საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№719აპ-22 ქ. თბილისი
ბ-ე ი-ი, 719აპ-22 25 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი შვანგირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, გ. მ-ეს ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები – ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჯგუფურად; ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად; ლ. გ-ეს, ბ. ჩ-ესა და რ. ბ-ეს – საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული – ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ხოლო ი. ბ-ეს – საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულები – ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჯგუფურად; ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად; ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ისეთი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.
2. აღნიშნული ბრალდებები გამოიხატა შემდეგში:
• 2020 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ-ში, ნ-ს - შესახვევი, №--ის წინამდებარე ტერიტორიაზე, ი. ბ-ემ და გ. მ-ემ, ჯგუფურად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ს. მ-ს, კერძოდ, ხელი რამდენჯერმე დაარტყეს სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც ს. მ-ი წაიქცა, ხოლო ისინი კვლავ განაგრძობდნენ მის ცემას ხელებისა და ფეხების გამოყენებით. დაზარალებულმა ს. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
• 2020 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ-ში, ნ-ს - შესახვევი, №--ის წინამდებარე ტერიტორიაზე, ი. ბ-ემ, რ. ბ-ემ, ლ. გ-ემ, ბ. ჩ-ემ და გ. მ-ემ, ჯგუფურად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს რ. მ-ს, კერძოდ, ხელების, ფეხებისა და ხელკეტების გამოყენებით სცემეს სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა რ. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
• 2020 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ-ში, ნ-ს - შესახვევი, №--ის წინამდებარე ტერიტორიაზე, ი. ბ-ემ აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რ. მ-ს ხელიდან გასტაცა შავი ქისა, რომელშიც მოთავსებული იყო 2000 დოლარი და 12 ევრო, რითიც დაზარალებულს მიადგა 6186,9368 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 მაისის განაჩენით რ. ბ-ე, –ნასამართლობის არმქონე; ლ. გ-ე,– ნასამართლობის არმქონე; ბ. ჩ-ე,–, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯათ 1-1 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალათ პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად განესაზღვრათ 2-2 წელი.
ამავე განაჩენით ი. ბ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ბრალდებაში; ი. ბ-ე, – ნასამართლობის არმქონე და გ. მ-ე, –ნასამართლევი, – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1-1 წლითა და 6-6 თვით, 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით კი – 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ბ-ესა და გ. მ-ეს განესაზღვრათ 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. მ-ისათვის ამ განაჩენით შეფარდებულ სასჯელს დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ივნისის განაჩენითა და იმავე სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 3000 ლარი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი.
4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
• 2020 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ-ში, ნ-ას შესახვევი, N--ის წინამდებარე ტერიტორიაზე, ი. ბ-ემ და გ. მ-ემ, ჯგუფურად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ს. მ-ს, კერძოდ, ხელი რამდენჯერმე დაარტყეს სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც ს. მ-ი წაიქცა, ხოლო ისინი კვლავ განაგრძობდნენ მის ცემას ხელებისა და ფეხების გამოყენებით. ს. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
• 2020 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ-ში, ნ-ას შესახვევი, N--ის წინამდებარე ტერიტორიაზე, ი. ბ-ემ, რ. ბ-ემ, ლ. გ-ემ, ბ. ჩ-ემ და გ. მ-ემ, ჯგუფურად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს რ. მ-ს, კერძოდ, ხელებისა და ფეხების გამოყენებით სცემეს სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც რ. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი ირაკლი შვანგირაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანას, ი. ბ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებითაც, ასევე – მსჯავრდებულების: რ. ბ-ის, ლ. გ-ის, ი. ბ-ისა და ბ. ჩ-ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელების გამოყენებას.
7. მსჯავრდებულების ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. დ. შესაგებლით ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელად.
8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი (მაგ. იხ. სუსგ №564აპ-19, №450აპ-19, №204აპ-18, №11აპ-18, №386აპ-17, №75აპ-17). ამასთან, მხარე ვერ უთითებს იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.
10. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა უკანონო და უსამართლო განაჩენი. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი. ბ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას. ბრალდების მხარემ წარმოადგინა მხოლოდ დაზარალებულ რ. მ-ის ჩვენება, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ მასზე ძალადობის დროს ი. ბ-ემ წაართვა ქისა, რომელშიც იდო 2000 აშშ დოლარი და 12 ევრო. გარდა ამ ჩვენებისა, საქმეში არ არსებობს რაიმე სახის სხვა მტკიცებულება, რომელიც დაზარალებულის პოზიციას გაამყარებდა.
11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და კასატორის მიერ საჩივარში მითითებულ საკითხებსა და გარემოებებს (რომლებიც სააპელაციო საჩივარშიც იყო მითითებული) არგუმენტირებულად და ამომწურავად უპასუხა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, N49684/99, §30, ECtHR,25/12/2001).
12. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება მხოლოდ ბრალმდებელს. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. შესაბამისად, დასახელებულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ვერ გადალახა.
13. ბრალდების მხარე ასევე ითხოვს მსჯავრდებულების – ბ. ჩ-ის, ი. ბ-ის, რ. ბ-ისა და ლ. გ-ისათვის დანიშნული სასჯელების გამკაცრებას. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, მსჯავრდებულებს სასჯელის საბოლოო ზომად განუსაზღვრა კანონით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა (რაც ბ. ჩ-ს, ლ. გ-სა და რ. ბ-ს ჩაუთვალა პირობით მსჯავრად), რომელიც, თანმდევი შედეგების გათვალისწინებით, არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასამართლომ მიუთითა ბრალად შერაცხული ქმედებების სანქციებით გათვალისწინებულ ფარგლებში შერჩეულ სასჯელთა მიზანშეწონილობაზე.
14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
15. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი შვანგირაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე