Facebook Twitter

საქმე # 180100121004938225

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №735აპ-22 ქ. თბილისი

მ-ე ა., 735აპ-22 18 ოქტომბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ბ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 დეკემბრის განაჩენით:

1.1. ა. მ-ე, - დაბადებული ... წლის ... ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,ე“ ქვეპუნქტებით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ა. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 11 აპრილიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. მ-მ ჩაიდინა ძალადობა, ე.ი. სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არაერთგზის; მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; გამოძალვა, ე.ი. ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის სექტემბრის დასაწყისიდან 2021 წლის იანვრის დასაწყისის ჩათვლით, ა-ს რაიონის სოფელ გ-ი მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალი ა. მ-ე ეჭვიანობის ნიადაგზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - მ. ბ-ს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცყოფას, რის შედეგადაც მ. ბ-ი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

· მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით 2019 წლის 13 აგვისტოს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით გასამართლებულმა ა. მ-მ 2021 წლის 4 თებერვალს, ა-ს რაიონის სოფელ გ-ი მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, ორსულ მეუღლეს - მ. ბ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მარჯვენა ხელი ძლიერად მოუჭირა მარჯვენა ხელზე, თმა მოქაჩა და დააგდო იატაკზე, რის შემდეგაც რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა მარჯვენა ფეხი მუცლის არეში, ასევე, ხის ჯოხი დაარტყა ხერხემლის არეში. თითოეული დარტმის შედეგად მ. ბ-ა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2021 წლის 31 მარტს მ-ს რაიონის სოფელ ა-ი მდებარე, მ. ბ-ს საცხოვრებელ სახლში ალკოჰოლით მთვრალი ა. მ-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - მ. ბ-ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2021 წლის 1 აპრილს, დილის საათებში, ა. მ-ე მივიდა მ-ს რაიონის სოფელ ა-ი მდებარე ყოფილი მეუღლის - მ. ბ-ს საცხოვრებელ სახლთან და ფულადი თანხის გამოძალვის მიზნით, გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინებები - მოსთხოვა 3000 ლარის ჩარიცხვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა მოკვლით, რის შედეგადაც მ. ბ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ ა. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ბ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განაჩენის გაუქმება და ა. მ-ს გამართლება.

4.1. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოჩა ცინცაძემ შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ ა. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ბ-ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო, შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, უარს აცხადებს საქმის განხილვაზე, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება მცირე დასაბუთებით დაკმაყოფილდეს“ (,,მარინი ალბანეთის წინააღმდეგ“ (Marini v. Albania), N3738/02, 18/12/2007, §106); საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. ამავდროულად, სასამართლო არ არის ვალდებული, მხარეს მის მიერ წამოჭრილ ყველა საკითხზე უპასუხოს, არამედ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დასაბუთებული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ მთავარ და ძირითად საკითხებს (იხ. საქმე „ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ,“ (Van de Hurk v. Netherlands), N16034/90, 19/04/1991, §61).

7. საკასაციო სასამართლო კასატორის - მსჯავრდებულ ა. მ-ს ადვოკატის მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,ე“ ქვეპუნქტებით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი.

8. საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილი, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,ე“ ქვეპუნქტები (ძალადობა, ე.ი. სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, ჩადენილი არაერთგზის):

8.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით დასჯადია ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასათვალისწინებელია მითითებული დანაშაულის სპეციფიკური ხასიათი, რადგან მას გააჩნია ლატენტური ბუნება და მსგავსი კატეგორიის დანაშაულები მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა.

8.2. საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულ მ. ბ-ს ჩვენებას, რომელიც, დაცვის მხარის შეფასებით, არასანდოა. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა დეტალურად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერა ა. მ-ნ თანაცხოვრების პერიოდში მის მიმართ ჩადენილი როგორც სისტემატური შეურაცხყოფისა და ფიზიკური ძალადობის, ისე გამოძალვისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის დეტალები და ამომწურავად ისაუბრა ა. მ-ს ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების თითოეულ ეპიზოდზე. საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მ. ბ-ს რაიმე სახის ინტერესი გააჩნდა უშუალოდ მსჯავრდებულის მიმართ, რის გამოც მან იცრუა სასამართლოს წინაშე და ამოძრავებდა ა. მ-ს უმიზეზოდ დასჯის სურვილი.

8.3. დაზარალებულ მ. ბ-ს ჩვენება ა. მ-ს მიერ სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ეპიზოდებში შეესაბამება დედის - მ. ბ-ს, დის - თ. ბ-ა და დისშვილის - ა. წ-ს ჩვენებებს, რომლებიც, მართალია, ძალადობის ფაქტებს უშუალოდ არ შესწრებიან და მათი ჩვენებების ნაწილი მართლაც შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რაც დაზარალებულისგან გახდა ცნობილი, მაგრამ აღნიშნულ მოწმეთა მონათხრობი ასევე ეხება ისეთ ფაქტებსა და გარემოებებს, რაც მათ საკუთარი თვალით იხილეს.

8.4. მოწმეებმა - მ. ბ-ა, თ. ბ-ა და ა. წ-ა, რომლებმაც შემთხვევის შემდეგ ნახეს დაზარალებული მ. ბ-ი, ნათლად მიუთითეს დაზარალებულის ემოციურ მდგომარეობაზე და დაადასტურეს მის სხეულზე არსებული ფიზიკური დაზიანებების არსებობის ფაქტი. მოწმე თ. ბ-ს ჩვენებით, 2021 წლის თებერვლის შუა რიცხვებში მასთან ჩავიდა მ. ბ-ი, რომელმაც უთხრა, რომ ა. მ-ე აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და ეჭვიანობის გამო სისტემატურად სცემდა, რის შედეგადაც მოეშალა მუცელი. მ. ბ-ა ასევე ანახა ცემის შედეგად მიყენებული, მის სხეულზე არსებული ძველი იარები. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას მ. ბ-ც. მოწმე ა. წ-ა აჩვენა, რომ 2021 წლის თებერვლის შუა რიცხვებში ნახა აღელვებული მ. ბ-ი, რომლის თქმითაც, ა. მ-ე უსაფუძვლო ეჭვიანობის გამო სისტემატურად სცემდა და მას მუცელიც კი მოეშალა ცემის შედეგად. დაზარალებულ მ. ბ-ს ფიზიკური დაზიანებების მიყენების ფაქტი დასტურდება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №... სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც.

8.5. დაზარალებულ მ. ბ-ს ჩვენების სანდოობას განამტკიცებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნა და მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის - მ. ბ-ს ჩვენება, რომლის თანახმად, წარდგენილი სისხლის სამართლის მასალებისა და მ. ბ-ს ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, ა. მ-ს ქმედებებით დაზარალებულმა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

8.6. ოჯახში ძალადობა წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შელახვას და თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი ურთულესი სოციალური და სამართლებრივი გამოწვევაა. ოჯახში ძალადობის არსი შესაძლებელია, დახასიათდეს გარკვეული კრიტერიუმების მეშვეობით: ძალადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნება, შელახულია მისი ხელშეუხებლობა, ღირსება და თავისუფლება - მისი ბუნებითი უფლებები (თავისუფლებისა და ბედნიერებისაკენ სწრაფვის ფუნდამენტური უფლებები); ამასთან, ოჯახში ძალადობის დროს ვლინდება ძალთა დისბალანსი, უთანასწორობა (მაგ., გენდერული უთანასწორობა); ძალადობის მეშვეობით მოძალადე ესწრაფვის მსხვერპლზე ძალაუფლებისა და კონტროლის შესაძლებლობის მოპოვებას; ძალადობის შედეგები შესაძლებელია, გამოვლინდეს ფიზიკური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ზიანის სახით. ოჯახში ძალადობა ხშირად დაფარულია საზოგადოებისგან, ვინაიდან ძალადობა ხდება ოჯახის წევრის ან წევრების მიერ ოჯახის სხვა წევრის/წევრების მიმართ და მის შესახებ ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში დახურულ სივრცეში რჩება.

8.6.1. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებული მოწყვლადობა და მათი დაცვის პროცესში სახელმწიფოს აქტიური ჩართვის აუცილებლობა ხაზგასმულია არაერთ საერთაშორისო ინსტრუმენტსა და პრეცედენტულ სამართალში (იხ. Z.B. v Croatia, no. 47666/13, §50-51, ECtHR, 11/07/2017; Opuz v Turkey, no. 33401/02, §§ 72-86, ECtHR, 09/09/2009; Hajduová v. Slovakia, no. 2660/03, § 46, ECtHR, 30/11/2010; Bevacqua and S. v. Bulgaria, no. 71127/01, §§ 64-65, EctHR, 12/06/2008).

8.7. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

8.8. ამდენად, ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებში ასახული ინფორმაცია შეიცავს იმგვარ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც უტყუარად ადასტურებს მსჯავრდებულ ა. მ-ს ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილის, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,ე“ ქვეპუნქტების ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის არსებობის ფაქტს და, შესაბამისად, მსჯავრდების ამ ეპიზოდში დაცვის მხარის პოზიცია, რომ დაზარალებულის ჩვენება არ დასტურდება სხვა მტკიცებულებით, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს და სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

9. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი (მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ); 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (გამოძალვა, ე.ი. ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა):

9.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.

9.2. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.

9.3. საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის თანახმად, დასჯად ქმედებას წარმოადგენს გამოძალვა, ე.ი. სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების ან/და მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები.

9.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2020 წლის 31 მარტისა და 2021 წლის 1 აპრილის ეპიზოდებზე - ა. მ-ს მიერ მ. ბ-ს მიმართ მუქარისა და ფულადი თანხის გამოძალვის ფაქტებზე თანმიმდევრული და ნათელი წარმოდგენა შექმნეს მოწმეებმა - მ. ბ-ა, თ. ბ-ა და ა. წ-ა, რომლებიც მომხდარის უშუალო მონაწილეები იყვნენ და მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულის ჩვენების იდენტურად აღწერეს ა. მ-ს მხრიდან მ. ბ-ს მიმართ ჩადენილი მუქარისა და ფულადი თანხის გამოძალვის დეტალები. ასევე - დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დაზარალებულ მ. ბ-ს თანხმობით დათვალიერდა კუთვნილ მობილურ ტელეფონში შენახული, ა. მ-ს მიერ გაგზავნილი მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ე.წ „სქრინშოთები“, რომლებიც შეიცავს უტყუარ ინფორმაციას ა. მ-ს მხრიდან მუქარასა და თანხის გამოძალვასთან დაკავშირებით. შეტყობინებებში ნათლად არის დაფიქსირებული როგორც სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ისე - დაზარალებულისაგან თანხის გადაცემის მოთხოვნა, კერძოდ: ა. მ-ე თ. ბ-ს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიმართავს უწმაწური სიტყვებით, სწერს, რომ თანხა ჩარიცხოს ანგარიშზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ,,არ დაინდობს, თავს მოაჭრის და ეს მისი უკანასკნელი გაფრთხილებაა“.

9.5. დაზარალებულ მ. ბ-ს ჩვენებას განამტკიცებს და ა. მ-ს მიერ მუქარისა და გამოძალვის ჩადენას ადასტურებს თავად დაზარალებულის მიერ სამართალდამცავ ორგანოში წარდგენილი განცხადება, რომ მისი მეუღლე ემუქრება სიცოცხლის მოსპობით; ასევე №009160 შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომელიც გაცემულია მსხვერპლის - მ. ბ-ს დასაცავად მის მიმართ ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტთან დაკავშირებით; დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული, 2021 წლის 1 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომლის მიმდინარეობისას დაზარალებულმა მ. ბ-ა იმავე შინაარსით აღწერა ა. მ-ს მხრიდან მის მიმართ ჩადენილი მუქარის დეტალები, როგორც ეს გადმოსცა თავის ჩვენებებში.

9.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია დაზარალებულის ცალსახა ჩვენება მუქარით გამოწვეული შიშის რეალურობის თაობაზე, რაც გამყარებულია დანარჩენ თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებით. იმ პირობებში, როდესაც მუქარის თაობაზე დაზარალებულმა დაუყოვნებლივ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს, რაც ასახულია სხვადასხვა დოკუმენტში, მუქარის ფაქტი ეჭვს არ იწვევს. ამასთან, შეუძლებელია მრავალჯერ ფიზიკური ძალადობის შედეგად დამმუქრებლის პიროვნებამ არ გამოიწვიოს შიში. მუქარის დროს საფრთხის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები თავად მსჯავრდებულის პიროვნებაც, რომელიც წარსულში ნასამართლევია ძმისა და არასრულწლოვანი მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის, რის შესახებაც ასევე ცნობილი იყო მ. ბ-ს.

9.7. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142), რაც ამ შემთხვევაში ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით ნათლად არის გამოკვეთილი.

9.8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ეპიზოდშიც წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება როგორც სიცოცხლის მოსპობის მუქარის, ისე ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტი.

10. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ა. მ-ს მსჯავრდების თითოეული ეპიზოდი ეფუძნება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მტკიცების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და დაცვის მხარის მოსაზრებები მტკიცებულებათა არასაკმარისობის თაობაზე არ გამომდინარეობს წარმოდგენილი საქმის მასალებიდან; სააპელაციო სასამართლომ ა. მ-ს ბრალდების საქმე განიხილა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. განსახილველი საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენაში.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი