საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№600აპ-22 ქ. თბილისი
ბ-ი ე-ი, 600აპ-22 3 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. ბ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის განაჩენით ე. ბ-ი, – - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 31 აგვისტოდან.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ბ-მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა.
4. ე. ბ-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ-ში, ი. ჭ-ის ქ. №--ს ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ე. ბ-მა სცადა ზ. გ-ის მოკვლა – მან ზ. გ-ეს დანით გულმკერდის არეში მიაყენა დაზიანება და მისი მიმართულებით კვლავ იქნევდა დანას დასარტყმელად, რა დროსაც დაზარალებულმა მოახერდა მისთვის დანის წათმევა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა კ. გ-ემ. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორები აღნიშნავენ, რომ ე. ბ-ს არ ჰქონია ზ. გ-ის მოკვლის განზრახვა და მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებით.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №227აპ-16, №680აპ-17).
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით (დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებით, ბიოლოგიური, სამედიცინო, ტრასოლოგიური, კომპლექსური ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით, ამოღებისა და ნიმუშის აღების ოქმებით, შეტყობინებითა და სხვ.) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა ე. ბ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები, ე. ბ-ის ქცევა, დაზარალებულისათვის ჭრილობის მიყენება გულმკერდის არეში და მისთვის სხვა დაზიანების მიყენების სურვილით დანის ქნევა მიუთითებს იმაზე, რომ ე. ბ-ი არაპირდაპირი განზრახვით შეგნებულად უშვებდა ზ. გ-ის სიკვდილის შესაძლებლობას.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არ გამოკვეთილა რაიმე ისეთი სახის დარღვევა, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. მოწმეთა ჩვენებებს (რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია) შორის რაიმე მნიშვნელოვანი და არსებითი სახის წინააღმდეგობები არ გამოვლენილა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ე. ბ-ის ქმედება სამართლებრივად სწორად შეფასდა და მისი მსჯავრდება ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში არის კანონიერი.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ე. ბ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე.
11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და გასცა დასაბუთებული პასუხები, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). თუ „საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ ( Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ე. ბ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე