Facebook Twitter

საქმე # 340100119003137702

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №667აპ-22 ქ. თბილისი

ტ-ი თ, 667აპ-22 18 ოქტომბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის განაჩენზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ შალვა ნიკვაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. თ. ტ-ს, - დაბადებულს ... წლის ... მარტს, - ბრალად ედება ხელისუფლების წარმომადგენლის ჯანმრთელობის ხელყოფა, ხელისუფლების წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2019 წლის 22 მარტს, დაახლოებით 16 საათზე, თ. ტ-ი და უ. ი-ი გ-ის რაიონის სოფელ ბ-ის მიმდებარე, ე.წ. ,,ი-ის“ ტერიტორიაზე, რეზინის ნავით, მდინარე ა-ი, ელექტროშოკის აპარატის გამოყენებით, ახდენდნენ უკანონო თევზჭერას, რა დროსაც ისინი შენიშნეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კ-ის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ბ. შ-მ და ამავე სამმართველოს თანამშრომელმა გ. ნ-მ, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, ახორციელებდნენ გეგმურ შემოვლას და არჩევდნენ ადგილს ფოტოხაფანგის დასამონტაჟებლად, რადგანაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ხშირი იყო უკანონო თევზჭერის ფაქტები. ბ. შ-მ მათ დაუძახა, რომ იყო გარემოსდაცვითი სამსახურის ხელმძღვანელი და სთხოვა, შეეწყვიტათ უკანონო თევზჭერა და გადასულიყვნენ ნაპირზე. ამ დროს თ. ტ-ი გახდა აგრესიული, დაუწყო გინება ბ. შ-ს, აიღო რეზინის ნავში დადებული ცეცხლსასროლი იარაღი, რამდენჯერმე ესროლა მას და მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება.

2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს განაჩენით:

2.1. თ. ტ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

2.2. გამართლებულ თ. ტ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შალვა ნიკვაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის განაჩენის გაუქმება, თ. ტ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით და შესაბამისი სასჯელის შეფარდება.

4.1. გამართლებულ თ. ტ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. რ-ა შესაგებლით მოითხოვა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ შალვა ნიკვაშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უსამართლო, უკანონო და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს განაჩენი უცვლელად დატოვა.

7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მტკიცებას, რომლის თანახმად, თ. ტ-ა იცოდა, რომ ბ. შ-ე იყო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კ-ის რეგიონული სამმართველოს უფროსი და მიზანმიმართულად დააზიანა იგი, რადგან ამ ფაქტის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.

8. საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით კრიმინალიზებულია პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის ანდა მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ პირს შეერაცხოს ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ დანაშაულის ჩადენა, მან უნდა იცოდეს, რომ იგი ხელისუფლების წარმომადგენელია და სურდეს მისი დაზიანება სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. სხვა შემთხვევაში ამ მუხლით დანაშაულის შემადგენლობა გამორიცხულია.

9. დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომლის თანახმადაც, დაზარალებული ბ. შ-ე არის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კ-ს რეგიონული სამმართველოს უფროსი, ხოლო გ. ნ-ე - ამავე სამმართველოს თანამშრომელი. მოწმეები - ბ. შ-ე და გ. ნ-ე აღნიშნავენ, რომ თ. ტ-ის აღნიშნული გარემოების თაობაზე ცნობილი იყო, კერძოდ, ბ. შ-ის განმარტებით, როდესაც ა-ი შესულს დაახლოებით ოც მეტრში მიუახლოვდა ნავი, მაშინ განუმარტა მათ, რომ იყო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კ-ის რეგიონული სამმართველოს უფროსი და მოუწოდა, შეეწყვიტათ უკანონო თევზჭერა. გი. ნ-ს განმარტებით, როდესაც მეთევზეები ბ. შ-ს ოც მეტრში მიუახლოვდნენ, ბ. შ-მ დაუძახა მათ „უკანონობას აკეთებთო“, რაზეც მეთევზეებმა უთხრეს ,,ინტრიგანი ხარო“. ბ. შ-მ კი უთხრა - „ინტრიგანი კი არა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კ-ის რეგიონული სამმართველოს უფროსი ვარო“. ორივე მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ ამ განმარტების დროს ბ. შ-ს იარაღი ხელში არ სჭერია და ჩანთაში დაშლილ მდგომარეობაში იყო მოთავსებული. გამართლებულ თ. ტ-ის განმარტებით, „ინაბოძის“ ტერიტორიაზე, მდინარე ა-ი, დიდი ხეა ჩავარდნილი და სიგანეზე მდინარის დაახლოებით 80% უკავია. როდესაც თევზაობის დროს იგი და უ. ი-ი ამ ხეს მიუახლოვდნენ, უცებ დაინახეს შიშველი კაცი, რომელსაც ხელში „ფისტოლეტი“ ეჭირა და აგინებდა მათ - „რატომ თევზაობთო“. უ. ი-ის განმარტებით, როდესაც ხეს ოცდაათ-ორმოც მეტრში მიუახლოვდნენ, ვიღაც შიშველი კაცი ამოხტა ხელში პისტოლეტით და დაუწყო მათ გინება. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ბ. შ-ე, ისე გ. ნ-ე, თ. ტ-ი და უ. ი-ი ადასტურებენ, რომ ბ. შ-ე მდინარეში გ. ნ-ს გარეშე, მარტო იყო შესული და არ იყო შემოსილი სამსახურებრივი უნიფორმით.

10. ამდენად, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2019 წლის 22 მარტს, გ-ის რაიონის სოფელ ბ-ის მიმდებარედ, ე.წ. „ი-ის“ ტერიტორიაზე, მდინარე ა-ი მარტო შესულ, ხეზე მდგარ ბ. შ-ს არ ეცვა არც სამსახურებრივი უნიფორმა და არც სამოქალაქო ტანსაცმელი, ეცვა მხოლოდ მამაკაცის შიდა სამოსი - საცვალი და ფეხსაცმელი; მდინარეში მყოფ ბ. შ-ს თან არ ახლდა გ. ნ-ე. დადგენილია აგრეთვე, რომ შემთხვევამდე თ. ტ-ი და ბ. შ-ე ერთმანეთს არ იცნობდნენ. დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მანქანას, რომლითაც ბ. შ-ე და გ. ნ-ე ე.წ. „ი-ის“ ტერიტორიაზე მივიდნენ, რაიმე სპეციფიკური ნიშანი არ აღენიშნებოდა და შეხედვისას არ ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ იყო სამსახურებრივი ავტომანქანა. საკასაციო სასამართლოს, სააპელაციო პალატის მსგავსად, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ობიექტურად შეუძლებლად მიაჩნია, თ. ტ-ს შეცნობილი ჰქონოდა, რომ ბ. შ-ე იყო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კ-ს რეგიონული სამმართველოს უფროსი და კონკრეტულ მომენტში სამსახურებრივ უფლებამოსილებას ასრულებდა.

11. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის მსჯელობას და მიაჩნია, რომ ბ. შ-ა და გ. ნ-ს ჩვენებების სარწმუნოდ მიჩნევის შემთხვევაშიც კი, რომ თითქოს, მეთევზეებს განემარტათ ბ. შ-ის თანამდებობრივი სტატუსის შესახებ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ შექმნილ ზემოაღწერილ უჩვეულო ვითარებაში თ. ტ-ს მათი ნათქვამი რეალურად მიეჩნია. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა, რომ თ. ტ-ა იცოდა დაზარალებულის ვინაობა. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ინციდენტი ისეთ ვითარებაშია მომხდარი, რომ შემთხვევა არის საგამონაკლისო; როგორც წესი, ადამიანები არიან ჩაცმულები და ძნელი წარმოსადგენია, რომ ვინმემ თავისი სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულოს ტრუსის ამარა. ეს არის ისეთი საგამონაკლისო შემთხვევა, რომ ყველა ობიექტური ადამიანი ირწმუნებს გამართლებულ თ. ტ-ა და მოწმე უ. ი-ს ჩვენებებს, რომ მათ არ იცოდნენ, ვინ იყო ხეზე ასული, პისტოლეტით ხელში მდგარი პირი, რომელიც მათ მოუწოდებდა, შეეწყვიტათ თევზაობა. საკასაციო სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ მხოლოდ მოწმეების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამმართველოს თანამშრომლების - ნ. პ-ის, ა. ფ-ა და დ. ნ-ს ჩვენებები, რომ თ. ტ-ი აგრესიულად არის განწყობილი მათი თანამშრომლების მიმართ, არ არის საკმარისი მტკიცებულება დამნაშავედ ცნობისათვის.

12. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გამართლებული თ. ტ-ი და მოწმე უ. ი-ი არაფერს აკეთებდნენ კანონსაწინააღმდეგოს, რაც დადასტურებულია საქმის მასალებით; აღნიშნულთან მიმართებით საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო დაედასტურებინა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ შემთხვევის დროს თ. ტ-ი და უ. ი-ი ეწეოდნენ უკანონო თევზჭერას ელექტროშოკის აპარატის გამოყენებით. საქმეში ელექტროშოკური აპარატი, როგორც მტკიცებულება, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ თ. ტ-ა და უ. ი-ის მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული სამართალწარმოება, რომელიც დაწყებული იყო 2019 წლის 22 მარტს შესაძლო უკანონო თევზჭერის ფაქტთან დაკავშირებით.

13. პროკურორ შალვა ნიკვაშვილის მიერ საკასაციო საჩივარში გადმოცემული პოზიცია, რომ თ. ტ-ი ცნობილი ბრაკონიერია, საქმის მასალებით არ დასტურდება. პროკურორი აპელირებს ბრალდების მხარის მოწმეთა - ბ. შ-ის, გ. ნ-ს, დ. ნ-ა და ა. ფ-ს ჩვენებებზე, რომლებიც თ. ტ-ს ცნობილ ბრაკონიერად მოიხსენიებენ და აღნიშნავენ, რომ თ. ტ-ი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლების მიმართ, ზოგადად, აგრესიულად იყო განწყობილი.

14. სახელმწიფო ბრალმდებელს არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ თ. ტ-ს ბრაკონიერობის გამო ერთხელაც კი არ ჰქონია დადებული ადმინისტრაციული სახდელი და იგი არც ადმინისტრაციული წესითაა გასამართლებული.

15. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობდა თ. ტ-ის მსჯავრდებისათვის აუცილებელი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

16. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება ისეთი ბრალდებების საფუძველზე, რაც არ არის სარწმუნოდ დადასტურებული კანონით დადგენილი წესით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს, ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

17. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).

18. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა, მტკიცებულებათა სათანადო და ობიექტური შეფასების შედეგად, სამართლიანად გადაწყვიტეს გონივრული ეჭვი ბრალდებულის სასიკეთოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

19. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ შალვა ნიკვაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი