საქმე # 020100122005405669
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №722აპ-22 ქ. თბილისი
ს-ე თ, 722აპ-22 18 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. თ. ს-ს, - დაბადებულს ... წლის ... იანვარს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა თ. ს-მ 2021 წლის 14 დეკემბერს, წ-ი, თ. მ-ს ქუჩა №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან ქორწინებაში მყოფ პირს - გ. ფ-ს, რა დროსაც ერთხელ დაარტყა მუშტი შუბლის არეში, რის შედეგადაც გ. ფ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2021 წლის 14 დეკემბერს, წ-ი, თ. მ-ს ქუჩა №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თ. ს-მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან ქორწინებაში მყოფ პირს - გ. ფ-ს, რა დროსაც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას, კერძოდ, უთხრა, რომ იმ საღამოს მოკლავდა, რა დროსაც გ. ფ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის განაჩენით:
2.1. თ. ს-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან.
2.2. თ. ს-ს განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განაჩენის გაუქმება, თ. ს-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და შესაბამისი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა თ. ს-ის მიერ მეუღლის - გ. ფ-ს მიმართ ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენას.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანება.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა გ. ფ-მ (თ. ს-ს მეუღლემ) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
10. მოწმის სახით დაკითხული მ. ს-ს ჩვენებით დადგენელია, რომ მუშაობს შსს წ-ის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2021 წლის 15 დეკემბერს იყო მორიგე და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. 00:20 საათზე პოლიციის შენობაში შევარდა ატირებული ქალბატონი, რომელმაც განაცხადა, რომ იყო გ. ფ-ა. მისივე განმარტებით, მეუღლემ - თ. ს-მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
11. იგივე ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ა. წ-მ.
12. ამდენად, მოწმეების - მ. ს-ა და ა. წ-ს ჩვენებები შინაარსით არის ირიბი, ვინაიდან ისინი არ არიან ფაქტის თვითმხილველნი და გადმოსცემენ დაზარალებულ გ. ფ-ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას თ. ს-ს მხრიდან მის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
13. რაც შეეხება გამოძიების ეტაპზე გამოკითხულ მოწმეებს - ი. შ-ა და მ. ჩ-ს, არცერთ მათგანს არ დაუდასტურებია თ. ს-ის მიერ მეუღლის მიმართ ძალადობისა და მუქარის ჩადენის ფაქტები. მათი განმარტებით, თ. გ-ს ფიზიკურად არ შეხებია და მისთვის მუშტი არ დაურტყამს, მხოლოდ უყვიროდა და ხმამაღლა ეუბნებოდა, ჩქარა გამოეტანა საჭმელი; მათი თანდასწრებით თ-ს არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია გ-ს და არც მოკვლით დამუქრებია.
14. შესაბამისად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა არათუ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ 2021 წლის 14 დეკემბერს თ. ს-მ მუშტი დაარტყა შუბლის არეში მასთან ქორწინებაში მყოფ გ. ფ-ს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და თ. ს-ე გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
16. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი