Facebook Twitter

ბს-1478-1053(კ-05) 18 იანვარი, 2006 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ ... პარტია

წარმომადგენლები _ ნ. გ-ე, მ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს პრეზიდენტი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 ოქტომბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ქმედების აკრძალვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 28 სექტემბერს ... პარტიის წარმომადგენლებმა _ კ. კ-მ და ნ. გ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის მიმართ.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 2005 წლის 1 ოქტომბრის შუალედურ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, .. ..-ის მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ¹81 ქობულეთის საარჩევნო ოლქში წარდგენილ იქნა კ. ხ-ი, ¹79 ბათუმის საარჩევნო ოლქში _ ჯ. ი-ი, ხოლო ¹5 ისნის საარჩევნო ოლქში _ ბ. ბ-ე. 2005 წლის 11 აგვისტოს ტელეკომპანია «...ის» ეთერით გადაიცა ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ბ. ბ-ის წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული სააგიტაციო საქმიანობის ამსახველი ვიდეომასალა. ისნის ამომრჩევლებს საქართველოს პრეზიდენტმა თავად წარუდგინა ბ. ბ-ე და განაცხადა, რომ მისული იყო მის წარსადგენად. აღნიშნული კამპანია მიმდინარეობდა საქართველოს პრეზიდენტისა და ბ. ბ-ის მიერ ვაზისუბნის დასახლებაში სათამაშო მოედნის გახსნის ფონზე. 2005 წლის 17 აგვისტოს ტელეკომპანია «მ...ს», «... არხის», «ი...ის» და «...-ის» ეთერით გადაიცა ქობულეთის რაიონის სოფელ ... ახალი წყალკანალის საზეიმოდ გახსნის ცერემონია. საქართველოს პრეზიდენტი დეპუტატობის კანდიდატებთან _ კ. ხ-თან და ჯ. ი-თან ერთად, თავად დაესწრო აღნიშნულ ღონისძიებას და აღნიშნა, რომ კ. ხ-ი საქართველოს პარლამენტში იქნებოდა არა ერთ-ერთი დეპუტატი, არამედ მისი განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი პირი და მინიშნებები გააკეთა მის სხვა უპირატესობებზეც. საქართველოს პრეზიდენტმა წინასაარჩევნო კამპანია სოფელ ...დან გააგრძელა ქ. ქობულეთში, სადაც კვლავ კ. ხ-თან ერთად, ქ. ქობულეთის «სამედიცინო სასწრაფო დახმარების სამსახურს 03» ახალი სასწრაფო დახმარების მანქანები გადასცა.

სასარჩელო განცხადებაში მითითებული იყო, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ხელმძღვანელ პირებს. აღნიშნული კოდექსის მე-3 მუხლის «ნ» ქვეპუნქტის მიხედვით, ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ გულისხმობდა წინასაარჩევნო აგიტაციას. საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ქმედებები _ კანდიდატების ამომრჩეველთა წინაშე წარდგენა, მათთან ერთად ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოწოდება _ იყო საქმიანობა, რასაც საქართველოს საარჩევნო კოდექსით ეწოდებოდა აგიტაცია. საქართველოს პრეზიდენტს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს პირს, არ ჰქონდა წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება. ზემოთ ხსენებული მოქმედებებით საქართველოს პრეზიდენტი გასცდა თავის უფლებამოსილებას და დაარღვია ამ მოქმედებების ამკრძალავი საარჩევნო კოდექსის ნორმა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტისთვის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის აკრძალვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ... პარტიას უარი ეთქვა სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ... პარტიის წარმომადგენელმა ნ. გ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ... პარტიის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები და დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 11 აგვისტოს ტელეკომპანია «...ის» ეთერით გადაიცა ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ბ. ბ-ის წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული სააგიტაციო საქმიანობის ამსახველი ვიდეომასალა, ხოლო 2005 წლის 17 აგვისტოს საქართველოს ტელეარხების ეთერით გადაიცა ქობულეთის რაიონის სოფელ ...ში ახალი წყალკანალის საზეიმოდ გახსნის ცერემონია, რომელსაც დეპუტატობის კანდიდატებთან _ კ. ხ-თან და ჯ. ი-თან ერთად დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი.

სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ხელმძღვანელ პირს და აღნიშნული მოსაზრების უარსაყოფად მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 69-ე და 78-ე მუხლებზე.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია მოიწვიოს და თავმჯდომარეობდეს მთავრობის სხდომას, მაგრამ ამ უფლებამოსილებით არ იცვლება მისი კომპეტენციის იურიდიული ბუნება და საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს სახელმწიფოს და არა აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა .... პარტიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მისი მოსაზრება, რომ საქართველოს პრეზიდენტს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს პირს, არა აქვს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება და ამით ის გასცდა თავის უფლებამოსილებას, რითაც დაარღვია საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტი. სააპელაციო პალატამ თავისი არგუმენტაცია დაამყარა იმ გარემოებაზე, რომ «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» 2004 წლის 11 თებერვლის კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ძალადაკარგულად ჩაითვალა «აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს 1997 წლის 12 აპრილის კანონი, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავდა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური იყო საქართველოს პრეზიდენტი და სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ახორციელებდა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელობას და მასზე არ ვრცელდებოდა საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის აღნიშნული მოსაზრება უსაფუძვლოა, რადგან «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მოიწვიოს მთავრობის სხდომა და უხელმძღვანელოს მას. ამ შემთხვევაში მთავრობის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი და სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება პრეზიდენტის აქტით. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია მოიწვიოს და თავმჯდომარეობდეს მთავრობის სხდომას. აღნიშნული ნორმების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი ახორციელებს სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ხელმძღვანელობას და მას, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს და ხელმძღვანელ პირს, არა აქვს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება.

კასატორი აღნიშნავს, რომ «შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის განმახორციელებელი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობას. აღნიშნული ნორმა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ უსაფუძვლოა მსჯელობა იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირი.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი და «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის პირველი მუხლი, აგრეთვე, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-4 ნაწილი და საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტი.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება მიღებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის დარღვევით, საქმეზე მიღებულია არასწორი გადაწყვეტილება, რამაც გამოიწვია სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლოდ უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები და საკასაციო სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია, რომ 2005 წლის 11 აგვისტოს ტელეკომპანია «რუსთავი 2-ის» ეთერით გადაიცა ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ბ. ბ-ის წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული სააგიტაციო საქმიანობის ამსახველი ვიდეომასალა, ხოლო 2005 წლის 17 აგვისტოს საქართველოს ტელეარხების ეთერით გადაიცა ქობულეთის რაიონის სოფელ ...ში ახალი წყალკანალის საზეიმოდ გახსნის ცერემონია, რომელსაც დეპუტატობის კანდიდატებთან _ კ. ხ-თან და ჯ. ი-თან ერთად დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საქართველოს პრეზიდენტს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს პირს, არა აქვს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება და ამით ის გასცდა თავის უფლებამოსილებას, რითაც დაარღვია საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტი. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება კასატორს, რომ «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი ახორციელებს სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ხელმძღვანელობას და მას, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს და ხელმძღვანელ პირს, არა აქვს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ, მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია მოიწვიოს და თავმჯდომარეობდეს მთავრობის სხდომას, მაგრამ ამ უფლებამოსილებით არ იცვლება მისი კომპეტენციის იურიდიული ბუნება და საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს სახელმწიფოს და არა აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ «შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის «გ» ქვეპუნქტის ნორმა ცხადყოფს, რომ უსაფუძვლოა მსჯელობა იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირი. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის იმ მოსაზრებასაც, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი და «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის პირველი მუხლი, აგრეთვე _ მის მტკიცებას, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-4 ნაწილი და საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს 2004 წლის 11 თებერვლის კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან (ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე) ძალადაკარგულად ჩაითვალა «აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონი, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავდა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური იყო საქართველოს პრეზიდენტი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას. ამავე კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან, მათ შორის, სახელმწიფო მინისტრებისაგან.

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოში აღმასრულებელ ხელისუფლებას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობენ საქართველოს მთავრობა და საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული კონსტიტუციური ნორმით რეგლამენტირებულია საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი და ხაზგასმულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია მოიწვიოს და თავმჯდომარეობდეს მთავრობის სხდომას, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული კონსტიტუციური უფლებამოსილება, რაც განმტკიცებულია «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტში, წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებას, რომელსაც იგი ახორციელებს სახელმწიფოს მეთაურის სტატუსით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვთ სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ხელმძღვანელ პირებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული საარჩევნო ამკრძალავი ნორმა არ ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტზე.

საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა საქართველოს პრეზიდენტს ანიჭებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლებამოსილებას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის განმახორციელებელი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მატერიალურ-საკანონმდებლო ნორმა სრულიადაც არ ცვლის საქართველოს პრეზიდენტის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სტატუსს და ხსენებული ნორმით გათვალისწინებული უფლებამოსილება წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის, უფლებამოსილებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ... პარტიის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც აღნიშნული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ... პარტიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.