Facebook Twitter

საქმე # 120100120004229951

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №813აპ-22 ქ. თბილისი

ღ-ე ლ, 813აპ-22 26 ოქტომბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ივნისის განაჩენზე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - თამარ ზურაბაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ლ. ღ-ს, - დაბადებულს ... წლის ... აპრილს, - ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქალაქ ბ-ი,ს-ს ქუჩა N...-ში მდებარე შპს „ჯ-ის“ ბ-ის სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციული შენობის მე-3 სართულზე არსებულ, პასუხისმგებელი ექთნის ქ. ლ-ის სამუშაო ოთახში, ალკოჰოლით მთვრალმა ლ. ღ-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, სცადა მისივე მეუღლის - ნ. ჩ-ის განზრახ მკვლელობა, კერძოდ, ხელთ ნაქონი დანის გამოყენებით თავის და გულმკერდის უკანა მხარეს მიაყენა ნაკვეთი ჭრილობები.

· ლ. ღ-ე 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის 12 სექტემბრამდე პერიოდში მეუღლეს - ნ. ჩ-ს ეჭვიანობის ნიადაგზე, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის გამოც ნ. ჩ-ი განიცდიდა ტანჯვას.

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 ივნისის განაჩენით:

2.1. ლ. ღ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. ლ. ღ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ლ. ღ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 12 სექტემბრიდან.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ღ-მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:

· ლ. ღ-ე 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის 12 სექტემბრამდე პერიოდში, მეუღლეს - ნ. ჩ-ს ეჭვიანობის ნიადაგზე, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის გამოც ნ. ჩ-ი განიცდიდა ტანჯვას.

· 2020 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქალაქ ბ-ი, ს-ის ქუჩა N..-ში მდებარე შპს „ჯ-ს“ ბ-ის სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციული შენობის მე-3 სართულზე არსებულ, პასუხისმგებელი ექთნის სამუშაო ოთახში, ალკოჰოლით მთვრალმა ლ. ღ-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, მისივე მეუღლეს - ნ. ჩ-ს დანის გამოყენებით თავისა და გულმკერდის უკანა მხარეს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოშლით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ივნისის განაჩენით:

4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორმა - სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა - თამარ ზურაბაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ლ. ღ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი, კანონიერი სასჯელის შეფარდება, ხოლო სხვა ნაწილში - განაჩენის უცვლელად დატოვება.

5.1. მსჯავრდებულმა ლ. ღ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - კ. ლ-ა და ნ. ს-ა შესაგებლებით მოითხოვეს პროკურორ თამარ ზურაბაშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ივნისის განაჩენის ძალაში დატოვება.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

7. ლ. ღ-ს მსჯავრდების ეპიზოდი (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება):

7.1. მსჯავრდებულ ლ. ღ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნ. ჩ-სა და მოწმეების - ი. ჩ-ის, მ. გ-ა და სხვათა ჩვენებებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N... დასკვნით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

8. საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით ლ. ღ-ს ბრალდების ეპიზოდი:

8.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

8.2. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია აშკარა, დამაჯერებელ და ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მსჯავრდებულ ლ. ღ-ს მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობას ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ.

8.3. საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

8.4. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის არგუმენტაციას იმასთან მიმართებით, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ დასტურდება ლ. ღ-ის განზრახი ქმედება, მიმართული ნ. ჩ-ის სიცოცხლის მოსპობისაკენ. აქ მხედველობაშია მისაღები როგორც დაზარალებულის, ისე მოწმეთა ჩვენებები, რითაც დადგენილია, რომ ნ. ჩ-ის დაჭრის შემდეგ ლ. ღ-მ მალევე, უხმაუროდ და წყნარად დატოვა შემთხვევის ადგილი. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურებულა, რომ ლ. ღ-ს ვინმემ ან რამემ შეუშალა ხელი, დაუჭირა დანიანი ხელი ან დააშორა ნ. ჩ-ს.

8.5. სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი პოზიციის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმე ე. ს-ს ჩვენება მუქარის ნაწილში.

8.6. საკასაციო სასამართლოს აზრით, ბრალდების მხარის ამგვარი პოზიცია ვერ იქნება მიღებული და გაზიარებული, რადგან ის მოკლებულია დასაბუთებულ საფუძველს. მოწმე ე. ს-ის ჩვენება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მკვლელობის განზრახვის დამადასტურებელ გარემოებად. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოწმე შეესწრო ლ. ღ-ა და ნ. ჩ-ის სატელეფონო საუბარს, იგი ვერ უთითებს კონკრეტულ დროს და ვერც აღწერს, რაში გამოიხატა ლ. ღ-ის მხრიდან დამუქრების ფაქტი, ჰქონდა თუ არა მას რაიმე ფორმით კავშირი შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებთან. აღნიშნული ჩვენების შეფასებისას ასევე მნიშვნელოვანია თავად დაზარალებულ ნ. ჩ-ის ჩვენებაც, რომელიც კატეგორიულად მიუთითებს, რომ 25-წლიანი თანაცხოვრების პერიოდში, მიუხედავად სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ძალადობისა, ლ. ღ-ს მასზე ფიზიკურად არასდროს უძალადია.

8.7. უსაფუძვლოა აგრეთვე პროკურორ თამარ ზურაბაშვილის მიერ წარმოდგენილი პოზიცია, რომ მსჯავრდებულ ლ. ღ-ს მიერ განზრახვის სისრულეში მოყვანას ქმედების მომენტში ხელი შეუშალა დანის გატეხვამ და ადგილზე დაზარალებულ ნ. ჩ-ის თანამშრომლების შეკრებამ.

8.8. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ იმის ერთი მტკიცებულებაც კი არ წარმოუდგენია თუ რა ვითარებაში მოხდა დანის გატეხვა - გატყდა ის დაზარალებულისთვის დაზიანების მიყენების მომენტში, ოთახში არსებულ სხვა საგანზე მოხვედრის შედეგად, თუ თავად მსჯავრდებულმა ლ. ღ-მ დააზიანა მაშინ, როდესაც, სპეციალური ცოდნის მქონე პირებმაც კი ვერ დაადგინეს (სამედიცინო ტრასოლოგიური ექსპერტები), შეეძლო თუ არა ადამიანის სხეულზე (ძვალზე) დარტყმას გამოეწვია წარდგენილი დანის დაზიანება (გატეხვა). დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით კი, მათ დანა დაინახეს მხოლოდ ლ. ღ-ის წასვლის შემდეგ, დაზიანებულ მდგომარეობაში. რაც შეეხება თანამშრომელთა შეკრებას, ძალადობის პირველივე წუთიდან ლ. ღ-ს ცნობილი იყო, რომ იქვე იმყოფებოდა მ. ლ-ე, მალევე მივიდა ლ. ტ-ც, რომლებიც კიოდნენ და საშველად უხმობდნენ სხვებს, თუმცა აღნიშნული წამითაც არ გამხდარა ხელის შემშლელი გარემოება ლ. ღ-ს, შეეწყვიტა ძალადობრივი ქმედება. მტკიცებულებათა შეფასებით აშკარად დასტურდება, რომ ლ. ღ-ს მიერ ნ. ჩ-ე ძალადობა შეწყდა განზრახვის სისრულეში მოყვანისთანავე, მან შემთხვევის ადგილი დატოვა თავისი სურვილით, მშვიდად და წყნარად, ვინაიდან უკვე მიაღწია სასურველ შედეგს. მკვლელობის განზრახვის შემთხვევაში კი, ლ. ღ-ს არაფერი უშლიდა ხელს, ნ. ჩ-ის თავიდანვე მიეყენებინა ნაჩხვლეტი ჭრილობები, დანის გატეხვის შემთხვევაში კი მისი სიცოცხლის მოსპობა ეცადა ოთახში არსებული სხვა საგნით ან სხვა გზით (ასფიქსიით, ცემით და ა.შ), რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა.

8.9. პროკურორი თამარ ზურაბაშვილი საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს პოზიცია მოწმის სახით დაკითხული გ. კ-ის ჩვენების გაუზიარებლობის ნაწილში არის არგუმენტს მოკლებული.

8.10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულიად მართებულად არ გაიზიარა მოწმე გ. კ-ს ჩვენება და ბრალდების მხარის პოზიცია, ვინაიდან იგი არ გამომდინარეობს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან, მათ შორის - სამედიცინო, სამედიცინო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებიდან და ნ. ჩ-ს სამედიცინო დოკუმენტაციიდან, კერძოდ:

8.10.1. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N... დასკვნითა და სამედიცინო დოკუმენტაციით უტყუარადაა დადგენილი, რომ ნ. ჩ-ს თავისა და გულმკერდის უკანა კედელზე მიყენებული ჰქონდა ნაკვეთი ჭრილობები. ნაკვეთი ჭრილობების კვალი კი რჩება ბასრი პირის მქონე (დანა) საგნის, ლესილი პირის დასმით, მაშინ, როდესაც შემავალი (ნაჩხვლეტი) ჭრილობის მიყენება შესაძლებელია დანის ან სხვა მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ჩაფლობით სხეულში, რაც ტოვებს სრულიად განსხვავებულ კვალს. მოცემულ შემთხვევაში წინაღობის სახით ბეჭის ძვლის დახვედრა შესაძლებელი იქნებოდა, თუ მოხდებოდა დანის ჩაფლობა სხეულში, წინაღობის დახვედრისა და მიმართულების შეცვლის შემთხვევაში კი დანა ჭრილობის მინიმუმ ერთ ბოლოში დატოვებდა განსხვავებულ კვალს, რაც შესაძლებლობას მისცემდა ექსპერტიზას, დაედგინა არა ნაკვეთი, არამედ - ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობის არსებობა.

8.10.2. აღნიშნულს ადასტურებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტრასოლოგიური ექსპერტიზის N..., სამედიცინო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის N... დასკვნა და სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელთა თანახმადაც, ნ. ჩ-ს ძვლის დაზიანება არ აღენიშნებოდა. კასატორის მოსაზრებისა და გ. კ-ის ჩვენების შესაბამისად, თუ შემავალ ჭრილობას ხელი შეუშალა ბეჭის ძვალმა, რამაც შესაძლოა, გამოიწვია დანის წვერის გაღუნვა, ბეჭის ძვალის ზედაპირზე უნდა დარჩენილიყო დანის წვერით მიყენებული დაზიანება, მოღუნული დანის წვერი კი ამოსვლისას ჭრილობაზე დატოვებდა სხვა სახის მორფოლოგიურ კვალს, რაც აისახებოდა სამედიცინო დოკუმენტაციაშიც და ჭრილობა იქნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი (მოღუნული დანის წვერით შესაძლოა ნაფლეთიც) და არა - ნაკვეთი. ყოველივე აღნიშნული ცალსახად ადასტურებს, რომ მოწმე გ. კ-ის ჩვენება აგებულია ვარაუდებზე და არა - ფაქტებსა და სამედიცინო ტრასოლოგიურ ცოდნაზე, მითუმეტეს, რომ მტკიცებულებების შესაბამისად, ქირურგს ჭრილობა სიღრმისეულად არ გამოუკვლევია.

8.11. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ არგუმენტებს, რომელთა საფუძველზეც მან უარყო ბრალდების მხარის მოთხოვნა ლ. ღ-ს ქმედების ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირებისა (საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით) და სწორედ ასეთი ბრალდებით მისი მსჯავრდების თაობაზე, რადგან საქმეში არ მოიპოვება საამისოდ აუცილებელ მტკიცებულებათა ბაზა. მხოლოდ დანით ჭრილობების მიყენების ფაქტი და დაზიანების ლოკალიზაცია, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით შეფასდა მსუბუქი ხარისხის დაზიანებად, უპირობოდ ვერ გახდება საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების საფუძველი. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადგინდა, თუ რა უშლიდა ხელს ლ. ღ-ს სისრულეში მოეყვანა თავისი განზრახვა. დარტყმების შემდეგ განვითარებული მოვლენები - მიყენებული ჭრილობების ხასიათი, მეტი და სხვა სახის ჭრილობების მიუყენებლობა, ლ. ღ-ს მოქმედება და შემთხვევის ადგილიდან, ყოველგვარი ხელშემშლელი ფაქტორების გარეშე,ს ნებაყოფლობით წასვლა, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გამორიცხავს საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე 2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების საფუძველს.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

10. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - თამარ ზურაბაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი