Facebook Twitter

საქმე # 330100121005078953

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №783აპ-22 ქ. თბილისი

ბ-ი რ., 783აპ-22 18 ოქტომბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიასა და მსჯავრდებულ რ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ლ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. რ. ბ-ს, - დაბადებულს ... წლის ... ნოემბერს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 30 ივლისს, ქ. თ-ი, წ-ს დასახლებაში, მ-ს ქუჩა, კორპუსი №..., ბინა №...-ში, რ. ბ-ა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ც. ლ-ს, კერძოდ, ყელში წაუჭირა ხელი და მუშტი დაარტყა თავის არეში. თითოეული ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა ც. ლ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2021 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქ. თ-ი, წ-ს დასახლებაში, მ-ს ქუჩა, კორპუსი №..., ბინა №...-ში, რ. ბ-ა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ც. ლ-ს, კერძოდ, სამჯერ ჩაარტყა მუშტი თავის არეში და ყელში წაუჭირა ხელი. თითოეული ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა ც. ლ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2021 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქ. თ-ი, წ-ს დასახლებაში, მ-ს ქუჩა, კორპუსი №..., ბინა №...-ში, რ. ბ-ი ხელთნაქონი საკანცელარიო დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს -ც. ლ-ს, კერძოდ, განუცხადა, რომ გამოჭრიდა ყელს. ც. ლ-მ რ. ბ-ს მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 დეკემბრის განაჩენით:

2.1. რ. ბ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 30 ივლისის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 14 აგვისტოს ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 14 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. გამართლებულ რ. ბ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.

2.3. რ. ბ-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი და მის ნაცვლად სასამართლომ გამოიტანა ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი.

3.2. რ. ბ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2021 წლის 30 ივლისის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

3.3. რ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 14 აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით.

3.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით.

3.5. რ. ბ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო აღნიშნული განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 2 ივნისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2021 წლის 22 აგვისტოდან იმავე წლის 27 დეკემბრის ჩათვლით.

4. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ბარამიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: რ. ბ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

4.1. კასატორმა - მსჯავრდებულ რ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ლ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: რ. ბ-ს უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 14 აგვისტოს ეპიზოდი), ხოლო სხვა ნაწილში - განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 14 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდების შესახებ და აღნიშნავს, რომ არ არსებობს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ვინაიდან ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის განაჩენის მოტივაციას (მტკიცებულებების შეფასების ნაწილშიც) და ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001) - ყურადღებას გაამახვილებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მხოლოდ ცალკეულ მტკიცებულებებზე, კერძოდ:

7. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) კონვენციის მიზნებისთვის, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. კონვენციის თანახმად, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.

8. საქმის არსებით განხილვაზე ც. ლ-მ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და რ. ბ-ს წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება.

9. შეტყობინების ოქმის თანახმად, 2021 წლის 14 აგვისტოს, 08:05 საათზე, ც. ლ-მ შეატყობინა 112-ს, რომ მეუღლემ სცემა, რის გამოც სახლიდან გაიქცა და იმყოფება საცხოვრებელ სახლთან.

10. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით, ც. ლ-ს გაეწია სამედიცინო დახმარება დიაგნოზით: თავის ზედაპირული ტრავმა, სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარგანზრახული. ც. ლ-ს აღენიშნებოდა ჰემატომა თავის არეში, რაც პირადი შემოწმებისას - 2021 წლის 16 აგვისტოს არ აღენიშნებოდა. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღნიშნული დაზიანება (ჰემატომა) განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო დაზიანების ხანდაზმულობაზე ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს მისი მორფოლოგიური სურათის არასრულფასოვანი აღწერილობის გამო. შესამოწმებლის გადმოცემით - 2021 წლის 14 აგვისტოს, დილის საათებში, მეუღლემ წაუჭირა ხელი კისერში ძლიერად და თავში ჩაარტყა მუშტი, ასევე ემუქრებოდა დანით, თუმცა დაზიანება არ მიუყენებია. პირადი შემოწმების მონაცემებით, ც. ლ-ე შემოწმების მომენტში უჩიოდა ტკივილს თავის მიდამოში.

11. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ადვოკატ რ. ლ-ს პოზიციას, რომლის თანახმად, საქმეში ერთადერთი პირდაპირი მოწმე, რომელსაც შეეძლო ჩვენება მიეცა სასამართლოსათვის, იყო დაზარალებული ც. ლ-ე, რომელმაც ოჯახის წევრის - მეუღლის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება; მისი აზრით, თითქოს რ. ბ-ს საქმეში გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი გახდა მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გამოჯნოს რომელი ჩვენება ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი N97აპ-20). შესაძლებელია, რომ მხოლოდ ჩვენების ნაწილი ეხებოდეს გარემოებას (რაც მოცემულ შემთხვევაშიც არის გამოკვეთილი), რომელიც სხვა პირისგან გახდა ცნობილი. მოცემულ შემთხვევაში, მოწმეების - ნ. ს-ს, მ. ჯ-ს, ი. გ-ს, ე. ლ-ს ჩვენებები იმ ნაწილში, სადაც ისინი აღწერენ დაზარალებულის ვიზუალურ მდგომარეობას - ც. ლ-ს თავზე აღენიშნებოდა ორი ჰემატომა, ასევე, მოწმე მ. ჯ-ს განმარტება ც. ლ-ს ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებით - იყო ხმაურიანი, ტიროდა, ამბობდა, რომ აღარ შეეძლო და უნდოდა ამ ყველაფრის დასრულება, არ წარმოადგენს ირიბს.

13. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას, რომლის თანახმად, ის ფაქტი, რომ ც. ლ-მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გარანტირებული უფლებით, უპირობოდ არ გულისხმობს მოწმის ახლო ნათესავის გამართლებას წარდგენილ ბრალდებაში.

13.1. ც. ლ-მ თავად შეატყობინა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს, 112-ს ძალადობის შესახებ. საქმის მასალებით არ დგინდება რაიმე დაინტერესების არსებობა დაზარალებულის მხრიდან. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ც. ლ-ს თავის მიდამოში, შუბლ-თხემის მარცხენა ზედა მხარეს აღენიშნებოდა მოწითალო ფერის კოპი (ჰემატომა), ასევე თავის მიდამოში, შუა ნაწილში აღენიშნებოდა მცირე ზომის მოწითალო ფერის კოპი (ჰემატომა). აღნიშნული დაზიანებების შესახებ მიუთითეს მოწმეებმა - ნ. ს-მ, მ. ჯ-ა, ი. გ-ა, ე. ლ-ა, ასევე მითითებულია შემაკავებელი ორდერის ოქმში. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სამედიცინო ბარათი არ ყოფილა დაუშვებლად მიჩნეული. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ შემაკავებელი ორდერი და ორდერის ოქმი შედგენილია მსხვერპლთან - ც. ლ-ნ პირდაპირი, უშუალო ინტერვიუებით, ოქმში ასახული ინფორმაცია გადმოცემულია ც. ლ-ს მიერ და დადასტურებულია მისივე ხელმოწერით. ასევე, სამედიცინო ექსპერტიზის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ 2021 წლის 14 აგვისტოს, დილის საათებში, მეუღლემ წაუჭირა ხელი კისერში ძლიერად და თავში ჩაარტყა მუშტი. კვლევის დროს შესამოწმებელი განიცდიდა ტკივილს თავის არეში.

13.2. აღნიშნულთან მიმართებით საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ ნებისმიერი სახის სასამართლო ექსპერტიზის და მათ შორის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, როგორც მტკიცებულება, უნდა შეფასდეს არა მხოლოდ მისი ერთი, რომელიმე ნაწილის ან რეკვიზიტის მიხედვით, არამედ მთლიანად, მისი კვლევითი ნაწილის ჩათვლით, რადგან მის თითოეულ ნაწილს გააჩნია მტკიცებულებითი მნიშვნელობა (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N117აპ-18).

14. ამდენად, შეტყობინება, მოწმეების - ნ. ს-ს, მ. ჯ-ს, ი. გ-ს, ე. ლ-ს ჩვენებები, შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნა საკმარისია ძალადობის დასადასტურებლად. ფაქტია, რომ შეტყობინება ძალადობის ფაქტის თაობაზე მიწოდებულია თავად დაზარალებულის მიერ, რომელიც იყო აღელვებული, ტიროდა და გაიქცა სახლიდან. გამომძიებლებმა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა, რომლებმაც პირველებმა ნახეს ც. ლ-ე, დაადასტურეს მის სხეულზე, კერძოდ, თავის არეში ჰემატომების არსებობა. ანალოგიურია მითითებული შემაკავებელი ორდერის ოქმში და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაშიც.

15. დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდასთან დაკავშირებით, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ფიზიკური ტკივილის შეგრძნება“ დამოკიდებულია არა მხოლოდ სუბიექტურ, არამედ ობიექტურ კრიტერიუმზეც - ჩადენილი ქმედების ინტენსივობასა და დაზარალებულისათვის მიყენებულ დაზიანებებზე, რომელთა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დგინდება, განიცადა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედებების მსხვერპლმა ფიზიკური ტკივილი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმე №627აპ-19; №369აპ-20; №443აპ-20). წინააღმდეგ შემთხვევაში ძალადობის ისეთი ფაქტები, სადაც დაზარალებულის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით შეუძლებელია მსხვერპლის მიერ განცდილი ტკივილის ვერბალურად გადმოცემა, დაუსჯელი დარჩებოდა.

16. საკასაციო სასამართლოს, სააპელაციო პალატის მსგავსად, მიაჩნია, რომ მართალია, სასამართლო სხდომაზე დაზარალებულს განცდილ ფიზიკურ ტკივილთან დაკავშირებით არ უსაუბრია, მაგრამ მის მიერ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვა, ობიექტური კრიტერიუმი - ორი ჰემატომა თავის არეში, მოწმეთა განმარტებები, ექიმ ნ. ს-ს აღნიშვნა, რომ ც. ლ-ე იტკიებდა დაზიანებულ ადგილებს, სასამართლოს არწმუნებს იმაში, რომ ძალადობის შედეგად ც. ლ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი რ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 14 აგვისტოს ეპიზოდი) მსჯავრდების ნაწილში ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ რ. ბ-ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შესაბამისი მუხლების სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

18. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას რ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2021 წლის 30 ივლისის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მითითებულ ეპიზოდებთან მიმართებით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ბრალდების მხარემ 2021 წლის 14 აგვისტოს მუქარისა და 2021 წლის 30 ივლისის ძალადობის ეპიზოდებთან დაკავშირებით ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის წარმოდგენა.

19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ყველა მტკიცებულება, რაც წარმოადგინა ბრალდების მხარემ, ეხება 2021 წლის 14 აგვისტოს ეპიზოდს. მხოლოდ შემაკავებელი ორდერის ოქმშია მითითებული ც. ლ-ს განმარტება, რომ მეუღლემ 2019 წლის ივლისში იძალადა მასზე. რ. ბ-ს ბრალი დაედო 2021 წლის 30 ივლისის ძალადობის ეპიზოდში. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ც. ლ-მ საგამოძიებო ორგანოებს მიმართა დაგვიანებით, შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოსათვის მიმართვის დრომ - 2021 წლის 30 ივლისის ფაქტთან მიმართებით უფრო შეამცირა რ. ბ-ს მხრიდან დანაშაულებრივი ფაქტის დადასტურების ალბათობა, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს არამხოლოდ სუბიექტური, არამედ სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.

21. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20, N1001აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები ან დაზარალებულმა კატეგორიულად დაადასტურა, რომ რაიმე სახის შიში არ განუცდია, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

23. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ც. ლ-მ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და რ. ბ-ს წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება.

24. შემაკავებელი ორდერის ოქმის არაერთ პუნქტში ნამდვილად ასახულია ც. ლ-ს მიერ მიწოდებული ინფორმაცია 2021 წლის 14 აგვისტოს რ. ბ-ს მიერ ჩადენილი მუქარის შესახებ; თუმცა, იმ დროს, როდესაც რ. ბ-ს სახელმწიფო ბრალდებამ ბრალი დასდო საკანცელარიო დანით მუქარის ჩადენაში, არ უცდია ამ საგნის მოპოვება. შესაბამისად, მხოლოდ შემაკავებელი ორდერის ოქმი არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

25. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობას და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

26. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა რ. ბ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2021 წლის 30 ივლისის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

27. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრების შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

28. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიასა და მსჯავრდებულ რ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ლ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი