Facebook Twitter

საქმე # 330100119002880745

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №703აპ-22 ქ. თბილისი

ე-ე მ. 703აპ-22 26 ოქტომბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. გ-ას, მსჯავრდებულ მ. ე-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ფ-ის, მსჯავრდებულ თ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ა-ის, მსჯავრდებულ მ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ-ა და თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად:

მ. ე-მ ჩაიდინა მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ სხვა პირი, შეასრულოს თავისი სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება, ჩადენილი არაერთგზის, ანგარებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ; მანვე ჩაიდინა ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა;

თ. კ-მ ჩაიდინა მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ სხვა პირი, შეასრულოს თავისი სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება, ჩადენილი ანგარებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ; მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება; ასევე - ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა;

მ. მ-ა ჩაიდინა მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ სხვა პირი, შეასრულოს თავისი სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება, ჩადენილი ანგარებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

გ. ჩ-ა ჩაიდინა მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ სხვა პირი, შეასრულოს თავისი სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება, ჩადენილი ანგარებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

კ. ე-მ ჩაიდინა მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ სხვა პირი, შეასრულოს თავისი სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება, ჩადენილი ანგარებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ; მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

მ. ე-ს, თ. კ-ის, მ. მ-ს, გ. ჩ-ა და კ. ე-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 26 ივნისის განაჩენით მ. ე-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა‘‘, ,,ე‘‘, ,,ვ‘‘ და ,,ი‘‘ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (მძევლად ხელში ჩაგდება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, 7 დღეზე მეტი ხნის ვადით, ანგარებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია). მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 12 წლით. აღნიშნული დანაშაულისთვის ნასამართლევ მ. ე-ე სასჯელის მიზნებმა (დანაშაულის პრევენცია, დამნაშავის რესოციალიზაცია) ვერ იმოქმედა და მან კვლავ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის ამავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

2018 წლის ოქტომბერში მ. ე-ს, თ. კ-ის, მ. მ-ის, გ. ჩ-ის, კ. ე-ა და ძიების ამ ეტაპზე კონკრეტულად დაუდგენელ სხვა პირთა მიერ შეიქმნა შეთანხმებულად მოქმედი და სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფი, რომლის წევრებისთვის დამახასიათებელი იყო დანაშაულებრივი როლებისა და ფუნქციების განაწილება. აღნიშნული პირები წინასწარ შეკავშირდნენ კონკრეტული დანაშაულის ჩასადენად - მოქალაქე გ. დ-ის მძევლად ხელში ჩაგდების გზით, მამამისის - ა. დ-ნ დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მისაღებად.

ზემოხსენებული დანაშაულებრივი მიზნით მოქმედმა, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, 2018 წლის 11 ოქტომბერს გ. დ-ე მოტყუებით მიიყვანეს განზრახვის განსახორციელებლად ორი დღით სპეციალურად დაქირავებულ ბინაში (მდებარე: თ-ი, მ-ის დასახლებაში, მე-... მ/რ-ნში, კორპუსი N.., ბინა N...-ში) და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, აღუკვეთეს მას თავისუფლება. ამის შემდეგ იგი თანამზრახველებმა ასევე, სპეციალურად რამდენიმე დღით ნაქირავები ,,ტოიოტას‘‘ მარკის, ,,ვიტსის‘‘ მოდელის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით: ....) იძულებით გადაიყვანეს წ-ოს რაიონის სოფელ მ-ი მდებარე, გ. ჩ-ის სახლში, სადაც დააბეს ხელბორკილით იქვე არსებულ საწოლზე, წაართვეს გარე სამყაროსთან კონტაქტი და არ მისცეს თავისუფალი გადაადგილების უფლება. განზრახული დანაშაულის პირველი ეტაპის შესრულების შემდეგ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დაუკავშირდნენ გატაცებულის მამას - ა. დ-ს და მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ უკანონოდ მოსთხოვეს 3 000 000 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ მას შვილის სიცოცხლის მოსპობით.

მ. ე-ის, თ. კ-ის, მ. მ-ის, გ. ჩ-ს, კ. ე-ა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის კონკრეტულად დაუდგენელ სხვა წევრთა მიერ ანგარების მოტივითა და სიცოცხლისათვის სახიფათო ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილი ზემოაღნიშნული დენადი დანაშაული გრძელდებოდა 2018 წლის 18 ოქტომბრამდე. დანაშაულის აღკვეთა და გ. დ-ის გათავისუფლება შესაძლებელი გახდა მხოლოდ თ-ის, ს-ის, ი-ის, რ-ა და ქვემო ს-ის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ერთობლივად და კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად.

თ. კ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა - 1930-1933 წლების ნიმუშის, ტოკარევის კონსტრუქციის, 7,62 მმ კალიბრიანი პისტოლეტი და ამ იარაღისთვის განკუთვნილი, 1930 წლის ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრიანი 2 ვაზნა. მითითებულ ტოკარევის კონსტრუქციის, 7,62 მმ კალიბრიან პისტოლეტს, საბრძოლო მასალასთან ერთად, თ. კ-ე 2018 წლის 18 ოქტომბერს ასევე უკანონოდ ატარებდა და დანაშაულებრივად იყენებდა გ. დ-ის მძევლად ხელში ჩაგდების პროცესში.

კ. ე-მ უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება - 0,0076 გრამი ,,ჰეროინი.“ 2018 წლის 18 ოქტომბერს კ. ე-ა მინის ფლაკონსა და ერთჯერადი მოხმარების ინსულინის შპრიცში მოთავსებულ, ზემოაღნიშნულ 0,0076 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ უკანონოდ ინახავდა თ-ი, ე-ის ქუჩის N...-ში მდებარე, თავის ფაქტობრივ საცხოვრებელ ბინაში.

2018 წლის 17 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის გადაწყვეტილებით სისხლის სამართლის N... საქმეზე გამოტანილ იქნა განჩინება - საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე. აღნიშნული განჩინების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თ-ს პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლებსა და ამავე სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტებს, შემდგომში ოდოროლოგიური საექსპერტო კვლევის მიზნით, ნება დაერთოთ, მ. ე-ა და თ. კ-ნ აეღოთ სუნის ნიმუში, ხოლო განჩინების მოქმედების ვადად განისაზღვრა 30 დღე. 2018 წლის 21 დეკემბერს (განჩინების მოქმედების პერიოდში) სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მ. ე-ე და თ. კ-ე გაეცნენ ხსენებულ განჩინებას, თუმცა უარი განაცხადეს ძალაში შესული სასამართლო განჩინების შესრულებაზე და მიუხედავად იმისა, რომ სუნის ნიმუშის ჩაბარების პროცედურა არის უმტკივნეულო და არ იწვევს რაიმე მწვავე ან ინტენსიური ტკივილის შეგრძნებას, საქმის მწარმოებელ გამომძიებელს არ ჩააბარეს საკუთარი სუნის ნიმუში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის განაჩენით:

მ. ე-ე, - დაბადებული ... წლის ... ოქტომბერს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

მ. ე-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘, ,,ვ‘‘, ,,ი‘‘ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 15 წლით. მ. ე-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 18 ოქტომბრიდან.

თ. კ-ე, - დაბადებული ... წლის ... სექტემბერს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

თ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“, ,,ი“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ‘‘, ,,ი‘‘ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 15 წლით;

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თ. კ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 15 წლით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თ. კ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 თებერვლის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და თ. კ-ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.

თ. კ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო - 2018 წლის 18 ოქტომბრიდან.

მ. მ-ი, - დაბადებული .. წლის ... სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ‘‘, ,,ი‘‘ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 14 წლით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა მ. მ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 ივლისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით და მ. მ-ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 14 წლით.

მ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო - 2018 წლის 18 ოქტომბრიდან.

გ. ჩ-ი, - დაბადებული .. წლის ... აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ‘‘, ,,ი‘‘ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 13 წლით. გ. ჩ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო - 2018 წლის 18 ოქტომბრიდან.

კ. ე-ა, - დაბადებული ... წლის ... მაისს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ‘‘, ,,ი‘‘ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

კ. ე-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით. კ. ე-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 18 ოქტომბრიდან.

კ. ე-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებები, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები ჩამოერთვა - 10 წლით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის განაჩენით:

მსჯავრდებულ მ. ე-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ფ-ის, მსჯავრდებულ თ. კ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ. გ-ა და ა. ა-ის, მსჯავრდებულ მ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ-ს, მსჯავრდებულ გ. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. გ-ს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო ქალაქ თბილისის პროკურატურის პროკურორ ბექა ხუნაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

მ. ე-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

მ. ე-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე. მ. ე-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, ,,ბ‘‘, ,,ვ‘‘, ,,ი‘‘ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 13 წლით.

მ. ე-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო - 2018 წლის 18 ოქტომბრიდან.

თ. კ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

თ. კ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე. თ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, ,,ვ,“ ,,ი“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ვ‘‘ და ,,ი‘‘ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თ. კ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 13 წლით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა თ. კ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 თებერვლის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და თ. კ-ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 13 წლით.

თ. კ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო - 2018 წლის 18 ოქტომბრიდან.

მ. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე. მ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, ,,ვ,‘‘ ,,ი‘‘ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 12 წლით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა მ. მ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 ივლისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით და მ. მ-ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 12 წლით.

მ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო - 2018 წლის 18 ოქტომბრიდან.

გ. ჩ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე. გ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, ,,ვ,‘‘ ,,ი‘‘ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 11 წლით.

გ. ჩ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 18 ოქტომბრიდან.

კ. ე-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ვ‘‘, ,,ი‘‘ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 მარტის საოქმო განჩინების მიხედვით:

კ. ე-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ კ. ე-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ს-ს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის განაჩენზე დარჩა განუხილველი. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის თანახმად, კ. ე-ა გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის – 3 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის თანახმად, კ. ე-ას აღუდგა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა.

5. კასატორმა - მსჯავრდებულ გ. ჩ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. გ-მ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საინტერესოა, როგორ დაიმახსოვრა საწოლზე დაბმულმა დაზარალებულმა მხოლოდ სახლის მეპატრონე, რომელიც ნიღბით იყო მისული, ხოლო მანქანით მისული ,,ვიღაცები“ კი - ვერა. ა. ბ-მ დაადასტურა, რომ გ. ჩ-ი სოფელ მ-ი იშვიათად ჩადის. რაც შეეხება მოწმის მიერ დასახელებულ თარიღს - 14 ოქტომბერს, ამ შემთხვევაში, მოწმეს ან არ ახსოვს თარიღი და ცდება, ან პოლიციამ იძულებით დააწერინა აღნიშნული, რათა ,,სამხილი“ ჰქონოდა. გ. ჩ-ი დაეთანხმა ნიმუშების ჩაბარებას, თუმცა შემთხვევის ადგილზე დნმ-ისა და სუნის კვლები, აგრეთვე თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. საქმეში არ მოიპოვება პირდაპირი სახის მტკიცებულება გ. ჩ-ნ მიმართებით.

6. კასატორმა - მსჯავრდებულ მ. ე-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ფ-მ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ბენზინგასამართ სადგურიდან ამოღებულია ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ, რომ ნ. მ-ა და გ. ე-ს შეუძლებელია, დაენახათ ავტომანქანა „ვიცში“ იმ ადამიანის სახის ოვალი, თვალის ჭრილი და კანის ფერი, რომელსაც მარცხნიდან „მიხუტებული“ ჰყავდა დაზარალებული და ორივე ხელით იჭერდა. დაზარალებული ამბობს, შველა ვითხოვეო და მხოლოდ ერთი ჩამსხმელი იყო ადგილზეო, ნ. მ-ე და გ. ე-ე კი ამბობენ, რომ შველა არავის უთხოვია და ბიჭი იყო ჩუმად.

7. კასატორმა - მსჯავრდებულ თ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ა-ა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და თ. კ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებით, თ. კ-ს სოფელ მ-ი ყოფნის ფაქტი დაცვის მხარეს არ გაუხდია სადავოდ. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირის მხოლოდ დანაშაულის ადგილზე ყოფნა იმ პერიოდში, როცა დანაშაული ხდება, არ ნიშნავს ამ პირის პირდაპირი ან/და არაპირდაპირი განზრახვით დანაშაულში თანამონაწილეობას. დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები წარმოადგენს თ. კ-ს ჩვენების იმ ნაწილის დამადასტურებელ მტკიცებულებას, სადაც მითითებულია ის გარემოებები და ვითარება, თუ სად და რა მდგომარეობაში იმყოფებოდა მსჯავრდებული იმ მომენტამდე, სანამ სოფელ მ-ი ჩაიყვანდნენ. გამომძიებლებმა დ. ხ-მ, გ. მ-მ, ლ. ჩ-მ და ნ. ა-მ განმარტეს, რომ მათ დაინახეს თ. კ-ს ხელში იარაღი რომ ეჭირა, თუმცა იგი თავად დააგდო თუ მისი განიარაღება მოხდა, რატომღაც პასუხი არცერთ მათგანს არ აქვს. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეომასალებსა და სატელეფონო კომუნიკაციების შესახებ მასალებში თ. კ-ე არსად ფიგურირებს.

8. კასატორმა - მსჯავრდებულ მ. მ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ბ-მ მოითხოვა მსჯავრდებულ მ. მ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა და მისი გამტყუნება მხოლოდ - თავისუფლების უკანონო აღკვეთაში და მინიმუმთან მიახლოებული სასჯელის დანიშვნა.

საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცავს ერთ უტყუარ მტკიცებულებასაც კი, რომელიც დაადასტურებდა წარდგენილი ბრალეულობის ჭეშმარიტებას. მ. მ-ა ჩაიდინა მხოლოდ უკანონო თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აღიარა და ითანამშრომლა გამოძიების ორგანოსთან; ამასთან, დაზარალებული მოითხოვდა, რომ მის მიმართ გამოყენებულიყო კანონით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები. სასამართლომ კი მ. მ-ის მიმართ მაქსიმალურ სასჯელთან მიახლოებული სანქცია გამოიყენა.

9. კასატორმა - თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ მოითხოვა ცვლილების შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 მაისის განაჩენში, კერძოდ:

მ. ე-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ შემდეგი დანაშაულების ჩადენაში: მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ სხვა პირი, შეასრულოს თავისი სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება, არაერთგზის, ანგარებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ და ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა;

თ. კ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ შემდეგი დანაშაულების ჩადენაში: მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ სხვა პირი, შეასრულოს თავისი სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება, ანგარებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება და ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა;

მ. მ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ მძევლად ხელში ჩაგდებაში იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ სხვა პირი, შეასრულოს თავისი სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება, ანგარებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

გ. ჩ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ მძევლად ხელში ჩაგდებაში იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ სხვა პირი, შეასრულოს თავისი სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება, ანგარებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

კ. ე-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ შემდეგი დანაშაულების ჩადენაში: მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ სხვა პირი, შეასრულოს თავისი სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება, ანგარებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

დანაშაულთა კატეგორიის, ფორმის, ხასიათის, მისგან მომდინარე საფრთხის, ბრალდებულთა პოსტკრიმინალური ქცევების, აგრეთვე სახელმწიფო–საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, კასატორი აგრეთვე ითხოვს - სამართლიანად მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის განაჩენი იმ განსხვავებით, რომ წარდგენილ ბრალდებასა და მსჯავრიდან ამორიცხა დანაშაულის ჩადენა - ,,ორგანიზებული ჯგუფის მიერ.“ პალატამ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ნაწილში ბრალდებულების ქმედებები არასწორად შეაფასა. სასამართლომ იმსჯელა, რომ მათი ქმედება არაა დანაშაული, რადგან საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა პროპორციული იძულების ზომები არ გამოიყენეს.

პროკურორის პოზიციით, ბრალდებულს შეუზღუდავი უფლება აქვს - უარი განაცხადოს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე, თუმცა იგივე შეუზღუდავი უფლება საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის საკითხთან მიმართებით მას არ გააჩნია. ნიმუშის აღება კი საპროცესო მოქმედებაა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები ძირითად შემთხვევაში, პირისთვის (ბრალდებულისთვის) შეზღუდვას წარმოადგენს და არა - მის უფლებას. როდესაც ბრალდებული, თუ სხვა საპროცესო სტატუსის მატარებელი არ ასრულებს განჩინებას, მისი დანაშაულებრივი ქმედება დასრულებულია.

რაც შეეხება თ. კ-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებასა და კ. ე-ს მიერ პირის მძევლად ხელში ჩაგდებაში თანამონაწილეობას, კასატორს მიაჩნია, რომ მოცემულს ადასტურებს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

10. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ, კერძოდ, მსჯავრდებულ მ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ბ-მ წარმოადგინა საკასაციო შესაგებელი.

ადვოკატი უთითებს, რომ ბრალდების მხარის მოთხოვნა არ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ სტანდარტებს და მ. მ-ის საქმეში ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი არ არის, რომელიც წარდგენილი ბრალდების ფორმულირებას დაადასტურებდა.

11. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

12. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ბრალდებისა და დაცვის მხარეთა საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

13. დაზარალებულ გ. დ-ს მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდების ეპიზოდთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას და აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია მ. ე-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ‘‘, ,,ვ‘‘, ,,ი‘‘ ქვეპუნქტებით, თ. კ-ის მიერ - საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ვ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით, მ. მ-ს მიერ - საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ვ‘‘ და ,,ი‘‘ ქვეპუნქტებითა და გ. ჩ-ის მიერ - საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, ,,ვ‘‘ და ,,ი‘‘ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. საკასაციო სასამართლო აგრეთვე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული ბრალდების (მძევლად ხელში ჩაგდება) ეპიზოდში კ. ე-ს მიმართ (ქმედება, გათვალისწინებული: საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ‘‘ და ,,ი‘‘ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით) გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, კერძოდ:

საკასაციო პალატა პირველ რიგში დეტალურად შეაფასებს დაზარალებულ გ. დ-ის ჩვენებას, ხოლო შემდეგ კი გააანალიზებს საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები (მათ შორის - მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები) რამდენად შეესაბამება მოწმის მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

დაზარალებულმა გ. დ-მ სასამართლოში მიუთითა, რომ მამამისი - ა. დ-ე ბიზნესითაა დაკავებული ზ-ი. იგი ზ-ნ თ-ი ჩამოვიდა და და-ძმის სახლში მისვლის შემდეგ მეგობრები ნახა. ღამე მოწერა ვინმე ვ. პ-მ, რომელიც შემთხვევამდე დაახლოებით 3-4 თვით ადრე, ივლისიდან ეკონტაქტებოდა და შეხვედრას სთხოვდა. ვინაიდან იგი რუსულად წერდა, ხოლო თავად ამ ენას არ ფლობდა, პასუხს იშვიათად უბრუნებდა, ხან მეგობრებს - შ. ბ-ა და რ. მ-ს ასაუბრებდა. ამჯერად თ-ი ჩამოსვლისას შეხვდა ვ-ს გ-ის კვეთაზე. მას ჰქონდა, შავი ე.წ. ,,კარედ“ შეჭრილი თმა, ეკეთა ,,აბადოკი“ და არცთუ ქართული იერის იყო. მათ ლ-ე გაისეირნეს. მეორე დღეს, შუადღეს, მეგობრებთან ერთად იყო, როცა ვ-მ კვლავ დაურეკა, მას გ. თ-ის ძმაკაცი - გ-ი დაალაპარაკა. ვ-ა ისევ შეხვედრას სთხოვდა. შესახვედრად თავისი მანქანით წავიდა, მეგობარ შ-ნ ერთად. შეხვდნენ მეტრო ,,ს-ნ“ და ისევ ლ-ე წავიდნენ, გეგმავდნენ რესტორანში წასვლას. ლ-ნ ჩამოსვლის შემდეგ ვ-მ სთხოვა ტაქსით მარტო წასულიყვნენ. თავისი მანქანა შ-ს გაატანა და მასთან ერთად, თეთრი ,,მაზდის‘‘ მარკის ტაქსით წავიდა. მივიდნენ მ-ი, დ-ს ქუჩაზე, ჩამოვიდნენ პოლიციასთან, გადავიდნენ მოპირდაპირე მხარეს და პირველ ან მეორე კორპუსში, პირველ სადარბაზოში, მესამე სართულზე ავიდნენ. სახლში არავინ იყო. ვ-ა ყავას სთავაზობდა, მაგრამ უარი უთხრა. ვ-ა ოთახში შევიდა და რომ გამოვიდა, კარში უკნიდან ვიღაც ნიღბიანი ყელზე დანით მიადგა და პირადად მას უთხრა: ,,არ გაინძრე, თორემ მოგკლავო.‘‘ ნიღბიანს იარაღიანი ადამიანი ახლდა. ვ-ა დანიანმა პირმა გვერდზე ოთახში გაიყვანა და ჩაკეტა, მასთან კი იარაღიანი დარჩა. მან იარაღი ფეხზე დაადო და ეუბნებოდა: ,,დალიე ეს ყავა, თორემ ფეხში გესვრიო.‘‘ აღნიშნულის გამო დალია ყავა და 10 წუთში გაითიშა. სახლში ნანახ ორ პირს ვერავის ამსგავსებს. გონს პატარა, მარჯვენასაჭიან მანქანაში მოვიდა. ამ დროს უკანა, მარცხენა სავარძელზე იჯდა, ქუდი ეხურა, გვერდით ერთი პირი ეჯდა და ხელი ჰქონდა გადახვეული. მალევე თქვეს, რომ ბენზინის ჩასასხმელად უნდა შესულიყვნენ. მის გვერდით მჯდომს, რომელიც ვერ დაინახა, ვინ იყო, ხელი ჰქონდა მასზე გადახვეული. მანქანის კარი შეამოწმა და როგორც კი ამ მიზნით ამოძრავდა, გვერდზე მჯდომმა ყელში წაუჭირა, თან თვალებზე აფარებდა, რომ არ დაენახა მისი გარეგნობა. ამ დროს ზურგით მიაწვა და ფანჯარა ფეხით ჩაამტვრია. ჩამსხმელს, რომელიც, ალბათ, ორ მეტრში იდგა, დაუძახა, კარი გაეღო და დახმარებოდა, მაგრამ მის გვერდით მჯდომმა ჩამსხმელს უთხრა: ,,ნაცნობია, ჩვენი ძმაკაცია, ნასვამიაო‘‘, თან მანქანაც დაძრეს და წავიდნენ. ამ დროს ჩხუბი დაიწყეს მან და მის გვერდით მჯდომმა და რადგან ცოტა მეტი სინათლე იყო, დაინახა მის გვერდით მყოფი სუსტი, ჭაღარათმიანი კაცი, გადაბმული წარბებით, როგორც შემდეგ გაიგო - მ. ე-ე. მეორე კაცმა, რომელიც მანამდე არ დაუნახავს და ალბათ, წინიდან გადმოვიდა, დანა გაუშალა, წაართვა, მაგრამ იარაღი დაადეს. ბოლოს დაიღალა და გაჩერდა, შუაში ჩააწვინეს, თავი ქვემოთ მხარეს ჰქონდა, ორი ადამიანი ეჯდა აქეთ-იქიდან. ჩხუბის დროს ნიღბით არ იყვნენ, მაგრამ ვერ ხედავდა, რადგან თვალებზე აფარებდნენ. ამ მდგომარეობაში იმგზავრეს საათ-ნახევარი. რამდენმა ადამიანმა მიიყვანა და სად, არ დაუნახავს, სახლშიც არაფერი დაუნახავს, ბნელოდა. რომ გათენდა, დაათვალიერა იქაურობა. საწოლზე მიაბეს ბორკილით. დილას ერთი ადამიანი ეწვა გვერდით. უთხრეს, რომ გატაცებული იყო და ფული უნდოდათ, რომელიც მამას უნდა გადაეხადა. იქ მყოფები შემდეგ დაინახა ნიღბის გარეშე, როდესაც ერთმანეთში უცხო ენაზე ლაპარაკობდნენ. მ. მ-ი უვლიდა და აჭმევდა. იგი ამბობდა, რომ ამ საქმეში ,,არ იყო,“ მხოლოდ უვლიდა. ხელბორკილი პოლიციის მისვლამდე არ მოუხსნიათ. სახლში მეორე ადამიანიც იყო, როგორც შემდეგ გაიგო, კ-ე, ისიც კარგად ექცეოდა. რაც შეეხება ბინის მეპატრონეს, ერთხელ დაინახა, საშუალო სიმაღლის, წელში - მსუქანი, ნახევრად მელოტი იყო, ცოტა დიდი ტუჩებით, ცოტა ბოხი, ჩახლეჩილი ხმით, როგორც შემდეგ გაიგო, გ. ჩ-ი. ის აივანზე მდგომი დაინახა, როცა კარი გააღეს, მერე შიგნითაც შევიდა, ნიღბით იყო, მაგრამ უნიღბოდაც დაინახა. გათავისუფლებამდე სამი დღით ადრე მანქანა მივიდა, მობილური ტელეფონი მიიტანეს, ვიდეო გადაუღეს და უთხრეს, ეთქვა, რომ კარგად იყო. გაიმეორა, მეტი არაფერი უთქვამს. 3 მილიონს ითხოვდნენ. 18 ოქტომბერს, გამთენიისას, მივიდნენ პოლიციელები, ხმაურმა გააღვიძა, მ-მ განაცხადა: ,,დაგვერხა, მოვიდნენო.“ კ-ს იარაღი ეჭირა, რაც სპეცრაზმელმა გააგდებინა ხელიდან, რადგან ეგონა, წინააღმდეგობის გაწევა უნდოდა.

ამდენად, დაზარალებულის ჩვენების შინაარსი თანმიმდევრულია და დეტალურად, ქრონოლოგიურად აღწერს 2018 წლის ოქტომბერში განვითარებულ მოვლენებს. აღნიშნული მოვლენები შესაძლოა, გაიყოს სამ ეტაპად: პირველი, როდესაც გ. დ-ნ კომუნიკაციას ამყარებს ვინმე ვ-ა და საბოლოოდ, იგი დაზარალებულს მ-ი მდებარე ერთ-ერთ ბინაში მიიპატიჟებს და წაიყვანს. მეორე, როდესაც მოცემული ბინიდან გ. დ-ე იძულებით გადაჰყავთ წ-ს რაიონში და მისი გათავისუფლების სანაცვლოდ ითხოვენ სოლიდურ თანხას, ხოლო შემდეგ კი, სამართალდამცავი უწყების მიერ დანაშაულის აღკვეთა. საკასაციო პალატა ყველა სტადიასთან დაკავშირებულ ძირითად მტკიცებულებებს მიმოიხილავს ცალ-ცალკე, რათა ერთობლივად შეაფასოს პირდაპირი მოწმის, დაზარალებულის ჩვენების სანდოობა და უტყუარობა.

ფაქტი, რომ განსახილველ შემთხვევამდე გ. დ-ს ვინმე ვ-ა უკავშირდებოდა და შეხვედრას სთხოვდა, დაზარალებულის ჩვენების გარდა, დადასტურებულია მოწმეების - გ. თ-ს, გ. ჭ-ს, ნ. ა-ა და შ. ბ-ს (საჯაროდ წაკითხული) ჩვენებებით. ამასთან, უშუალოდ ფაქტამდე ვინმე ვ-ნ შეხვედრა დაინახა მოწმე ნ. ა-ც, რომელმაც აღწერა ვ-ს გარეგნობა.

დაზარალებულის იძულებით გადაყვანის ფაქტთან მიმართებით, გ. დ-ის ჩვენების გარდა, საკასაციო პალატა აფასებს მოწმეების - გ. ე-ა და ნ. მ-ს ჩვენებებს, კერძოდ:

მოწმე გ. ე-მ განმარტა, რომ მუშაობს ხ-ს რაიონის სოფელ ო-ი მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე. 2018 წლის 12 ოქტომბერს სამსახურში იმყოფებოდა თანამშრომელ ნ. მ-ნ ერთად. დაახლოებით ღამის 2 საათზე სადგურში შევიდა შავი ,,ტოიოტა‘‘. საჭესთან მანდილოსანი იჯდა. ავტომანქანაში უკან ორი ადამიანი იჯდა, დაჭერილი ჰყავდათ პატარა ბიჭი. ბენზინის ჩასხმა რომ დაიწყო და ღირებულება 23 ლარზე ავიდა, მანქანის მარცხენა მინას ფეხი მოხვდა და ფანჯარა ჩაიმსხვრა. დაინახა, რომ შედარებით უმცროს მამაკაცს ხელი ჰქონდა გაჭრილი. ოჯახურ კონფლიქტს ჰგავდა და პოლიციას არ შეატყობინა, იფიქრა, თვითონ მოაგვარებდნენ, მანქანა დაძრეს და წავიდნენ. ამ დროს მეწყვილემ დაუძახა, რომ ავზიდან ჩასასხმელი აპარატი დროზე ამოეღო, რათა მანქანას არ გამოეგლიჯა. მათი წასვლის შემდეგ დამსხვრეული მინა სანაგვე ყუთში გადაყარეს. მ. ე-ე დაამახსოვრდა იქიდან, რომ როდესაც მინა ჩაიმტვრა, ის უკანა სავარძელზე, მარჯვენა მხარეს იჯდა და მისი სახე დაინახა. მას პატარა ბიჭზე ჰქონდა ხელი გადახვეული. მისი სურათი პოლიციაშიც აჩვენეს და ამოიცნო. ახსოვს ბიჭის სახეც.

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ნ. მ-ც, რომელმაც განმარტა, რომ როდესაც ბენზინის ღირებულება 23 ლარზე ავიდა, მანქანამ დაიწყო მოძრაობა და ამ დროს მათივე მხარეს ჩაიმტვრა ფანჯრის მინა - ავტომანქანის უკანა მარცხენა მხარეს და ფეხი გამოყო ბიჭმა. ამ დროს დაინახა, რომ ჭაღარათმიან მამაკაცს ბიჭი ჰყავდა ჩახუტებული, ხელი ჰქონდა გადახვეული და ერთმანეთში ,,ჯიკაობდნენ.“ ეს ორი პირი დაამახსოვრდა, რადგან ფანჯარა ჩაიმტვრა. წინ ქერათმიანი ქალი იჯდა, მძღოლის უკან - ჭაღარათმიანი კაცი. მანქანა ნელ-ნელა დაიძრა, დაუყვირეს, რომ ბენზინი სულ არ ჩასხმულა, მაგრამ მანქანა არ გაჩერდა. გ-ს დაუყვირა, ჩასასხმელი აპარატი ამოეღო, ამოიღეს და ხურდაც გადადეს. პოლიციას არ შეატყობინეს, რადგან ოჯახად, მამა-შვილად მიიჩნიეს, მთვრალი ეგონათ.

შესაბამისად, ზემოაღნიშნული ორი მოწმის ჩვენებებით დასტურდება, რომ გ. დ-ე ავტომანქანაში მშვიდად არ მჯდარა და რომ ავტომანქანის მინა ბენზინგასამართ სადგურზე ყოფნის დროს მართლაც ჩაიმტვრა. ამასთან, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ ხსენებული ადგილი მათ ბენზინის სრულად ჩასხმამდე დატოვეს. ნ. მ-მ გ-ს დაუყვირა, ჩასასხმელი აპარატი ამოეღო, რათა მანქანას არ გამოეგლიჯა.

ავტომანქანის ქირაობასა და მისი მინის ჩამტვრევის რეალობის შესაფასებლად საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე შემდეგ მოწმეთა ჩვენებებზე:

მოწმე გ. გ-ს ჩვენების თანახმად, საკუთრებაში ჰყავდა სამი ავტომანქანა, რომლებსაც აქირავებდა. 2018 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით პირველ საათზე, დაურეკეს. შავი ,,ტოიოტა ვიტსი‘‘ შესთავაზა, ნომრით ..., რაზეც დამქირავებელი დასთანხმდა. მათ გლდანში, ,,თ-ს‘‘ მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა. ქირავნობის ხელშეკრულება გააფორმეს არა იმ პირზე, რომელიც ქირაობდა, არამედ - მის თანმხლებზე (რადგან მას მართვის მოწმობა არ ჰქონდა თან). ეს პირი მ. ე-ე იყო, დაამახსოვრდა ჭაღარა თმითა და წარბებით. თანმხლები პირი, ვისზეც გაფორმდა, იყო ო. გ-ე. გადასცა გასაღები და ავტომობილი წაიყვანეს. დაინახა, რომ ,,თ-ს‘‘ მიმდებარედ მ. ე-ე იჯდა საჭესთან. მანქანა ო. გ-მ მიუყვანა. 14-ში დაურეკა ო. გ-მ და უთხრა, რომ მიყვანას აპირებდნენ, თან აუხსნა, რომ უკანა მარცხენა კარის მინა იყო ჩამტვრეული და შესთავაზა, ან გააკეთებდა, ან ფულს გადაიხდიდა. უპასუხა, რომ მანქანა როგორიც წაიყვანეს, ისეთი უნდა დაებრუნებინათ. მანქანა ო. გ-მ მიუყვანა გაკეთებული. მოწმე მონაწილეობდა ამოცნობაში (მ. ე-ს), კერძოდ, მან ამოიცნო ის პირი, რომელმაც წაიყვანა მანქანა.

თავად მოწმე ო. გ-ის ჩვენებით, მ. ე-ე არის მისი დისშვილის პაპა. მ-ა გასული წლის ოქტომბერში დაუკავშირდა - სტუმრებისთვის მანქანის ქირაობა უნდოდა. გამქირავებელმა შავი მარჯვენასაჭიანი ,,ტოიოტა ვიტსი‘‘ მიიყვანა. მ-ს მართვის მოწმობა რომ დაკარგული ჰქონდა, გზაზე მოძრაობისას არ უთქვამს. შექმნილ სიტუაციაში შესთავაზა, რომ მისი მართვის მოწმობა გამოეყენებინათ და ხელშეკრულებაზეც ხელი თვითონ მოაწერა. მანქანა ადგილიდანვე მ-მ წაიყვანა, თვითონ კი თავისი მანქანით წავიდა. ამის შემდეგ მ-ა ნახა, როდესაც მანქანა უკან მიიყვანა. მანქანას მინა ჰქონდა დაზიანებული. დაუკავშირდა გამქირავებელს. საბოლოოდ, მინა გააკეთებინა და ისე დააბრუნა.

მოწმე ნ. ქ-ის ჩვენების თანახმად, მ. ე-ე არის მისი დედის მეუღლე. თ. კ-ს იცნობს ბიძაშვილის ცოლის ოჯახიდან. 2018 წლის 12 ოქტომბერს ცოლისძმამ - ო. გ-მ უთხრა, რომ წინა დღეს ,,ტოიოტა ვიტსი‘‘ უქირავა მ. ე-ს, რადგან მართვის მოწმობა არ ჰქონდა. შემდეგ მ-ა და დედამისი იმ ,,ტოიოტა ვიტსით‘‘ ჩამოვიდნენ ბ-ნ. რადგან დედა ავად იყო, მ-ა დაბრუნებას ჩქარობდა. მანქანა მათ დაუტოვა და უთხრა, რომ მინას ქვა მოხვდა, შეეცვალათ და პატრონისთვის დაებრუნებინათ. გამოაცვლევინეს მანქანის უკანა მარცხენა მინა და მეორე დღეს პატრონს დაუბრუნეს. როდესაც დააკავეს, გაიგო, რომ იმ ,,ტოიოტას‘‘ მარკის მანქანით ადამიანი იყო მძევლად გატაცებული.

უშუალოდ თანხის მოთხოვნასთან მიმართებით, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულის მამის - ა. დ-ა და მოწმე გ. გ-ს ჩვენებები, კერძოდ:

ა. დ-მ მიუთითა, რომ 12 ოქტომბერს თავის შვილს - გ-ის ტელეფონი ჰქონდა გათიშული, ვერ უკავშირდებოდა და მეგობარ გ. გ-ნ ერთად, წამოვიდა დასავლეთიდან. გზაში ვიღაცამ დაურეკა, რომელიც რუსულად ელაპარაკებოდა, რას ეუბნებოდა ესმოდა, თუმცა პასუხს ვერ სცემდა რუსულის ბარიერის გამო. მას გ-ი გაასაუბრა. ზარის ავტორი ფულს ითხოვდა, თუ არადა - ,,ბავშვს გულს ამოვუღებ და გამოგიგზავნიო.“ ამის შემდეგ შვილის დაკარგვის თაობაზე პოლიციაში განცხადება შეიტანა. იმავე პირმა მეორე დღესაც დაურეკა, 3 000 000 დოლარს ითხოვდა. სთხოვა, გ-ს სურათი გადაეღო და მისთვის გაეგზავნა.

თავის მხრივ, მოწმე გ. გ-მ დაადასტურა, რომ 12 ოქტომბერს მართლაც თ-ი მოდიოდა მანქანით, ბ. მ-ა და ა. დ-ნ ერთად, რომელიც ნერვიულობდა, რომ გ-ის ვერ უკავშირდებოდა. მგზავრობისას მანქანაში ამირანს ვიღაცამ დაურეკა, რუსულად ელაპარაკებოდა და ა-ა რადგან ვერ გაიგო, ტელეფონი მას მიაწოდა. მოსაუბრე ვერ მიხვდა, რომ სხვას ელაპარაკებოდა და ,,სანსლეთი“ მიმართავდა. ,,გულს ამოგიღებო,“ მერე სამი მილიონი მოითხოვა, ვალუტა არ დაუკონკრეტებია.

ამდენად, დაზარალებულის მიერ მითითებული ფაქტები, მათ შორის - ვინმე ვ-ნ შეხვედრაზე, მანქანით იძულებით გადაადგილებასა და მის მიერ მანქანის მინის დაზიანებასთან მიმართებით, დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი სხვა, უტყუარი სახის მტკიცებულებებითაც.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულმა უშუალოდ მიუთითა მსჯავრდებულებზე - მ. ე-ე, მ. მ-ე, გ. ჩ-ა და თ. კ-ე, კერძოდ, გ. დ-მ თითოეულ მათგანთან მიმართებით აღწერა კონკრეტული ვითარება, როდესაც მათზე ვიზუალურად დაკვირვების შესაძლებლობა მიეცა.

ადვოკატი ე. გ-ა საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება პირდაპირი სახის მტკიცებულება გ. ჩ-ნ მიმართებით, თუმცა, როგორც დაზარალებული მოწმის ჩვენებით დადგინდა, გ. დ-მ მათ შორის მიუთითა და აღწერა სახლის მეპატრონე გ. ჩ-ც, კერძოდ, აღნიშნა, რომ იგი ერთხელ დაინახა (საშუალო სიმაღლის, წელში - მსუქანი, ნახევრად მელოტი იყო, ცოტა დიდი ტუჩებით, ცოტა ბოხი, ჩახლეჩილი ხმით). როცა კარი გააღეს, ის აივანზე იდგა. მერე შიგნითაც შევიდა, ნიღბით იყო, მაგრამ უნიღბოდაც დაინახა.

გ. ჩ-ნ მიმართებით გასათვალისწინებლია მოწმე ა. ბ-ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებაც, რომლის თანახმად, იგი ცხოვრობს წ-ს რაიონის სოფელ მ-ი, გ. ჩ-ს სახლთან ახლოს. მათ სახლებს შორის ერთი სახლი დგას. გ. მ-ი იშვიათად ჩადის. იგი ბოლოს ნახა სვეტიცხოვლობას, 2018 წლის 14 ოქტომბერს. მშობლებთან ერთად ტაძარში მიდიოდა და ამ დროს გ-ა დაინახეს, რომელიც თავის სახლთან იდგა. ა. ბ-ის ჩვენებასთან მიმართებით ადვოკატი მიუთითებს, რომ მოწმეს ან არ ახსოვს თარიღი და ცდება, ან პოლიციამ იძულებით დააწერინა აღნიშნული, რათა ,,სამხილი“ ჰქონოდა. ასეთი ზოგადი სახით ფორმულირებულ პოზიციას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან საქმის მასალებით არ იკვეთება, თუ რა პირადი სახის ინტერესი შეიძლებოდა ჰქონოდა ა. ბ-ს საკუთარ მეზობელთან დაკავშირებით და თუ რატომ უნდა მიეწოდებინა საგამოძიებო ორგანოსათვის კონკრეტულ თარიღებთან მიმართებით არასწორი ინფორმაცია.

ამდენად, მსჯავრდებულ გ. ჩ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის პოზიციები ვერ გადაწონის საქმეში წარმოდგენილ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც გ. ჩ-ის მოცემულ დანაშაულთან კავშირზე უტყუარად მიუთითებენ.

საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს აგრეთვე:

ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დივნიდან ამოღებულ ნიღაბზე არსებული გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ. კ-ს, ხოლო კარადის წინ იატაკიდან ამოღებულ ნიღაბზე არსებული გენეტიკული მასალა - მ. მ-ს. სამ ქაღალდის ხელსახოცსა და სიგარეტის ნამწვებზე არსებული გენეტიკური მასალა - თ. კ-ს, ხოლო სიგარეტის ნამწვზე არსებული გენეტიკური მასალა ეკუთვნის მ. მ-ს. საწოლზე არსებულ გადასაფარებელზე არსებული ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ. მ-ს.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2018 წლის 19 ოქტომბერს გ. დ-ს სახეულზე აღენიშნებოდა გარკვეული სახის დაზიანებები.

თ. კ-ა და მ. მ-ის უშუალოდ შემთხვევის ადგილზე ყოფნა, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, დადასტურებულია აგრეთვე შემდეგი მტკიცებულებებით:

გამომძიებლის, მოწმე დ. ხ-ის ჩვენების თანახმად, ბინაში სპეცრაზმელებთან ერთად შევიდნენ. შესვლისთანავე მისი ყურადღება მიიპყრო თ. კ-მ, რადგან ხელში პისტოლეტი ეჭირა და ეკეთა ნიღაბი. მარჯვენა ხელით მათკენ მიმართა პისტოლეტი, თუმცა არ უთქვამს, გესვრითო. ამ დროს სპეცრაზმელი წინ გადაეღობა და უყვიროდა, არ ისროლო, დააგდე იარაღიო და განაიარაღა. ის სპეცრაზმელი თითქმის მისი სიმაღლის იყო და ხედვის არეალს ხელს უშლიდა. ისე გადაეფარა, რომ ვერ დაინახა, კ-მ იარაღი თვითონ დააგდო, თუ მან დააგდებინა. პისტოლეტი იყო შავი. ოთახში სულ 3 ადამიანი იყო - თ. კ-ე, საწოლზე მიბმული, მძევლად ხელში ჩაგდებული დ-ე და კიდევ ერთი პირი - მ-ი, რომელსაც ხელში იარაღი არ ჰქონია.

ანალოგიური ჩვენებები მისცეს მოწმე ნ. ა-მ და დეტექტივ-გამომძიებელმა ლ. ჩ-მ. ამასთან, მოწმე ლ. ჩ-მ განმარტა, რომ სოფელ მ-ი, სადაც გ. დ-ე იყო გატაცებული, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, იქ გ. დ-ე საწოლზე იყო მიბმული. მაგიდაზე ნახეს გასაღებები, რომლითაც გახსნეს ბორკილი და გაათავისუფლეს იგი. იატაკზე იდო შავი პისტოლეტი. ამავე ოთახში ნახეს ნაჭრის, მოშავო ფერის ორი ნიღაბი, რომელიც ზედაპირზე მომრგვალებულად იყო ამოჭრილი.

გ. ჩ-ის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილეობა დაადასტურა და იგივე ფაქტობრივი გარემოებები აღწერა მოწმე გ. მ-მ, რომელმაც განმარტა, რომ სამი პირიდან ერთი საწოლზე იყო დაბმული, ერთს ნიღაბი ეკეთა, რომელიც თ. კ-ე აღმოჩნდა, მეორე ნიღბის გარეშე იყო, რომლის დაკავებაშიც მონაწილეობდა და იგი აღმოჩნდა მ. მ-ი.

საკასაციო პალატა სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის - დათვალიერების, ამოცნობის, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებს, მოწმეთა ჩვენებებს აღარ მიმოხილავს, რადგან ისინი ვრცლად არის აღწერილი სააპელაციო სასამართლოს განაჩენში და მათი რელევანტურობა დასაბუთებულია მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას არ გააჩნია არავითარი საფუძველი, საეჭვო გახადოს დაზარალებულის თანმიმდევრული ჩვენება. შესაბამისად, მოცემული მტკიცებულება მიაჩნია უტყუარად და სანდოდ. მასში გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები როგორც გ. დ-ს წ-ოს რაიონში იძულებით წაყვანამდე, ისე მას შემდეგ სრულად შეესაბამება საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულების შინაარსს, ხოლო მოცემული გარემოების საპირწონედ რაიმე მყარი სახის არგუმენტზე/მტკიცებულებაზე დაცვის მხარეს არ მიუთითებია. თავად ბრალდებულთა ჩვენებები, სხვა დამატებითი მტკიცებულებების არარსებობის ფონზე, მოცემულ შემთხვევაში არ ქმნის გ. ჩ-ს, მ. მ-ს, თ. კ-ა და მ. ე-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის კანონისმიერ საფუძველს.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თ. კ-მ, მ. ე-მ, მ. მ-ა და გ. ჩ-ა ჩაიდინეს გ. დ-ის მძევლად ხელში ჩაგდება, ჩადენილი ანგარებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით (მ-ა ე-ის შემთხვევაში აგრეთვე - არაერთგზის), თუმცა, არა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, არამედ - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას - ,,ორგანიზებული ჯგუფის“ ,,წინასწარი შეთანხმებით ჯგუფზე“ გადაკვალიფიცირების ნაწილში სრულად ეთანხმება და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება ის გარემოება, რომ დანაშაულებრივ ჯგუფს გააჩნდა მყარი ერთობა, სტრუქტურული ფორმა. დამატებით აღსანიშნავია, რომ გაურკვეველია, ჰყავდა თუ არა მოცემულ ჯგუფს ორგანიზატორი, გაანაწილა თუ არა მან წევრებს შორის როლები და ა.შ.. ბრალდების შესახებ დადგენილება არ მოიცავს ორგანიზებული დანაშაულისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების ამომწურავ აღწერას და ამასთან, არც პროკურორს მიუთითებია საკასაციო საჩივარში რაიმე სახის არგუმენტზე მოცემული მსჯელობის საპირისპიროდ.

საკასაციო პალატა აგრეთვე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს კ. ე-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ნაწილში და აღნიშნავს, რომ მოცემული ბრალდების ეპიზოდში პროკურორს არ წარმოუდგენია რაიმე პირდაპირი სახის მტკიცებულება, რომელიც ხსენებული პირის ზემოაღნიშნულ ჯგუფში მონაწილეობას დაადასტურებდა. გასათვალისწინებელია, რომ კ. ე-ე არ მიუთითებს აგრეთვე დაზარალებული გ. დ-ე. ამდენად, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც საკასაციო სასამართლოს კ. ე-ს გამართლების ნაწილში სააპელაციო პალატის განაჩენის შეცვლის სამართლებრივ საფუძველს შეუქმნიდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v. Georgia), N12391/06, §175, 14/05/2020).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მასალები: მოწმეთა ჩვენებები, საგამოძიებო მოქმედების ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები და მიაჩნია, რომ თ. კ-ს, მ. მ-ის, მ. ე-ა და გ. ჩ-ის მიერ დაზარალებულ გ. დ-ის მძევლად ხელში ჩაგდების ეპიზოდი (მაკვალიფიცირებელი გარემოებები - ანგარება, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მ. ე-ს შემთხვევაში აგრეთვე - არაერთგზისობა) გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით დადასტურებულია, ვინაიდან, ერთი მხრივ, ბრალდების მხარის მასალები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და აშკარა, ხოლო, მეორე მხრივ, დაცვის მხარეთა არგუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების/ცვლილების მოთხოვნასთან, არ არის დასაბუთებული და საფუძვლიანი.

14. მ. ე-ა და თ. კ-ს მიმართ ძალაში შესული სასამართლო გადაწვეტილების შეუსრულებლობის ეპიზოდი:

2018 წლის 14 დეკემბერს N8 დაწესებულებაში მ. ე-ს, თ. კ-ის, ექსპერტის, ადვოკატებისა და გამომძიებლების მონაწილეობით შედგენილი ოქმების თანახმად, მ. ე-მ და თ. კ-მ უარი განაცხადეს სუნის ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე იმ მოტივით, რომ არ ენდობიან კინოლოგიურ სამსახურს და მის მიერ შესრულებულ ექსპერტიზას.

ბრალდებულთა მიერ სუნის ნიმუშის აღებაზე უარის გაცხადებიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ, 2018 წლის 17 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლემ გამოიტანა განჩინება (საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე), რომლითაც თ-ს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გამომძიებლებსა და ექსპერტებს ნება დაერთოთ, მ. ე-ა და თ. კ-ნ აეღოთ სუნის ნიმუშები. საპროცესო მოქმედების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს მიეცა უფლება, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში გამოეყენებინა იძულების პროპორციული ზომა.

აღნიშნულის შემდეგ, განჩინების ძალაში ყოფნის პერიოდში, 2018 წლის 21 დეკემბერს, N8 დაწესებულებაში ბრალდებულ მ. ე-ს, ადვოკატის, ექსპერტ-კინოლოგის, ინსპექტორ-კონტროლიორისა და გამომძიებლის მონაწილეობით შედგენილი ოქმით, მ. ე-ე გაეცნო დასახელებულ განჩინებას, თუმცა უარი განაცხადა სუნის ნიმუშის აღებაზე იმ მოტივით, რომ უნდობლობას უცხადებს კინოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებისთვის დადგენილ წესებს.

ანალოგიურად, 2018 წლის 21 დეკემბერს N8 დაწესებულებაში ბრალდებულ თ. კ-ს, ადვოკატის, ექსპერტ-კინოლოგის, ინსპექტორ-კონტროლიორისა და გამომძიებლის მონაწილებით შედგენილი ოქმით, თ. კ-ე გაეცნო დასახელებულ განჩინებას, თუმცა უარი განაცხადა სუნის ნიმუშის აღებაზე იმ მოტივით, რომ უნდობლობას უცხადებს კინოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებისთვის დადგენილ წესებს.

მოწმე მ. კ-ს ჩვენების თანახმად, N8 დაწესებულებაში პირველ ჯერზე შევიდნენ მისი კოლეგები ბრალდებულებისგან სუნის ნიმუშის ნებაყოფლობით ასაღებად, რა დროსაც მათ უარი განაცხადეს ნიმუშის აღებაზე. აღნიშნულის გამო, აიღეს მოსამართლის განჩინება, რომლის საფუძველზეც შევიდა მე-8 დაწესებულებაში აღნიშნული მოქმედების ჩასატარებლად. ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ სუნის ნიმუშს არ აბარებდნენ და მნიშვნელობა არ ჰქონდა, დაუმძიმდებოდათ თუ არა ბრალი. მან განუმარტა, რომ თუ უარს განაცხადებდნენ, უნდა შეედგინა ოქმი. იძულების პროპორციული ზომა არ გამოუყენებია.

საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით ისჯება განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა.

საქართველოს სსსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ პირი უარს აცხადებს ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე, რომელიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, ნიმუშის აღება ტარდება სასამართლოს განჩინების საფუძველზე.

ამასთან, საქართველოს სსსკ-ის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში იძულება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; ხოლო ამავე კოდექსის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში დასაშვებია იძულების პროპორციული ზომის გამოყენება.

შესაბამისად, იძულების პროპორციული ზომის გამოყენების გზით (საქართველოს სსსკ-ის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილისა და სსსკ-ის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად) დასაშვებია ბრალდებულის სხეულიდან ინფორმაციის მოპოვება იძულებით მაშინაც კი, როდესაც ბრალდებული ამის წინააღმდეგია.

საკასაციო პალატა უთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ნიმუშის აღება არ უკავშირდებოდა ძლიერი ტკივილის მიყენებას და კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ნებადართული იყო სასამართლოს განჩინებით, კერძოდ:

ზემომიმოხილული მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ მ. ე-მ და თ. კ-მ უარი განაცხადეს სუნის ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე იმ მოტივით, რომ არ ენდობიან კინოლოგიურ სამსახურს და მის მიერ შესრულებულ ექსპერტიზას; აღნიშნულის შემდეგ, შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ კანონით დადგენილი წესით გამოსცა განჩინება და ამასთან, მიუთითა წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში იძულების პროპორციული ზომის გამოყენებაზე (საქართველოს სსსკ-ის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილის დაცვით).

საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ხსენებული განჩინების გამოტანის შემდეგ, უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ პროპორციული ძალის გამოყენების ფაქტი და მისი გამოყენების მიუხედავად, მ. ე-ა და თ. კ-ნ სუნის ნიმუშის აღების შეუძლებლობა არ დაფიქსირებულა.

შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მ. ე-ე და თ. კ-ე მართებულად არიან გამართლებულნი საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

მოცემულ სამართლებრივ შემთხვევას შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, მაგალითად, იხილეთ: 2021 წლის 10 დეკემბრის, №511აპ-21 განაჩენი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მოცემულ ეპიზოდში პროკურორის საჩივარი დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

15. თ. კ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი:

თ. კ-ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, იარაღი დაყენებული იყო ჩამკეტზე და იდო ოთახში. მისი განმარტებით, ამ იარაღთან კავშირი მას არ ჰქონია. ოთახის კარზე დიდი, მრგვალი მაგიდა იყო მიდგმული. ამ მაგიდასთან კი იდგა სკამი ისე, რომ ამავდროულად, ეს სკამი მის ლოგინთან ახლოს იყო. ამ სკამზე იდო დასახელებული იარაღი. სახლში პოლიციის შესვლის შედეგად, როდესაც კარს ძლიერად უბიძგეს, მასზე მიდგმული მაგიდა გადაყირავდა და სკამიც და მასზე დადებული იარაღიც. სავარაუდოდ, ამაზე ამბობდა პოლიციელი თავის ჩვენებაში, რომ იარაღი ხელიდან გააგდებინეს.

დაზარალებულ გ. დ-ს ჩვენების მიხედვით, სახლში, სადაც მძევლად ჰყავდათ, პოლიციის შესვლის შემდეგ, თ. კ-ს იარაღი ეჭირა და ხელიდან სპეცრაზმელმა გააგდებინა, რადგან ეგონა, რომ წინააღმდეგობის გაწევა უნდოდა. თ. კ-ის მიერ იარაღის ჭერის ფაქტი აგრეთვე დადასტურებულია მოწმეების - დ. ხ-ის, გ. მ-ის, ლ. ჩ-ა და ნ. ა-ს ჩვენებებით.

2018 წლის 18 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, წ-ოს რაიონის სოფელ მ-ი, გ. ჩ-ს საცხოვრებელ სახლში, სასტუმრო ოთახში, შესასვლელი კარიდან მარჯვენა კუთხეში განთავსებული ჭურჭლის ხის კარადის გვერდით, იატაკზე, დევს მოშავო კორპუსის მქონე პისტოლეტი, მჭიდით, მასში მოთავსებული 2 ვაზნით, რაც განიმუხტა და ამოიღეს.

ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, ობიექტი, რომლის ჩამკეტის გარსაცმის ზედა მხარეს იკითხება ,,1942‘‘, არის ქარხნული წესით დამზადებული, 1930-33 წლების ნიმუშის, ტოკარევის კონსტრუქციის, 7,62 მმ კალიბრიანი პისტოლეტის მოდელი ,,TT,“ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის; მჭიდში მოთავსებული 2 ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1930 წლის ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრიანი ვაზნა, განკუთვნილი ტოკარევის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის ,,TT“ (მათ შორის, ექსპერტიზაზე წარდგენილი პისტოლეტისთვისაც, რომლის ჩამკეტის გარსაცმის ზედა მხარეს იკითხება ,,1942‘‘), პისტოლეტ ტყვიამფრქვევებისათვის ,,ППД,“ ,,ППШ“ და სხვა, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

ზემომიმოხილულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას თ. კ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელ განაჩენთან მიმართებით. თ. კ-ს მიერ, მისი დაკავებისას იარაღის ხელში ჭერის ფაქტი პირდაპირი ფორმით, არაერთი მტკიცებულებით, კერძოდ, დაზარალებულისა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა ჩვენებებით არის დადასტურებული.

რაც შეეხება თ. კ-ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ტარებას, საკასაციო პალატა მიუთითება, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე პირდაპირი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ თ. კ-ე დროის კონკრეტულ პერიოდში ატარებდა იმ ცეცხლსასროლ იარაღს, რომელიც წ-ს რაიონის სოფელ მ-ი, მისი დაკავებისას ამოიღეს.

შესაბამისად, მსჯავრდების მოცემულ ეპიზოდში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები (პროკურორისა და თ. კ-ს ადვოკატის) უსაფუძვლოა და მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი აგრეთვე არ იკვეთება.

16. სასჯელის სამართლიანობა:

საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზეც, რომლის მიხედვითაც, ,,აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/6/770 საქმეზე: ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას - ვადით ცხრიდან თოთხმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე (თ. კ-ის მსჯავრდების ეპიზოდი).

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის სახეს და მოვალეობათა დარღვევის ზომას, კერძოდ, ფაქტს, რომ მსჯავრდებულებს გ. დ-ე რამდენიმე დღის განმავლობაში ჰყავდათ მძევლად ხელში ჩაგდებული, რომელიც საწოლზე ხელბორკილით იყო მიბმული, ხოლო მამისგან ითხოვდნენ სოლიდურ თანხას და წინააღმდეგ შემთხვევაში შვილის სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. საკასაციო პალატა უთითებს, რომ მოცემული ქმედება თავისი არსით საზოგადოებრივად მაღალი საფრთხის შემცველია.

მ. ე-ნ მიმართებით საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მან მძევლად ხელში ჩაგდება ჩაიდინა არაერთგზის, რაც მსგავსი კატეგორიის დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილებაზე მიუთითებს.

თ. კ-ნ მიმართებით გამოკვეთილია პირობითი მსჯავრის პირობებში დანაშაულთა ერთობლიობის ჩადენის ფაქტი. პირობითი მსჯავრის პირობებში ახალი დანაშაული ჩაიდინა მ. მ-ც.

რაც შეეხება გ. ჩ-ს, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა - რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ იკვეთება.

ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორი სააპელაციო სასამართლოს მიღებული აქვს მხედველობაში, რის საფუძველზეც მსჯავრდებულებს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი (კერძოდ, მ. ე-ს - თავისუფლების აღკვეთა 13 წლით, თ. კ-ს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ - თავისუფლების აღკვეთა 13 წლით, მ. მ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ - თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, გ. ჩ-ს - თავისუფლების აღკვეთა 11 წლით). სხვა გარემოებაზე კი, რომელსაც შესაძლებელია, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა გამოეწვია, მხარეებს საკასაციო საჩივრებში არ მიუთითებიათ.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეთა საჩივრებში არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. გ-ს, მსჯავრდებულ მ. ე-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ფ-ის, მსჯავრდებულ თ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ა-ის, მსჯავრდებულ მ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ-ა და თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი