Facebook Twitter

საქმე # 190100121004944267

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №820აპ-22 ქ. თბილისი

ბ-ე ი, 820აპ-22 26 ოქტომბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ი. ბ-ს, - დაბადებულს …. წლის .. მარტს, - ბრალად ედება ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, თ-ის ცენტრალურ გზაზე არსებულ კ-ის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიასთან, სამარშრუტო მიკროავტობუსში, ი. ბ-მ და მასთან ერთად მყოფმა სამმა დაუდგენელმა პირმა, დ. ბ-ს ხელიდან გასტაცეს ,,სამსუნგის“ მოდელის მობილური ტელეფონი, რასაც აშკარად დაეუფლნენ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და დაზარალებულს მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიაყენეს.

· 2021 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, თ-ის ცენტრალურ გზაზე არსებულ კ-ს ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიასთან, სამარშრუტო მიკროავტობუსში, ი. ბ-მ და მასთან ერთად მყოფმა სამმა დაუდგენელმა პირმა, შურისძიების ნიადაგზე, ხელებისა და ფეხების სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით სცემეს დ. ბ-ს, რომელმაც ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით:

2.1. ი. ბ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. ი. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად, ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე კი გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი და გათავისუფლდა პატიმრობიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა მოცემულ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2021 წლის 30 ივნისიდან იმავე წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ, ზურაბ კოჭლამაზაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ი. ბ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით ი. ბ-ის ბრალდების ეპიზოდი:

6.1. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძარცვის ეპიზოდში ი. ბ-ს გამართლების თაობაზე უკანონოა და სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა ბრალდების ამ ეპიზოდში ი. ბ-ს ბრალეულობა.

6.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ტელეფონის ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით სასამართლოსათვის რეალური ინფორმაციის მიწოდება შეეძლოთ დაზარალებულ დ. ბ-ა და მოწმე მ. შ-ს. დაზარალებულ დ. ბ-ს განმარტებით, მას ტელეფონი წაართვეს მხოლოდ იმ მიზნით, რომ არ დაერეკა, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანს. როგორც დაზარალებულის ჩვენებიდან, ასევე მისი ოჯახის წევრების გამოკითხვის ოქმებიდან დგინდება, დ. ბ-ის ცემის მიზეზი. მოწმე მ. შ-ი კი საერთოდ ვერ ადასტურებს ტელეფონის წართმევის ფაქტს. გარდა ამისა, საქმეში არსებული არცერთი უდავო მტკიცებულება ირიბადაც კი არ მიანიშნებს ტელეფონის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანზე.

6.3. სახელმწიფო ბრალმდებელი - ზურაბ კოჭლამაზაშვილი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ დაზარალებულ დ. ბ-ს პოზიცია ტელეფონის წართმევასთან დაკავშირებით უნდა მივიჩნიოთ მის მოსაზრებად, ხოლო მსჯავრდებულის ქმედება უნდა შეფასდეს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით.

6.4. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ კასატორის ამ არგუმენტაციას არსებობის უფლება აქვს, მაგრამ წარდგენილი ბრალდების მიხედვით, უტყუარად რომელ ფაქტობრივ გარემოებას მიიჩნევს დადგენილად, ამას ბრალდების მხარე გვერდს უვლის.

6.5. დაზარალებულმა დ. ბ-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ მას ტელეფონი წაართვეს და დაუმტვრიეს, ხოლო კონფლიქტის დამთავრების შემდეგ მან დამტვრეული ტელეფონის ნაწილი ნახა სამარშრუტო ტაქსიში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, რომლის საწინააღმდეგო ფაქტი ბრალდების მხარეს საქმეში არ წარმოუდგენია, საერთოდ გამორიცხავს ი. ბ-ს მხრიდან ტელეფონის მისაკუთრებას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებულის ბინის ჩხრეკისას ტელეფონი ვერ იქნა ნანახი.

7. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo-ს საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

8. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ი. ბ-ის მსჯავრდების ეპიზოდი:

8.1. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ი. ბ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ დ. ბ-ა და მოწმე მ. შ-ის ჩვენებებით, ასევე მოწმეების - დ. ბ-ა და ე. ბ-ის გამოკითხვის ოქმებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

9. რაც შეეხება ი. ბ-ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, პირველადაა სამართალში) და ი. ბ-ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა მითითებული მუხლით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც შემდეგ ჩაუთვალა პირობით, ხოლო ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

10. სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. ამდენად, კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს მის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს, სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017).

12. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი