Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №593აპ-22 თბილისი

დ-ა დ-ი, 593აპ-22 20 ოქტომბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. დ-ას ადვოკატ ვ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 სექტემბრის განაჩენით დ. დ-ა, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ამავე კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენა-შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლებები. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის პირველი ოქტომბრის განაჩენით მის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის პირველი ოქტომბრის განაჩენით შეფარდებული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. დ-ას განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2021 წლის 19 მაისიდან. მასვე ამავე კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენა-შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლებები.

2. განაჩენის მიხედვით, დ. დ-ას მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 16 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით პერიოდში, თ-ში, წ-ის გზატკეცილზე, ბ-ის მე- კორპუსში მდებარე ბინა №--ში, კონკრეტულ საკითხზე შეუთანხმებლობის მოტივით ურთიერთშელაპარაკებისას, დ. დ-ა სისტემატურად, ფიზიკურად ძალადობდა თავის მეუღლეზე - თ. ტ-ეზე, კერძოდ: 2021 წლის 16 და 17 მაისს დ. დ-ამ თ. ტ-ეს მარჯვენა თვალის არეში დაარტყა გაშლილი ხელი, ხოლო იმავე წლის 18 მაისს - მარცხენა თვალის არეში დაარტყა მუშტი. ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტანჯვა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. დ-ას ადვოკატმა ვ. კ-მა, რომელმაც საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და დ. დ-ას გამართლება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განაჩენით მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 სექტემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: დ. დ-ას ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2021 წლის 18 მაისის ეპიზოდი). დ. დ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ამავე კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენა-შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლებები. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის პირველი ოქტომბრის განაჩენით მის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის პირველი ოქტომბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. დ-ას განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2021 წლის 19 მაისიდან. მასვე ამავე კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენა-შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლებები.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. დ-ას ადვოკატმა ვ. კ-მა, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და დ. დ-ას გამართლებას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც დ. დ-ა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 18 მაისის ეპიზოდი). ამასთან, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარის სტანდარტს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. დ-ას ადვოკატ ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე