Facebook Twitter

საქმე # 010100119003197983

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №799აპ-22 ქ. თბილისი

კ-ე რ, 799აპ-22 26 ოქტომბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. რ. კ-ს, - დაბადებულს ... წლის ... მარტს, - ბრალად ედება ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

· ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის სახით, სავარაუდო მოპასუხეს - მეიჯარე სს „მ-ს“ დაევალა, განმცხადებლისათვის - მოიჯარე სს „ნ-ის“ აღედგინა იჯარით გაცემულ ფართზე ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება და აეკრძალა მისი მიწოდების შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სს „ნ-ი’’ არ გადაიხდიდა მოხმარებული ელექტროენერგიისა და წყლის საფასურს (ან/და თუ იარსებებს დაუძლეველი ძალის შემთხვევა); მასვე აეკრძალა მისი ან მესამე პირების მეშვეობით მოიჯარე - სს „ნ-ის“ საიჯარო ქონებით სარგებლობაში ხელის შეშლა კომუნალური მომსახურების შეზღუდვით, ან/და სხვა ნებისმიერი გზით, დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე.

· სს „მ-ის’’ სახელით მოიჯარეებთან ურთიერთობაზე, სახელშეკრულებო ვალდებულებების კონტროლზე, საიჯარო გადასახადის მატება/შემცირებაზე, მოიჯარეებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილმა პირმა, რ. კ-მ არ შეასრულა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის განჩინება და არ უზრუნველყო სს „ნ-ის’’ იჯარით გაცემული ფართის ელექტროენერგიით მომარაგება მას შემდეგ, რაც სს „ნ-ა’’ დაფარა კომუნალური ხარჯები.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის განაჩენით:

2.1. რ. კ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. გამართლებულ რ. კ-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ბორჩაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განაჩენის გაუქმება, რ. კ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, უარს აცხადებს საქმის განხილვაზე, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება მცირე დასაბუთებით დაკმაყოფილდეს“ (,,მარინი ალბანეთის წინააღმდეგ,“ (Marini v. Albania), N3738/02, 18/12/2007, §106); საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. ამავდროულად, სასამართლო არ არის ვალდებული, მხარეს მის მიერ წამოჭრილ ყველა საკითხზე უპასუხოს, არამედ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დასაბუთებული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ მთავარ და ძირითად საკითხებს (იხ. საქმე „ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ,“ (Van de Hurk v. Netherlands), N16034/90, 19/04/1991, §61).

7. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და სრულად ეთანხმება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რომ გამართლებულ რ. კ-ს ქმედებაში არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, კერძოდ:

7.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა”.

7.2. საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა. აღნიშნული დანაშაულისგან დაცვის ობიექტია მართლმსაჯულების ინტერესი განაჩენის შესრულების უზრუნველსაყოფად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სავალდებულოობა და აღსრულების უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ უკავშირდება კანონიერების პრინციპის დაცვას, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან თვითნებობისა და უკანონობის აღმოფხვრას. განაჩენის შეუსრულებლობა გამოიხატება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდისგან/დაკისრებული მოვალეობის შესრულებისგან განზრახ თავის არიდებაში ან მის დარღვევაში.

8. საქმის მასალების თანახმად, ბრალდების მხარე რ. კ-ს ედავება ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუსრულებლობას.

9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება რ. კ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, რომლის თანახმად, მან არ შეასრულა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის განჩინება და არ უზრუნველყო სს „ნ-ის“ იჯარით გაცემული ფართის ელექტროენერგიით მომარაგება მას შემდეგ, რაც სს „ნ-ა“ დაფარა კომუნალური ხარჯები.

10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის განჩინებითა და მის საფუძველზე გაცემული, 2019 წლის 13 ივნისის №117-უზრ/2019 სააღსრულებო ფურცლით სარჩელის უზრუნველყოფის სახით სავარაუდო მოპასუხეს - მეიჯარე სს „მ-ს“ დაევალა, აღუდგინოს განმცხადებელს - სს „ნ-ს“ იჯარით გაცემულ ფართზე, მდებარე მისამართზე: ქ. ბ-ი, ლ-ა კ-ის ქ.1, საკადასტრო კოდი: .... - ნაწილი - 101 -2005,90 კვ.მ.; ნაწილი №102 - 77,4 კვ.მ. და ნაწილი №103 - 105,3 კვ.მ. ელენერგიისა და წყლის მიწოდება და აეკრძალოს მისი მიწოდების შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არ იქნება გადახდილი მოხმარებული ელექტროენერგიისა და წყლის საფასური (ან/და თუ იარსებებს დაუძლეველი ძალის შემთხვევა); მასვე აეკრძალა მისი ან მესამე პირების მეშვეობით მოიჯარისათვის - სს „ნ-ის“ საიჯარო ქონებით სარგებლობის ხელშეშლა კომუნალური მომსახურების შეზღუდვით ან/და სხვა ნებისმიერი გზით დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე.

10.1. სს „მ-ის“ დირექტორთა საბჭოს 2017 წლის 2 იანვრის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სს „მ-ის“ იჯარით გაცემული ფართების შედეგად მიღებული შემოსავლები პროგრამაში ასახულიყო შემდეგი თანმიმდევრობით: უპირველესად, გადასახდელად მიექცეს მოიჯარისთვის დაკისრებული საურავი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდგომ ამისა, საიჯარო გადასახადი, საერთო ფართების საექსპლუატაციო მოსაკრებელი, ბრუნვის პროცენტი, კომუნალური გადასახადები; სს „მ-ის“ საბუღალტრო პროგრამა „ორის მენეჯერი“ მოიჯარეებისაგან, მათ შორის - სს „ნ-ნ“ მიღებულ თანხებს ანაწილებდა სს „მ-ს“ დირექტორთა საბჭოს 2017 წლის 2 იანვრის გადაწყვეტილებით დადგენილი წესის მიხედვით - ჯერ გადასახდელად მიექცეოდა მოიჯარისთვის დაკისრებული საურავი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდგომ ამისა - საიჯარო გადასახადი, შემდეგ - საერთო ფართების საექსპლუატაციო მოსაკრებელი, შემდეგ - ბრუნვის პროცენტი და ბოლოს - კომუნალური გადასახადები; აღნიშნული წესის შესახებ ცნობილი იყო მოიჯარე სს „ნ-ის“ და მთელი საიჯარო პერიოდის განმავლობაში ურთიერთობდნენ ამ წესის გათვალისწინებით.

10.2. სს „მ-ს“ (მეიჯარე) და სს „ნ-ს“ (მოიჯარე) შორის 2017 წლის 1 ივლისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, მეიჯარემ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით (2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით) იჯარით სარგებლობაში გადასცა მოიჯარეს მეიჯარის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, მდებარე: ქ. ბ-ი, ლ-ა კ-ს ქუჩა .., საკადასტრო კოდი: ... ნაწილი - №101 -2005,90 კვ.მ., №102 – 77,4 კვ.მ. და №103 - 105,3 კვ.მ. კომერციული ფართები.

10.3. მოიჯარემ იკისრა ვალდებულება, დროულად და ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით გადაიხადოს: საიჯარო ქირა და მის მიერ საიჯარო ქონებით სარგებლობის განმავლობაში გახარჯული კომუნალური გადასახადები, რომელთა გადახდის ვალდებულება მოიჯარეს, ამავე ხელშეკრულების 3.3 ქვეპუნქტის მიხედვით, წარმოეშობოდა ყოველი საანგარიშო თვის ბოლო დღეს, ხოლო თანხა უნდა გადაეხადა არაუგვიანეს მომდევნო თვის 20 რიცხვისა.

10.4. 2017 წლის 1 ივლისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მოიჯარე სს „ნ-ს“ მეიჯარე სს „მ-მ“ 2019 წლის ივნისში გაუგზავნა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომლითაც მოთხოვნილ იქნა: მაისის ელენერგიის საფასური - 16766.26 ლარი; მაისის გაზის საფასური - 418.88 ლარი; მაისის წყლის საფასური - 1188.00 ლარი; მაისის „იჯარის ბრუნვის % - 28127.34 ლარი ანუ სულ მოთხოვნილ იქნა 2019 წლის მაისის საიჯარო საფასური - 46500.48 ლარი.

10.5. მოიჯარე სს „ნ-ა 2019 წლის 21 ივნისს, იჯარის ხელშეკრულებაში მითითებული ვადის დარღვევით, მეიჯარე სს „მ-ს“ საბანკო ანგარიშზე სამ ეტაპად ჩარიცხა მოთხოვნილი თანხის მხოლოდ ნაწილი - 18 373,14 ლარი, კერძოდ - მაისის კომუნალური ხარჯი (დენი) - 16766.26 ლარი; მაისის კომუნალური ხარჯი (წყალი) - 1188 ლარი; მაისის კომუნალური ხარჯი (გაზი) - 418.88 ლარი. სამივე აღნიშნულ გადახდაზე მოიჯარის მიერ მითითებულია „მაისის თვის კომუნალური ხარჯი“, მაშინ, როდესაც სს „ნ-ის“ მიერ სს „მ-ის“ ანგარიშზე 21.01.2019, 19.02.2019, 19.03.2019, 19.04.2019, 20.05.2019 - შესრულებულ გადახდებზე დანიშნულებად ყველა გადახდაზე მითითებულია „იჯარის ღირებულება“ და არა ,,კომუნალური ხარჯი“.

10.6. მოიჯარე სს „ნ-ის“ მიერ ჩარიცხული თანხები, მეიჯარის ანგარიშზე ასახვის შემდეგ, ბუღალტერმა, დირექტორთა საბჭოს 2017 წლის გადაწყვეტილების შესაბამისად, პროგრამულად შემდეგნაირად გაანაწილა: 6041.37 ლარი იჯარის დავალიანება, რაც პროგრამულად აისახა ლათინური ასოებითა და ტერმინით „Rent” და შემდეგ მოჰყვება “Turnover Share”, რაც ნიშნავს ბრუნვის პროცენტს და ასევე საიჯარო გადასახადს და საანგარიშო თვის პერიოდში მიღებული ბრუნვის 6%-ს. ამდენად სს „ნ-ნ“ ჩარიცხული თანხა მოხმარდა საიჯარო დავალიანებას ანუ თანხები შემდეგნაირად განაწილდა: 10 120.77 ლარი; 1188.00 ლარი და 418.88 ლარი. საბოლოოდ, 2019 წლის 21 ივნისს მოიჯარე სს „ნ-ს“ მიერ ჩარიცხული თანხა მეიჯარე ორგანიზაციაში დადგენილი პრიორიტეტის მიხედვით გადანაწილდა საიჯარო ხარჯებზე, ხოლო კომუნალური ხარჯები მოიჯარემ არ გადაიხადა.

11. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს იმ დადგენილ გარემოებას, რომ მოიჯარე სს „ნ-ის“ ცნობილი იყო საკუთარი, 2019 წლის მაისის სრული საიჯარო დავალიანება, რომელიც მას უნდა გადაეხადა სრულად 20 ივნისამდე; მოიჯარისათვის ასევე ცნობილი იყო, რომ მიუხედავად მის მიერ გადახდის დანიშნულების მითითებისა, გადახდილი თანხები მეიჯარის მიერ გადანაწილდებოდა სს „მ-ს“ დირექტორთა საბჭოს 2017 წლის 2 იანვრის გადაწყვეტილებით დადგენილი წესის მიხედვით - ჯერ გადასახდელად მიექცეოდა მოიჯარისთვის დაკისრებული საურავი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდგომ ამისა - საიჯარო გადასახადი, მერე - საერთო ფართების საექსპლუატაციო მოსაკრებელი, შემდეგ - ბრუნვის პროცენტი და ბოლოს - კომუნალური გადასახადები და ასეთ შემთხვევაში მას გადაუხდელი რჩებოდა კომუნალური ხარჯები.

12. მიუხედავად აღნიშნულისა, მოიჯარემ არ გადაიხადა სრული საიჯარო საფასური, მან გადაიხადა მხოლოდ ნაწილი და გადაუხდელი დარჩა კომუნალური ხარჯი, რის გამოც მეიჯარემ შეუწყვიტა კომუნალური მომსახურების მიწოდება, რასაც, მოცემულ ვითარებაში, მეიჯარე სს „მ-ს“ არ უკრძალავდა 2019 წლის 13 ივნისის №117-უზრ/2019 სააღსრულებო ფურცელი, რადგანაც აღნიშნული სასამართლო აქტის მიხედვით, მეიჯარე სს „მ-ს“ აეკრძალა ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების შეწყვეტა მოიჯარე სს „ნ-ის“, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოიჯარე არ გადაიხდიდა მოხმარებული ელექტროენერგიისა და წყლის საფასურს, რაც მოხდა კიდეც 2019 წლის 21 ივნისს.

13. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, აღნიშნავს: ის გარემოება, რომ მეიჯარე სს „მ-ას’’ არ უნდა შეეწყვიტა ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება მოიჯარე სს ,,ნ-ის’’, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოიჯარე არ გადაიხდიდა მოხმარებული ელექტროენერგიისა და წყლის საფასურს, არ ათავისუფლებდა მოიჯარე სს ,,ნ-ს’’, საიჯარო ურთიერთობიდან გამომდინარე, შესაბამისი იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული გადასახადების გადახდისაგან, რაც მოიცავდა როგორც კომუნალურ ხარჯებს, ასევე - ხელშეკრულებით განსაზღვრულ სხვა გადასახდელებს. ასევე გასათვალისწინებელია მხარეებს შორის ურთიერთობისას დამკვიდრებული პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, მეიჯარის მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც მოიცავდა მათ შორის კომუნალურ ხარჯებს, მოიჯარის მიერ გადახდილ საიჯარო თანხებს მეიჯარე ანაწილებდა შესაბამისი პრიორიტეტების მიხედვით და აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო მოიჯარისათვის. ამ ვითარებაში იგი ვალდებული იყო, 2019 წლის 20 ივნისის ჩათვლით სრულად გადაეხადა მეიჯარის მიერ შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით მოთხოვნილი თანხა, მათ შორის - კომუნალური ხარჯები, რაც მოიჯარე სს „ნ-ა’’ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა და არ გადაიხადა მოთხოვნილი კომუნალური ხარჯის თანხა.

14. საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომლის თანახმად, იმ ვითარებაში, როდესაც მხარეებს შორის ურთიერთობისას დამკვიდრებული იყო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, მეიჯარის მოთხოვნის საფუძველზე, რაც მოიცავდა მათ შორის კომუნალურ ხარჯებს, მოიჯარის მიერ გადახდილი საიჯარო თანხები მეიჯარის მიერ ნაწილდებოდა შესაბამისი პრიორიტეტების მიხედვით და აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო მოიჯარისათვის, ამ ვითარებაში იგი ვალდებული იყო, 2019 წლის 20 ივნისის ჩათვლით სრულად გადაეხადა მეიჯარის მიერ შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით მოთხოვნილი თანხა, მათ შორის - კომუნალური ხარჯები, რაც მოიჯარე სს „ნ-ა“ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა და გადაუხდელი დარჩა მოთხოვნილი კომუნალური ხარჯის თანხა.

15. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის განჩინება და მის საფუძველზე გამოცემული №117-უზრ/2019 სააღსრულებო ფურცლის დებულებები, დაკავშირებული მხარეების უფლება-მოვალეობებთან, კრედიტორმა და მოვალე მხარეებმა გაიგეს ურთიერთსაწინააღმდეგო, ურთიერთგამომრიცხავი შინაარსით, კერძოდ, კრედიტორმა მიიჩნია, რომ მის მიერ მხოლოდ კომუნალური ხარჯის გადახდის შემთხვევაში მოვალეს ეკრძალებოდა ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების შეწყვეტა, ხოლო მოვალე მხარემ მიიჩნია, რომ მასა და კრედიტორს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულებისა და მათ შორის დამკვიდრებული წინარე ურთიერთობის პრაქტიკიდან გამომდინარე, კრედიტორს (მოიჯარეს) უნდა გაეგრძელებინა საიჯარო ურთიერთობიდან გამომდინარე ხარჯების, მათ შორის - კომუნალურის გადახდა სრულად, ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვამდე, მოცემულ შემთხვევაში 2019 წლის 20 ივნისამდე, ხოლო რამდენადაც მოიჯარემ საიჯარო ურთიერთობიდან გამომდინარე კუთვნილი გადასახადი გადაიხადა ნაწილობრივ, 2019 წლის 21 ივნისს და მას შეექმნა კომუნალური ხარჯების დავალიანება, მეიჯარემ შეუწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება.

16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების დასკვნას რ. კ-ს უდანაშაულობის შესახებ; საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით ვერ დადასტურდა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება, რომ რ. კ-მ არ შეასრულა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის განჩინება და არ უზრუნველყო სს „ნ-ის“ იჯარით გაცემული ფართის ელექტროენერგიით მომარაგება მას შემდეგ, რაც სს „ნ-ა“ დაფარა კომუნალური ხარჯები.

18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142), რაც ამ შემთხვევაში საქმის მასალებით გამოკვეთილი არ არის.

19. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი