საქმე # 190100121004724254
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №737აპ-22 ქ. თბილისი
ჩ-ა გ 37აპ-22 18 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ჩ-ს, - დაბადებულს ... წლის ... ნოემბერს, - ბრალად ედება გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა; ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
· გ. ჩ-ა უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში სისტემატურად, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - თ. ა-ს. მიაჩნდა, რომ თ. ა-ი, როგორც მისი მეუღლე, ვალდებული იყო, შეესრულებინა მისი სექსუალური ფანტაზიები, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ეუბნებოდა, რომ არც ცოლად ვარგოდა და არც ქალად. გ. ჩ-ა მეუღლეს შეურაცხყოფას აყენებდა მაშინაც, როცა არ მოსწონდა მისი მომზადებული საჭმელი, მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით: „არაფრის გაკეთება შენ აღარ იცი, არაფრის მაქნისი აღარ ხარ, არაფრად ვარგიხარ“. ასევე, ეჭვიანობდა და უწმაწური სიტყვებით ეჩხუბებოდა, როდესაც თ. ა-ს თავის მეგობრებთან ჰქონდა ურთიერთობა. აღნიშნული ქმედებებით თ. ა-ა განიცადა ტანჯვა.
· 2021 წლის 9 აპრილს, 08:30 საათზე, გ. ჩ-მ ნომრიდან ..., საკომუნიკაციო ქსელ ,,ვაიბერის“ მეშვეობით, მეუღლეს - თ. ა-ს გაუგზავნა საკანცელარიო დანის სურათები და მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობა, რომ ,,აღნიშნული საგნით მოუღებდა ბოლოს, ისე დასერავდა და დაასახიჩრებდა, რომ ვერავის ეცნო“, რა დროსაც თ. ა-ს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით:
2.1. გ. ჩ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. გ. ჩ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.
2.3. გ. ჩ-ს განემარტას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ, ზურაბ კოჭლამაზაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განაჩენის გაუქმება და გ. ჩ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ჩ-ს მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა თ. ა-ა, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უარი განაცხადა გ. ჩ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ჩ-ს ბრალდების მხარე ედავება მეუღლის მიმართ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში სისტემატურ შეურაცხყოფასა და 2021 წლის 9 აპრილს მუქარის ჩადენას. ზემოაღნიშნული მტკიცებულებები მხოლოდ ფრაგმენტულად შეეხება განსახილველ დანაშაულებს, ამასთან, ყველა მათგანი დაზარალებულის ინიციატივით ან კარნახითაა შედგენილი. საქმეზე არ არის დაკითხული ერთი მოწმეც კი, რომელიც თუნდაც დაზარალებულის ნაამბობს გადმოსცემდა მის მიმართ შეურაცხყოფის სისტემატურობაზე, რაც სამ ეპიზოდს მაინც უნდა მოიცავდეს დროის მოკლე მონაკვეთში. მტკიცებულებათა ანალიზით შეუძლებელია, დადგინდეს გ. ჩ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების სავალდებულო ობიექტური ნიშნების, მუქარის შემთხვევაში - შიშის, ხოლო სისტემატური შეურაცხყოფის შემთხვევაში - ტანჯვის განცდის ფაქტები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში არ მოიპოვება ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა თ. ა-ა სამართალდამცავ ორგანოს მიმართ 2021 წლის 17 აპრილს სხვა ფაქტზე, ხოლო გ. ჩ-ს ბრალი აქვს წარდგენილი 2021 წლის 9 აპრილს ჩადენილ მუქარის ფაქტზე.
9. საკასაციო პალატა სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ საკასაციო საჩივარში სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდში სასამართლოს მიერ ირიბი ჩვენებების გამოყენების მიზანშეწონილობაზე განვითარებულ მსჯელობასთან მიმართებით მიუთითებს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ირიბი ჩვენებები გ. ჩ-ს ბრალდების დასადასტურებლად.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
11. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი