Facebook Twitter

საქმე # 330100121004653504

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№585აპ-22 4 ოქტომბერი, 2022 წელი

ა-ი მ, 585აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 14 ივნისის განაჩენით:

მ. ა-ი, - დაბადებული წლის .. აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით. მ. ა-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 22 აპრილიდან.

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

2021 წლის 22 აპრილს, დღისით, თ-ი, გ-ა და ყ-ის ქუჩების კვეთაზე მოძრავ სამარშრუტო მიკროავტობუსში, მ. ა-ი ნ. ს-ის ჩანთიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ საფულეს, მასში არსებული თანხით, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა - 779.42 ლარის ქონებრივი სახის ზიანი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განაჩენით დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 14 ივნისის განაჩენში:

მ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მ. ა-ს დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა - 1 წელი.

მ. ა-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 22 აპრილიდან.

4. კასატორმა - თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ მოითხოვა მ. ა-ის მიმართ დანიშნულ სასჯელში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ბრალდების მხარის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული დანაწესით არამართებულად იხელმძღვანელა. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ მ. ა-ს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას. მოცემულ ვითარებაში ზემოაღნიშნული ნორმა იმპერატიული ფორმით უთითებს, რომ დანიშნული ნაწილის პირობითად ჩათვლა არ არის შესაძლებელი. საქმეში წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებით ცალსახად დადგენილია, რომ მ. ა-ს დანაშაულის ჩადენის დროს წაასწრეს.

5. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

6. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2022 წლის 28 სექტემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან შემოსული მომართვის თანახმად, მ. ა-ი აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდა 2022 წლის 8 ივლისს. ამასთან, 2022 წლის 29 სექტემბერს შემოსული ცნობის თანახმად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონით მ. ა-ს თავისუფლების აღკვეთის მოსახდელი ნაწილი შემცირებული აქვს - 75 დღით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მ. ა-ის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გამკაცრდეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების მართლზომიერება:

2. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ცვლილება შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში და მ. ა-ის დანიშნული სასჯელი - სამი წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შეამსუბუქა (კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა - 1 წლით ჩაუთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით). სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით იხელმძღვანელა იმ არგუმენტებზე დაყრდნობით, რომ მ. ა-ი აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და მას არ ჰქონდა ნასამართლობა.

3. წარმოდგენილი საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოების/მტკიცებულების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის შემსუბუქების ნაწილში არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. კანონმდებელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სავალდებულო წინაპირობად მიიჩნევს კუმულაციურად სამი გარემოების არსებობას, რაც განსახილველ შემთხვევაში გამოკვეთილი არ არის (მაგალითისთვის: იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის №888აპ-21 და №305აპ-21 გადაწყვეტილებები), კერძოდ: მითითებული მუხლის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსამართლე როგორც კონკრეტული სასჯელის სახის, ისე მისი ზომის შერჩევის დროს შებოჭილია/შემოსაზღვრულია იმპერატიულად გაწერილი სამართლებრივი ნორმებითა და განსახილველი საქმის ინდივიდუალური ფაქტობრივი გარემოებებით. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ერთ-ერთი, კერძოდ - ,,დანაშაულზე წასწრების“ წინაპირობა. შესაბამისად, საკასაციო პალატა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, მიმოიხილავს საქმეში წარმოდგენილ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებს და მათ საფუძველზე შეაფასებს გამოკვეთილ ფაქტობრივ გარემოებათა უტყუარობას, კერძოდ:

6. პოლიციის თანამშრომელ ო. ა-ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, შემთხვევის დღეს მგზავრობდა სამარშრუტო ტაქსით. იგი უნდა შეხვედროდა თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის ერთად გაგრძელების მიზნით. მგზავრობის დროს შენიშნა მამაკაცი, რომელიც საეჭვოდ აკვირდებოდა ჯიბეებსა და ხელჩანთებს. გამრეკელის ქუჩის მიმდებარედ ერთ-ერთმა მგზავრმა მძღოლს გაჩერება სთხოვა. ამ დროს ზემოხსენებულმა მამაკაცმა კართან მდგომ გოგოს ხელჩანთიდან საფულე მოჰპარა და იმ წამსვე ჩავიდა სამარშრუტო ტაქსიდან. იგი მაშინვე მივიდა გოგონასთან, უთხრა, რომ პოლიციელი იყო და სთხოვა, სასწრაფოდ ჩასულიყო სამარშრუტო ტაქსიდან, ვინაიდან მას მოჰპარეს საფულე. ამის შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე ო. ა-ა მყისიერად დააკავა ზემოხსენებული მამაკაცი. აღნიშნული დაინახეს მისმა თანამშრომლებმა - კ. დ-ა და ნ. უ-ა, რომლებიც მასთან მაშინვე მივიდნენ და დაკავებაში დაეხმარნენ.

7. პოლიციის ოფიცრებმა - კ. დ-ა და ნ. უ-ა, დაზარალებულმა ნ. ს-მ გამოკითხვის ოქმებში დაადასტურეს ო. ა-ის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

8. მოწმეების - ო. ა-ს, კ. დ-ის, ნ. უ-ა და ნ. ს-ს ჩვენებები სრულად შეესაბამება ერთმანეთს და ადასტურებს, რომ ო. ა-ა სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსვლის შემდეგ, იქვე, მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა მ. ა-ი.

9. მოწმეთა ჩვენებებთან თანხვდენილია მ. ა-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმიც, რომელშიც მითითებულია, რომ იგი დააკავეს დანაშაულის ჩადენისთანავე. ოქმის შემდგენი/მონაწილე პირები არიან: ო. ა-ი, კ. დ-ი და ნ. უ-ი.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოსათვის უტყუარად დადასტურებულ გარემოებას წარმოადგენს, რომ მ. ა-ს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას, რისთვისაც უმალვე დააკავეს; შესაბამისად, ამ პირობებში სააპელაციო სასამართლო სამართლებრივად მოკლებული იყო შესაძლებლობას, მ. ა-ს მიმართ გამოეყენებინა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი.

საკასაციო სასამართლოს მიერ მ. ა-ის შერჩეული სასჯელის სახე და ზომა:

11. ამდენად, მას შემდეგ, რაც საკასაციო პალატამ გაიზიარა პროკურორის მითითება იმ ნაწილში, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა დაცული არ არის, მ. ა-ის მიმართ სასჯელის კონკრეტული სახე და ზომა უნდა შეირჩეს.

12. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზეც, რომლის მიხედვითაც, ,,აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/6/770 საქმეზე: ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: შინაპატიმრობას - ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას - სამიდან ხუთ წლამდე.

14. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო, ქმედების სახისა და მოვალეობათა დარღვევის ზომის პარალელურად, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მ. ა-ი არ არის ნასამართლევი, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო რაიმე სახის დამამძიმებელი გარემოება გამოკვეთილი არ არის და მიაჩნია, რომ მის მიმართ თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა - სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

15. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2022 წლის 28 სექტემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან შემოსული მომართვის თანახმად, მ. ა-ი აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდა - 2022 წლის 8 ივლისს. მოცემულ ფაქტს საკასაციო სასამართლო არ მიიჩნევს რაიმე სახის დამაბრკოლებელ გარემოებად სასჯელის დანიშვნის სტადიაზე, ვინაიდან, საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის თანახმად, ერთი მხრივ, მხარეს აქვს უფლება, გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, მათ შორის სასჯელის სახის ან ზომის ნაწილში, ხოლო, მეორე მხრივ, საკასაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში უნდა შეაფასოს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახე ან ზომა რამდენად შეესაბამება ჩადენილი ქმედების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას.

16. ამდენად, სასჯელის სამართლიანობის შეფასების სტადიაზე საკასაციო სასამართლო რაიმე კანონისმიერი საფუძვლით შებოჭილი არ არის ჩადენილი ქმედების ხასიათისა და მ. ა-ს პიროვნებიდან გამომდინარე, დაუნიშნოს მას თავისუფლების აღკვეთა (რეალურად მოხდით), მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც როგორც აღინიშნა, საქმის მასალების თანახმად, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების ყველა წინაპირობა გამოკვეთილი არ არის.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მ. ა-ს მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილში უნდა შეიცვალოს, ხოლო სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. მ. ა-ი (პ/ნ …) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

4. მ. ა-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან და შესახლებულ იქნეს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს ამავე საქმეზე პატიმრობაში ყოფნის დრო 2021 წლის 22 აპრილიდან - 2022 წლის 8 ივლისის ჩათვლით პერიოდი. ასევე, მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონით მ. ა-ს თავისუფლების აღკვეთის მოსახდელი ნაწილი შემცირებული აქვს - 75 (სამოცდათხუთმეტი) დღით;

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე