საქმე # 010143822005568774
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №40I-22 თბილისი
ჩ-ე რ, 40I -22 26 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის - ნ. ფ-ს საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 იანვრის განაჩენით დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი და სამოქალაქო მოსარჩელე, სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ, სამოქალაქო მოპასუხეებს – ზ. ზ-ს, რ. ჩ-ს, მ. გ-ა და მ. ლ-ს სოლიდარულად დაეკისრათ 404 143,2 ლარის ანაზღაურება.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 5 აგვისტოს განაჩენით ზ. ზ-ს, მ. გ-ს, რ. ჩ-ა და მ. ლ-ის მიმართ დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. აღნიშნულ საპროცესო შეთანხმებას საფუძვლად დაედო მსჯავრდებულების - ზ. ზ-ის, მ. გ-ის, რ. ჩ-ს მიერ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ნაწილის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 164 143 ლარი ზ.ზ-ს, მ. გ-ა და რ. ჩ-ს უნდა აენაზღაურებინათ 2017 წლის 5 აგვისტომდე, რასაც პროკურორი ასევე ითხოვდა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობით.
3. მსჯავრდებულებმა სამოქალაქო სარჩელით დაკისრებული თანხა არ გადაიხადეს დადგენილ ვადაში, რაც მითითებული იყო საპროცესო შეთანხმების ოქმში, რის გამოც სახელმწიფო ბრალმდებელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 აგვისტოს განაჩენი ზ. ზ-ნ, მ. გ-ა და რ. ჩ-ნ დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და მოითხოვა განაჩენის გაუქმება და საქმის დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაბრუნება.
4. 2018 წლის 8 თებერვალს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს წარდგენილი საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, ვინაიდან ზ. ზ-ე, მ. გ-ე და რ. ჩ-ე საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა და ისინი გათავისუფლდნენ როგორც ძირითადი, ისე - დამატებითი სასჯელების მოხდისაგან, მათვე მოეხსნათ ნასამართლობა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებით დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 აგვისტოს განაჩენზე არ იქნა განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.
6. 2018 წლის 18 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის წარმომადგენელმა და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა ზ. ზ-ს, მ. გ-ა და რ. ჩ-ის მიმართ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 იანვრის განაჩენით დაკისრებული სამოქალაქო სარჩელის თანხის დარჩენილი ნაწილის - 164 143 ლარის ასანაზღაურებლად.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განჩინებით შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 5 აგვისტოს განაჩენი გამოიტანა საქმის არსებითი განხილვის გარეშე და მითითებულ განაჩენში სასამართლოს სამოქალაქო სარჩელის თანხაზე არ უმსჯელია.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განჩინება შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტმა გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელმაც 2020 წლის 3 დეკემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე და უცვლელად დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განჩინება.
9. 2022 წლის 17 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე გასცა სააღსრულებო ფურცელი სამოქალაქო სარჩელის ნაწილში აღსასრულებლად.
10. 2022 წლის 4 თებერვალს ერთ-ერთმა მოპასუხემ, მსჯავრდებულმა რ. ჩ-მ საჩივრით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაუქმება იმ მოტივით, რომ აღნიშნულ საკითხზე საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკვე ნამსჯელი ჰქონდა.
11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცელი - სისხლის სამართლის N1-490/10 საქმეზე სამოქალაქო სარჩელის სახით დაკისრებული თანხის აღსრულების ნაწილში გაუქმდა.
12. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტმა. საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის განჩინების გაუქმება და შესაბამისად, გაცემული სააღსრულებო ფურცლის ძალაში დატოვება.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინებით შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის - ნ. ფ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის განჩინება (ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 2022 წლის 17 იანვარს სისხლის სამართლის N1–490/10 საქმეზე სამოქალაქო სარჩელის სახით დაკისრებული თანხის აღსრულების ნაწილში გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე) დარჩა უცვლელად.
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინება საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსმა - ნ. ფ-ა, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინების გაუქმება და გაცემული სააღსრულებო ფურცლის ძალაში დატოვება.
15. წარმოდგენილი საჩივრის მიხედვით, სამოქალაქო სარჩელის აღსრულებასთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ არსებობს. გარდა ამისა, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით სისხლის სამართლის საქმის განმხილველ სასამართლოს არ გააჩნია ასეთი მოთხოვნის საკანონმდებლო საფუძველი, თავად უნდა განესაზღვრა, რომელი სასამართლოს უფლებამოსილებაში შედიოდა აღნიშნული საკითხის განხილვა. საჩივრის ავტორი არ იზიარებს მითითებას, რომ განსახილველ საქმეზე დასრულებულია სამართალწარმოება, განაჩენი აღსრულებულია და სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან განაჩენი აღსრულებულია მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის მსჯავრდებით და არა - სამოქალაქო სარჩელის ნაწილში. ამასთან, ის გარემოება რომ ზ. ზ-ე, მ. გ-ე და რ. ჩ-ე საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა და გაათავისუფლა როგორც ძირითადი, ასევე - დამატებითი სასჯელის მოხდისაგან, არ შეიძლება გახდეს მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი, რადგან მათი ქმედებით ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 იანვრის განაჩენის აღსრულებისა და სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული დარჩენილი ზიანის ანაზღაურების მიზნით, სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მათ მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც დააკმაყოფილა შუამდგომლობა და 2022 წლის 17 იანვარს გასცა სააღსრულებო ფურცელი. შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსი - ნ. ფ-ი სწორედ აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის ძალაში დატოვებას ითხოვს.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლის (თანხის აღსრულების ნაწილში) გაცემის შემდეგ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულ რ. ჩ-ს საჩივარზე დაყრდნობით, ამომწურავად იმსჯელა და 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით იგი გააუქმა.
4. ყურადსაღებია, ზემოხსენებული განჩინების მოტივაცია, კერძოდ, მასში მითითებულია, რომ:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით (03/12/2020), რომელიც სამოქალაქო სარჩელის ნაწილში სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნას უკავშირდებოდა (ანალოგიურად დარჩენილი თანხის - 164 143 ლარის ანაზღაურების მიზნით), შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უკვე ნათქვამი ჰქონდა. მოცემული განჩინება თავის მხრივ ჩაჰბარდათ მხარეებს, მათ შორის - შემოსავლების სამსახურს. აღნიშნულის მიუხედავად, შემოსავლების სამსახურმა მაინც მიმართა განაჩენის გამომტან, პირველი ინსტანციის სასამართლოს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა - სამოქალაქო სარჩელით დაკისრებული თანხის აღსრულების ნაწილში. ვინაიდან, შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში განიხილებოდა, აღნიშნული საქმის მასალები საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში რ. ჩ-ა და სხვათა ბრალდების სისხლის სამართლის N1-490/10 საქმეზე არ იყო დართული, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ, რომლისთვისაც ცნობილი არ იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების თაობაზე, შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა (გაიცეს სააღსრულებო ფურცელი სამოქალაქო სარჩელის ნაწილში) დააკმაყოფილა.
5. ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებაში ნათლად არის ახსნილი, თუ რამ გამოიწვია სააღსრულებო ფურცლის გაუქმება და ამასთან, მითითებულია, რომ ანალოგიური მოთხოვნით საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ჩაბარებული ჰქონდათ მხარეებს, მათ შორის - შემოსავლების სამსახურს, რომელმაც არ წარუდგინა სასამართლოს საკასაციო ინსტანციის მიერ 2020 წლის 3 დეკემბერს მიღებული განჩინება.
6. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს ზემოაღნიშნულ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის განჩინებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე. მოცემული განჩინების თანახმად, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის მოთხოვნას ანალოგიურად წარმოადგენდა - სააღსრულებო ფურცლის გაცემა (განჩინების თანახმად, საჩივრის მოტივს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 5 აგვისტოს განაჩენის სამოტივაციო ნაწილში იმსჯელა მსჯავრდებულებისათვის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების პირობის, სამოქალაქო სარჩელით დაკისრებული თანხის დარჩენილი ნაწილის - 164 143 ლარის 2017 წლის 5 აგვისტომდე ანაზღაურების შესახებ).
7. საჩივრის ავტორი უთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განჩინება, რომლითაც შემოსავლების სამსახურს სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე მხოლოდ იმ საფუძვლით ეთქვა უარი, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა საქმის არსებითი განხილვის გარეშე, მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე და სასამართლოს არ უმსჯელია სამოქალაქო სარჩელის ნაწილში. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება საჩივრის ავტორის მიერ გადაწყვეტილების მოცემული ფორმით შეფასებას, ვინაიდან საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2020 წლის 3 დეკემბრის განჩინებაში პასუხი გასცა არა მხოლოდ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების პირობასთან დაკავშირებული საკითხს, არამედ იმსჯელა, რომ ,,მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს სამოქალაქო სარჩელისა და მასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვისა და სასამართლოს მიერ ასეთი მოთხოვნის განხილვის პროცედურას (რაც სამოქალაქო წესით განსახილველი მოთხოვნაა).” ამასთან, აღნიშნა, თუ რატომ არ უნდა ეხელმძღვანელა სასამართლოს საქართველოს ძველი - 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის - ნ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება, უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე, 300-303-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის - ნ. ფ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე