Facebook Twitter

საქმე # 020100121004826346

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №761აპ-22 ქ. თბილისი

ლ-ა დ 761აპ-22 26 ოქტომბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. დ. ლ-ს, - დაბადებულს ... წლის .. ნოემბერს, - ბრალად ედება სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად; ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 25 ნოემბერს, დღის საათებში, ქ.ზ-ი, ლ-ა და ჩ-ს ქუჩების კვეთასთან, შუქნიშანთან, დ. ლ-მ ნ. ლ-ნ, ხ. ლ-ა და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, მ. ბ-ა და ხ. ლ-ს შორის მანქანის შეუკეთებლობის გამო არსებული კონფლიქტის საფუძველზე, ქვებითა და ხელკეტისმაგვარი საგნის გამოყენებით დააზიანა მ. ბ-ის კუთვნილი „აუდის“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით ..., წინა და უკანა ფრთა, მარცხენა წინა კარის საქარე მინა, მარცხენა უკანა კარი და ძარის სახურავი. აღნიშნული ქმედების შედეგად მ. ბ-ს მიადგა 560 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

· 2020 წლის 25 ნოემბერს, დღის საათებში, ქ.ზ-ი, ლ-ა და ჩ-ას ქუჩების კვეთასთან, შუქნიშანთან, დ. ლ-მ ნ. ლ-ნ, ხ. ლ-ა და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ჯგუფურად, მ. ბ-ა და ხ. ლ-ს შორის მანქანის შეუკეთებლობის გამო არსებული კონფლიქტის საფუძველზე, ერთობლივად, რამდენჯერმე ესროლა ქვები და მოახვედრა მ. ბ-ს თავის და ტანის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად მ. ბ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2020 წლის 25 ნოემბერს, დღის საათებში, ქ.ზ-ი, ლ-ა და ჩ-ს ქუჩების კვეთასთან, შუქნიშანთან, დ. ლ-მ, ხ. ლ-ნ ერთად ჯგუფურად, მ. ბ-ა და ხ. ლ-ს შორის მანქანის შეუკეთებლობის გამო არსებული კონფლიქტის საფუძველზე, წინასწარი შეცნობით მ. ბ-ის არასრულწლოვან შვილს, ლ. ბ-ს რამდენჯერმე ესროლა ქვები და მოახვედრა თავისა და ტანის არეში, ასევე ხელები და ფეხები დაარტყეს ტანის არეში, რის შედეგადაც ლ. ბ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 ნოემბრის განაჩენით:

2.1. დ. ლ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. გაუქმდა დ. ლ-ს მიმართ 2021 წლის 7 ივნისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განჩინება (12/1036-21) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და მოეხსნას ყადაღა უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით: .....

2.3. დ. ლ-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შორენა გვილავამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განაჩენის გაუქმება, დ. ლ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.

4.1. გამართლებულ დ. ლ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ი. ჯ-მ და რ. მ-მ შესაგებლით მოითხოვეს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ბრალდების მხარის არცერთ მოწმეს არ დაუდასტურებია 2020 წლის 25 ნოემბრის ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე დ. ლ-ს ყოფნის, ასევე დაზარალებულების ჯგუფურად ცემასა და ავტომანქანის დაზიანებაში მისი მონაწილეობის ფაქტი. დ. ლ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებების სახით ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს დაზარალებულების - მ. ბ-ა და ლ. ბ-ის ჩვენებები და დ. ლ-ს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილითა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ უტყუარ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ვინაიდან ყველა ამ მტკიცებულების - დაზარალებულების ჩვენებებისა და ამოცნობის ოქმების წყაროს წარმოადგენენ მხოლოდ დაზარალებულები, რომელთა ჩვენებები დანაშაულში დ. ლ-ს მონაწილეობასთან დაკავშირებით გამყარებული არ არის სხვა, თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით, კერძოდ:

7. დაზარალებულმა მ. ბ-მ განმარტა, რომ უთანხმოება მოუვიდა ლ-ნ ავტომანქანის შეკეთებასთან დაკავშირებით, რის გამოც მოხდა ჩხუბი და სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი ხ. ლ-ს, ნ. ლ-ს, დ. ჩ-ს, ზ. ხ-ა და ჯ. ლ-ს მიმართ. შესაბამისად, დავის საგანს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2020 წლის 25 ნოემბერს მოხდა როგორც ფიზიკური, ასევე ავტომანქანების დაზიანება. მთავარია, იმის დადგენა, 2020 წლის 25 ნოემბერს მომხდარი ფაქტის დროს ლ-ნ ერთად „ჰონდა ფიტის“ მარკის ავტომანქანაში იმყოფებოდა თუ არა დ. ლ-ია.

8. აღნიშნულთან დაკავშირებით დაზარალებულმა მ. ბ-მ განმარტა, რომ დ. ლ-ა იმყოფებოდა ჯ. და ნ. ლ-ნ ერთად ლურჯი ფერის „ჰონდა ფიტის“ ავტომანქანაში და ამას ასევე ადასტურებს მ. ბ-ს შვილი - დაზარალებული ლ. ბ-ე. მ. ბ-ის განმარტებით, მაშინ, როდესაც მიმდინარეობდა ლ-ის მიმართ საქმის გამოძიება, მისთვის უცნობი იყო დ. ლ-ს სახელი და გვარი, თუმცა შემდგომ ნახა ქუჩაში, იცნო და სახელი და გვარიც გაიგო, რაც მიაწოდა გამოძიებას და შესაბამისად, მის მიმართაც დაიწყო გამოძიება.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მ. ბ-მ განაცხადა, რომ მას რ-ს რესპუბლიკაში აქვს განათლება მიღებული და სრულყოფილად ვერ ფლობს ქართულ ენას, წერა-კითხვა უჭირს ქართულად. გამომძიებელმა მის მიერ მიცემული ჩვენება სხვაგვარად ასახა ოქმში, რის გამოც არ ეთანხმება გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებას, ვინაიდან გამომძიებელი წერდა მისი სურვილისამებრ, ხოლო თვითონ სხვაგვარად ყვებოდა. ამდენად, იგი სასამართლო სხდომაზე მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას არ იზიარებს და არ ეთანხმება. მ. ბ-ე არ დაეთანხმა გამოკითხვის ოქმს, სადაც ამბობს, რომ ლ-ა მას და მამასაც მიაყენეს შეურაცხყოფა და სახეში შეაფურთხეს. სასამართლო სხდომაზე მან განმარტა, რომ მხოლოდ მამას შეაფურთხეს, რაც ეწინააღმდეგება გ. ბ-ის ჩვენებას, რომლმაც აჩვენა, რომ ლ-ს მისთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ და, როგორც შვილისგან შეიტყო, მათ შეაფურთხეს მ-ს. ამდენად, დაზარალებულ მ. ბ-ს ჩვენების დეტალები ეწინააღმდეგება როგორც შვილის, ასევე - მამისა და სხვა მოწმეთა ჩვენებებს.

10. რაც შეეხება მ. ბ-ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იგი არ არის თანმიმდევრული და არ შეესაბამება სხვა მოწმეთა ჩვენებებს. კონკრეტულად ის ფაქტი, რომ მ. ბ-მ ავტომანქანა „აუდი“ გააჩერა ქუჩაზე და უკნიდან შეეჯახა „ჰონდა ფიტის“ ავტომანქანას, არ დასტურდება არცერთი მოწმის ჩვენებით.

11. ნეიტრალური თვითმხილველი მოწმის - ა. ფ-ს ჩვენების თანახმად, მან ნახა, თუ როგორ შემოვიდა „აუდის“ ფირმის ავტომანქანა ქუჩაში და შემდგომ მას მოჰყვა სხვა ავტომანქანა, რომელსაც ,,აუდის“ მძღოლი მ. ბ-ე უკანა სვლით დაეჯახა. შესაბამისად, თვითმხილველი მოწმე აცხადებს, რომ მ. ბ-ე უკანა სვლით დაეჯახა „ჰონდა ფიტის“ ავტომანქანას. აღნიშნული გარემოება დაადასტურა სასამართლო სხდომაზე ასევე ექსპერტმა პ. ჯ-ც, როცა სასამართლოში განმარტა, რომ პირველად „აუდის“ ფირმის ავტომანქანა მოძრაობდა უკანა სვლით და კონტაქტი ჰქონდა „ჰონდა ფიტის“ ავტომანქანასთან. შესაბამისად, დადგინდა ის ფაქტი, რომ ლ-ის ავტომანქანას შეეჯახა მ. ბ-ის ავტომანქანა. რაც შეეხება იმ კითხვას „ჰონდა ფიტის“ ავტომანქანაში იმყოფებოდა თუ არა დ. ლ-ა, არცერთი მოწმე აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებს; მიუხედავად იმისა, რომ ამ ინციდენტს ჰყავდა ბევრი თვითმხილველი მოწმე, ვერცერთმა ვერ დაადასტურა დ. ლ-ს 2020 წლის 25 ნოემბერს იქ ყოფნის ფაქტი.

12. ამ კუთხით საინტერესოა თვითმხილველი მოწმის - ა. ფ-ას ჩვენება, რომლის თანახმად, 2020 წლის 25 ნოემბრის ინციდენტის დროს დ. ლ-ა არ უნახავს და იგი პირველად სასამართლო სხდომაზე ნახა. მოწმე ლ. მ-მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ის ფაქტი, რომ იცნობს დ. ლ-ს და შემთხვევის დროს იქ რომ ყოფილიყო, აუცილებლად იცნობდა და მივიდოდა მასთან.

13. დაზარალებულ მ. ბ-ის განმარტებით, „ფიტის“ მარკის ავტომანქანაში დ. ლ-ია იჯდა უკანა სავარძელზე, ხოლო დაზარალებულმა ლ. ბ-მ პირველი ინსტაციის სასამართლოში აჩვენა, რომ დ. ლ-ია იჯდა წინა სავარძელზე, მარცხენა მხარეს - მძღოლის გვერდით, რაც ეწინააღმდეგება ერთმანეთს.

14. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულ მ. ბ-ის ავტომანქანაში მყოფი არასრულწლოვან გ. ბ-ას ჩვენება, რომელიც დაიკითხა კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით. მან დაადასტურა ის ფაქტი, რომ 2020 წლის 25 ნოემბრის ინციდენტის დროს დ. ლ-ა არ უნახავს და სასამართლო სხდომაზე პირველად ნახა.

15. მოწმის სახით დაკითხული პირები - ზ, გ. და დ. ნ-ი, თ. ჯ-ა ჩვენებებში აღნიშნავენ, რომ დ. ლ-ა შემთხვევის დროს იმყოფებოდა სოფელ ე-ი.

16. რაც შეეხება პროკურორ შორენა გვილავას აპელირებას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... და №... დასკვნებზე, რომელთა თანახმად, მ. ბ-ა და ლ. ბ-ს აღენიშნებოდათ მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული დასკვნები ვერ იქნება მიჩნეული დ. ლ-ს ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებად, ვინაიდან მათ საფუძველზე შესაძლებელია დაზარალებულების სხეულზე დაზიანებების არსებობის, მათი რაოდენობის, სიმძიმისა და ლოკალიზაციის, მაგრამ არა ამ დაზიანებების მიმყენებელი პირის დადგენა. გარდა დაზარალებულების ჩვენებებისა, საქმეში არ მოიპოვება სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მათ ცემასა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული დაზიანებების მიყენებაში სხვა პირებთან ერთად დ. ლ-ს მონაწილეობის ფაქტს. ასევე, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით შეუძლებელია მ. ბ-ს კუთვნილი ავტომანქანის დაზიანებაში დ. ლ-ს მონაწილეობის ფაქტის დადგენა.

17. დ. ლ-ს მხრიდან დანაშაულის ჩადენის მტკიცებას პროკურორი შორენა გვილავა ცდილობს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დაზარალებულ მ. ბ-ს დაკითხვისას არტერიული წნევა აეწია, რაც მისი ჩვენების სანდოობაზე მიუთითებს. საკასაციო სასამართლო ბრალდების მხარის ამ არგუმენტს ვერ გაიზიარებს და მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი ვერ გახდება პირის დამნაშავედ ცნობის საფუძველი. საქმეში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს დ. ლ-ს ბრალეულობაში მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.

18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).

19. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი