Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№683აპ-22 ქ. თბილისი

გ-ე შ., 683აპ-22 20 ოქტომბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, შ. გ-ეს ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები – ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულისა) მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. აღნიშნული ბრალდებები გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის 17 სექტემბერს თ-ში, ნ. მ-ს ქ. №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, შ. გ-ე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღს, კერძოდ: თურქული წარმოების, 9 მმ კალიბრიან, VOLTRAN-ის ფირმის, BLOW Magnum Mod. 2000 მოდელის, თავდაცვითი დანიშნულების – აირის, ხმოვანი (ფუჭი) ტრავმული – რეზინის ბურთულებისა და საფანტის შესაბამისი ვაზნების გასროლის შესაძლებლობის მქონე, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ, გლუვლულიან №- პისტოლეტს, რომელიც ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად (სროლისათვის). იარაღში სტაციონარული მზღუდავის (ტიხარი) არარსებობა იძლევა გადამუხტული (სტანდარტული) ვაზნის გამოყენებით იარაღიდან მყარი ჭურვის (ტყვიის) გასროლის საშუალებას.

· 2019 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 15:06 საათიდან 15:12 საათამდე დროის მონაკვეთში, შ. გ-ე, მობილური ტელეფონით კომუნიკაციისას, სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, იარაღით თავის გახვრეტით დაემუქრა თ-ში, ი-ის ქ. №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მყოფ, მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ფ. ს-ას, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას და რომელსაც მუქარისას გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2019 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 08:30 საათიდან 09:50 საათამდე დროის მონაკვეთში, თ-ში, გ. ს-ის ქ. №--ში მდებარე მე-- საჯარო სკოლის მიმდებარედ, შ. გ-ემ იძალადა წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ფ. ს-აზე, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, კერძოდ: შელაპარაკებისას შ. გ-ემ მარჯვენა ხელის თითი ნიკაპზე მიაჭირა ფ. ს-ას, რომელიც შეეცადა თავის გათავისუფლებას, რა დროსაც შ. გ-ემ ძლიერად დაარტყა მას მარცხენა ლოყაზე. ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს ესწრებოდა ფ. ს-ას 6 წლის შვილი გ. გ..

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით შ. გ-ე, – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 საათით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და შ. გ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2019 წლის 17 სექტემბრიდან 2020 წლის 12 თებერვლის ჩათვლით.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი თამთა გახარია საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანას, შ. გ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითაც და კანონიერი სასჯელის შეფარდებას, ასევე – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობასა და უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრას, საპატიმრო დაწესებულებაში მოხდით.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი (მაგ. იხ. სუსგ №294აპ-15, №318აპ-16). ამასთან, მხარე ვერ უთითებს იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლო განაჩენი. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე შ. გ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით არ არის დადასტურებული. მოწმე ქ. გ-ემ სასამართლოს განუმარტა, რომ, მართალია, მან ჩხრეკის ჩამტარებელ პოლიციელებს განუცხადა, რომ იარაღი იყო შვილის – შ. გ-ის (რომელსაც დაცვაში მუშაობის დროს ჰქონდა პისტოლეტი) და ამით შეცდომაში შეიყვანა ისინი, მაგრამ მოგვიანებით გაახსენდა, რომ ეს იარაღი აჩუქეს აწ გარდაცვლილ მეუღლეს, რომელსაც იარაღი არ უყვარდა, არასდროს გამოუყენებია და ინახავდა შ. გ-ის საძინებელ ოთახში არსებულ კარადაში, ყუთში, სადაც იპოვეს სამართალდამცავებმა; ადრე ეს ოთახი ქ-ს და მის მეუღლეს ეკუთვნოდათ; საძინებლისა და კარადის კარი არ იკეტება. დაზარალებულმა ფ. ს-ამ სასამართლოს განუმარტა, რომ შ. გ-ეს ჰქონდა ორი – პატარა, შავი ან ვერცხლისფერი იარაღი და სანადირო თოფი, რომლებსაც საძინებელ ოთახში, საწოლში ინახავდა; ამ იარაღების გარდა, არც სახლში და არც შ-ს ხელში სხვა იარაღი არ უნახავს; კარადა დაულაგებია, მაგრამ იქ არასდროს უნახავს იარაღი; კარადასთან წვდომა ჰქონდათ მას, შ. გ-ესა და ქ. გ-ეს. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა შ. გ-ის მხრიდან მასზე ძალადობისა და მუქარის ფაქტები, თუმცა აღნიშნა, რომ არ სურდა შ-ს დაკავება, უნდოდა მხოლოდ, რომ მისთვის შემაკავებელი ორდერი გამოეწერათ; იგი პატიობს მას ჩადენილ ქმედებებს, მიაჩნია, რომ მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ითხოვს მსუბუქი სასჯელის შეფარდებას.

9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია ერთი უტყუარი მტკიცებულებაც კი, რომლითაც დადასტურდებოდა სწორედ შ. გ-ის მიერ ზემოხსენებული ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ იარაღი ამოღებულია ბინაში (სადაც შ. გ-ის გარდა, რამდენიმე ადამიანი ცხოვრობდა) არსებული საძინებლიდან, რომლის კარი, ასევე ამ ოთახში მდგარი კარადის კარი არ იკეტება გასაღებით, ანუ არ არის დაცული. შესაბამისად, არ არის დადგენილი, რომ კარადა შ. გ-ის პირადი სარგებლობის ნივთი იყო.

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროკურორის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს შ. გ-ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება მხოლოდ ბრალმდებელს. მოცემულ პრინციპს განამტკიცებს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი და ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომლის თანახმად, უდანაშაულობის პრეზუმფცია საქმის სამართლიანად განხილვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს და სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში დასახელებული პრინციპი მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე – Kornilov v. Russia, N50624/09, 22/11/2016, §28; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე – Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93). საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. შესაბამისად, დასახელებულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ვერ გადალახა.

11. ბრალდების მხარე ასევე ითხოვს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელების გამკაცრებას. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით დადგენილი სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი წინაპირობების მხედველობაში მიღებით, მსჯავრდებულ შ. გ-ეს სასჯელის საბოლოო ზომად განუსაზღვრა კანონით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩაუთვალა პირობით მსჯავრად), რომელიც, თანმდევი შედეგების გათვალისწინებით, არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა ბრალად შერაცხული ქმედებების სანქციებით გათვალისწინებულ ფარგლებში შერჩეულ სასჯელთა მიზანშეწონილობაზე.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების პროცესში ხელმძღვანელობს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს საკმარისად ცხად, აშკარა და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა თანაარსებობას; მოცემული მტკიცებულებები ერთმანეთს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს (იხ. საქმე „ავშარი თურქეთის წინააღდეგ“ (Avsar v. Turkey), N25657/94, 10/07/2001, §282). მსჯავრდება არ უნდა ემყარებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებს, რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არსებობს (იხ. საქმე ,,ბარბერა, მესეგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ“ (Barberà, Messegué and Jabardo), N10590/83, 06/12/1988, §77).

14. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე