა, განზრახ დაეჯახა ლ. ბ-ს მარჯვენა ფეხის წვივზე, რა დროსაც დაზარალებულმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა.
· 2021 წლის 7 სექტემბერს, დაახლოებით 10:40 საათზე, თ-ი, სოფელ ფ-ი, ბ-ს ქუჩის N…-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელების მიერ ნარკორეალიზატორების დაკავებასთან დაკავშირებული სპეცოპერაციისას, ერთ-ერთი დაკავებულის ნათესავი, რ. ა-ი აგრესიულად იყო განწყობილი და უკმაყოფილებას გამოთქვამდა ჟურნალისტების მიმართ სპეცოპერაციის გაშუქებისა და ინფორმაციის გავრცელების გამო. მან ჟურნალისტებს ძალადობის მუქარით მოსთხოვა, შეეჩერებინათ გადაღება. ვინაიდან ჟურნალისტებმა თავიანთი პროფესიული საქმიანობა გააგრძელეს, რ. ა-ი ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, თავს დაესხა ტელეკომპანია „ტ-ის“ ოპერატორ ლ. ბ-ს, რომელსაც უკანონოდ შეუშალა ხელი და აიძულებდა, მოვლენების გაშუქება შეეწყვიტა, კერძოდ: რ. ა-ი ავტომანქანა „მერსედესით“ (სახ.N…), რომელსაც თვითონვე მართავდა, განზრახ დაეჯახა ლ. ბ-ს მარჯვენა ფეხის წვივზე და დაუზიანა ვიდეოკამერის შტატივი, რითაც ლ. ბ-ე აიძულა, შეეწყვიტა პროფესიული საქმიანობა. რ. ა-ს ქმედებების შედეგად ჟურნალისტებს ხელი შეეშალათ თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 თებერვლის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ნოემბრის დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ კერესელიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მსჯავრდებულ რ. ა-ს უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მსჯავრდებულ რ. ა-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების - ლ. ბ-ს, გ. კ-ს, მ. ა-ს, ა. ა-ს, ნ. ქ-ს, ვ. ო-ს, გამოკითხვის ოქმებით, ამოცნობის ოქმით, ამოღების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, შემთხვევის ადგილისა და ავტომანქანის დათვალიერების ოქმებით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N..., ასევე სასაქონლო და ტრასოლოგიური ექსპერტიზის N… 723/ტრ დასკვნებით, სამედიცინო დოკუმენტაციითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.
7. მოცემულ შემთხვევაში კასატორმა მოითხოვა მხოლოდ მსჯავრდებულ რ. ა-ს დანიშნული სასჯელის დამძიმება.
8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზეც, რომლის მიხედვითაც, ,,აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/6/770 საქმეზე: ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
10. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ რ. ა-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიაჩნია, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. ამდენად, კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს მის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს, სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით.
11. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ რ. ა-ს სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, პირველადაა სამართალში, უდავოდ გახადა მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს არ გააჩნია პრეტენზია, მოცემულ საქმეზე რ. ა-ს მიერ პატიმრობაში გატარებული პერიოდი (2021 წლის 7 სექტემბრიდან იმავე წლის 25 ნოემბრის ჩათვლით), რისი მხედველობაში მიღებითაც, შეუფარდა საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაუთვალა პირობით (საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ). ამდენად, აღნიშნული სასჯელი კანონიერია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი