¹3კ-517-03 10 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. მ-ის საკუთრებას წარმოადგენდა ქ. ბათუმში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლი. იგი გარდაიცვალა 1995 წელს. მას დარჩა მეუღლე – ვ. ი-ი და შვილები: ა. და მ. მ-ები. მ. მ-ი 1991 წლიდან ცხოვრობს ცალკე, ნაქირავებ ბინაში თავის მეუღლესთან და შვილებთან ერთად, ხოლო ვ. ი-ი და ა. მ-ი ცხოვრობდნენ მამკვიდრებელთან ერთად ერთ საცხოვრებელ სახლში. ქ. ბათუმის ნოტარიუსმა მ. ჯ-მა 1996წ. 8 თებერვალს გასცა კანონით მემკვიდრეობის მოწმობა, აწ გარდაცვლილი არ. მ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ვ. ი-ის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. მ. მ-მა 2001წ. ნოემბერში სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. ი-ის მიმართ და მოითხოვა კანონით მემკვიდრეობის მოწმობაში ცვლილების შეტანა და აწ გარდაცვლილი მამის არ. მ-ის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა; კუთვნილი სამკვიდრო ქონებიდან იდეალური და რეალური წილების გამოყოფა.
ა. მ-მა, როგორც მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით სარჩელით მიმართა სასამართლოს, მოპასუხეების ვ. ი-ის და ქ. ბათუმის ნოტარიუსის მ. ჯ-ის მიმართ და მოითხოვა კანონით მემკვიდრეობის მოწმობაში ცვლილების შეტანა, მამის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. მ-ის სარჩელი, ხოლო ა. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ. ქ. ბათუმში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის ფართიდან ლიტ “ა” ოთახი ¹3 (14,83 კვ.მ.) რეალურად გამოეყო მოსარჩელე მ. მ-ს. მასვე დაევალა ¹3 ოთახიდან ¹4 ოთახში გასასვლელი კარის ამოქოლვა და ეზოს მხრიდან დამოუკიდებელი შესასვლელის გაკეთება.
ა. მ-ს და ვ. ი-ს იდეალური წილის გამოყოფაზე უარი ეთქვა. ხოლო ქ. ბათუმში, ..... საცხოვრებელი სახლის ლიტერ “ა” ოთახები ¹4,7,8 გადაეცათ საკუთრებაში და მათი იდეალური წილები განისაზღვრა 1/2-1/2-ით. აღნიშნული ცვლილებები შევიდა სამკვიდრო მოწმობაში. ვ. ი-ის წარმომადგენელმა ჟ. ჯ-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-მა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 4 თებერვლის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ა. მ-ისა და ვ. ი-ის სააპელაციო საჩივრები. გააუქმა მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილება. მოსარჩელე მ. მ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
დამოუკიდებელი მოთხოვნით მესამე პირის – ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მას სადავო სამკვიდრო ქონებიდან გამოეყო 1/2½ იდეალური წილი, ხოლო სადავო ქონების 1/2 მიეკუთვნა ვ. ი-ს. ქ. ბათუმის ნოტარიუს მ. ჯ-ს დაევალა შესაბამისი ცვლილებების შეტანა მის მიერ 1996წ. 8 თებერვალს გაფორმებულ კანონით მემკვიდრეობის უფლების მოწმობაში.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: მ. მ-ი 1991 წლიდან აღარ ცხოვრობდა მამის კუთვნილ ბინაში, ამიტომ სკ-ს 156-ე მუხლის საფუძველზე ბინაზე მისი მფლობელობა შეწყვეტილად ითვლება. სკ-ს 556-ე მუხლის საფუძველზე არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ მ. მ-მა მიიღო სამკვიდრო. ვ. ი-მა და ა. მ-მა კი ამავე მუხლის საფუძველზე მიიღეს სამკვიდრო ქონება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. მ-მა, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. მისი საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მან 1991 წელს, მშობლებთან მისი მეუღლის უთანხმოების გამო, მიატოვა იძულებით სამკვიდრო საცხოვრებელი სახლი, მაგრამ პირადად მას მაინც არ გაუწვეტია ოჯახთან ურთიერთობა. იგი პერიოდულად დადიოდა სადავო საცხოვრებელ სახლში. მამის გარდაცვალების შემდეგ კი მოპასუხეები არ აძლევდნენ საშუალებას, დაუფლებოდა კასატორი სამკვიდრო ქონებას. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ს 156-ე მუხლი, რადგან მას არასოდეს მიუტოვებია სადავო საცხოვრებელი სახლი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მ. მ-ი თავის ცოლ-შვილთან ერთად 1991 წლიდან ცხოვრობს მშობლებიდან ცალკე, ნაქირავებ ბინაში, ხოლო მამის, ა. მ-ის გარდაცვალების შემდეგ ე.ი. 1995წ. შემდეგ იგი არ დაბრუნებულა სადავო ბინაში და არ დაუფლებია სამკვიდრო ქონებას. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ მან ვ. ი-ის და ა. მ-ის ხელის შეშლის გამო ვერ შეძლო ესარგებლა სამკვიდრო ქონებით, მათთან კონფლიქტური ურთიერთობის გამო ვერ დაეუფლა სამკვიდრო ქონებას, რის გამოც მას სამკვიდრო მიღებულად უნდა ჩაეთვალოს. სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 556-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგა სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც იგი. შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. საქმეში არ მოიპოვება იმის მტკიცებულება, რომ კასატორმა სანოტარო ორგანოში კანონით დადგენილ ვადაში შეიტანა განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ. მას კომპეტენტური ორგანოებისათვის არ მიუმართვს, რომ ვ. ი-ის და ა. მ-ის მხრიდან აღკვეთილიყო კასატორის მიერ სამკვიდრო ქონების დაუფლების ხელის შეშლა. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატას მოცემული დავის გადაწყვეტისას არ დაურღვევია კანონი, ამიტომ მ. მ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 თებერვლის გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.