ბს-1478-1199-კ-04 11 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ.კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ.ქადაგიძე (მომხსენებელი),
გ.ქაჯაია
დავის საგანი: მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 5 მაისს რ. ც.-მ, ვ. გ.-მ, ზ. ბ.-მ, მ. ბ.-მ, ჯ. ქ.-მ, ე. კ.-მ, თ. ხ.-მა, რ. ხ.-მა, ვ. პ.-მ, დ. ჩ.-მ, ...-ის საზოგადოების წარმომადგენლობამ და ... (არარეგისტრირებული) კავშირის წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ქ. მარნეულის გამგებლის _ გ. ლ.-ს, ქ. მარნეულის მერის _ რ. გ.-ის, ქ. მარნეულის პოლიციის უფროსის - თ. მ.-ის, ქ. მარნეულის პოლიციის უფროსის მოადგილის _ ს. ხ.-ის, ქ. მარნეულის პოლიციის თანამშრომლის - ჯ. ბ.-ის მიმართ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელეები სარჩელში მიუთითებდნენ, რომ 2001 წლის 28 სექტემბერს ქ. მარნეულში, მოსარჩელე რ. ც.-ის კუთვნილ ტერიტორიაზე, დაგეგმილი იყო იეჰოვას მოწმეთა რელიგიური კონგრესის ჩატარება, სადაც მოსალოდნელი იყო 3500 დელეგატის დასწრება.
აღნიშნული კონგრესის ჩატარების თაობაზე სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები წინასწარ იყვნენ ინფორმირებულნი. კონგრესამდე რამდენიმე დღით ადრე, კერძოდ, 2001წ. 24 სექტემბერს ტელეკომპანიებმა “რ.-მ", “კ.-მ", “ა.-მა" გააშუქეს ბ. მ.-ისა და მისი მიმდევრების, ასევე ნაციონალურ პატრიოტულ კავშირ “ჯ.-ის" მიერ მოწყობილი მიტინგი, სადაც ეს უკანასკნელნი მოუწოდებდნენ მოსახლეობას, შეეჩერებინათ საქართველოში “.." კავშირის საქმიანობა. 2001წ. 25 სექტემბერს გაზეთებში: ,,რ.-ი", “ა.-ა", “დ.-ი", “გ.-ი" დაიბეჭდა სტატიები ამ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც იმავდროულად წარმოდგენილი იყო ბ. მ.-ის მუქარა იმის თაობაზე, რომ თუ ხელისუფლება არ მიიღებდა ზომებს “.." კავშირის საქმიანობის შესაჩერებლად, მაშინ ის თავად გაატარებდა შესაბამის ღონისძიებებს. აღნიშნული მუქარისა და 2000წ. 16 სექტემბრის კონგრესზე ბ. მ.-ისა და მის მომხრეთა მიერ განხორციელებული თავდასხმის გათვალისწინებით, 2001წ. 26 სექტემბერს ქ. მარნეულის პოლიციის უფროსს გაეგზავნა წერილი თხოვნით, კონგრესის დელეგატთა დაცვის მიზნით, მიეღო შესაბამისი ღონისძიებები. 2001წ. 28 სექტემბერს, დილის 7 საათზე, ვ. მ.-ის მიმდევრებმა და ორგანიზაცია “ჯ.-ის" წევრებმა გადაკეტეს თბილისი-მარნეულის მიმართულებით მიმავალი გზა, ისინი აჩერებდნენ მანქანებს და მოქალაქეებისაგან მოითხოვდნენ პირჯვრის გადაწერას, ხოლო ვინც უარს აცხადებდა, აყენებდნენ შეურაცხყოფას. ამ მოვლენების განვითარების მომენტში ადვოკატი მ. ც.-ა ტელეფონით დაუკავშირდა გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქ. თბილისის პროკურატურას, მარნეულის პოლიციას, ქ. მარნეულის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსს, ქ. რუსთავის პროკურატურის გამომძიებელს და ითხოვა მათი ჩარევა, რასაც მათი მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. მოსარჩელეთა მითითებით, ბ. მ.-ისა და მისი მომხრეების შეურაცხმყოფელი მოქმედების მიუხედავად, იქვე მდგომ პოლიციის თანამშრომლებს არცკი უცდიათ კონგრესის დელეგატების დაცვა. ჯოხებით, რკინის კეტებით, ცეცხლსასროლი იარაღითა და დანებით შეიარაღებული ბრბო ჩავიდა მარნეულში, შეიჭრა რ. ც.-ის სახლში, სადაც დაარბიეს საკონგრესო ადგილი, დაწვეს რელიგიური ლიტერატურა, სკამები და ოჯახის პირადი ნივთები, დაარბიეს და გაძარცვეს სახლი, მიაყენეს სხეულის დაზიანება ათეულობით ადამიანს.
მოსარჩელეთა მოსაზრებით, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 25-ე მუხლები და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტალური თავისუფლების დაცვის ევროპის კონვენციის მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-13 და მე-14 მუხლები და პირველი ოქმის პირველი მუხლი, “პოლიციის შესახებ" კანონის მე-2, მე-4, 24-ე, 36-ე მუხლები, “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" ორგანული კანონის მე-8 და 26-ე მუხლები. მოსარჩელეები მნიშვნელოვნად დაზარალდნენ მოპასუხეთა უკანონო მოქმედებების გამო, რომლებმაც პირდაპირ და პერსონალურად დაარღვიეს მათი კანონით დაცული ინტერესები. მოსარჩელეთა მოსაზრებით, მოპასუხეებმა ნებაყოფლობით და განზრახ დაარღვიეს ზემოხსენებული კანონები და სკ-ის 1005-ე მუხლის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად პასუხისმგებლები იყვნენ მოსარჩელეებისთვის მიყენებული ზიანისთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები ითხოვდნენ: ა) მოპასუხეებს დავალებოდათ დაუყოვნებლივ, საჯაროდ ბოდიშის მოხდა 2001წ. 28 სექტემბერს ქ. მარნეულში იეჰოვას მოწმეთა რელიგიური კონგრესის არდაშვებისა და ჩაშლისთვის; ბ) მოპასუხეებს დავალებოდათ დაუყოვნებლივ საჯარო განცხადების გაკეთება იმის თაობაზე, რომ დაიცავდნენ იეჰოვას მოწმეთა რელიგიური კონგრესის ჩატარების უფლებას მომავალში და მიიღებდნენ ყველა ზომას იმ პირების წინააღმდეგ, ვინც დაარღვევდა მათ ამ უფლებას; გ) მოპასუხეთათვის მატერიალური ზარალისა და დანაკარგების, მათ შორის, კერძო სახლის შეკეთებისთვის გაწეული ხარჯების, საკონგრესო ადგილის შეკეთებისა და აღდგენისათვის და ყველა განადგურებული და მიტაცებული ნივთის აღსადგენად და ხელახლა შესაძენად გაწეული ხარჯების ერთობლივად ანაზღაურებას; დ) მოპასუხეებისთვის “კავშირის" მეშვეობით, იმ 2000 მოქალაქის მგზავრობის ხარჯის დაკისრებას, ვინც შეეცადა დასწრებოდა კონგრესს, მაგრამ შეჩერებულ იქნა და იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკონგრესო ადგილი; დ) მოპასუხეებისათვის, მორალური ზიანის სახით, თითოეული მოსარჩელისათვის 1000 ლარის დაკისრებას, რაც საერთო ჯამში შეადგენდა 10000 ლარს.
რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა მატერიალური ზარალის ანაზღაურების ნაწილში და აღნიშნული ზარალი განსაზღვრეს 30215 ლარით. აღნიშნულის გარდა, მოსარჩელეებმა დამატებით მოითხოვეს ადვოკატის ხარჯისა და სახელმწიფო ზიანის ანაზღაურება.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 აპრილის გადაწყვეტილებით რ. ც.-ის, ვ. გ.-ს, ზ. ბ.-ის, მ. ბ.-ის, ჯ. ქ.-ს, ე. კ.-ის, თ. ხ.-ის, რ. ხ.-ის, ვ. პ.-ის, დ. ჩ.-ის, ...-ის საზოგადოების საქართველოში წარმომადგენლობისა და .... (არარეგისტრირებული) კავშირის წარმომადგენლის, გ. გ.-ის, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ სკ-ის 1005-ე მუხლის თანახმად, დამდგარი ზიანი უნდა გამოეწვია კონკრეტული სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევას, რაც გახდებოდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საფუძველი. რაიონული სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეებმა ვერ დააზუსტეს, კონკრეტულად, რომელი მოპასუხის რა ქმედებით ან უმოქმედებით მიადგა ზიანი მათ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.
რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელეთა წარმომადგენელმა მ. ც.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება.
მოწინააღმდეგე მხარე _ გენერალურმა პროკურატურამ სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მიუთითა, რომ საჩივრის შინაარსიდან და საქმის ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, გენერალური პროკურატურა არ შეიძლებოდა მოცემულ საქმეზე ყოფილიყო მოპასუხე. მისივე განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციაში და “პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ჩამოყალიბებულია ის ოთხი ფუნქცია, რაც პროკურატურას ეკისრება, კერძოდ: სისხლისამართლებრივი დევნის განხორციელება, მოკვლევაზე ზედამხედველობა, სასჯელის მოხდენაზე ზედამხედველობა, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა. მოპასუხის მითითებით, პროკურატურის ფუნქცია არ არის მომავალში მოსალოდნელ ფაქტზე პოლიციისათვის წინასწარი ზედამხედველობის გაწევა საზოგადოებრივი წესრიგის საკითხებში. ზიანი გამოწვეული უნდა იყოს კონკრეტული სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის შედეგად. სააპელაციო საჩივარში კი მითითებული არ იყო გენერალური პროკურატურის მუშაკის კანონსაწინააღმდეგო ქმედების არც ერთ ფაქტზე, რაც გამოიწვევდა ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. გამომდინარე აქედან, გენერალური პროკურატურა მიიჩნევდა, რომ საქმეზე პროკურატურა წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ოქტომბრის განჩინებით რ. ც.-ის, ვ. გ.-სა და სხვათა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ მოსარჩელეთა მიერ საქმის განხილვისას არ იქნა დაზუსტებული, თუ კონკრეტულად, რაში გამოიხატებოდა თითოეული მოპასუხის მოქმედება, რომლითაც მიადგა ზიანი მათ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, რაც სკ-ის 1005-ე მუხლის გამოყენების წინაპირობას შექმნიდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ც.-ის, ვ. გ.-ს, ზ. ბ.-ის, მ. ბ.-ის, ჯ. ქ.-ს, ე. კ.-ის, თ. ხ.-ის, რ. ხ.-ის, ვ. პ.-ის, დ. ჩ.-ის, ...-ის საზოგადოებისა და ... (არარეგისტრირებული) კავშირის წარმომადგენელმა მ. ც.-მ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო პალატამ ყოველგვარი იურიდიული დასაბუთების გარეშე უარყო მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ეჭვის გარეშე გაიზიარა მოპასუხეების მიერ დანაშაულის უარყოფა, რაც, თავის მხრივ, არ დადასტურდა მოწმეთა ჩვენებებით ან სხვა მტკიცებულებებით. სასამართლომ არასწორად მიუთითა, თითქოს მოსარჩელეებმა ვერ დაასაბუთეს მოპასუხეების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის განზრახი და უხეში გაუფრთხილებლობის ფაქტები, რაც აუცილებელია სკ-ის 1005-ე მუხლის გამოყენებისთვის.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი, კერძოდ, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია მტკიცებულებები. საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლო იყო მიკერძოებული და არაობიექტური, რითიც დაარღვია სსკ-ის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორების წარმომადგენელი ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ მ. ც.-ის, ვ. გ.-სა და სხვათა წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ოქტომბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებას:
2001წ. 28 სექტემბერს ქ. მარნეულში “იეჰოვას მოწმეთა" რელიგიური კონგრესის ჩაშლის, მათი მონაწილეების ცემისა და საკონგრესო ადგილის დარბევის ფაქტზე 2002 წლის 6 თებერვალს საზოგადოება “ჯ.-ის" წევრების: პ. ბ.-ის, გ. ც.-ის, ა. ა.-ისა და მ. ჭ.-ს მიმართ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, რაზედაც საბრალდებო დასკვნა დამტკიცდა ქ. რუსთავის პროკურორის მიერ.
იმავე წლის 2 მაისს საზოგადოება “ჯ.-ის" წევრების მიმართ აღძრულ სს საქმეზე საბრალდებო დასკვნა დაამტკიცა მარნეულის რაიონის პროკურორმა.
ორივე საქმე განსახილველად გადაეცა სასამართლოს.
ბ. მ.-ისა და პ. ი.-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ქ. თბილისის პროკურორის მიერ და საქმე იხილება სასამართლოში.
კასატორთა (მოსარჩელეთა) ნაწილი ზემოაღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე ცნობილია დაზარალებულად. ამავე საქმეზეE დაზარალებულად არიან ცნობილი პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღეს სხეულის დაზიანება.
ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო პალატამ იურიდიული დასაბუთების გარეშე უარყო მოსარჩელეთა მტკიცებულებები და ეჭვგარეშე გაიზიარა მოპასუხეთა მხრიდან დანაშაულის უარყოფა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს,Yთავისთავად ის გარემოება, რომ პოლიციის თანამშრომლები საქმეზე ცნობილ არიან დაზარალებულად, რასაც ვერ უარყოფენ თავად კასატორებიც, გამორიცხავს კასატორის მოსაზრებას პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სამსხურებრივი გულგრილობის გამოვლენის თაობაზე და საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ პოლიციის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით დარღვევის ფაქტს, რაც საკასაციო პრეტენზიას აქცევს დაუსაბუთებლად.
საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორთა პრეტენზიას საქართველოს პროკურორის მიმართ და თვლის, რომ კასატორები პროკურატურასთან მიმართებაში ვერ ასაბუთებენ სკ-ის 1005-ე მუხლის შემადგენლობის არსებობის წინაპირობებს.
პროკურატურის ფუნქციები განსაზღვრულია “პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში, რომლის მე-2 მუხლის I ნაწილის შესაბამისად, პროკურატურა ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სრული მოცულობით ატარებს წინასწარ გამოძიებას, ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე მოკვლევისა და ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას, ზედამხედველობს სასჯელის მოხდას, სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეების განხილვისას მონაწილეობს როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას, კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.
ზემოაღნიშნული მუხლის დებულებებიდან გამომდინარე, პროკურატურის ფუნქციონალურ დატვირთვას არ მიეკუთვნება საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აკრძალულია პროკურატურისათვის ისეთი მოვალეობის დაკისრება, რომელიც გათვალისწინებული არ არის საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
გამომდინარე იქიდან, რომ კასატორთა მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სკ-ის 1005-ე მუხლი, რომელიც პასუხისმგებლობის ფორმებს განსაზღვრავს მოსამსახურის მხრიდან მხოლოდ საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევისათვის, ხოლო კასატორები ვერ უთითებენ ვერც ერთ საკანონმდებლო აქტზე, რომელიც პროკურატურას აღჭურავდა მართლწესრიგის დაცვის ფუნქციებით. აღნიშნული თავისთავად გამორიცხავს პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მისი ფარგლების განსაზღვრის შესაძლებლობას.
აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სკ-ის 1005-ე მუხლის პრინციპებიდან გამომდინარე, სამსახურებრივი მოვალეობის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობა უნდა გამომდინარეობდეს კონკრეტული სახელმწიფო მოსამსახურის მხრიდან, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ ქმედებაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ, რაში გამოიხატება მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის ფაქტი, იმავდროულად მოპასუხეთა ნაწილთან მიმართებაში ვერ უთითებენ კონკრეტულ თანამშრომელზე, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობა დაარღვია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაუსაბუთებელია კასატორთა მითითება სახელმწიფო მოსამსახურეთა მხრიდან სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებისა და “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ" ევროპის კონვენციის დარღვევის თაობაზე.
კასატორები საკასაციო საჩივარში მიუთითებდნენ, რომ მათ მიმართ დარღვეულია აღნიშნული კონვენციის მე-8 მუხლი. ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, პატივი სცეს ოთხ ინტერესს _ პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრებელი და მიმოწერა.
საკასაციო სასამართლო ადასტურებს, რომ კონვენციის მიხედვით, სახელმწიფოს აქვს არა მხოლოდ ნეგატიური ვალდებულება არ ჩაერიოს მე-8 მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობაში, არამედ პოზიტიური ვალდებულებაც-უზრუნველყოს ამ უფლებით ეფექტიანი სარგებლობა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ მომხდარა კასატორთა არც ერთი ზემოაღნიშნული ინტერესის ხელყოფა, ხოლო, რაც შეეხება მე-3 პირთა მხრიდან საცხოვრებელი სახლის დარბევას, სახელმწიფო მოკლებულია შესაძლებლობას, გამორიცხოს და სრულად აღკვეთოს მსგავსი შემთხვევები.
ერთადერთი, რისი საშუალებაც სახელმწიფოს მსგავს შემთხვევაში რჩება, არის ის, რომ სრულად აამოქმედოს და გამოიყენოს დასჯის მექანიზმი, რაც სახელმწიფოს მხრიდან ამ შემთხვევაში დაცულია, კერძოდ, ეჭვმიტანილთა მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
საკასაციო სასამართლო ადასტურებს, რომ აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება განეკუთვნება ძირითად უფლებას, რომელიც განმტკიცებულია, როგორც ევროპული კონვენციის მე-9 მუხლით, ასევე საქართველოს კონსტიტუციით.
ის გარემოება, რომ კასატორთა ამ უფლებების შელახვას მართლაც ჰქონდა ადგილი სახელმწიფოს მხრიდან უარყოფილი არ არის, ამ შემთხვევაში საკითხი დგას იმდაგვარად, რამდენადაა სახელმწიფო აღნიშნულზე პასუხისმგებელი.
კონვენციის მე-9 მუხლი სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, უზრუნველყოს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლების დაცვა. იმისათვის, რომ ადგილი ჰქონდეს მითითებული მუხლის შემადგენლობას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა სახელმწიფის აქტიურ მონაწილეობას ან უმოქმედებას აღნიშნული უფლებების შელახვის მიზნით. თავისთავად, ის გარემოება, რომ ადგილი აქვს სახელმწიფო მოსამსახურეთა დაზიანების ფაქტს და ეჭვმიტანილთა დაკავებას, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სახელმწიფომ გაატარა შესაბამისი ქმედებითი ღონისძიებები კასატორთა იმ უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, რომელიც ზემოაღნიშნული მუხლითაა განმტკიცებული. შესაბამისად, არამართებულია კასატორთა მხრიდან მოცემულ მუხლზე მითითებით სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.
რაც შეეხება კასატორთა მხრიდან კონვენციის დანარჩენ მუხლებზე მითითებას, კასატორი ვერ უთითებს იმ საფუძველზე, რაც შესაძლოა იქცეს მითითებული მუხლების გამოყენების საფუძვლად და შესაბამისად, ამ ნაწილში საკასაციო სასამართლო მოკლებულია მათი საფუძვლების შემოწმების შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულია სამართლებრივად სწორი განჩინება და არ არსებობს მისი გაუქმების და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ც.-ის, ვ. გ.-ს, ზ. ბ.-ის, მ. ბ.-ის, ჯ. ქ.-ს, ე. კ.-ის, თ. ხ.-ის, რ. ხ.-ის, ვ. პ.-ის, დ. ჩ.-ის, ...-ის საზოგადოების საქართველოში წარმომადგენლობის წარმომადგენლის - ბ. კ.-ისა და ... (არარეგისტრირებული) კავშირის წარმომადგენლის, გ. გ.-ის წარმომადგენელ მ. ც.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.