საქმე # 180100118002656204
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №739აპ-22 ქ. თბილისი
მ-ი რ, 739აპ-22 26 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია კიკალიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. მ-ს, - დაბადებულს .... წლის .... აგვისტოს, - ბრალად ედება ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2018 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდში, დაბა გ-ი, ე.წ. „პ-ს“ მიმდებარე ავტოსადგომზე მყოფ თ. მ-ს თეთრი ფერის „მიცუბიში დელიკას“ მოდელის ავტომობილით მიუახლოვდა რ. მ-ი, რა დროსაც იგი ნახევარი ტანით გადაიწია ავტომობილის ფანჯრიდან და მოძრავი მანქანიდან ორივე ხელი დაარტყა მუცლის არეში თ. მ-ს, რის შედეგადაც იგი წაიქცა. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, თ. მ-მ მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით:
2.1. რ. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. რ. მ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
2.3. რ. მ-ს უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92 ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განაჩენით:
3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია კიკალიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განაჩენის გაუქმება, რ. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
4.1. გამართლებულ რ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნოდარ იკაშვილმა შესაგებლით მოითხოვა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია კიკალიას მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს რ. მ-ის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. მოცემულ საქმეზე დაკითხულია მრავალი მოწმე და წარმოდგენილია მთელი რიგი მტკიცებულებები, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლომ ვრცელი მსჯელობით შეაფასა და საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, სრულად იზიარებს აღნიშნულ მსჯელობას; ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზი წარმოშობს მრავალ პასუხგაუცემელ შეკითხვას და ქმნის ეჭვებს, როგორც უშუალოდ ფაქტის ირგვლივ, ასევე - მას შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ.
8. უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს რ. მ-ს მიერ თ. მ-ს მიმართ 2018 წლის 28 ივნისს ხელით კონტაქტის ფაქტი, რასაც არც თავად გამართლებული უარყოფს, თუმცა, გამოკვლეული მტკიცებულებების წინააღმდეგობრივი ხასიათის გათვალისწინებით, ფაქტის ბუნდოვანებიდან გამომდინარე, შეუძლებელია უტყუარად დადგინდეს რ.მ-ს მხრიდან ჩადენილი მოქმედების სახე - ხელის კვრა, მუშტის ჩარტყმა, ხელების მოთათუნება, რამაც დაზარალებულის წაქცევა განაპირობა, რაც, თავის მხრივ, განსხვავებული შეფასების საფუძველს ქმნის ტკივილის გამოწვევის კუთხით. თავად თ. მ-ე საუბრობს შოკურ მდგომარეობაზე, რაც მოულოდნელობისგან მიიღო და აღნიშნავს, რომ ტკივილი უფრო შემდეგ იგრძნო, თუმცა ადასტურებს ტკივილის განცდას დაცემის მომენტშიც ხელისა და ფეხის არეში. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა სრულყოფილად შესწავლის მიუხედავად, ვერ ხდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტის დაძლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ რ. მ-ს მხრიდან თ. მ-ის მიმართ სხვაგვარი ძალადობის ჩადენის ფაქტის დადგენა წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელია.
9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორ ნათია კიკალიას პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია რ. მ-ის მიერ თ. მ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
12. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია კიკალიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი